ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის არცერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი

მიხეილ სააკაშვილის არცერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობაში იქნება, მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლა არ შეწყდება.

„მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, ვიდრე სახელმწიფო „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული ექნება ბრძოლას არ შევაჩერებთ, აი, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი დარწმუნებულია, რომ ჩვენი მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის მომავალს ვემსახურებით და არა სხვა რამეს, დესტაბილიზაცია არ შედის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ მარტო არ ვართ ხალხო, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან ჩვენს გვერდით.

კიდევ რაღაც სისულელე რომ არ მოროშონ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ჯერ ვერ განვახორციელებთ მის ტრანსპორტირებას იმიტომ, რომ რუსთაველზე ხალხი დგასო. მოდი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ვაცადოთ ახლა. გორის ჰოსპიტალში არანაირ საპროტესტო აქციას არასოდეს არ გავმართავთ და ვინმე თუ გამართავს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პროვოკაცია, არცერთი მისი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ბოლო პერიოდში ბეწვის ხიდზე გაიარა, რადგან ხელისუფლებამ უამრავჯერ მათი პროვოკაციაზე წამოგება სცადა.

„მათ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მკვლელობა კი არ ჰქონდათ დაგეგმილი, მისი გატეხა უნდოდათ. იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდათ, გზადაგზა ავრცელებდნენ მისი ღირსების შემლახავ ვიდეოკადრებს, აბუჩად იგდებდნენ, როგორც დატყვევებულ ადამიანს, ამ ყველაფერს გვასმენინებდნენ და გვაყურებინებდნენ, რათა ჩვენ გამოვსულიყავით მდგომარეობიდან, რომ ერთ მშვენიერ დღეს საფუძველი მისცემოდათ და საკუთარი სპეცრაზმელები და "რობოკოპები" გამოეყვანათ და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვათ, აი რასაც გეუბნებოდით, ეს ადამიანები სახელმწიფოს გადატრიალებისთვის ემზადებოდნენ. სახელმწიფოს გადამტრიალებელი ვინმე თუ არის, ეს არის „ქართული ოცნება“, მათ აქვთ მიტაცებული ამ ქვეყნის მომავალი, აწმყო. მოვა დრო ვილაპარაკებ უფრო მეტი ფაქტებით, რას გადავურჩით ჩვენ, ახლა ყველაფერზე არ ვსაუბრობ, ძალიან თხელ ყინულზე ვიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა, როდესაც მწვავე საპროტესტო აქციების ჩატარება გვიწევდა, პროვოკაციას არ წამოვეგეთ, რაც გამოიწვევდა დაკავებებს კი არა, სისხლის ღვრას, რომელიც უნდოდათ მათ. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული გეგმის ავტორებს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა