ფინანსთა მინისტრის მოადგილე - რესურსები საგარეო საქმეთა სამინისტროში და საელჩოებში საკმარისი არ არის და ამაში შედავება ძალიან რთულია - წელს, როცა პანდემიის პირობებია, საელჩოს ყიდვაზე არასწორი იქნება მსჯელობა

რესურსები საგარეო საქმეთა სამინისტროში და საელჩოებში საკმარისი არ არის და ამაში შედავება ძალიან რთულია, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება არასაკმარისია.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ჩვენზე ათჯერ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც ვერ აფინანსებენ სრულად სამინისტროების საჭიროებებს.

ამასთან, კაკაურიძემ საელჩოების შენობების შესყიდვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წელს, პანდემიის პირობებში საელჩოს ყიდვაზე მსჯელობა არასწორი იქნება.

„რესურსები საგარეო საქმეთა სამინისტროში და საელჩოებში საკმარისი არ არის და ამაში შედავება ძალიან რთულია - საგარეო პოლიტიკა მოითხოვს საკმაო რესურსებს, თუმცა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა გასათვალისწინებელი, რომ საჭიროებები და რესურსები უნდა დაბალანსდეს, ეს სჭირდება ქვეყანასაც. ჩვენზე ათჯერ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც ვერ აფინანსებენ სრულად მათ საჭიროებებს, მით უმეტეს, ჩვენ პირობებში ძალიან რთულია. თუმცა, რამდენიმე საელჩო უკვე შევისყიდეთ. წელს, როცა ფინანსური კონსოლიდაციაა, პანდემიის პირობებია, საელჩოს ყიდვაზე არასწორი იქნება მსჯელობა. შეთანხმებულები ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომ თუ სადმე გამოჩნდება 20-წლიანი პირობებით, ან ნაკლები ხარჯის გაწევით შევისყიდით ჩვენთვის მისაღებ შენობას, ამის დათვლის მექანიზმები, რა თქმა უნდა, არსებობს და ყოველთვის მზად ვართ, რომ ან საელჩომ გააკეთოს საკრედიტო ხელშეკრულება ან მსგავსი მექანიზმი მოვიფიქროთ. ის, რომ დავიწყოთ ბევრგან საელჩოების ყიდვა, რადგან ამ ქვეყნებში ჩვენ ქირით გვაქვს შენობები, ეს ჩვენი ეკონომიკიდანაც დიდი ფულის გასვლაა და ამას ვერ ვშვებით“, - განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება ზოგადად, საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„საჯარო სექტორში ხელფასების მატება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ არაეფექტურ საჯარო სექტორს, რაც დაეტყობა საგარეო პოლიტიკასაც, ბიუჯეტსაც და ნებისმიერ სერვისს, რასაც სახელმწიფომ უნდა მიაწოდოს ჩვენს მოსახლეობას. ადმინისტრაციული ხარჯების რესურსი არის კრიტიკულად მცირე. უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. ოპტიმიზაცია არის თუ არა გაკეთებული? - არის!“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო