ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლის კლასებში აღდგენის ერთ-ერთი კრიტერიუმი, დადებითობის მაჩვენებელი, თბილისში 5-6%-ის ფარგლებშია, აჭარასა და კიდევ ორ რეგიონში - 4%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლის რეალურ სივრცეში აღდგენის ერთ-ერთი კრიტერიუმი, კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი თბილისში 5-6%-ის ფარგლებშია, აჭარასა და კიდევ ორ რეგიონში კი 4%-იან ნიშნულს გაუტოლდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ ვებინარზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სწავლის რეალურ სივრცეში დასაწყებად ყველაფერი კეთდება.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მხარს უჭერს, რომ სწავლა რეალურ სივრცეში 4 ოქტომბერს აღდგეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მრავალმხრივ ვსწავლობთ რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სკოლების, პერსონალის, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრების მაჩვენებლებს. ყველანაირად გვინდა, რომ სწავლა რეალურ სივრცეში აღდგეს და ამაზე შემუშავებული გვაქვს ჩვენ-ჩვენი ინდიკატორები. ერთ-ერთი ინდიკატორი არის სწორედ დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ინფიცირების ინტესიურობაზე საუბრობს. პირდაპირ გეტყვით, აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემით, 4%-თან ახლოსაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბერს ისინი შეხვდებიან 4%-ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებლით. არის ასევე, ორი რეგიონი, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. სერიოზულად ქვემოთ მოდის ეს მაჩვენებელი თბილისშიც, სადღაც 5-6 პროცენტის ფარგლებშია. გარდა ამ მაჩვენებლებისა, კიდევ სხვა საკითხებიცაა გასათვალისწინებელი. როგორ არის ამა თუ იმ სკოლაში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი. უსაფრთხო როგორაა სკოლა. იგივე ამ სკოლაში ბავშვების მშობლების აცრის მაჩვენებელი. მოვუწოდებ მშობლებს, ვისაც სკოლაში დაჰყავს ბავშვი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ აცრილი, რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში. ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, რომ ბავშვები გვყავდეს უსაფრთხო გარემოში. აუცილებელია დასწრებული სწავლების აღდგენა. ამ პანდემიამ გარდა უზარმაზარი ჯანმრთელობითი და ეკონომიკური დანაკარგისა, უზარმაზარი დაზიანება მიაყენა განათლების სექტორს და განსაკუთრებით, სკოლას. ბავშვებისთვის აქტიური საკლასო სწავლება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ვეძებთ ყველა გზას, რომ სწავლა დასწრებულად აღდგეს. ამიტომ ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული განსაკუთრებული ჰიგიენური პირობები, კლასების განიავება, ხელების დაბანა, სანიტაიზერები, ტემპერატურის გაზომვა, მასწავლებლების ტესტირება. ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი სწავლის აღდგენას ქვეყანაში!“- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა ჩამოვიდა, მაშინ სკოლებში სწავლის განახლების საკითხი დადგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო