მამუკა ხაზარაძე - ვადასტურებ საუბრის ავთენტურობას მეუფე თეოდორესთან და მოვუწოდებ პროკურატურას დამკითხოს - მოვითხოვ, გადადგნენ სუს-ის ხელმძღვანელი და შს მინისტრი, ასევე პასუხისმგებლობა აიღონ გახარია-ღარიბაშვილმა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. ფარულ ჩანაწერებში მასსა და მეუფე თეოდორეს შორის გამართული საუბრის ავთენტურობა დაადასტურა. ხაზარაძემ მოითხოვა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და გამოკითხონ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებას აუხსნას, რატომ ხდება ფარული თვალთვალი და შანტაჟი.

“ბოლო დღეებში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მედიასაშუალებებით გაშუქდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ფაქტები, რომელთა ნაწილის ავთენტურობა და რეალურობა რამდენიმე საჯარო პირმა დაადასტურა.

ეს ფაქტები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მასობრივად აწარმოებენ უკანონო თვალთვალს, პირადი საუბრების მოსმენას და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებას.

გავრცელებული მასალებით ირკვევა, რომ უსმენენ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს და სასულიერო პირებს.

„ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა და ტოტალურად დანერგა მოსმენებისა და თვალთვალის მახინჯი სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ისინი აშინებენ, აშანტაჟებენ ადამიანებს და ამით სურთ ძალაუფლების განმტკიცება და ხელისუფლების შენარჩუნება.

ხელისუფლება დიდი მონდომებით ირგებდა ამ წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველის იმიჯს, პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებდა და ყველა სხვას ანტიეკლესიურ ძალებად რაცხავდა.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, სწორედ ეკლესიის წარმომადგენლებს - მაღალ იერარქებსა თუ ზოგადად, სასულიერო პირებს უსმენს და უთვალთვალებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, ისინი არამარტო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფას ახდენენ, აშანტაჟებენ და მათ დისკრედიტაციას ახდენენ, არამედ უხეშად არღვევენ კონსტიტუციას, როცა ასე ბინძურად და უკანონოდ ერევიან ეკლესიის შიდა საქმეებში და ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ.

მე, მამუკა ხაზარაძე, ვადასტურებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეუფე თეოდორესთან საუბრის შესახებ ნამდვილია. ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას. ეს ცხადად ადასტურებს იმას, რომ მაშინ ჩემი, როგორც ჯერ კიდევ ბიზნესის წარმომადგენლის და მაღალი სასულიერო იერარქის საუბარს უკანონოდ ისმენდნენ.

აქედან გამომდინარე მოვითხოვ:

1. პროკურორებმა შეწყვიტონ ე.წ. ფულის გათეთრების შეთითხნილ საქმეზე ჩემი სასამართლოებში ტარება და დაუყოვნებლივ დამკითხონ დანაშაულის უტყუარ ფაქტზე - ჩემი და მეუფე თეოდორეს სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერაზე.

2. მოვითხოვ, ბატონმა ღარიბაშვილმა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე საუბარი და საზოგადოებას უთხრას, 2012 წელს პირადად როგორ გადაიბარა უკანონო თვალთვალის მანკიერი სისტემა შსს მინისტრისა და შემდეგ პრემიერის რანგში. როგორ ხელმძღვანელობს ფარული თვალთვალისა და შანტაჟის სამარცხვინო სისტემას.

3. მოვითხოვ, ბატონმა გახარიამ შეწყვიტოს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აგვიხსნას, მისი შსს მინისტრობის დროს რის საფუძველზე და რა მიზნით გვისმენდა მე და მეუფე თეოდორეს და კიდევ ათასობით მოქალაქეს.

4. მოვითხოვ, "ოცნების" თითოეულმა კოლეგა-პარლამენტარმა ამომრჩევლებს ჩააბარონ ანგარიში, თუ როგორ მოახერხეს ქვეყნის იმავე ჭაობში ჩაძირვა, საიდანაც 2012 წელს ამოსვლას ჰპირდებოდნენ.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი თავისუფლება, დავიცვათ მასწავლებლები და ჟურნალისტები, დავიცვათ ბიზნესი და დიპლომატიური კორპუსი, დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოება, დავიცვათ ეკლესია უკანონო და ბინძური ჩარევებისგან, ჩვენ 2 ოქტომბერი უნდა ვაქციოთ ხელისუფლების ცვლილების რეფერენდუმად", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის არავითარი განსხვავება აღარ არსებობს. ხაზარაძე ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელის, შსს მინისტრის გადადგომას და გახარია-ღარიბაშვილისგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს.

„მინდა მივმართო ღარიბაშვილს, რომელმაც გადაიბარა „ნაციონალური მოძრაობის” ავი, კანონსაწინააღმდეგო ჩვევა და გააგრძელა ადამიანების მოსმენა/დაშანტაჟება და ა.შ. გამოვიდნენ "ოცნების” მესვეურები და ახსნან, რა განსხვავებაა მათსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რომელიც ასევე აშანტაჟებდა ადამიანებს.

მოვითხოვ, სუს-ის ხელმძღვანელი გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება და გადადგეს, ასევე გადადგეს შს მინისტრი და პასუხისმგებლობა აიღონ გახარია-ღარიბაშვილმა იმ ქმედებებზე, რომელსაც აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო