ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “მელიამ იცის, რომ წაგებულ თამაშში მონაწილეობას აიძულებენ და შფოთავს”

თითქმის მილიონი აცრა - ორი დოზით მოსახლეობის 10%-ია აცრილი, ერთი დოზით კი - 23.7%

“ლელო” დამოუკიდებლად გააგრძელებს არჩევნებზე ბრძოლას” - საბა ბუაძე

„ლომჯარიას განცხადება საფრთხეს უქმნის საზოგადოების ერთიანობას“ - კახაძე სახალხო დამცველს დაუპირისპირდა

“ვინ ცდილობს ხელის მოთბობას პანდემიის დროს გაძვირებული ფასებით...” - პაატა ბაირახტარი

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “მელიამ იცის, რომ წაგებულ თამაშში მონაწილეობას აიძულებენ და შფოთავს”

"ჩემი აზრით, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე მცდარი პოზიცია დაიკავეს, როდესაც ეს არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადეს. საბოლოოდ კი, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ოპოზიციის ნაწილმა აღმოაჩინა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა, შანსი იმისა, თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაემეორებინათ, არ ჰქონდათ. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2024 წელს, დაწეული ბარიერით. ძალიან ძლიერი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რათა სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს. საამისო ფინანსური და ადამიანური რესურსი პატარა პარტიებს არ გააჩნიათ. მეტიც, თუ დააკვირდებით, ადამიანური რესურსის პრობლემა ორ მთავარ პოლიტიკურ ძალასაც აქვს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მელიამ იცის, რომ წაგებულ თამაშში მონაწილეობას აიძულებენ და შფოთავს”.

“ნაციონალურ მოძრაობას” რაღაც გამართლება აქვს იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური ელიტა ჩართო ადგილობრივ არჩევნებში. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც ეს ელიტა ვეღარ გასწვდა, საკმაოდ სუსტი კანდიდატები წარადგინეს. ისე ჩანს, რომ ამ ოლქებში საარჩევნო პროცესში უფრო ვალდებულების გამო მონაწილეობენ, ვიდრე იმიტომ, რომ მათმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ. ამას დაერთო ისიც, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნება” გავიდა და განაცხადა, რამდენი პროცენტიც უნდა ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნებს არ ჩავატარებთო, რამაც არჩევნებზე ნიჰილისტური განწყობა უფრო გააღრმავა. დიახ, პოლიტიკური პარტიები აქტიურები უნდა იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მოსახლეობაში ჩანს დიდი ენთუზიაზმი. ახლა ერთ-ერთ რეგიონში ვარ და ვხედავ, რომ აქ არავის აინტერესებს, მეტიც, არც ახსოვთ, ერთ თვეში ჩასატარებელი არჩევნები. იმედია, სექტემბერში გააქტიურდება წინასაარჩევნო პროცესი. თუმცა ერთ თვეში მნიშვნელოვნად რამე შეიცვალოს, საეჭვოა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოპოზიციაში სცადეს დიდი გაერთიანება, თუმცა თავშივე გამოჩნდა, რომ ვერ გამოვიდოდა. საქმე ისაა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც მის გარშემოა ახლა შეკრებილი, არავინაა ახალი და საინტერესო. რაც მთავარია, “ნაციონალური მოძრაობისგან” იმის თქმა, თუ “ქართული ოცნება” 43%-ს ვერ მიიღებს, ვაიძულებთ დანიშნოს ვადამდელი არჩევნებიო, მოსახლეობაში კვლავ ამძაფრებს არეულობის შიშს. როდესაც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა ვალდებულება ნაკისრი და ამბობდა, რომ შეასრულებდა მიშელის შეთანხმების ამ დათქმას, იყო მოლოდინი, რომ ეს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოხდებოდა, დღევანდელ ვითარებაში კი ელექტორატის დიდი ნაწილი კარგად ხვდება, რომ “ოცნება” ამ ვალდებულებას აღარ შეასრულებს. შესაბამისად, შიშობს, რომ თუ “ქართული ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს, ისევ არეულობა დაიწყება და არასტაბილური ვითარება შეიქმნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პანდემიასთან ერთად ყველაზე მეტად სწორედ არასტაბილურობის ეშინია, რაც ოპოზიციაში ძალიან ბევრს არ ესმის. საბოლოოდ, ყოველივე ეს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. “ნაციონალური მოძრაობა” თითქოს აქტიურობს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი ენთუზიაზმი არც მას აქვს. უფრო სატელევიზიო დაძაბულობის სურათი იქმნება, ვიდრე რეალურად რამე ხდება. “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ამომრჩევლის იმ ნაწილში, რომელიც მას არ უჭერს მხარს, რაც შეიძლება გაძლიერდეს უიმედობა და არ მივიდნენ არჩევნებზე, თავიანთი მხარდამჭერები კი მაქსიმალურად გამოიყვანონ. როგორც “ქართული ოცნება”, ასევე “ნაციონალური მოძრაობა” კვლავაც ცდილობენ პოლიტიკური პროცესი ორპოლუსიანი დარჩეს”, - თვლის ექსპერტი.

“ჩემი აზრით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეცდომა დაუშვა, როდესაც ნიკა მელია მიაბა თბილისს, სადაც კახა კალაძე ფავორიტია. პარტიის ლიდერი, თუ ის მართლაც ლიდერია, არ უნდა დაუპირისპირო ასეთ კანდიდატს და წაგებულ თამაშში არ უნდა ჩართო. ნიკა მელია სწორედ წაგებულ თამაშში ჩართეს. ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო თუ სააკაშვილმა, არ ვიცი. ალბათ, უფრო სააკაშვილმა... ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას დასახელება მართლაც მოულოდნელი იყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნებისას უგულავა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში სასტიკად დამარცხდა - როგორც მახსოვს, მე-3 შედეგი აჩვენა. ბოლო წლებია გიგი უგულავა პოლიტიკურად გაუგებარ ფიგურად იქცა - ხან რადიკალია, ხან ზომიერი, ხან აძაგებს სააკაშვილს, ხან უკრაინაში სტუმრობს. ძალიან მაინტერესებს, როდესაც დასხდნენ და განიხილეს ეს საკითხი, რა არგუმენტებით ამჯობინეს ბოკუჩავას უგულავა? არ ვამბობ, რომ ბოკუჩავა აუცილებლად გაიმარჯვებდა, მაგრამ უგულავა გაჭრილი პოლიტიკური კარტია. მისი კანდიდატურის წამოყენება ფოთში, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კარტს მოწინააღმდეგე აუცილებლად გამოიყენებს, გაუგებარია”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება მელიას უკმაყოფილებას, გასაკვირი არაფერია. იცის, რომ წაგებულ თამაშში მონაწილეობას აიძულებენ და შფოთავს. ვფიქრობ, სააკაშვილმა ის სპეციალურად დააყენა. მას “ნაციონალურ მოძრაობაში” გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება, მისთვის პოტენციური საფრთხეა. თუ გსურს პარტია ძლიერი იყოს, რომელშიც ასევე ძლიერი ფიგურები გეყოლება, უნდა ეცადო ისინი წარმატებასთან ასოცირდებოდნენ, სააკაშვილი კი პირიქით აკეთებს. რაც შეეხება მელიას ცდას, შეცვალოს პარტიაში ვითარება, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება. მარტო პარტიაში არსებულ ვითარებაზე არ არის ლაპარაკი. საგულისხმოა ელექტორალური მხარდაჭერაც - “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავაც მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია. თუმცა, თუ მელია წარმატებული ლიდერი იქნება, ნამდვილად გაუყოფს ელექტორატს სააკაშვილს. ამიტომაც ეშინია მიშას და სანამ მელია მოძლიერდება და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდება, ცდილობს მანამდე შეუყენოს წყალი”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“გახარია თუ შეძლებს, რომ პროპორციულ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით მხარდაჭერის ორნიშნა რიცხვი მიიღოს, მაშინ მართლა იქცევა ანგარიშგასაწევ ძალად და უკვე საპარლამენტო არჩევნებში მიეცემა შესაძლებლობა, რომ მესამე ძალის ცენტრად ჩამოყალიბდეს და “ნაციონალური მოძრაობა” უკან ჩამოიტოვოს. თუმცა მანამდე სწორი პოლიტიკური ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. დღეს გახარია ახერხებს “ქართული ოცნებიდან” პარტიული და ბიუროკრატიული აპარატის ნაწილის თავის მხარეზე გადმოყვანას, მაგრამ ელექტორალური გაყოფისთვის რამდენად იქნება ეს საკმარისი, ძნელი სათქმელია. ამ ჩინოსნებს გავლენა აქვთ საზოგადოების განსაზღვრულ ჯგუფებზე, რეგიონებში, აქვთ ფინანსური გავლენაც. შესაბამისად, ალბათ, გახარია შეძლებს მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიული კუნძულების შექმნას, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერ არ ჰყავს ძლიერი პოლიტიკური გუნდი. არის თვითონ გახარია და არიან ყოფილი ჩინოსნები. ესაა ამ ეტაპზე მთელი მისი პარტია. თვითონ კი აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ მისი პოლიტიკური გუნდი ამ თვალსაზრისით საშუალოზე უარესია. მას მოუწევს სწორი და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა, რათა მართლაც იქცეს მესამე ძალის ძლიერ ცენტრად. “ქართული ოცნება” კი კვლავაც მომგებიან პოზიციაში რჩება, რადგან ძველებურად უპირისპირდებიან "ნაციონალური მოძრაობა" და საზოგადოდ სუსტი ოპოზიცია”, - განმარტავს ექსპერტი.

“უკვე მერამდენე წელია, ოპოზიციის სისუსტე მმართველი ძალის სიძლიერეა. საკმარისია ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩნდეს პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, მმართველი ძალისგან ბევრი აღარაფერი დარჩება. “ქართული ოცნების” სუსტი წერტილების ძებნა არ არის საჭირო, ხელისუფლება მთლიანად სუსტია... მისი ელექტორალური მხარდაჭერის საფუძველი იმის შიშია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ არიოს ქვეყანა. გარდა ამისა, “ოცნება” ხელისუფლებაშია და შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსიც მის ყულაბაშია. ეს ყველაფერი აძლევს გამარჯვების შანსს. სხვა მხრივ ტყუილი იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ მას ახალი იდეოლოგია ან ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. ხელისუფლება დინებას მიჰყვება, სიტუაციურად იქცევა. კიდევ ერთი ფაქტორია კახა კალაძე, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებაში” ყველაზე ძლიერია. თუმცა მანამდე, სანამ ივანიშვილს ენდომება. როგორც კი დასჭირდება კალაძეს მაშინვე ჩაძირავს”, - დაასკვნის ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ქვეყანაში უმძიმესი ეპიდემიური ვითარებაა...” - პასუხობს:

“შარშან აგვისტოს ბოლოდან ვითარება გართულდა და მას შემდეგ ხელისუფლებას ერთი სწორი გადაწყვეტილებაც არ მიუღია. დიდი შეცდომა იყო, შარშან ბათუმი რომ არ ჩაკეტეს. იქიდან გავრცელდა ვირუსი მთელ საქართველოში. რატომ არ ჩაიკეტა ბათუმი? შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო მაქსიმალური სიფრთხილით, ეტაპობრივად. უდიდესი შეცდომა მგონია რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებულებისთვის სრული ამნისტიის გამოცხადება. ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი, უპასუხისმგებლო და მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ჯერ ერთი, თუ გამოაცხადეს, უნდა შეხებოდა ყველას - ვინც გადაიხადა ჯარიმა და ვინც არ გადაიხადა. რა გამოვიდა? ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას არ ემორჩილება, დააჯილდოეს და დააფასეს, კანონმორჩილი კი, რომელმაც ჯარიმა გადაიხადა, დასაჯეს. სად არის სამართლიანობა?!”

“ამ გადაწყვეტილებით ხალხს უთხრეს: ჩვენ შეიძლება დაგიწესოთ რეგულაციები, მაგრამ შეგიძლიათ არ შეასრულოთ, არც ჯარიმა გადაიხადოთ და ამისთვის პასუხს არავინ მოგთხოვთო. ამიტომაც არის, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი აღარ ემორჩილება ახალ შეზღუდვებს. შეცდომები დაუშვეს ვაქცინაციის პროცესშიც. არ წარიმართა სათანადო პროპაგანდა. არადა, ახლა უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას... რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნები იკითხება ყველაფერში. ცხადია, სწორედ წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით გამოაცხადეს სწრაფად ამნისტია, მისცეს გაუგებარი შეღავათები ბიზნესს და ასე შემდეგ... რა თქმა უნდა, შეიძლება გადადგა ნაბიჯები პოლიტიკური მიზნით, მაგრამ ისე, რომ ქვეყანა და ხალხი არ აზარალო. კარგად უნდა გაიაზრო, გათვალო, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ნაბიჯებს. გასაგებია, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. გასცემენ უამრავ დაპირებას, რასაც დიდწილად არ შეასრულებენ, მაგრამ პანდემიის ამხელა მასშტაბსა და ასეთ სიკვდილიანობაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი?!” - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

თითქმის მილიონი აცრა - ორი დოზით მოსახლეობის 10%-ია აცრილი, ერთი დოზით კი - 23.7%

“საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაა მოსახლეობის ვაქცინაცია შთამბეჭდავი ტემპებით მიდის, თუმცა, სპეციალისტთა შეფასებით, ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. საკოორდინაციო საბჭოს გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის სრულ ვაქცინაციას გულისხმობს, მეექვსედით არის შესრულებული. 22 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 10%-ია აცრილი, ერთი დოზით კი - მოსახლეობის 23.7%. სულ ქვეყანაში გაკეთებულია 962 165 აცრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თითქმის მილიონი აცრა - ორი დოზით მოსახლეობის 10%-ია აცრილი, ერთი დოზით კი - 23.7%.

“აღნიშნულ ფაქტს ინფექციონისტები დადებითად აფასებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი და ვაქცინაციის ტემპი არასაკმარისია. მათი თქმით, საჭიროა კიდევ უფრო გაიზარდოს მოსახლეობის აქტივობა და გაფართოვდეს ამცრელი ობიექტები. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას ალექსანდრე გოგინავა და აკაკი ზოიძე აცხადებენ, ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად, თუმცა ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნა, მათი აზრით, ნამდვილად გამოღებს შედეგს ეპიდემიური მდგომარეობის სტაბილიზაციის მხრივ. ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას ანგარიშით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილ რიცხვამდე ავიდეთ და მოსახლეობის 60% ორჯერადად იყოს აცრილი, ამისათვის ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდაა საჭირო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზოგადად მისაღები არ არის ასეთი დაბალი პროცენტული აცრის მაჩვენებელი, მაგრამ, თუ შევხედავთ ბოლო დროს აცრაზე მომატებულ აქტივობას, 2-3 კვირაში სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზრდება და 15%-მდე მიაღწევს. მართალია, დღეის მონაცემებით არ არის იმდენი ვაქცინირებული, რომ ჩვენ შეგვექმნას იმუნური ფენა, თუმცა ასეთი დინამიკით ვაქცინაციის შემთხვევაში, ერთ თვეში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გვეყოლება ვაქცინირებული, რაც თავისთავად გავლენას მოახდენს ეპიდემიური მდგომარეობის დარეგულირებაზე. თუ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა, ჩვენ დეკემბრის ბოლომდე მოსახლეობის 60% გვეყოლება სრულად ვაქცინირებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავამ.

“ვაქცინაციის ტემპი დასაჩქარებელია. ერთ თვეში თუ მოვახერეთ დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრა, შედარებით ნორმალური ეპიდ ვითარების იმედი უნდა გვქონდეს შემოდგომაზე. მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე იყო განზრახული, თუმცა სასურველია ამ მაჩვენებელს ბევრად ადრე მივაღწიოთ. შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს ვაქცინაციის მობილური ცენტრები და ვინც ვერ ახერხებს ვაქცინამდე მისვლას, ვაქცინის მიტანა მაინც მოვახერხოთ მათთან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას დღიურად 40 ათასი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. “რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცული. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 600-650 ათასი. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 800-900 ათასზე და რა თქმა უნდა უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში და დავასტაბილიზირებთ ისე, რომ შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა”, - ამბობს გამყრელიძე, რომლის განმარტებით “ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ლელო” დამოუკიდებლად გააგრძელებს არჩევნებზე ბრძოლას” - საბა ბუაძე

“დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ პანდემია ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, რაც პანდემიასთან იყო დაკავშირებული, ჩავარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვაქცინაცია და ამაშიც კრახი განვიცადეთ. რეგიონში კი არა, მსოფლიოში ვლიდერობთ “კოვიდით” დაღუპულებით”, - აცხადებს “ლელოს” წევრი საბა ბუაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ “ოცნება” უარს იტყვის თავისი დათქმის შესრულებაზე, მიიღებს პასუხს” / “ლელო” დამოუკიდებლად გააგრძელებს არჩევნებზე ბრძოლას, სადაც ჩვენი მთავარი სამიზნე იქნება “ოცნება”.

“ოპოზიცია კი გარდა იმისა, რომ აცრის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ვაწარმოებთ, ხელისუფლებას ჩვენი ოფისების აცრის ცენტრებად გამოყენებას ვთავაზობთ. ასევე შეგახსენებთ, რომ პანდემიის დასაწყისში და მას შემდეგაც ხელისუფლებას არაერთხელ მოვუწოდეთ ინტერპარტიული საბჭოს შექმნა, პანდემიის პარტიული ინტერესების მიღმა მართვა. უარი თქვეს. რომ არა პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილი, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამ ურთულეს ბრძოლაში მარტო ყოფნის მიზეზი?! დღესაც ყველაფერი მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება. გასაგებია, რატომ დახურეს ბავშვთა გასართობი ცენტრები, მაგრამ გაუგებარია, რატომ შეზღუდეს საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა, რატომ არ ხურავენ კაზინოებს... პანდემიამ წარმოუდგენელი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას და ჩვენს ბიზნესებს, ხელისუფლებამ კი სალიცენზიო მოსაკრებლის სახით გადასახადი მხოლოდ სათამაშო ბიზნესს გაუნახევრა. ეს დასტურია იმისა, რომ სათამაშო ბიზნესი `ქართული ოცნების~ შავი ყულაბაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საბა ბუაძე.

“უკვე მზად გვაქვს კონფიგურაცია, რომლითაც “ლელო” საარჩევნო მარათონში ჩაერთვება. ორშაბათიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას დავიწყებთ, მერობის კანდიდატსაც დავასახელებთ და საარჩევნო კონფიგურაციის პრეზენტაციასაც გავმართავთ. ამ რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ყველას დავანახებთ, რომ მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული ხელისუფლების შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ხალხში ნიჰილიზმის გაღვივებას ცდილობს, ჩვენ მოვახერხებთ მათ დარწმუნებას, რომ ცვლილებებს დაუჭირონ მხარი. “ლელო” დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიაა და ასევე დამოუკიდებლად გააგრძელებს არჩევნებზე ბრძოლას, სადაც ჩვენი მთავარი სამიზნე იქნება “ქართული ოცნება”, მისი ხელისუფლება და ამ გუნდის მიერ საზოგადოებაში დანერგილი ნიჰილიზმი თუ უიმედობა”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რის შეთავაზებას აპირებთ საზოგადოებისთვის?” - პასუხობს:

“შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, ეს თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად არის გადაქცეული. ეს იქნება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისა და ამ ქვეყნის ჩრდილოვან ვექტორზე გადაყვანის წინააღმდეგ. შესაბამისად, გვექნება ძალიან აქტიური პოლიტიკური კამპანია. იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის არჩევნებია, ურბანული საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება “ქართული ოცნების” ამ შეთანხმებიდან გამოსვლას, შარლ მიშელის დოკუმენტი მუშაობს და იმუშავებს მანამდე, სანამ შეთანხმების ერთგულად დარჩებიან მისი ხელმომწერი მხარეები”.

“ოცნებას” ძალიან კი უნდა ამ დოკუმენტის ანულირება, მაგრამ არ გამოუვა, რადგან შეთანხმების ხელმომწერები არიან ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ქართული პოლიტიკური ოპოზიცია. თუ “ოცნება” ვერ აიღებს 43%-ს და იტყვის, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც არ იქნება, მიიღებს კონკრეტულ პასუხს როგორც დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში. “ქართული ოცნება” უარს ვერ იტყვის თავისი დათქმის შესრულებაზე. უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სანქციებზე ლაპარაკობენ. გარწმუნებთ, საქართველოშიც მწვავე პროტესტი იქნება. ეს იქნება საშუალება “ოცნების” უმსგავსობის გადასატეხად”, - დასძებს საბა ბუაძე.

„ლომჯარიას განცხადება საფრთხეს უქმნის საზოგადოების ერთიანობას“ - კახაძე სახალხო დამცველს დაუპირისპირდა

“სახალხო დამცველის განცხადება ეგოისტურია და ვირუსთან ბრძოლის კუთხით საზოგადოების ერთიანობას საფრთხეს უქმნის - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლაში გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით ღებულობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს არ დაკარგოს ანტივაქსერთა მხარდაჭერა, რის გამოც აცრის პოპულარიზაციაზე უარს ამბობს, ხოლო საზოგადოების ჯანმრთელობის ხარჯზე ეკონომიკას ზრდის და ჯარიმების ჩამოწერის გზით ცდილობს მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სახალხო დამცველი ლაპარაკობს ამას?.. ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ერთიანობას” - კახაძე ლომჯარიას დაუპირისპირდა.

“ხელისუფლებას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას, კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით, აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით”, - ამბობს ლომჯარია. ლადო კახაძის თქმით, სახალხო დამცველის მხრიდან მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა მოსახლეობის შიგნით უნდობლობა გაზარდოს, ხოლო ხელისუფლების ყველა ქმედება ვირუსთან ბრძოლაში აღნიშნული განცხადების საპირისპიროა. კახაძე “რეზონანსთან” საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, რისთვისაც ადამიანების ერთიანობაა საჭირო, რადგან დღევანდელმა მდგომარეობამ გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მიგვიყვანოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სახალხო დამცველი ლაპარაკობს ამას? მოდით მსგავსი განცხადების შინაარსი მოსახლეობამ შეაფასოს. განცხადებამ, რომელმაც შესაძლოა მოსახლეობის შიგნით უნდობლობა გაზარდოს, ესაა ადამიანების დაცვა? საკუთარი მოსახლის დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მატერიალური უზრუნველყოფა, სტრუქტურის მზაობა, ვაქცინაციის თემატიკაში აქტიურობა და მოწოდებების გააქტიურება - ეს ყველაფერი იმ განცხადების საპირისპიროა, რასაც ლომჯარია აკეთებს. ან ერთია სწორი, ან მეორე. ასეთი რთული ვითარების დროს მსგავსი განცხადებები სახალხო დამცველის მხრიდან ხალხის ერთიანობის დამაშორებელი განცხადებაა. რასაკვირველია, მისი ნებაა, როგორ განცხადებას გააკეთებს, მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ. მთავარია მოსახლეობამ სწორად შეაფასოს ვითარება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ვითარება რთულია და ამ ვითარებიდან გამოსასვლელად ერთმანეთს ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ, არამედ ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ, ჩვენი ერთადერთი მოწინააღმდეგე არის ვირუსი, ჩვენ ვცდილობთ ხალხის დაცვას. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჩვენ მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები. ეს ჯარიმებისა და სანქციების შიშით კი არ უნდა გავაკეთოთ, არამედ ტვინითა და გონიერებით. ჩვენ არავის ვეჯიბრებით, არავის ვყოფთ ცუდებად და კარგებად, ჩვენ გვინდა ყველა კარგად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. და, რაც მთავარია, არ მივიღოთ ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლაში მონაწილეობა, რადგან თუ დაავადებულთა რიცხვმა ზრდა განაგრძო, სისტემა უბრალოდ ვეღარ დაიტევს და მივიღებთ საშინელ შედეგებს. ამაში კი მერე დავადანაშაულებთ მთავრობას, პანდემიის ვიღაც ვირტუალურ გამომწვევს, მოკლედ ყველას საკუთარი თავების გარდა. სახალხო დამცველიც, ვფიქრობ, საკითხს სწორედ ასე მიუდგა - საკუთარი თავის დადანაშაულების ნაცვლად ყველა დაადანაშაულა. ასეთია ჩემი პოზიცია, დიდი ბოდიშის მოხდით”, - დასძენს ლადო კახაძე.

“ვინ ცდილობს ხელის მოთბობას პანდემიის დროს გაძვირებული ფასებით...” - პაატა ბაირახტარი

“განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ სრული ლოკდაუნის დროს განიხილება. ჩვენი ხელისუფლების პირველივე ნაბიჯი კი სწორედ ეს იყო, რაც, სხვა თუ არაფერი, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა. ამიტომ მოსახლეობას სამგზავროდ მხოლოდ ტაქსი დარჩა. საკითხავია, ვინ ითბობს ხელს? თუ ტაქსის მიკრობიზნესად განვიხილავთ, ბიზნესი ნებისმიერ დროს მაღალი მოგების მიღებაზეა ორიენტირებული. ტაქსის მძღოლი თუ კომპანიის მფლობელი ფიზიკური პირია, რომელსაც ასევე გაუძვირდა ცხოვრება, გაიზარდა საკვების, საწვავის, მედიკამენტების ფასი, რაც სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული. მარტივად რომ ვთქვათ, ფასების ზრდის პრობლემას ცენტრალურმა ბანკმა თავი ვერ გაართვა. თუმცა მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ამაში ლომის წილი მიუძღვის ცენტრალურ ხელისუფლებასაც აცხადებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ ცდილობს ხელის მოთბობას პანდემიის დროს გაძვირებული ფასებით.

“ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტება, რომ ტაქსის მომსახურების გაძვირება მომხმარებლის მატებამ განაპირობა, უგუნური და უპასუხისმგებლო განცხადებაა. ეს არ არის წმინდა მიწოდება-მოთხოვნის საკითხი. ტაქსი კი არ არის ცოტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერეს და მოსახლეობას ალტერნატივა არ დაუტოვეს, იძულებული გახადეს, რომ გადაადგილების ერთადერთი წყარო გამოეყენებინა. თუ ყველა პროდუქტს აკრძალავენ, შემოტანას ან მის წარმოებას შეწყვეტენ და მხოლოდ პურს დატოვებენ, ამ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან გადარჩენის ერთადერთ წყაროდ გადაიქცევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო გაიზარდა პურზე მოთხოვნა... კარგი იქნება სოლიდარობის განცდა ჰქონდეთ, მაგრამ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს ვერ მოვთხოვთ, რომ ფასების ზრდამ ისედაც დამძიმებულ სოციალურ ფონს უფრო არ დაარტყას და მოსახლეობა მეტად არ დააზარალოს. მთავრობას ბიზნესი თავის ნებაზე რომ არ მიეშვა, ეს ვითარება არ გვექნებოდა. მოსახლეობა ბიზნესჯგუფების კეთილსინდისიერებასა და მაღალ ზნეობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. თუ სახელმწიფო ამის დარეგულირებას ვერ ახერხებს, ყოველთვის გამოჩნდებიან ვიღაცები, ვინც ხალხის გაჭირვებით იხეირებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

“კარგი იქნებოდა, ასაცრელი პუნქტები რეგისტრაციის გარეშე უფრო ადრე გაეკეთებინათ. ასეთი პუნქტების გახსნისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება ერთდროულად მიიღეს. მერე განაცხადეს, აცრის ცენტრებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი ივლისო, არადა, კაციშვილმა არ იცის მათი გადაადგილების მარშრუტი და გრაფიკი... გამოჩნდა, რომ საზოგადოებას უფრო მაღალი პასუხისმგებლობა აქვს საშუალოდ დღეში 20 ათასი კაცი იცრება და როგორმე ხალხი სამედიცინო დაწესებულებამდე ხომ უნდა მივიდეს?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ფასების დარეგულირების გზებს, კონსტიტუციურად ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. აქვე უნდა აღვნიშნოთ - პროდუქტებზე პანდემიური შოკებიდან გამომდინარე ფასები გაძვირებულია. არც ის იქნება სამართლიანი, მხოლოდ ცენტრალურ ბანკს შევაწმინდოთ ხელი, ხელისუფლებასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ფასების შესარბილებლად... საერთოდ, პროდუქტის ფასებზე ზეგავლენას ახდენს ნავთობპროდუქტების, საწვავის ფასები. სხვა საკითხია, რამდენად “ჯანსაღია” მათი ფასები. პანდემიის დროს 7,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მივიღეთ და მისი ნახევარი ჯერ კიდევ ხაზინაშია. ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით შეეძლოთ საწვავზე აქციზის განაკვეთი დროებით 2017 წლამდელ ნიშნულზე დაებრუნებინათ, რაც ფასებს გაანახევრებდა. ეს აისახებოდა ფასების საერთო მაჩვენებელზე, ამ სფეროს დააბალანსებდა და სასურსათო ფასებსაც შეამსუბუქებდა. ასე რომ, კომპლექსური პრობლემაა - ეროვნული ბანკი და აღმასრულებელი ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც საბაზრო ეკონომიკისთვის არ არის დამახასიათებელი”, - განმარტავს ეკონომისტი.

“ნავთობპროდუქტები იქნება თუ მედიკამენტები, ხელისუფლებას არაჯანსაღი მიდგომა აქვს. გასულ თვეს ჯანმომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველოში სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების ღირებულება 150-300%-ით აღემატება ევროპაში არსებულს. ეს პრობლემები “კოვიდამდეც” გვქონდა. არიან ბიზნესმენები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ოპერირებენ, მით უმეტეს, ამდენი წელია გასდით... თუ ხელისუფლებას რამის თავი აქვს, ეს უნდა დაარეგულიროს. არავინ ფიქრობს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე. არადა, რამდენიმე ათეული წელია ამ სფეროში არსებული პრობლემები გაჭირვებულ მოსახლეობაზე აისახება”, - დასძენს პაატა ბაირახტარი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს