საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 190-ე მუხლში ცვლილებების პროექტი პარლამენტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი დეპუტატებმა წარუდგინა.

ამჟამად მოქმედი კანონი სასაზღვრო ზონაში შესვლის, აგრეთვე ცხოვრების ან რეგისტრაციის წესის დარღვევაზე, პასუხისმგებლობის სახედ ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

მომზადებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას, ჩადენილი ქმედების მიხედვით. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს - ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას - გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი, ობიექტების მომსახურების, მშენებლობის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის, სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით, ხოლო, იურიდიული პირის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, პირებს დაეკისრებათ გაზრდილი პასუხისმგებლობა. კერძოდ, ფიზიკური პირი დაჯარიმდება - 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 300 ლარის ოდენობით.

ამ მუხლის ნოვაციას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სამართალდარღვევად განისაზღვრება საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების, ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება, რისთვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საზღვრის დაცვის რიგი ობიექტებისა და საზღვრის დაცვის საშუალებების (ფოტოხაფანგები, სენსორები და სხვა) განლაგების ადგილების ფარულობა წარმოადგენს სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების (არალეგალური მიგრაცია, კონტრაბანდა და ა.შ.) აღმოჩენის და მასზე მყისიერი რეაგირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. შესაბამისად, მათი მდებარეობების გადაღება მაღალ რისკის შემცველია სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიცირებული პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი დარღვევისთვის, რამაც სასაზღვრო განწესის გადაადგილება შეაფერხა. ასევე, წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სასაზღვრო ნიშნები, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებები და სხვა) დაზიანება ან განადგურებისთვის, რისთვისაც სახდელის სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა 350 ლარის ოდენობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა