ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ არ დავუშვებთ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში!

მშვიდობა და სტაბილურობა არის ჩვენი ხელწერა და სწორედ "ქართული ოცნების" მიერ მოტანილი; ჯერ კიდევ გამოწვევად და საფრთხედ რჩება ის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჯერ კიდევ ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს დესტრუქციული ძალის ხელისუფლებაში დაბრუნებას.

„ჩვენ არაერთი მაგალითი გვახსოვს ჩაგვრის, რეპრესიების, ხალხის პირდაპირი ტერორის, ტერიტორიების დაკარგვის და ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთი მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ბედავს და აცხადებს პრეტენზიას, არა თუ უბრალოდ პოლიტიკაში დარჩენაზე, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და ჩვენ არ დავუშვებთ და მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს და დააკარგინეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები, ასზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და უამრავი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. ეს მძიმე წარსული აღარ განმეორდება. ჩვენ არ დავუშვებთ ხალხთან ერთად ამ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ბრძენია და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ყველას ერთად. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უშეცდომონი ვართ. რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვქონია, შეცდომები გვაქვს, გვექნება მომავალში, მაგრამ შეცდომას და გააზრებულ დანაშაულს, მძიმე დანაშაულს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენ შეცდომები გააზრებული გვაქვს და მივდივართ წინ. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ხელწერა ჩვენსა და მათ შორის. ამას წინათ, ერთ-ერთ გამოსვლაში შედარებისთვის ჩვენს მოსახლეობას გავახსენე ის მჩაგვრელი ადამიანების სახეები და სახელები და შევადარე ჩემი მთავრობის რამდენიმე მინისტრს. ძალოვანი მინისტრები რომ ავიღოთ - და გვესწრება ერთ-ერთი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს პენიტენციურ დაწესებულებას, ციხეებში არსებული მდგომარეობა ყველასთვის იყო შოკისმომგვრელი, ის კადრები, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა მსოფლიომ, დამზაფვრელი და მართლაც კატასტროფული. რა თქმა უნდა, გვახსენდება, თუ ვინ იყო იმ დროს ხელმძღვანელი.

შეადარეთ ახლა პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, ახალაიას, ვახტანგ გომელაური შეადარეთ ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავა შეადარეთ კახი კალაძეს, გიგა ბოკერია და უამრავი სხვა. კეზერაშვილი შეადარეთ ჯუანშერ ბურჭულაძეს, უწესიერეს კაცს. ეს არის სწორედ ჩვენი ხელწერა, გრიგოლ ლილუაშვილი შეადარეთ დათა ახალაიას. ეს ადამიანები არ წასულან არსად, მეგობრებო, ვინმეს ილუზია არ გაუჩნდეს, რომ ჩვენ სხვა ძალასთან გვაქვს საქმე, ერთი და იგივე ხალხი ძალადობს დღემდე, ისინი მართავენ ამ დესტრუქციულ ძალას. მათგან მომდინარეობს ყველა ის ბინძური კამპანია, ცილისწამება და ბრალდებები, რომლებიც ყოველდღიურად ესმის საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს