გიგი წერეთელი ლეშენკოს ვიზიტზე - ადამიანები, ვისაც სერიოზული წვლილი აქვთ, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, თავისუფლად ქეიფობენ და მიდი-მოდიან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, "მთავარი არხის" ინფორმაციას ეხმაურება, რომ რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო, რომელიც აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" აფხაზურად უმღეროდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს.

წერეთლის თქმით, 20 ივნისის ამბებისა და პოზნერის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კვლავ იგივე პოლიტიკას.

წერეთელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები სწორედ რუსულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, როცა ადამიანები, რომელთაც სერიოზული წვლილი აქვთ, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, ქეიფობენ და კარგ დროს ატარებენ საქართველოში.

„იმ ამბების შემდეგ, რაც 20 ივნისს მოხდა, შემდეგ სულ ახლახანს იყო სკანდალი, რომელიც პოზნერს უკავშირდებოდა, იმავეს აგრძელებს საქართველოს ხელისუფლება, ახლა მასპინძლობს რუს მომღერალს, ლეშენკოს, რომელიც კი ბატონო, ვიცით, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ლეშენკო უმღეროდა აფხაზეთის "დამოუკიდებლობას", ეს ადამიანი იყო აბსოლუტურად წინააღმდეგი საქართველოსი, მისი პოლიტიკის, მისი დამოუკიდებლობის და რა დამსახურების გამო უნდა ევლებოდნენ თავს, უკეტავდნენ რესტორნებს, ხომ წარმოგვიდგენია როგორი მოფერება იქნება ამ ადამიანის და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ჩვენება.

ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკა, როდესაც რუსეთი ცდილობს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, თითქოს ის ადამიანები, ვისაც გარკვეული წვლილი აქვთ და ზოგს სერიოზული წვლილი, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, თავისუფლად მიდი-მოდიან საქართველოში, ქეიფობენ, კარგ დროს ატარებენ და არაფერიც არ ხდება და უფრო მეტიც, მას მასპინძლობენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ან მათი ოჯახის წევრები და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.

გამოიყვანონ ახლა ლეშენკო და თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ პუტინმა ჩაიდინა დანაშაული, როცა გასცა ბრძანება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ, რომ ადამიანებს არ იტაცებდნენ საოკუპაციო ხაზიდან, არ სვამდნენ ციხეში - ეს თქვას და მეც წავალ მის კონცერტზე და შეიძლება ტაშიც დავუკრა“, - განაცხადა წერეთელმა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია