"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცას დაგვამსგავსონ და რით ვპასუხობთ?.."
დიდი პოლიტიკური თამაშები იწყება?!
ოპოზიციის დიდი ნაწილი მელიას მხარდაჭერისგან თავს იკავებს - რა არგუმენტებს ასახელებენ ისინი
***
"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცას დაგვამსგავსონ და რით ვპასუხობთ?.."
"ბოლო დღეებია საერთაშორისო საზოგადოებრიობა აქტიურად განიხილავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - ამერიკამ და გერმანიამ გადაწყვიტეს რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-თან დაკავშირებული დავა დაასრულონ: შეთანხმების მიხედვით, ამერიკა არ გამოუცხადებს მილსადენის მფლობელ კომპანიას სანქციებს, გერმანია კი დაეხმარება უკრაინას ენერგეტიკის დარგის განვითარებაში. ხომ არ გამოიწვევს ეს რუსეთის გავლენის გაძლიერებას? ეს არის კითხვა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა სვამს. ამ შემთხვევაში უკანა პლანზე ხომ არ გადაიწევს საქართველოს ინტერესები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრა ”, - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა“ სტატიაში სათაურით, "ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცას დაგვამსგავსონ და რით ვპასუხობთ?.."
„დავიწყოთ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის საკითხით, რომლის დაბლოკვა უფრო უკრაინას ეხებოდა, ვიდრე საქართველოს. ბოლო ხანს საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის იმ ტიპის განხილვის საგანი არ ყოფილა, როგორიც უკრაინა იყო. ამიტომ ამ პროექტს ჩვენთვის მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. საქმე ის არის, რომ საქართველოს არ აქვს კონცეპტუალური ხედვა, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. მაგალითად, როდესაც რუსეთსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე დაიწყო საუბარი, მოსკოვი ძალიან დაინტერესებული იყო, რომ საფრანგეთს მისთვის "მისტრალები" მიეყიდა, რასაც საქართველო აქტიურად აპროტესტებდა, არადა, ჩვენ ფლოტი არც გაგვაჩნია, შესაბამისად, ზღვაზე ძალთა ბალანსი არ იცვლება. სხვა მხრივ, "ჩრდილოეთის ნაკადი-2" პროექტის რეალიზებით ჩვენთვის არაფერი იცვლებოდა, მაგრამ თუ ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე პირდაპირ იქნებოდა მიბმული, რუსეთს ასეთ პირობას წაუყენებდნენ - თუ მისი დროული რეალიზება გსურს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესია უნდა შეარბილო ან საერთოდ უნდა შეწყვიტოო.
საზოგადოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას "ბიპოლარულ აშლილობას" ვუწოდებ, რადგან ამ ქვეყანასთან, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობა გვაქვს, მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება არა გვაქვს დადებული, 2008 წელს "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება" გავაფორმეთ და არა კონფლიქტის შეწყვეტის. რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარეს პრობლემის მოსაგვარებლად ძალის გამოყენებაზე საბოლოო უარი არ უთქვამთ. არც შეიარაღებული ძალების დაბრუნება მომხდარა მუდმივი დისლოკაციის ადგილას. მეტიც, მოსკოვმა ხრიკი გამოიყენა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას დამახინჯებული ინტერპრეტაცია შესთავაზა - ამ აღიარების საფუძველზე ჩემი ძალები ე.წ. პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე არიან განლაგებულიო. შესაბამისად, რუსეთი ამბობს, ქართულ მხარესთანაც კონფლიქტი ამოწურულია. და თუ საქართველო ახალ რეალობას შეეგუება, მასთან ახალ ურთიერთობას დავიწყებთო. ჩვენ კი გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ეთნიკური წმენდა, რაც რეალობაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ამ პირობებში, კიდევაც რომ მოვინდომოთ საქართველოს გამო რუსეთს სანქციები დაუწესდეს, შესაძლოა თავადვე დავზარალდეთ. "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ხელს შეუწყობს რუსეთის გაძლიერებას და შესაძლოა უკრაინაში მიღწეული წარმატებაც შერჩეს. მან ხომ აღმოსავლეთ უკრაინაში მუდმივი დაძაბულობის კერები შექმნა, რითაც მანიპულირების შესაძლებლობა მიეცა. ევროპამ, კერძოდ, გერმანიამ, ეს პროექტი განაახლა, რითაც რუსეთი ეკონომიკურად გაძლიერდება. ამასთან, რუსეთმა დასავლეთს დაანახა, რომ სანქციების დაწესებით ევროპაც ზარალდება. ანუ თუ ნერვების ომში რუსეთი გამარჯვებას შეეცდება, ევროპას დაანახებს, რომ ამ სიტუაციიდან უპირატესობით გამოსვლა შეუძლია, და ამით დაუსჯელობის სინდრომი გაუძლიერდება. კრემლში ხედავენ, რომ სანქციების გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლეთისთვისაც არ არის მომგებიანი. საფრთხეები არის როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ, იდეოლოგიურ ღირებულებით დონეზე. ამას ემატება ჰიბრიდული შეტევები, ანუ საზოგადოების ყველა სეგმენტზე აქვთ გათვლა. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსული საფრთხე სათანადოდ შეფასებული არასდროს ყოფილა. საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის პირველი ნიშნები 2005 წლიდან გამოჩნდა, როდესაც ფაქტობრივად ცხინვალის ე.წ. საზღვართან თავისი სამხედრო ძალები ჩააყენა. მაშინ ხომ ხელისგულზე გვედო ყველაფერი, მაგრამ მაინც გვეგონა, რუსეთი სამხედრო აგრესიას არ განახორციელებდა. იმავე წელს სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ბლოკადაც გამოგვიცხადა. საქართველოს მთავრობის ახლანდელი ადმინისტრაციც მსუბუქად უყურებს მის მოქმედებებს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შიდა პროცესებზე არიან გადართული. ახლა ძალიან გვჭირდება სტაბილურობა, სამოქალაქო კონსენსუსი და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, რათა რუსეთისგან მომავალი საფრთხეების წინაშე მარტონი არ ვიყოთ. არსებულ რეალობაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამოთავისუფლებული შიდა რესურსი საგარეო საფრთხეებზე დროულად და მოქნილად რეაგირებისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შევარდნაძის ხელისუფლების ან უფრო ადრინდელი პერიოდიდან, შემდეგ უკვე სააკაშვილის ხელისუფლებისა და "ოცნების" სათავეში ყოფნის დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მათი ხელისუფლების არსებობას დიდი ტოლობის ნიშანი ჰქონდა. ამერიკელი თეორეტიკოსი რიჩარდ ნიქსონი სწორედ მსგავს დილემაზე საუბრობს - ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიტელიტა ტოლობის ნიშანს სვამს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საკუთარი რეჟიმის გადარჩენას შორის. ქართულ პოლიტიკურ კლასში, ფაქტობრივად, თითქმის აღარ დარჩნენ პოლიტიკოსები. ეს ითქმის ოპოზიციაზეც, მათ შორის ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც საგარეო საფრთხეებზე ზრუნვა შეუძლია. ენერგია და დრო იხარჯება მდარე კომიკურ შოუებში - მინისტრმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, ან პარლამენტში ვიღაც მაგიდიდან ჩამოჰყავთ... ეს სახელმწიფოს მართვა არ არის. ნორმალურ სახელმწიფოში ასე არ იქცევა არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის, რომ რაღაცას დაგვამსგავსონ და რით ვპასუხობთ?.. თვითმმართველობის არჩევნებია მოახლოებული და მმართველი ელიტა ფსევდოეროვნული სენტიმენტებით თამაშობს”, - განაგრძობს გამოცემა. კორესპონდენტის კითხვაზე: არ ცდილობს საზოგადოებას ევროპული კურსის მართებულობა დაანახოს?“
"პასუხობს: - დიახ, და ამას იმით აკეთებს, რომ წინააღმდეგობას არ უწევს იმ საინფორმაციო ნარატივს, რომლის თანახმადაც, თურმე ევროკავშირი ქართველი ერის მასობრივი ჰომოსექსუალიზაციისთვის შეიქმნა. ნაცვლად იმისა, ევროპის მთავარი ღირებულებები დაანახონ საზოგადოებას, ამბობენ, ხალხის 95%-ს პრაიდის ჩატარება არ სურსო. რა შუაშია პრაიდი საქართველოს ევროპულ კურსსა და პარტნიორობასთან? არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არავინ სთხოვს საქართველოს, გინდა თუ არა წელიწადში რამდენჯერმე პომპეზური პრაიდი გამართეო... ასეთი არასწორი მიდგომები თუ გაგრძელდა, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნება. საინფორმაციო ველში ევროპა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ჩვენი ღირებულებითი დეგრადაციისკენ იყოს მიმართული. იმაზე მეტი რა უნდა დაგვემართოს, რაც გვჭირს, ილიას სიტყვები რომ გავიხსენოთ, ჩამოვყალიბდით როგორც "მტრის არმცნობი და მოყვრის მგმობი". პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას ვწვავთ, უამრავ სისულელეს ვაკეთებთ.... ისევ და ისევ ილიას "ბედნიერი ერის" შეფასებას დავესესხები: "გარეთ მხდალი, შინ ძლიერი". ყველაზე დაუცველ ჯგუფებთან, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებთან არის ძლიერი, მათთან, ვისი დაჩაგვრაც ყველაზე ადვილია? თუ ჟურნალისტებთან, გოგონებსა და ბავშვებთან? ეს არის ჩვენი ეროვნული ღირებულება? ამაზე ააგეს ფსევდონაციონალურ-პატრიოტული ნარატივი, მაშინ, როდესაც არასდროს ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რომ მილიონზე მეტი შრომითი ემიგრანტიდან 70% ქალია და ბავშვები უდედოდ იზრდებიან. რამდენი ათასი ოჯახი ცხოვრობს მხოლოდ ემიგრანტების კისერზე, რამდენი ათასი დახლეჩილი ოჯახი გვაქვს ქვეყანაში? ეს რატომ არ ახსენდება იმ ერსა და ბერს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობს? უმცირესობებისა და ჟურნალისტების დევნამდე დავიდა ჩვენი პატრიოტიზმი, ამით იზომება ჩვენი ღირებულებები და რელიგიურობა? ასეთი მოცემულობა ქვეყნის ეროვნულ მომავალს კი არა, საზოგადოდ, მომავალს უქმნის საფრთხეს. მთავარი საფრთხე თურმე პაკისტანელი ემიგრანტი და თბილისელი გეი ყოფილან. ღირებულებით კონტექსტში სადღაც სხვაგან აღმოვჩნდით. საკუთარ მომავალს საკუთარი ხელითვე ვანგრევთ. ხანდახან მგონია, ქართულ პოლიტიკურ ნაწილზე მეტად ჩვენი ქვეყანა ევროპელებს ადარდებთ. ამ ერთმანეთის ძიძგილაობას გადაყოლილ პოლიტიკურ ძალებს ევროპელები ახსენებენ, რომ მთავარია შიდასტაბილურობა, სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა, რადგან ამაზეა აგებული ქვეყნის გადარჩენა. ევროკავშირსა და ნატოში შესვლა უალტერნატივო შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანა მარტო არ დარჩეს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმში იყოს ჩართული და როცა ვიღაცას მოუნდება, თავში ვერ წამოარტყამს. პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთისთვის სამხედრო აგრესიის ობიექტი არ გავხდეთ. გარდა ამისა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკურადაც, რადგან ქვეყანაში, სადაც მუდმივი რყევებია და მესიანისტური, ულტრანაციონალისტური შეხედულებებით, გაურკვეველი ფობიებით და შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული ჯგუფების მასობრივი ტირაჟირებით არის დაკავებული, და რომლის დედაქალაქთან ძალიან ახლოს მსოფლიოს ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს ჯარები დგას, ბიზნესმენი ინვესტიციას არ ჩადებს. ამისთვის გვჭირდება ნატო და ევროკავშირი, უსაფრთხოების, მშვიდობიანი ცხოვრების გარანტიებისთვის. თუ მშვიდობის გარანტია არა გვაქვს, ვერ განვვითარდებით. პატარა სახელმწიფო ვართ და მარტონი ამას ვერ შევძლებთ. 1999 წელს პირველად დავაანონსეთ პროდასავლური კურსი და მას შემდეგ დაიწყო რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ მოქმედება. მას არ სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი მეზობელი და ამიტომაც მუდმივად ცდილობს წინ არ გაგვიშვას, რათა თავის ჰეგემონისტურ ორგანიზაციაში შეგვაბრუნოს. საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ გააცნობიერა, ევროპა კი ცდილობს გაგვათრიოს. მუდმივად გვიჩიჩინებენ, შეუქცევადი დემოკრატიზაცია გჭირდებათო. ეს ეხება მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც. ოპოზიცია, რომელიც ახლა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე გაჰკივის, თავად ავტორიტარული იყო და წინასაარჩევნო პერიოდში სატელიტურ თეფშებს ებრძოდნენ, მაგრამ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაინახეს, რომ ეს ცუდი ყოფილა. იმავეს ვიტყვი ხელისუფლებაზეც, რომელიც ოპოზიციაში შევიწროებული იყო, ახლა კი თავად ავიწროებენ სხვებს. პოლიტიკური კლასი ჩამოშლილია. ლიდერობა სამოქალაქო მსახურების ფორმაა და არა ჯიპები და "მაგარი პაეზდკები". პოლიტიკურ ლანდშაფტს ოპოზიციაც ქმნის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.
დიდი პოლიტიკური თამაშები იწყება?!
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 კვირა რჩება და ჯერ ყველა ოპოზიციური პარტიის გეგმა ცნობილი არ არის. "კვირის პალიტრის" სტუმარია პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე. "ეს კანდიდატი საერთო ოპოზიციური რომ არ არის, ძალიან დიდი შეცდომაა. ეს უნდა იყოს ყველას კანდიდატი, რათა მკვეთრად ჩანდეს, ვინ არის ოპოზიციაში და ვინ, რომ იტყვიან, ყანყალებს",- წერს გაზეთი "კვირის პალიტრა“ სტატიაში სათაურით, დიდი პოლიტიკური თამაშები იწყება?!
"კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს მელიას, გამყრელიძის თქმით: "დავუჭერდი ან არ დავუჭერდი მხოლოდ მას შემდეგ, თუ ჩვენთან კონსულტაცია იქნებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ეჭვი მაქვს, არც სხვა პარტიებში ყოფილა ეს განხილვა და ყველაფერი კამერულად ჩატარდა რამდენიმე პარტიას შორის. იყო საუბარი, რომ მათ "ლელოც" უნდა შეერთებოდა, მაგრამ, როგორც დავინახეთ, ასე არ მოხდა. ასე დანაწევრება ოპოზიციას მხოლოდ ასუსტებს. ჩვენ გამოვრიცხავთ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას, მაგრამ მეორე საკითხია, გვეყოლება ჩვენი კანდიდატი თუ არა, ან სხვა ოპოზიციური კანდიდატები როგორი იქნებიან. ჩვენ ხმას მივცემთ რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს - ჩვენსას ან სხვისას. მგონია, რომ უმრავლესობა ოპოზიციური პარტიებისა თავს შეიკავებს მერობის კანდიდატის წამოყენებისაგან და საშუალებას მისცემს მელიას, დაამტკიცოს, რა შეუძლია, მაგრამ იქნება თუ არა მათგან ქმედითი დახმარება, არ ვიცი... წიაღსვლები, რაც მაგ პარტიაშია, ჩემთვის უკვე უცნობია. ადრე მქონდა მეტი ინფორმაცია, როდესაც ბლოკში ვიყავით. ახლა ეს თემა ამოწურულია. ადგილობრივ არჩევნებზე ბლოკები დაშვებული არ არის. რა ხდება მათ პარტიაში, ვერ გეტყვით. სააკაშვილს რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს, გასაგებია. მელიასაც ჰყავს თავისი საყრდენი. იქ არის უამრავი ადამიანი, რომლებიც გავლენით სარგებლობენ როგორც რეგიონებში, ისე პოლიტსაბჭოში, მაგრამ გადამწყვეტი მოთამაშე სააკაშვილი ჰყავთ, წყალი არ გაუვა...", - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას გამყრელიძე.
"რა დაგიმალოთ და, არ მიყვარს წინასაარჩევნო ბრავადა - "ჩვენ იმას ვიზამთ, ჩვენ ამას ვიზამთ! ელენე ხოშტარიას უთქვამს, დაინახეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ როგორი დიდიც უნდა იყვნენ, მარტო ვერც ერთი ვერ მიაღწევს გამარჯვებასო. სწორი ფორმულირებაა, მაგრამ დაინახეს კი იმ დიდებმა ეს? ეჭვი მეპარება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო, რომ "ლელო" მათთან აღარ მოიაზრება. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც ორჭოფული იყო, რომ ეს არის ერთჯერადი კონტაქტი, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მის ამომრჩევლებში ხმები გაიყო (მას გამოკითხვა ჩაუტარებია) თითქმის შუაზე (54:45-ის წინააღმდეგ). 54% მომხრე იყო ამ გაერთიანებაში მონაწილეობის. ვიცე-მერად დასახელებით, როგორც ჩანს, მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის, მაგრამ მაინც მიიღო მონაწილეობა, რადგან ამომრჩევლებმა ურჩიეს. შესაბამისად, ის, ალბათ, ეცდება მომავალში დამოუკიდებლად ითამაშოს. მოკლედ, ამ გაერთიანების პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. კანონმდებლობაშია ძალიან საინტერესო მომენტი. მეათეხარისხოვანია, დედაქალაქის მერის კანდიდატურა გაიმარჯვებს თუ არა. მთავარი იყო ოპოზიციური პარტიების შეთანხმება, რომ ერთიანი ფრონტით შეეტიათ ხელისუფლებისთვის, რათა მას ვერ მოეხერხებინა 43%-ის მიღება. თუნდაც დედაქალაქში 50 საკრებულოს წევრიდან 26 თუ ოპოზიციონერი იქნება, ოპოზიციას უკვე შეეძლება მერის გადაყენება და თავისი მერის დანიშვნა, ან პრობლემების შექმნა მაინც. საკრებულოს გარეშე მერის მუშაობა იქნება კატასტროფა, ამიტომ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს ოპოზიციის ძალისხმევა. ჩვენ მოგვწონს თუ არა, კალაძე ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში, ალბათ, თავისი წარსულის და არ ვიცი, კიდევ რის გამო... მე ახლა ვაკეში მანქანით რომ დავდივარ, შეუძლებლად მიმაჩნია მისთვის ხმის მიცემა... საერთო ოპოზიციურ ფრონტზე ხმების მოპოვება უფრო ადვილი იქნებოდა და სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო მუშაობა, მაგრამ მე ასეთ გეზს ვერ ვხედავ. ჩვენს პარტიასთან დიდ პარტიებს კონსულტაციები არ გაუმართავთ. პირადი შეხვედრები გვქონდა არანაციონალებთან, სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ", - განაგრძობს გამოცემასთან გამყრელიძე.
"ოცნებას" აქვს მიზანი, ხმების 51% აიღოს. მათ ეს შეუძლიათ კიდეც, მაგრამ აქ არის გახარიას ფაქტორი, რომელიც არც ერთ გარჩევაში არ ერევა. ცდილობს მშვიდად, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე იმოქმედოს. თვითონ საერთოდ არ ჩნდება. ამჯობინებს, იმუშაოს ველზე და შეაგროვოს მომხრეები. ვიცი, რომ ბევრი მომხრე ჰყავს გორში, სამეგრელოში... ისიც ვიცით, რომ ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მისი ბიზნესწარსულის გათვალისწინებით, ამ მხრივ პრობლემა არ ექნება. არც იმას გამოვრიცხავ, მან მოახერხოს როგორც "ქართული ოცნების", ისე ოპოზიციური პარტიების მომხრეების გადაბირება. ჩემი აზრით, თუ ის 10%-ზე მეტს აიღებს, ეს ძალიან შეცვლის განლაგებას ბრძოლის ველზე და შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზეც მას ექნება მყარი ფუნდამენტი, რომ მინიმუმ პირველი ოპოზიციური პარტია გახდეს! თუ ის არჩევნებზე ამ რაოდენობის ხმების დაგროვებას მოახერხებს, დაიწყება სერიოზული პაექრობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეორე-მესამე ადგილებისთვის. ეს ჩემი მოსაზრება ფიქრისა და განსჯის შედეგია. არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებას" აწყობდეს კიდეც ვადამდელი არჩევნები და ამ არჩევნებს ნებაყოფლობითაც დასთანხმდეს, მერე გახარიას გუნდთან ერთად მოახერხოს კოალიციის შექმნა და უკვე ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება. თუ გახარია და "ქართული ოცნება" დალაგდებიან, ეს ძალიან ძლიერი ტანდემი იქნება. თბილისში არველაძე კალაძეზე პოპულარულია, საყვარელი ძმები არიან, კარგი ადამიანები და თითოეული მათგანი ძლიერი კანდიდატი იქნება. თუ გახარია მოახერხებს და ერთ-ერთ ძმას დაითანხმებს, შეიძლება სერიოზული პაექრობა გაჩაღდეს და მაშინ მეორე ტური დაინიშნება. მერე რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური პროცესებისათვის ეს კარგი იქნება. რაც მეტი ახალი და საინტერესო სახე გამოჩნდება პოლიტიკაში, მით უკეთესი. მართლაც მობეზრდა ხალხს ერთი და იგივე. არც ის არის დასამალი, რომ "ქართული ოცნებაც" მობეზრდა ხალხს. თუ ჩინელები მიხვდნენ, რომ 10 წელიწადში ერთხელ გენერალური მდივანი უნდა გამოცვალონ, საქართველოშიც როგორმე უნდა მიხვდნენ, რომ ორი ვადის შემდეგ ხელისუფლებიდან წავიდნენ და თუ არ მიდიან, თავიანთი შემადგენლობა გადაახალისონ მაინც. კოალიცია მომავლისთვის ბრწყინვალე გამოსავალი იქნება. ვნახოთ, რას მივიღებთ", - წერს სტატიის ავტორი.
ოპოზიციის დიდი ნაწილი მელიას მხარდაჭერისგან თავს იკავებს - რა არგუმენტებს ასახელებენ ისინი
“ოპოზიციის დიდი ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ირგვლივ გაერთიანებისგან თავს იკავებს. "სტრატეგია აღმაშენებელი“ კვლევის შედეგებს ელოდება და შემდეგ ამცნობს საზოგადოებას, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას თბილისის მერის პოზიციაზე. "გირჩში“ ღიად აცხადებენ, რომ მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას უჭერენ მხარს და უმჯობესად მიაჩნიათ, ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ. "ლელოს“ საბოლოო პოზიციაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. "მოქალაქეების“ პოზიცია უკვე ცნობილია და ისინი მელიას მხარს არ დაუჭერენ. პარტია "საქართველოსთვისაც“ კანდიდატებს დამოუკიდებლად დააყენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ოპოზიციის დიდი ნაწილი მელიას მხარდაჭერისგან თავს იკავებს - რა არგუმენტებს ასახელებენ ისინი
“თავად ნიკა მელია კი ამბობს, რომ თბილისს "ქართული ოცნება“ წააგებს და ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება. "ქართული ოცნების“ დამარცხებაში ღრმად დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი და კანონზომიერება გაიმარჯვებს. კანონზომიერებაა, რომ მოძალადეები ვეღარ უნდა გაჩერდნენ მართვის სადავეებთან. ყველაფერი ახლა არის დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, საზოგადოების აქტიურ მოქალაქეებზე, მათ რწმენაზე, რომელიც მთელ საქართველოს უნდა გადაედოს. "ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია, ის დგას მხოლოდ ძალადობაზე, შიშისა და ზიზღის გენერირებაზე. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთობა, სიმტკიცე და რკინის ნერვები“, - განაცხადა მელიამ. ამასთან, მელიამ აღნიშნა, რომ მისი სურვილი საერთო ოპოზიციური ერთობა და ისეთი კანდიდატის მოძებნა იყო, ვის გარშემოც ოპოზიციის გაერთიანება მოხდებოდა, რაც არ გამოვიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მე საერთო ოპოზიციური კანდიდატი არც გლდანში ვყოფილვარ, მაგრამ გლდანში გამარჯვება მოვიპოვე. ბუნებრივია, ოპოზიციის გადასაწყვეტია ამ ერთობას შემოუერთდებიან თუ არა. ვინც არ შემოუერთდება, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩემი სურვილი იყო ქვეყნის მასშტაბით საერთო ეროვნულ არჩევნებში ვყოფილიყავი ჩართული. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მოგვეძებნა კანდიდატი, რომლის გარშემოც მოხდებოდა ოპოზიციის კონსოლიდაცია, შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ,“ - განაცხადა მელიამ. ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კარგია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან დასახელდა ერთი კანდიდატი, მაგრამ ასევე აუცილებელია სხვა კანდიდატების არსებობაც. "სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარია 43%-იანი რეფერენდუმი, შესაბამისად სრულფასოვანი კამპანიის ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია მერის კანდიდატის დასახელება. ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება“ , - განაცხადა მანჯგალაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.
"პარტია "გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ოპოზიცია მის თანაპარტიელ ვახტანგ მეგრელიშვილს დაასახელებს, "გირჩი“ოპოზიციის ახალ გაერთიანებას შეუერთდება. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა, "360 გრადუსში“ განაცხადა. ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, იგი არ ფიქრობს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს მერის არჩევნებში მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე ნიკა მელიას. „რომ ვთქვათ, მელიაზე მეტი შანსი ჰქონდა ზურაბ ჯაფარიძეს, ეს არ იქნება სერიოზული“, - აღნიშნა ხვიჩიამ. "გირჩის“ ლიდერის თქმით, ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობაზე საერთო კანდიდატის დასახელება წამგებიანია, რადგან „ქართულ ოცნებას“ შანსი უჩნდება, პირველივე ტურში გაიმარჯვოს. „არასწორი სტრატეგიაა მერობის ერთიანი კანდიდატით გასვლა კახა კალაძის წინააღმდეგ. სჯობს, ყველა პარტიამ დააყენოს კანდიდატი, რომ მეორე ტური გახდეს რეალისტური. ამან შეიძლება ოპოზიციის პირველივე ტურში წაგება გამოიწვიოს. თუ ორი კანდიდატი იქნება, პირველ ტურში ერთ-ერთი აუცილებლად მოიგებს. ამ წუთის მოცემულობით ვიცით, რომ ფავორიტი არის კახა კალაძე. ოპოზიციამ უნდა ისარგებლოს იმ შანსით, რომელიც შეიძლება გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ამ ეტაპზე რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობა არ განიხილება - ყველა მუნიციპალიტეტში გვყავს მოაზრებული კანდიდატები, ღირსეულ კანდიდატებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, - ამბობს პარტია გახარიას "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა”, - დასძენს გამოცემა.
"რაც შეეხება უშუალოდ მერობის კანდიდატებს. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ხაზგასასმელი გარემოება, ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. ამ არჩევნებს აქვს რეფერენდუმის მნიშვნელობა, უნიკალური შესაძლებლობაა ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ. წრეზე ვტრიალებთ, ამ წრეზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გვატრიალებს. რა თქმა უნდა, მერობის კანდიდატების დასახელება უმნიშვნელოვანესია, თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ აუცილებლად ვგეგმავთ წარმომადგენლობით ორგანოების გაძლიერებას და წარმომადგენლობით ორგანოებში სოლიდური მაჩვენებლით შესვლას. ყველა მუნიციპალიტეტში გვეყოლება როგორც მერობის კანდიდატი, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები, სიის პირველი ნომრები, რომლებიც ვფიქრობ, საკმაოდ ანგარიშგასაწევები იქნებიან. მოლოდინი გვაქვს, რომ სოლიდურ ხმებს ავიღებთ და სოლიდური წარმომადგენლობით შევალთ საკრებულოში. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვყავს მოაზრებული კანდიდატები, რომლებთანაც მიმდინარეობდა კონსულტაცია, თუმცა, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, გაწერილი გვაქვს თარიღები როდის დავასახელებთ კანდიდატურებს. რაც შეეხება ვადებს, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა მოხდეს კანდიდატურების დასახელება“, - აღნიშნავს სიჭინავა”, - წერს სტატიის ავტორი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"