გიგი უგულავა - ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა - „ტრუკაჩი“ „ტრიუკებით“ უნდა დაამარცხო

„ოცნება“ ვირთხის დღეშია, ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა - „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე დამარცხდა.

„ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს. ათენამ ოდისევსი დააბერა, რომ ვერ ეცნოთ - ანუ კობახიძის ენით რომ ვთქვათ deep fake გააკეთა. თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი რელიგიური რწმენის მსგავსია. ვისაც სჯერა სჯერა, ვისაც არა - არა. ასეთ დროს ფაქტს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან თავად ეს რწმენა ქმნის და გავლენას ახდენს ფაქტების მომდევნო თანმიმდევრობაზე.

უფრო მარტივად. „ოცნება“ ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს და იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში ვაი და ვუია. ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში.

ასე რომ ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა. გაუკეთა, ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს - „ტრუკებს“. „ტრუკაჩი“ „ტრუკებით“ უნდა დაამარცხო.

ხვალ არჩევნებია, უკვე საბოლოოდ რეფერენდუმი. ხვალ ოლიგარქია მარცხდება და ქვეყანა ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ახდა ნამდვილი „ქართული ოცნება“ - ბიძინა დამარცხდა არჩევნებამდე. ხვალ ხალხი ამას გააფორმებს.

მე კი ფოთელებთან ერთად ფოთს მივხედავ. ჩემი გეგმები მხოლოდ ფოთს უკავშირდება“, - წერს უგულავა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს