ვახტანგ ძაბირაძე - შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილის მთელმა ვოიაჟმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისმა იზოლირებამ „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუწყო, შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილის მთელმა ვოიაჟმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ წინასაარჩევნოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გარდა იმისა, რომ გაუგებარი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის მანევრი, ასევე წამგებიანიც აღმოჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სააკაშვილის დაკავებამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გარკვეული გავლენა მოახდინა.

„რადგან ოპოზიციამ გადადგა ნაბიჯი, რომ მეორე ტურში სერიოზულად ჩაერთოს, ჩემი აზრით, მისი სტრატეგია აბსოლუტურად გამართლებულია. პერმანენტული აქციები უნდა გააგრძელოს, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველში მებრძოლი სულისკვეთება შეინარჩუნოს, მაგრამ პარალელურად, უნდა გააგრძელოს საარჩევნო კამპანიაც. ეს ორი მიმართულება აქვს დღეს ოპოზიციას დარჩენილი და ორივე მიმართულებით მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს, იმდენად აქტიური, რომ წონასწორობა დაიცვას. არ იქნება მომგებიანი, მხოლოდ პერმანენტულ აქციებზე გააკეთოს აქცენტი და საარჩევნო კამპანია მიატოვოს, ე.წ. ოქროს შუალედი უნდა დაიცვას.

ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს აქტივობაც და ამომრჩევლის მობილიზაციაც მოახდინოს. ამ შემთხვევაში ამას ვუყურებ, როგორც არჩევნებში შედეგის მიღწევის საშუალებას და არა იმას, რომ სააკაშვილი ამ აქტივობით ციხიდან გაათავისუფლოს. არ ველოდები, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდ ძალისხმევას გამოიჩენს იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდეს, თუმცა, არსებობს იმის ალბათობა, რომ შესაძლოა, უკრაინულმა მხარემ მეტი აქტივობა გამოიჩინოს, ვიდრე აქამდე იჩენდა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, პოლიტოლოგი მიჩნევს, რომ ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება.

„ნებისმიერი თავგანწირვა ან თავგანწირვის მცდელობა, თუნდაც იმიტირებული იყოს, მაინც მისასალმებელია, როცა ადამიანი ასეთ ნაბიჯს დგამს. შედეგის მხრივ, არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ დიდი შედეგი მოიტანოს, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში ხელოვნური კვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიცია დღემდე ვერ ხვდება, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა მომგებიანია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და წამგებიანი წვრილი პარტიებისთვის.

„არჩევნებამდე ვამბობდი, რომ წვრილი პარტიების ხმები განახევრდებოდა და განახევრდა კიდეც, ზოგი საერთოდ 25% დარჩა. როდესაც შენი ამომრჩეველი არ იცი, ვინ არის, მაშინ მას კარგავ. ამ წვრილი პარტიების ამომრჩეველი ის ამომრჩეველი იყო, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდოდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ერთობლივი ბრძოლა, მხარდაჭერა და აჟიოტაჟი საერთოდ გაანულებს ამ პარტიებს. მათ მეტი არაფერი დარჩებათ შემდეგი არჩევნებისთვის, რომ ან ბლოკი გააკეთონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ან საერთოდ 2%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ. ამიტომ, მცდარად მიმაჩნია მოწოდებები და ერთიანობის დემონსტრირება, თუ მათ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება უნდათ“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა