მიხეილ ჩხენკელმა ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესებულ ნოტრ დამის უნივერსიტეტის მაგისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრს დევიდ მარშალს უმასპინძლა, რომელიც სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს სტუმრობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდ „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორი და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა და ამავე სასწავლებლის დეკანი თამარ ჩხეიძე.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა დევიდ მარშალს ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესებისათვის და აღნიშნა, რომ ქართული მრავალხმიანობა მართლაც უნიკალური ფენომენია, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ გალობის უნივერსიტეტი ნოტრ დამის უნივერსიტეტთან 2018 წლიდან ახორციელებს სტუდენტურ გაცვლით პროგრამას. მინისტრმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუკი ნოტრ დამის უნივერსიტეტშიც დაინერგება ქართული პოლიფონიური მუსიკის კურსი.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დევიდ მარშალმა გალობის უმაღლეს სასწავლებელში ქართული სიმღერა-გალობის პრაქტიკული, ასევე თეორიული კურსი გაიარა და მისი წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატიც მიიღო. მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს საჩუქრად წიგნი „შუა საუკუნეების ქართული გალობა – რჩეული საგალობლები“ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ გალობის უნივერსიტეტსა და ნოტრ დამის უნივერსიტეტს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა ამერიკელი მეცენატების რექს და ელის მარტინებისა და ელისაბედ ბორგერის საქველმოქმედო ფონდების შემოწირულობით ხორციელდება. ასევე, პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ქართული გალობა“.

ნოტრ დამის უნივერსიტეტი აშშ-ს ერთ-ერთ მოწინავე, უმაღლესი რანგის უნივერსიტეტია, სადაც კათოლიკური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების მიღებაა შესაძლებელი. უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკის პროგრამა ერთ-ერთი მოწინავეა როგორც ამერიკის, ისე მსოფლიო მასშტაბით, სადაც შუა საუკუნეების საეკლესიო მუსიკას მსოფლიოს წამყვანი პროფესორები ასწავლიან.

ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდი მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათ განვითარება-პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა