დავით სერგეენკო სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე - არ იქნება სწორი იმის დემონიზაცია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო სამსახური არ ვარგა - უადგილოა აქცენტი მაინცდამაინც კერძო კლინიკაზე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უადგილოა იმაზე საუბარი, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო სამსახური არ ვარგა და ექთნებმა არ იციან რა გააკეთონ.

აღნიშნული განცხადებით მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ მსჯავრებულის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს უპასუხა, სადაც ისინი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. როგორც სერგეენკო განმარტავს, „სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახურის სტიგმატიზაცია არასწორია“.

„მე, წინა წლების განმავლობაში, უამრავჯერ ვყოფილვარ ჩართული ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ამ სისტემის გამართვაზე. ამოსავალი წერტილი იყო თანაბარი შესაძლებლობები პატიმრებისთვის და არაპატიმრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, C ჰეპატიტის ელიმინაცია სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო სამსახურში დაიწყო, მათ მისცეს ბიძგი იმ ყველაფერს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა.

არ იქნება სწორი იმის დემონიზაცია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო სამსახური არ ვარგა. ჩემი აზრით, თუ დადგა მისი გადაყვანის საკითხი, უადგილოა აქცენტი, მაინცდამაინც კერძო კლინიკაზე.

მთავარი განსხვავება, სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახურსა და სამოქალაქო სამედიცინო სამსახურს შორის არის ის, რომ იქ არ არის სპეციალიზირებული კლინიკები, როგორც არის კარდიოლოგიური და ნეიროქირურგიული. ეს არის მნიშვნელოვანი სხვაობა და არა ის, რომ იქ ექთნებმა და ექიმებმა არ იციან რა გააკეთონ. ნამდვილად არ მგონია სწორად გაკეთებული აქცენტი, რომ არა სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახური და მაინცდამაინც კერძო კლინიკა“, - აღნიშნავს სერგეენკო.

ცნობისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“.საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სახელმწიფოს მხრიდან მის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმას ნიშნავს.

მისივე ინფორმაციით, რუსთავის ციხიდან ყველა პატიმარი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში კერძო კლინიკებში გადაჰყავთ და სააკაშვილის შემთხვევაშიც საუბარია არა პრივილეგიაზე, არამედ „ეს სტანდარტი და მიღებული პრაქტიკაა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა