"გრინ კაპიტალი" და საოპერაციო კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" აშშ-ის ელჩს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, დავის მშვიდობიანად დასრულებისთვის საქართველოს მთავრობასთან  უშუამდგომლონ  (R)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას ქალბატონ კელი დეგნანს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ კარლ ჰარცელს

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსს

საქართველოს მთავრობას

შპს „გრინ კაპიტალი“-ს სკ402052372 ადვოკატი გიორგი ქიშმარია

შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" ს/ნ 204905674 ადვოკატი გიორგი ქიშმარია

მიმართვა

უპირველეს ყოვლისა გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას და განსაკუთრებულ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის, ასევე მადლობას მოგახსენებთ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილისა და ხელშეწყობისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გვიწევს თქვენი შეწუხება და ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საინვესტიციო გარემო საქართველოში და მისი დღევანდელი დღე. რომ არა დავის განსაკუთრებული ხასიათი და მისი სიმწვავე, ნამდვილად არ მოგვიწევდა თქვენთან მიმართვა. საკითხი ეხება ამერიკული და ევროპული ინვესტიციის მიმართ უკიდურესად დამაზიანებელ გარემოს საქართველოში, რაც გამოიხატება ერთ ცნობილ საქმეში რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

გაცნობებთ, რომ ცნობილი ამერიკული კომპანია "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ"-ს (CR-72227 /აშშ/) "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების" შესაბამისად, რომელიც დადებულ იქნა 1997 წლის 24 ივნისის მასსა და სახელმწიფო კომპანია "საქნავთობს" შორის, ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება. ფრონტერა, როგორც ამერიკული კომპანია მისი ფილიალისა და საოპერაციო კომპანიის მეშვეობით - შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, 1997 წლიდან ახორციელებდა ნავთობის და გაზის ოპერაციებს. "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ"-ს, 1997 წლის 24 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მიენიჭა "ინვესტორის" სტატუსი. მან, როგორც "ინვესტორმა", დააფუძნა "საოპერაციო კომპანია" - შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" (ს/ნ 204905674), რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი" და სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია "საქნავთობი". 2021 წლის 31 მარტამდე "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი" წარმოადგენდა აღნიშნული კომპანიის 50 %-იანი წილის მესაკუთრეს, ხოლო 50 %-იანი წილის მესაკუთრეს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. "საოპერაციო კომპანია"-მ 1997 წელს გაიმარჯვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში და ამავე წლის 17 ნოემბერს მას მიენიჭა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია, რომლითაც მას მიენიჭა საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება.

1997 წლის 17 ნოემბერს მინიჭებული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის თანახმად, შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" აქვს შემდეგი ოპერაციების წარმოების უფლება:

  1. საქართველოს ტერიტორიის მე-12 ბლოკზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების აღდგენა და მოპოვების გაზრდა;
  2. ტერიტორიის გეოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლა;
  3. ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა და ძიება;
  4. ექსპლუატაციაში შეყვანა;

ლიცენზია გაცემულია 1997 წლის 27 აგვისტოდან, 2022 წლის 27 აგვისტომდე და იძლევა უფლებას ზემოთდასახელებული ოპერაციების ჩატარება განხორციელდეს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის, მარნეულის და გარდაბნის ტერიტორიაზე (გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე - 5060 (ხუთი ათას სამოცი) კვ/მ).

2013 წლის შემდგომ, სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის კვალდაკვალ, ფრონტერას, როგორც ამერიკულ ინვესტიციას მიადგა უდიდესი მატერიალური ზიანი და ამ დროს მან დახმარებისათვის და ინვესტიციებისათვის მიმართა გრინ კაპიტალს. შპს „გრინ კაპიტალმა“ მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორცილა.

2018 წლის 25 აპრილს, მოსარჩელე - შპს "გრინ კაპიტალსა" და მოპასუხე - შპს "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-ს ფილიალი საქართველოში"-ს შორის, გაფორმდა ნედლი ნავთობის ნასყიდობის ხელშეკრულება. შპს "გრინ კაპიტალმა", შეთანხმებისამებრ განახორციელა რამდენიმე გადახდა, ჯამურად 5 800 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, თუმცა ამის მიუხედავად, გამყიდველმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ მიუწოდებია ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი - ნედლი ნავთობი.

2021 წლის 31 მარტს, მოსარჩელე მხარეს სრულად დაგვიკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, ამავე დღეს გადაწყვეტილება შესულ იქნა კანონიერ ძალაში და გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. ფრონტერამ სრულად სცნო და დაეთანხმა გრინ კაპიტალის სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობდა 2018 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან იყო კანონიერი, დასაბუთებული და სწორედ ეს გახდა საფუძველი მისი სრულად დაკმაყოფილებისა სასამართლოს მიერ.

2021 წლის 31 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად:

შპს ,,გრინ კაპიტალისსარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად

  1. დაეკისროს ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს მოსარჩელე შპს "გრინ კაპიტალის" სასარგებლოდ 5 800 000 (ხუთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.

  1. შპს "გრინ კაპიტალს" (/ 402052372) მიეკუთვნოს 1997 წლის 24 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულებით "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი"-სთვის 1997 წლის 27 აგვისტოდან, 2022 წლის 27 აგვისტომდე მინიჭებული, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის, მარნეულის და გარდაბნის ტერიტორიაზე (გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე - 5060 (ხუთი ათას სამოცი) კვ/) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება.

  1. შპს "გრინ კაპიტალი" აღიარებული და აღრიცხული იქნეს 1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების" მხარედ.

  1. შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია"- (/ 204905674) 50%-იანი წილის მესაკუთრედ "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ"-ის ნაცვლად აღირიცხოს და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში შპს "გრინ კაპიტალი" (/ 402052372).

აღნიშნული გადაწყვეტილება იმავე დღეს შევიდა კანონიერ ძალაში და 2021 წლის 01 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი რომლის შესაბამისად:

2021 წლის 20 აპრილს, სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ერთობლივი მომართვა, რომლითაც მოითხოვეს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც 2021 წლის 27 აპრილს, სასამართლომ დააკმაყოფილა. ამასთან სასამართლომ 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოიყენა შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

1.1 ყადაღა დაედო შპს „გრინ კაპიტალზე“ გადაფორმებულ 50%-იან წილს შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საწესდებო კაპიტალში და შპს „გრინ კაპიტალს“ აეკრძალა მისი რეალიზაცია/განკარგვა და/ან ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა.

1.2 შპს „გრინ კაპიტალს“ (მათ შორის შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში“ მის მიერ დანიშნულ პირებს), „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ ფილიალს საქართველოში და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ აეკრძალა პირდაპირ ან/და შვილობილი კომპანიების ან/და მესამე პირების მეშვეობით, მოპოვებული ნავთობისა და გაზის და ასევე, ნავთობისა და გაზის ოპერაციებისთვის გამიზნული და „31 მარტის გადაწყვეტილების“ გამოტანის მომენტისთვის „ფრონტერას“ „ფილიალის“ და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია/განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა და ყადაღა დაედო მითითებულ ნავთობსა და გაზს და სხვა ქონებას.

1.3 შეჩერდა 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2021 წლის 01 აპრილის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. აღნიშნულით გრინ კაპიტალს, ასევე ფრონტერას აუკრძალეს ნავთობისა და გაზის რეალიზაცია.

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული განჩინება შპს „გრინ კაპიტალის“ ადვოკატებმა გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და უარი გვითხრა ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა 2021 წლის 26 აპრილის ბუნდოვანი და უკანონო განჩინება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი .

ასევე, ჩვენს მიერ გასაჩივრებულია კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე, რაც დღემდე არ არის განხილული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. აღნიშნული საქმის მოსამართლე ბატონი მერაბ ლომიძე გახლავთ. კიდევ ერთი დარღვევა აღნიშნულ საქმეზე: შპს „გრინ კაპიტალი არის 1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების" მხარე. 1997 წლის 24 ივნისის "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, პროდუქტის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „ვიდრე სხვაგვარად იქნება განსაზღვრული ამ კონტრაქტის მიხედვით, ყველა დავები წარმოშობილი საქნავთობსა და კონტრაქტორ მხარეებს შორის ყოველგვარი ლიმიტაციის გარეშე ნებისმიერი დავა, უნდა იქნეს განხილული სამი არბიტრის მიერ რაც განსაზღვრულია გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობით.

წინამდებარე განცხადებით მოგმართავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ნაწილობრივ ბათილად ცნობილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ასევე ის გარემოებაც, რომ ეს ყველაფერი გვიტოვებს მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება შეუერთდება იმ გადაწყვეტილებების რიგს, რომლებმაც გამოიწვიეს ბიზნესის ლიკვიდაცია, და სახელმწიფოსათვის გამოუსწორებელი ზიანი.

შპს გრინ კაპიტალი განმარტავს რომ ნავთობისა და გაზის მესაკუთრე გახლავს ფრონტერა ისტერნ ჯორჯია რომლის მესაკუთრეები არიან გრინ კაპიტალი 50% და ნავთობისა და გაზის კოორპორაცია 50%. ასევე მნიშვნელოვანია რომ 2021 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა არ არის შესული კანონიერ ძალაში და შპს გრინ კაპიტალი რჩება შპს ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას 50% პროცენტის მესაკუთრედ შპს ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში და ასევე 1997 წლის ხელშეკრულების მხარედ.

2021 წლის 26 აპრილის განჩინებაში და არც მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული ფრონტერა ისტერნ ჯორჯია (ს/ნ 204905674) რომლის საკუთრებაშია ნავთობი და გაზი, ასევე გაზსადენი რაც დგინდება ამონაწერით გაცემული საჯარო რეესტრიდან და ასევე სამეწარმეო რეესტრიდან გაცემული ამოწერით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რომ გვიშუამდგლოთ საქართველოს მთავრობასთან, რომ დაუყონებლივ მოიხსნას თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ უკანონოდ და უსაფუძვლოდ დადებული ყადაღები შპს ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას საიდენტიფიკაციო ნომერი: 204905674 საკუთრებაში არსებულ ნავთობსა და გაზზე ,ასევე გაზსადენის მილზე და მოიხსნას აღმასრულებლის მიერ დადებული ლუქები ჭაბურღილებიდან და რეაზერვუარებიდან. აღნიშნულით შეზღუდვის მოხსნითფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“, როგორც საოპერაციო კომპანიას შეეძლება ნავთობისა და გაზის რეალიზაცი, რომლის ფარგლებში მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება.

არ შეიძლება ყურადღება არ გავამხვილოთ ამერიკის კონგრესის მხარდაჭერაზე „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შესახებ, კერძოდ წარმოგიდგენთ კონგრესმენების განცხადებებს, რომლებიც ერთპიროვნულად გამოხატავენ პროტესტს და მხარს უჭერენ ფრონტერას საქართველოში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში. ფრონტერას გარშემო არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში.

ასევე გრინ კაპიტალისა და ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას მიერ არაერთხელ იქნა განცხადებით მიმართული საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, ნავთობის და გაზის კოორპორაციის და ეკონომიკის სამინისტროსადმი, თუმცა არავითარი შედეგი არ დამდგარა, რამეთუ სახელმწიფოს აღნიშნულ დავაში გააჩნია პირდაპირი ინტერესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ:

  1. გასცეთ რეკომენდაციები საქმის სამართლიანი გადაწყვეტის კუთხით;
  2. ყურადღება გაამახვილოთ სასამართლო საქმისწარმოების დროს გამოკვეთილ, ჩემ მიერ მითითებულ დარღვევებზე;
  3. მოუწოდოთ აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებს 2021 წლის 26 აპრილის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე;
  4. კომპეტენციის ფარგლებში გასცეთ დასკვნები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხზე, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი დარღვევები;
  5. გთხოვთ გვიშუამდგომლოთ საქართველოს მთავრობასთან გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით და უშუალოდ თქვენი ჩართულობით მოხდეს აღნიშნული შეხვედრა.

პატივისცემით: გრინ კაპიტალისა და ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას ადვოკატი გიორგი ქიშმარია

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით