ქართული პრესის მიმოხილვა 01.09.2021

უარი ევროკავშირს დახმარებაზე - ხელისუფლების ეკონომიკური მოტივები და სავარაუდო პოლიტიკური შედეგები

ახალი ვადები და პირობები - რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები და რატომ გაგრძელდა შეზღუდვა საქალაქო ტრანსპორტზე

***

უარი ევროკავშირს დახმარებაზე - ხელისუფლების ეკონომიკური მოტივები და სავარაუდო პოლიტიკური შედეგები

"საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ეკონომიკური მოტივებითაა ნაკარნახევი. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებასაც და ხელისუფლების არგუმენტებსაც მიუღებლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შესაძლოა სერიოზული გართულებები მოუტანოს ქვეყანას, რომელიც 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უარი ევროკავშირს დახმარებაზე - ხელისუფლების ეკონომიკური მოტივები და სავარაუდო პოლიტიკური შედეგები

"სხვა მოსაზრების მიხედვით, საქართველოს ევროპასთან ურთიერთობას აღნიშნული საკითხი ხელს არ შეუშლის, ხოლო დამატებით კრედიტზე უარის თქმა, შესაძლოა, ქართული ეკონომიკისათვის შვების მომტანიც იყოს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ზუსტად ერთი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაზე. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით", - ეს განცხადება შარლ მიშელმა 24 აგვისტოს, კიევში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან არაფორმალური შეხვედრის შემდგე „ტვიტერზე" გამოაქვეყნა. ამის საპასუხოდ მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისათვის მნიშნელოვანი რეფორმების გატარებას გააგრძელებს. თუმცა, 30 აგვისტოს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ღიად განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე აღარ არის დაინტერესებული ევროკავშირისგან მიკროფინანსური დახმარების მიღებაში, სამშაბათს კი პრემიერმა ღარიბაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო ამ კონკრეტული დახმარების მეორე ნაწილზე უარს ამბობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალების შემცირებას ცდილობს. "გამომდინარე იქიდან, რომ წელს დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც პანდემიის დროს აღმოგვიჩინეს და ზოგადად ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას," - ამბობს ღარიბაშვილი. მანამდე, ორშაბათს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გამო, საქართველოსთვის ამ კონკრეტული ტრანშის მიღება ფინანსური თვალსაზრისით აქტუალური აღარაა. „ფინანსური თვალსაზრისით ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა. ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია," - განაცხადა კობახიძემ. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით კი, ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღება წმინდა ეკონომიკური საკითხია, რომლის პოლიტიზირებაც ხდება. „ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. საკითხი დგას მარტივად - დღეს ჩვენ ვსაუბრობდით რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი აღარ გავზარდოთ," - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სესხზე უარის თქმა კავშირში არაა შარლ მიშელის დოკუმენტთან. ამაზე განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. „ეს არის სხვა სახის შეთანხმება და კავშირი არ აქვს 19 აპრილის შეთანხმებასთან. საქმე ეხება იმას, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სიტუაციაში დამატებითი სესხის აღება," - თქვა პაპუაშვილმა. მისი თანაგუნდელი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ევროინტეგრაციის კურსის ერთგული რჩება. „საზოგადოება კარგად ხედავს, თუ როგორ უჭერს მხარს „ქართული ოცნება" საქართველოს განვითარებას ევროატლანტიკურ სივრცეში. მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა, საქართველო ევროკავშირისკენ მიდის და ამ გზას ვერავინ შეაჩერებს," - ამბობს მაჭარაშვილი”, - განაგრძობს გამოცემა.

"ოპოზიციის რეაქცია ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაზე საკმაოდ მწვავე იყო. ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე ირაკლი კობახიძის ორშაბათის განცხადების შემდეგ მოუწოდა ევროკავშრს, საქართველოსთვის ფინანსური დახმარება შეეწყვიტა. ევროკავშირის დაფინანსების საკითხზე კომენტარს ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა შეუწყვიტოს საქართველოს ფულადი დახმარება, რადგან ეს ფული ხალხს მაინც არ ხმარდება. „მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება, იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს ელიტური კორუფციის გამო. ის მთლიანად ხმარდება მათ ვილებს, ხვდება მათ ანგარიშებზე უცხოეთში, რომლებიც გადანახული აქვთ შავი დღისთვის, იმიტომ, რომ ისინი ემზადებიან გასაქცევად მას შემდეგ, რაც ბოლომდე ლიმონივით გამოწურავენ საქართველოს. როგორც იქნა, ევროკავშირმა თავის მოხსენების პროექტში ჩაწერა ელიტური კორუფციის საკითხი და უკვე ბოლო ორი კვირაა „ქართული ოცნება" ისტერიულად ლობირებს თავისი მრავალმილიონიანი ხელფასიანი ლობისტების მეშვეობით, რომ იქნებ ეს ელიტური კორუფცია ამოიღონ მოხსენების დრაფტიდან - როგორც ჩანს, ეს საკითხი ბოლომდე ჩაუფლავდათ", - განაცხადა სააკაშვილმა. ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით კი, „ოცნებამ" დახმარებაზე უარის თქმით სრული უპასუხისმგებლობა გამოავლინა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო, როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ, როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია, როცა ბავშვები შიმშილობენ... მეტს აღარ გავაგრძელებ და ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკური და ფინანსური ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები, ამას სხვა არაფერი ჰქვია გარდა იმისა, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა," - ამბობს ხაზარაძე. „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკია შეუთავსებელია ევროკავშირის ვალდებულებებთან. ქვეყანა ვალებში იხრჩობა და ახლა თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ამ დახმარებაზე... ამას ვინ დაიჯერებს, ეს ზღაპარია. სამწუხაროდ ეს არის ქვეყნისთვის ნაბიჯი სანქციებისკენ," - ამბობს წერეთელი”, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევს, ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს კი - "უხეირო თავის მართლებად". "ზეპირი განცხადება, რომელიც პრემიერისა და კობახიძის მხრიდან გაკეთდა, კითხვის ქვეშ დგას. მე სულაც არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ ფულადი დახმარება არ გვჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, დავფაროთ ძველი კრედიტები, ვალები და ა.შ. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, აქ უკვე საუბარიც ზედმეტია. ამ კრედიტზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან რეალურად პოლიტიკის გამო დაიწყო და არა ფინანსების, თუმცა ფინანსურადაც რომ გადავხედოთ ჩვენს მდგომარეობას, დავინახავთ ხალხი რა დღეშია და როგორ უჭირთ სოციალური კუთხით. ასევე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ჭრილში ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები კითხვის ქვეშ აყენებენ საქართველოს დემოკრატიას, ჩვენი განვითარების გზას და ეს ბევრად უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე კრედიტის აღება-არაღების საკითხი. ამას ექნება განგრძობითი ხასიათი და ეს ქვეყანაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ კრედიტი არ გვჭირდება და არ აქვს მნიშნელობა მოგვცემენ თუ არა - ეს არის უხეირო თავის მართლება ხელისუფლების მხრიდან," - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს გამოცემა.

"ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს საქართველოს ეკონომიკასა ბიუჯეტს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. "მანიპულაციებში არაერთხელ შემჩნეული რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ეს ყველაფერი დაუკავშიროს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. „ის, რომ მთავრობა უარს ამბობს დამატებითი სესხის მიღებაზე, ეს კარგია. პირველ რიგში ეკონომიკისთვის, რადგან ზედმეტ ტვირთს თავიდან ავირიდებთ. სრულიად ალოგიკურია იმის თქმა, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის გზას გადაუხვია. „როდესაც საქართველოს ბიუჯეტს აქვს შვება, რომ დამატებითი 75 მილიონის ოდენობის სესხი არ აიღოს, ამის დაკავშირება ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებასთან არის სრული სიცრუე. „ეს არის ბლეფი, რომელსაც კვლავ ატირაჟირებს დესტრუქციული ოპოზია. იმის მტკიცება, რომ სადღაც გადავუხვიეთ და გარკვეული სანქციები გვემუქრება - ეს არის მორიგი ზღაპარი სააკაშვილის პოლიტიკური ფლანგიდან," - ამბობს გია აბაშიძე. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, ხელისუფლების ამ ნაბიჯმა შესაძლოა საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციოს. „რა თქმა უნდა ნეგატიური შედეგები მოჰყვება. ბუნებრივია საქართველო მნიშვნელოვნად დაშორდება ევროკავშირს, თუ ის უარს იტყვის ამ დახმარებაზე. თუმცა მხოლოდ დახმარებაზე არ არის საუბარი. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ზოგადად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირის მიმართ აქვს. „აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს მოქცევას რუსულ ორბიტაში, მითუმეტეს, როდესაც რუსეთი არის საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი. შესაძლოა ამით რუსეთმა ისარგებლოს, რაც ავტომატურად დააშორებს საქართველოს ევროპას და დააახლოვებს რუსეთს," - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას. ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე კი „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობაზეა საუბარი, საქმე მხოლოდ ვიწრო ფინანსურ ჭრილში არ უნდა იქნას განხილული. „ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს პოლიტიკური კონტექსტი. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური თემა, აქ არის მთლიანი კომპლექსი, რაც დაკავშრებულია შარლ მიშელის დოკუმენტთან. კარგად უნდა გვესმოდეს ამ ყველაფრის პოლიტიკური წონა და შედეგი, მითუმეტეს იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ 2024 წელს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში. „ჯერჯერობით შეცდომების კასკადს ვხედავ, რომელიც აუცილებლად დაგვიბრუნდება უკან და ძალიან სამწუხაროა, რომ შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ," - განაცხადა ფხალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ახალი ვადები და პირობები - რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები და რატომ გაგრძელდა შეზღუდვა საქალაქო ტრანსპორტზე

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვტილებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, ხოლო 4 ოქტომბრიდან კი იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების დადებითობის გამოვლენის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის პარალელურად, 13 სექტემბრამდე გადავადდა დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალი ვადები და პირობები - რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები და რატომ გაგრძელდა შეზღუდვა საქალაქო ტრანსპორტზე

"საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებასთან დაკავშირებით სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ, ნაწილი მიიჩნევს, რომ მობილობის დაგდება და შესაბამისად, ინფექციის გავრცელების ტემპის შეჩერება სხვა შეზღუდვებით ჯობდა. ქალაქო ტრანსპორტის გაჩერებამ კი შესაძლოა უბრალო მოქალაქეებს სიკეთეზე უფრო მეტად ზიანი მოუტანა. რაც შეეხება 4 ოქტომბრის შემდეგ სასწავლო დაწესებულებების გახსნის პერსპექტივას, სპეციალისტთა აზრით, ერთ თვეში დადებითობს მაჩვენებლის ახლანდელი 9-10%-დან 4%-მდე დაწევა დიდ ქალაქებში მეტად რთული იქნება და აქედან გამომდინარე, მათი ვარაუდით, 4 ოქტომბრის შემდეგ შესაძლოა მხოლოდ სოფლებისა და მცირე რაიონული ცენტრების სკოლები გაიხსნას. მუნიციპალური ტრანსპორტის თვის დაწესებული შეზღუდვის მოქმედების ვადა 4 სექტემბრამდე იყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ, რთული ეპიდიტუაციიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამუშავება კიდევ 9 დღით გადაავადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "რეზონანსთან" განაცხადა, რომ ტრანსპორტის გაჩერება აუცილებელი იყო, რადგან კლინიკებში კრიტიკულია სიტუაცია. "ტრანსპორტის გაჩერება აუცილებელია. თქვენ რომ აქ იყოთ, ნახავდით არის თუ არა სწორი ეს გადაწყვეტილება. თქვენ არ იცით კლინიკებში რა ხდება", - განაცხადა ენდელაძემ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ ზუსტად განსაზღვრული არ არის, ტრანსპორტის გაჩერებამ სარგებელი უფრო მეტი მოიტანა, თუ ზიანი. „მე არ მიმაჩნია, რომ თავიდანვე ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მობილობა რა თქმა უნდა შემცირდა, მაგრამ შემცირდა კი ადამიანების კონტაქტები იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ის ადამიანები დაზიანდნენ, ვისაც ამან ყოველდღიური სასიცოცხლო საქმიანობის განხორციელებაში პრობლემები შეუქმნა? ამ ზიან-სარგებლის სასწორი საით იხრება? „ჩემი აზრით, უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მეტრო თუ ავტობუსები გავეკონტროლებინა, ავტობუსები დაგვემატებინა და ადამიანთა რაოდენობა განგვესაზღვრა, მათი პირბადეების ტარება გაგვეკონტროლებინა. „გარკვეული მობილობის შემცირება გვაქვს, მაგრამ ზიან-სარგებლის სასწორი სარგებლისკენ რამდენად იხრება, ამას ვერ გეტყვით. ამის დეტალური გათვლები არც ეკონომიკის და არც ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი არ აქვს - თუ რამდენად ხდება ამით, ერთის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის დაზიანება, შემოსავლის და სამუშაო ადგილების დაკარგვა და მეორე მხრივ, მობილობის დაგდება. მობილობის დაკლების შეფასება მეტ-ნაკლებად შეიძლება, მაგრამ შეიძლებოდა თუ არა იგივე ეფექტის მიღწევა სხვა ზომებით, ეს თემა ჩემთვის ბოლომდე არაა გარკვეული," - განაგრძობს გამოცემა.

"ეპიდემიოლოგი ირალი ხმალაძე კი აცხადებს, რომ ტრანსპორტის გაჩერებით სამედიცინო სფეროც დაზარალდა, რადგან მედპერსონალის ნაწილი, რომელიც ეპიდემიის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამსახურში ვერ დადის. „როცა ყველა ადამიანს ჰყავს მანქანა და იმის საშუალება აქვს, რომ ავტომობილით იმოძრაოს, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, ან ყველა სამსახურს ავტობუსებინ ჰქონდეს თანამშრომლების გადაადგილებისთვის. მაგრამ, მაგალითისთვის, მე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, გეტყვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასებობის გამო პრაქტიკულად ექთნები, სანიტრები ვეღარ დადიან და ამის გამო დიდი პრობლემები გვექმნება. „ჩემი აზრით, ტრანსპორტი უნდა დაიშვას, რადგან ამაზე უარესი აღარ მოხდება და ის რაც ასაკრძალია, სჯობს ის აკრძალონ კატეგორიულად - შეკრებები იქნება ეს, მანიფესტაციები, თუ სხვა. სანამ ეპიდემიაა, ხალხი არ უნდა იკრიბებოდეს. იმგვარი შეკრება არ უნდა ხდებოდეს, სადაც რისკია, რომ ვირუსი გავრცელდეს. ეს პოლიტიკურად არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ეს პანდემიიაა და ადამიანთა შეგნებამდე უნდა დავიდეს, რომ სანამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ადამიანები მასობრივად არ უნდა იკრიბებოდნენ," - განაცხადა ხმალაძემ. 15 სექტემბრიდან ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა ონლაინ რეჟიმში დაიწყება და 4 ოქტომბრამდე ასე გაგრძელდება. 4 ოქტომბრის შემდეგ კი, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. „როგორც სახელმწიფო, ასვე კერძო ბაღები, არ ინფუნქციორებენ 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბერს, რასაკვირველია, ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იფუნქციონიერებენ დისტანციურ რეჟიმში. „რაც შეეხება სკოლებს, მინდა დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე. „მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ. გადავწყვიტეთ, რომ დიფერენცირებული მიდგომა გვექნება. ეს გულისხმობს შემდეგს - იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება. „როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, „დელტა" შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს. ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ჩხენკელმა”, - დასძენს გამოცემა.

"მისივე ცნობით, თუ რომელიმე მშობელი 4 ოქტომბრის შემდეგაც გადაწყვეტს ბავშვი სწავლების დისტანციურ რეჟიმში დატოვოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება. მინისტრის მიერ ნახსენები დადებითობის მაჩვენებელი დღეის მდგომარეობით საშუალოდ 10%-ია. გაშლილი მონაცემები, თუ დიდი ქალაქების მიხედვით ამ დროისთვის სად როგორი დადებითობის გამოვლენის მაჩვენებელია, ჯერჯერობით უცნობია. აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეტნის მასშტაბით დადებითობის საშალო მაჩვენებელი ძირითადად დიდი ქალაქების ხარჯზე ითვლება და სავარაუდოდ, დიდ ქალაქებში დღეს ეს 9-10% უნდა იყოს. ხოლო მოხერხდება თუ არა ამ მაჩვენებლის ერთ თვეში 4%-მდე ჩამოყვანა, ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. „ახლა ეროვნლი მასშტაბით ეს მაჩვენებელი სადღაც 9-10%-ია. ქალაქების მიხედვით ეს ინფორმაცია არ ქვეყნდება. ქვეყნის მასშტაბის დადებითობის მაჩვენებელი ძირითადად დიდი ქალაქების ხაჯზეა და ნიშნავს, რომ დიდ ქალაქებშიც დაახლოებით მაგდენი იქნება. „დღეს პირბადეების ტარების მაჩვენებელი 40%-ია და თუ ეს არ ავწიეთ, დადებითობის მაჩვენებელი არ დაიკლებს. მიუხედავად იმისა, რომ პიკზე ვართ და ვინც ქვეყნების მიხედვით, მათ შორის საქართველოზე პროგნოზის ყველაზე უფრო აკურატულ და ადეკვატურ მოდელირებას აკეთებენ, თითქოს უნდა დაიკლოს, ეს არ მოხდება, თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ გაიზარდა. „დღეს გამოდის, რომ პირბადეს ათიდან ოთხ შემთხვევაში ვატარებთ. ან ამ მაჩვენებელმა უნდა მოიმატოს, ან ვაქცინაციის ტემპია დასაჩქარებელი, თუ აზერბაიჯანი ამას ახერხებს, გასაგებია, რომ მათთან მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენც ლოჯისტიკურად შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. „ყველაზე მნიშვნელოვანმია, რომ კონტინგეტი, რომელიც სკოლაში მუშაობს -მასწავლებლებიც და ყველა - იყოს აცრილი, რადგან ცნობილია, რომ დელტა შტამის შემთხვევაში რისკი, რომ მასწავლებლიდან მოსწავლეებს გადაედოთ, ძალიან მაღალია. ამაზე რამდენიმე კვლევაა და ცნობილია ფაქტები, როდესაც, მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა 30 მოსწავლეს გადასდო. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია აცრა და რეგულაციების დაცვა. რეკომენდაციაა, რომ პირბადეები მოსწავლეებმაც ატარონ, მაგრამ რამდენად შეძლებენ ამის დაცვას, არ ვიცი", - განაცხადა ზოიძემ”, - წერს გამოცემა.

"ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძის აზრით, ინფექციის გავრცელება უფრო მასშტაბური სწორედ დიდ ქალაქებშია და შესაბამისად, 4 ოქტომბრისთვის დადებითობის მაჩვენებლის დაწევა ქალაქებში გაცილებით რთული იქნება, ვიდრე სოფლებსა და მცირე რაიონულ ცენტრებში. „დიდ ქალაქებში დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უარესია - ამას ლაპარაკი რად უნდა. ასევე ინფექციის გავრცელების შანსი და რაოდენობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სოფლებში," - თქვა ხმალაძე. კითხვაზე რამდენადაა პერსპექტივა, რომ მაგალითად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა დიდ ქალაქებში დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ეპიდსიტუაცია ისე დასტაბილურდეს, რომ დადაბითობის მაჩვენებელი 4%-ზე დავიდეს, თქვა, რომ რეგულაციების შეუსრულებლობის პირობებში ამის პროგნოზირება რთულია. „ყველას იმის იმედი აქვს, რომ აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება, რადგან გარდაცვალებულთა რიცხვი კრიტიკულად გაიზარდა და მოსახლეობას ძალიან შეეშინდა. თუმცაღა, აგერ იმ დღეს ქორწილი იყო, ქელეხი იყო... ასეთ შემთხვევაში პროგნოზირება ძალიან ძნელია. ეს რომ ისეთი ქვეყანა იყოს, სადაც რაღაცა რომ იკრძალება ის ზედმიწევნით სრულდება, მაშინ პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა. "აი, მაგალითად, რაღაცნაირად თითქოს დინამიურად მიდის ყველაფერი, მაგრამ უცებ ერთმა ქელეხმა ან ქორწილმა შესაძლოა ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება მოახდინოს. შესაბამისად, საქართველოში რამის პროგნოზირება ძალიან რთულია, როცა ეს ყველაფერი მოსახელობის დამოკიდებულებას ეხება რაღაცა პრობლემის მიმართ", - განაცხადა ხმალაძემ "რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა