ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2021

“ოცნება” ვა-ბანკზე მიდის - რას შეცვლის დასავლეთთან ურთიერთობაში გენპროკურორის არჩევის წესის ჩაგდება

რა მოხდება, თუ „ოცნება“ 2 ოქტომბერს 43%-ს ვერ აიღებს - სავარაუდო სცენარი

ინვესტიციები ომისდროინდელ ნიშნულამდე დაეცა

* * *

“ოცნება” ვა-ბანკზე მიდის - რას შეცვლის დასავლეთთან ურთიერთობაში გენპროკურორის არჩევის წესის ჩაგდება

“მმართველმა პარტიამ გენპროკურორის არჩევის ახალი წესი საკონსტიტუციო ცვლილებიდან ამოიღო. ოპოზიცია და ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამას ნეგატიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ გრძლევადიან პერსპექტივაში ამ ცვლილებას ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვება. უნდა ველოდოთ თუ არა სხვა საკონსტიტტუციო ცვლილებების ჩაგდებასაც და რა მოჰყვება ამას? საშემოდგომო სესია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრით გაიხსნა. პარლამენტს სამი ცვლილებისთვის უნდა ეყარა კენჭი: მომდევნო ორ არჩევნებში 2%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესებისთვის, ფრაქციების წევრების რაოდენობაში ქვედა ზღვრის ოთხამდე შემცირებისთვის და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლისთვის. “ქართულმა ოცნებამ” მხოლოდ მესამე საკითხს არ დაუჭირა მხარი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” ვა-ბანკზე მიდის - რას შეცვლის დასავლეთთან ურთიერთობაში გენპროკურორის არჩევის წესის ჩაგდება.

“ჩაგდებული კანონპროექტის მიხედვით, გენერალური პროკურორის ასარჩევად პირველი ორი მცდელობის დროს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდებოდა, ხოლო შემდგომ მცდელობებს - ხმების უბრალო უმრავლესობა. უბრალო უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა კი ერთი წლით უნდა განსაზღვრულიყო. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ამას “სამართლებრივი სიმახინჯე” უწოდა და ამ რეკომენდირების გამო ვენეციის კომისიის ექსპერტებიც კი გააკრიტიკა. საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სამშაბათს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადებები გაავრცელეს. დიპლომატიური უწყებების განცხადებით, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, რომ საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის... პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის რეფორმირებას ახდენდა. ამ მიზნის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ განაახლებდნენ ძალისხმევას და ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე. მათ უნდა შეასრულონ თავიანთი პირობა... ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ისეთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა”, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“7 სექტემბერს ნაწილობრივ ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებების შესახებ ილაპარაკა “რუსთავი 2”-ის ეთერში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ორივე განცხადება სამწუხაროა. “როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველას მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, ორჯერ ორი ოთხია - იურისპრუდენციაში ეს ნორმა აფუჭებდა და პირიქით, რეგულაციას, რაც გვაქვს დღეს განსაზღვრული, იმას აუარესებდა. სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს”, - თქვა კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ელჩებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. მისი შეფასებით, ორივე განცხადება არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უმრავლესობის მიერ პროკურორის არჩევის წესის კანონპროექტის ჩაგდება ქვეყანას ძვირად დაუჯდება”, - დასძენს გამოცემა.

“ქართული ოცნების” ამგვარ ქცევას და გაშვებულ შესაძლებლობებს, ვერ ექნება კარგი დასასრული საქართველოსთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ბოლო დროს, როდესაც დაკარგა 300 მილიონი, ამით მან ბევრად უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე არის მხოლოდ ერთი ფისკალური დახმარება. ეს ყველაფერი “ოცნებას” და სახელმწიფოს დაუჯდება ძალიან ძვირი ფასი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით”, - აცხადებს პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია. გამოხმაურება, რაც ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მოჰყვა, ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. მისი შეფასებით, ხელისუფლების რეპუტაცია უკიდურესად შეილახა, რაც მის მიმართ ნდობის დაკარგვას ნიშნავს”, - წერს სტატიის ავტორი.

“გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ რა ფასი აქვს “ქართული ოცნების” სიტყვას. მან მოატყუა ამომრჩეველი, მოატყუა საერთაშორისო პარტნიორები და გავიდა შეთანხმების იმ ნაწილიდან, რომელიც გენერალური პროკურორის მაღალი კონსენსუსით არჩევას ითვალისწინებდა. გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი მხოლოდ ინსტიტუტების გაძლიერების კონტექსტში არ ჯდება - მას უფრო შორს მიმავალი შედეგები აქვს, მათ შორის ეკონომიკური. ევროკავშირის ელჩის განცხადებაში 75 მილიონიანი ევროს სანქციაზე მინიშნება იმის დამადასტურებელია, რომ თუ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდა, მას დახმარება, მათ შორის ფინანსური დახმარება, არ ექნება, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების დონეზე ძალიან მძიმედ აისახება”, - განაცხადა გოცირიძემ. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ “ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტთან ყველანაირი ვალდებულება დაკარგა, რადგანაც მისი ანულირება მოახდინა. ხელისუფლებისთვის ახლა მთავარი ამ არჩევნების მოგებაა, ამიტომაც ყველნაირ ვა-ბანკზე მიდის. ამ ფონზე კი, როგორც სტალინს სისხლის გარეშე ქვეყნის მართვა არ შეეძლო, “ოცნებასაც” “გადაგდების” გარეშე ქვეყნის მართვა არ შეუძლია”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ოცნების” მხრიდან გადაგდება უკვე ტრენდი გახდა. ამიტომ ახლა მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილების მორიგ რეფომაზე გადაგვაგდებენ. არაა გამორიცხული, რომ საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევაც გადაიფიქრონ. სულაც არ გამიკვირდება, რომ ესეც ჩააგდონ და ეს პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას” აჰკიდონ. ვიცი, რომ ენმ-შიც მსგავსი განწყობა არის და ფიქრობენ 2%-იანი ბარიერის დაწევა რა საჭიროა. ამიტომ პატარა მიზეზიც კი საკმარისი იქნება, რომ ესეც გადაიფიქრონ. კობახიძე საკუთარ ხელმოწერილ დოკუმენტზე ამბობს, რომ სიმახინჯეა. ანუ შარლ მიშელმა სიმახინჯე შესთვაზა? მაშინ ხელს რაღაზე აწერდნენ? საქმე კი ისაა, რომ ხელისუფლებამ დასავლეთს ბუნება ძალიან კარგად გაუგო. დასავლეთს არეულობის ძალიან ეშინია. ისინი კარგად ხვდებიან, რომ საქართველოს დემოკრატია არ გამოსდის და დიდი ხანი არც გამოუვა. ამიტომ ნებისმიერ გადაგდებაზე თვალს ხუჭავს, ოღონდ საქართველოში არეულობა და სისხლისღვრა არ მოხდეს. ამიტომაც დასავლეთს ეუბნება, რომ თუ ჩვენთან ურთიერთობა არ გინდათ, აგერაა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ქვეყანაში რევოლუცია და არეულობა უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მისივე თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დასავლეთი “ოცნების” ყველა გადაგდებაზე თვალს ხუჭავს. ფაქტობრივად ხელისუფლება დასავლეთს აშანტაჟებს და სანამ ქართული საზოგადოება სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მანამდე ასეთი სიტუაცია იქნება. თუკი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, დასავლეთი თვალს კიდევ ბევრ რამეზე დახუჭავს. მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო რეგიონში მთავარ პარტნიორად შეინარჩუნოს. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პროკურატურა მართლმსაჯულების ნაწილია, რომელიც სახელმწიფოში სამართლებრივ დევნას უძღვება და მის მიმართ უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ერთი პარტიის, არამედ პოლიტიკური სისტემის ნდობა. შესაბამისად, ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომ “ოცნებას” წინააღმდეგობა გაუწიოს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება დანარჩენ ცვლილებებსაც ჩააგდებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“მმართველ გუნდს ამ ჩანაწერის ამოღება პროკურატურის კონტროლისთვის სჭირდება. ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ძალაუფლების გაზიარება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მოხდებოდა. მმართველ გუნდს ეს ცვლილებები არ მოსწონდა, რადგან სრულად კონტროლირებული პროკურატურა უნდა. ეს მმართველ გუნდს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს გენპროკურორი და მისი მეშვეობით მთელი პროკურატურის სისტემა. სამწუხაროდ, ოპოზიციას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიოს. მგონია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული სხვა ცვლილებების ჩაგდებაც მოხდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახუშტი მენაბდე.

“არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის წარმოშობის მთავარი მიზეზი ისაა, რასაც ჩვენი კონსტიტუციის ჩარჩო გვთავაზობს. ეს ფორმულა კი ისაა, რომ გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიაქვს - სისტემა, სადაც მმართველი გუნდი მთლიანად სახელისუფო ძალაუფლებას ხელში იგდებს. ამის შემდეგ კი ქვეყანაში არადამოკრატიული პროცესები ვითარდება. მთავარი მისწრაფება, რომელიც შარლ მიშელთან მოლაპარაკებებისას მედიატორებმა დაისახეს, ის გახლდათ, რომ ეს სისტემა ცოტათი შერბილებულიყო და ძალაუფლების გაზიარება მომხდარიყო. პროკურატურამ არბიტრის ფუნქცია უნდა შეასრულოს, რაც მიშელის დოკუმენტში იყო გაწერილი. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ასეთი მყიფეა, არბიტრი ორივე მხარის ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდეს. ანუ ოპოზიციასაც და პოზიციასაც მის მიმართ ნდობა უნდა ჰქოდეს. როცა ხელისუფლება პროკურატურას ერთპიროვნულად აკომპლექტებს, ნდობის ხარისხი ნულია”, - განმარტავს მენაბდე.

რა მოხდება, თუ „ოცნება“ 2 ოქტომბერს 43%-ს ვერ აიღებს - სავარაუდო სცენარი

“მმართველი გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს იმის მიუხედავად, თუ ხმების რა რაოდენობას აიღებს მმართველი პარტია 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ასეთი ტიპის განცხადებები “ქართული ოცნების” მხრიდან რამდენჯერმე გაკეთდა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ოცნებამ” ამ დოკუმეტით გათვალისწინებული 43% ვერ გადალახა, ოპოზიცია იძულებული გახდება რაღაცა იმოქმედოს, თუმცა ვერც საპროტესტო გამოსვლებით და ვერც დასავლეთის ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდება, თუ „ოცნება“ 2 ოქტომბერს 43%-ს ვერ აიღებს - სავარაუდო სცენარი.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ 1%-ც რომ აიღოს, მაინც არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ „ოცნება" 43%-ს ვერ გადალახავს და ვადამდელს არ ჩანიშნავს, ოპოზიციის მხრიდან პროტესტი შედეგს ვერ მოიტანს, რადგან დღეს საზოგადოებაში ეს განწყობა არაა. “ქართული ოცნება” რაც მიშელის დოკუმენტიდან გავიდა, აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. გასვლის არგუმენტად გამოიყენეს, რომ “ნაციონალებს” ხელი არ ჰქონდათ დოკუმენტზე მოწერილი. ოპოზიცია კი თვლის, რომ ეს მთლად ასე არაა. “რეალურადაც ეს მთლად ასე არაა, რადგან “ენმ” ხელს რომ არ აწერდა მათ ეს იცოდნენ და ამის გარდა სხვა პოლიტიკური პარტიები და ჩვენი პარტნიორებია. მთავარი ისაა, რომ თუ “ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს, მაშინ ოპოზიცია იძულებული იქნება რაღაც მოიმოქმედოს. ოპოზიციას კი რაც შეიძლება დაანონსებული ჰქონდეს, ესაა საპროტესტო აქციები. მაგრამ დღეს ეს რელევანტური არაა, რადგან მოსახლეობაში პროტესტის განწყობა არაა, სხვა პრობლემები და მოთხოვნები აქვთ. შარშანდელი ნოემბრიდან მოყოლებული მთელი გაზაფხული ოპოზიციის პროტესტი ვიხილეთ, რამაც არანაირი შედეგი არ მოიტანა”, - ამბობს ძაბირაძე, რომელსაც “ახლაც არ ჰგონია, რომ რაიმე შედეგს მოიტანს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ ვიცი რა იქნება სექტემბრის ბოლოს, მაგრამ ოპოზიციამ ეს კარტი ახლა არ უნდა აათამაშოს, რადგან დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ქუჩის აგორება მათთვის მომგებიანი სვლა არაა. ბრძოლა უნდა გააგრძელონ, მაგრამ სხვა უფრო მშვიდი მეთოდები უნდა მოისინჯოს, რაღაცნაირად სხვა გამოსავალი უნდა იქნას მოძებნილი, მაგრამ ამას ოპოზიცია ვერ ახერხებს. თუ ამას სააკაშვილის განცხადებას დავუმატებთ, რომლის შემდეგაც არ გამიკვირდება “ოცნებამ” 43 კი არა 50%-იც რომ აიღოს, მით უმეტეს თუ იგი არჩევნებამდე ჩამოივა, ჩათვალეთ, რომ მმართველი პარტია 43%-ს ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაძლევს. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ალბათ მოინდომებს, მაგრამ მისი მასშტაბები არ იქნება ისეთი, რომ ხელისუფლება აიძულოს დათმობებზე წავიდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “არსებობს თუ არა სხვა ფაქტორი, რაც აიძულებს “ოცნებას”, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნოს...” - პასუხობს:

“ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დასავლეთის ზეწოლა, მაგრამ მეეჭვება, რომ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში დასავლეთმა მოისურვოს, რომ არასტაბილური ვითარება შექმნას. მეორეც, ხომ გახსოვთ ბაიდენმა ავღანეთთან დაკავშირებით რა თქვა? - ავღანელები თვითონ არ იბრძვიან და მათ მაგივრად რატომ უნდა ვიბრძოლოთო. დასავლეთს არა მხოლოდ ახლა, საბჭოთა კავშირის დროსაც ასეთი პოლიტიკა ჰქონდა. დასავლეთმა მშვენივრად იცის, რომ დღეს ქართულ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ არსებობს ისეთი, რომ ძაფზე ეკიდოს. დღეს მოსახლეობაში არაა ისეთი განწყობები, როგორიც 2003 და 2012 წლებში იყო. როცა ასეთი განწყობა გაჩნდება დასავლეთის ფაქტორი იმუშავებს, სხვა შემთხვევაში არა და არც არასდროს უმუშავია”.

ინვესტიციები ომისდროინდელ ნიშნულამდე დაეცა

“საქართველოში ინვესტიციების მოცულობა განუწყვეტლივ იკლებს. ქვეყანა უცხოური კაპიტალის დიდ დეფიციტს განიცდის და უკვე 2009 წლის მაჩვენებლამდე დაეშვა, ანუ ასეთი რთული ვითარება მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ იყო. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ მხრივ არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და მოსალოდნელია საინვესციტიო ნაკადის კიდევ უფრო დაწრეტა. ბოლო წელიწად-ნახევარში ინვესტიციების მოცულობა მინიმუმამდე დაეცა. პანდემიამ ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვას ხელი საგრძნობლად შეუშალა. ვითარება მთელ მსოფლიოში გართულებულია. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში ძალიან მცირედი უცხოური კაპიტალი შემოდის, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მე-2 კვარტალში 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მე-2 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინვესტიციები ომისდროინდელ ნიშნულამდე დაეცა / ვითარება ვერც სამომავლოდ გამოსწორდება, რადგან პანდემიამ ინვესტორები დააფრთხო.

“შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 77.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 31.5 მლნ აშშ დოლარით (13.5%), ხოლო მესამეზეა ჩეხეთი - 30.8 მლნ აშშ დოლარით (13.2%). ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 82 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35%-ია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი - 65.2 მლნ აშშ დოლარით (27.8%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი - 46.5 მლნ აშშ დოლარით (19.9%). არსებულ ვითარებასთან შედარებით, უარესის მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს. მათი აზრით, უცხური კაპიტალი მანამ შემცირდება, სანამ კორონავირუსის პანდემია არ დაიძლევა და ინვესტორს ქვეყანაში სტაბილურობის შესაძლებლობა არ მიეცემა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს მსგავსი პატარა და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ინვესტიციებს დიდი როლი აკისრია, ამიტომ უცხოური კაპიტალის მოცულობის გაზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა და, ჯერჯერობით, გამოსწორებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან პანდემია არ დასრულებულა. როგორც ფინანსისტმა რამაზ გერლიანმა აღნიშნა, საქართველო უცხოური კაპიტალის დეფიციტს პანდემიამდე განიცდიდა, თუმცა შეზღუდვები საინვესტიციო გარემოს საერთოდ ანადგურებს. ეკონომიკის ექსპერტ ზვიად ხორგუაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლებამ არ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს, მაშინ დაბალი ეკონომიკური ზრდა გვექნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“უცხოური კაპიტალის შემოსვლა, რასაკვირველია, შემცირდება, რადგან ეკონომიკური გარემო არის ცუდი და კრიზისი არ არის დაძლეული. შეზღუდვები საინვესტიციო გარემოს ანადგურებს. რაც ყველაზე მთავარია, დიდი პრობლემაა საფონდო ბაზრის უქონლობა. როდესაც საფონდო ბაზარი არ გვაქვს, გრძელვადიან ინვესტიციებზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ინვესტიციების კლების ტენდენცია ეპიდემიამდეც გვქონდა. ბოლო 4-5 წელიწადი კაპიტალდაბანდება მუდმივად იკლებს. შესაბამისად, აქ საქმე მხოლოდ პანდემიაში არ არის, პირიქით, თუ რთულ პერიოდში სახელმწიფო თავს გამოიჩენს, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია მსოფლიო კრიზისი, რომ ინვესტიციების ვექტორი ჩვენკენ შემოვატრიალოთ. რეალობა კი ისაა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ყველაზე მძიმე მდგომარება აქვს როგორც პანდემიის, ისე ეკონომიკური მიმართულებით, ამიტომ, ამ ფონზე, რასაკვირველია, ინვესტორები თავს შეიკავებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.

“საინვესტიციო ნაკადის შემცირება იმის ნიშანია, რომ ეკონომიკური გარემო ფუჭდება და რაღაც სწორად არ კეთდება. როგორც გულს სჭირს ხოლმე არითმია, ასეთი ვარდნა გვაქვს საინვესტიციო ნაკადებში. ზოგჯერ მაღალია, რადგან რაღაც პროექტი უცბად განათდება და თუ მილიარდიან ზღვარს გადავალთ, ეს კარგ შედეგად მიაჩნია მთავრობას. რეალურად, ჩვენისთანა ქვეყნისთვის მილიარდიანი ზღვარი არის ძალიან დაბალი. მინიმუმ, 10-მილიარდიანი საინვესტიციო ნაკადი უნდა არსებობდეს წლიდან წლამდე და ეს იქნება საშუალო მაჩვენებელი. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ რა მონაცემებიც 5 წლის წინ გვქონდა, არ გვაქვს დღეს და არც შარშან და არც შარშანწინ არ გვქონია”, - დასძენს გერლიანი.

“2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ გასული წლის მეორე კვარტალის ბოლოს დაწესდა “ლოკდაუნი”. მანამდე, მეორე კვარტალის პირველ ნახევარში ეკონომიკა ასე თუ ისე მუშაობდა და ამიტომაა ახლა შემცირება. დიდი ალბათობით, მესამე კვარტალში ზრდა გვექნება, რადგან შარშან, ამავე პერიოდში ყველაფერი გაჩერებული იყო. პანდემიასთან ყველაფერი კავშირშია. შეზღუდვები საერთოდ რომ არ დავაწესოთ, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ეკონომიკიური ზრდა გვქონდეს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობა იქნება. ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. მეტი ინვესტიციის მოსაზიდად საჭიროა ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება და შეზღუდვების გაუქმება. პირდაპირ უცხოურ ინვესციტიებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდა მიბმულია ინვესტიციებზე. ჩვენ ვართ გაჭირვებული ქვეყანა და აუცილებელია დამატებითი თანხები. ჩვენთვის ინვესტიციები ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. თუ ხელისუფლებამ არ იზრუნა ისეთი გარემოს შექმნაზე, რისი მეშვეობითაც ბევრი ფულის მოზიდვას შევძლებთ, მაშინ ეკონომიკური ზრდა დარჩება ისეთი, როგორიც ბოლო წლებში გვქონდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ხორგუაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა