რომან გოცირიძე - კალაძე რომ გამოდის და სოლიდარობას უცხადებს სუს-ს, სოლიდარობა კი არა, გისმენენ, ჩემო კახა

კალაძე რომ გამოდის და სოლიდარობას უცხადებს სუს-ს, სოლიდარობა კი არა, გისმენენ, ჩემო კახა - ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების საკითხს.

გოცირიძის თქმით, ინფორმაციის მსგავსი მასშტაბით გაჟონვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მომხდარა.

„ახლა კალაძე რომ გამოდის და სოლიდარობას უცხადებს სუს-ს, სოლიდარობა კი არა, გისმენენ, ჩემო კახა. ახლა ივანიშვილი იმის ჩიტია, რომ კახა კალაძეს არ მოუსმინოს, ყველას უსმენენ. დღეს სუს-ი არის ივანიშვილის საცეცები და მარჯვენა ხელი, ყველა ყურებით ჰყავთ დაჭერილი, - უღირსი მღვდლებით დაწყებული, უღირსი პოლიტიკოსებით დამთავრებული.

ვინც ამას აკეთებდა ბევრი დაისაჯა, იყო მაშინ შეცდომები და დანაშუალებიც, მაგრამ ერთიანად არასდროს მომხდარა, რომ რაღაც ჩაწერილი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ესენი იწერენ და ავრცელებენ კიდევაც. „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, იმ დონემდეა მისული, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე თავს ურტყამს კედელს. ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა გადაბმული ორი კვირაც კი, რომ „ქართული ოცნება“ არ გახვეულიყო ძალიან სერიოზულ სკანდალში. ეს ხდება იმიტომ, რომ რეალურად ამ პარტიამ დაკარგა ორიენტირი, რესურსები.

მათ ერთადერთი რამ დარჩენიათ, თავად ბიძინა ივანიშვილი. რა ზურგით ელაპარაკება ევროკავშირს და არ ასრულებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მითითებებს, რომლებიც ასე ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ერთადერთი ეს არის შანტაჟი, „ახლა მე ავდგები და წავალ რუსეთისკენ. მე ვზივარ მატარებლებზე, ჩემი მგზავრები მეუბნებიან, რომ „წავედით პარიზში და ვენაში“, ჩემს მეისრეს, ღარიბაშვილი რომ გვყავს ერთი, ვეტყვი აბა გადაწიე ისარი და წავიდეთ სოჭისკენ.“ თავისი 4 თუ 5 მილიარდით რწყილი აუხტა სპილოს. წარმოგიდგენიათ ევროპას და ამერიკას ივანიშვილი ანგარიშს უწევდეს იმის გამო, რომ ის იმუქრება ქვეყნის ორიენტაციის შეცვლით, სასაცილოა. ამიტომ არ არის ჯერჯერობით პერსონალური სანქციები მის მიმართ, უფრო დიდი სანქციები 75 მილიონი ევროს არ მიცემაზე, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა ზიანდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ ნარკოტესტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, რომელმაც ნარკოტესტზე ანალიზი უცხოეთში ჩააბარა, შესაძლოა თავად მოსთხოვოს თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს იგივეს გაკეთება. გოცირიძის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ გახარია არ დასჯერდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კალაძის მიერ ჩაბარებული ანალიზის შედეგებს.

„პიარის რომელმა დამგეგმავმა ურჩია კახა კალაძეს, რომ „მიდი ახლა და ნარკოტესტზე შეამოწმებინე გახარია“, თითქოსდა მახეს უგებდა, მაგრამ თვითონ მოყვა მახეში. ყველამ კარგად იცის, შარდის ანალიზი არ არის სწორი, ხან მცდარ შედეგებს იძლევა, ხან არა. ეს მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება „დაიჭირო“, თუ მარიხუანა მოიხმარე. კახა კალაძემ იშიმშილა და არ მოწია, ვიღაცას დაუძახა... ასე სად არის. ეს კაცი (გახარია) წავიდა, აიღო თმის ანალიზი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ინახავს ინფორმაციას. ახლა ალბათ გამოვა და მოუწოდებს კალაძეს, „შენ სამხარაულის კლინიკიდან ჩაწყობილი შარდის ანალიზი რომ მომიტანე, მიდი და საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიაში გაიკეთე“. გახარიაც ააგდეს, სად მირბოდა, რომ მირბოდა. სტრატეგიულად გახარიას პარტია არის „ქართული ოცნება 2“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა