ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2021

შეზღუდვების დიდი ნაწილი 1-ლი დეკემბრიდან იხსნება - დააბალანსებს თუ არა სიტუაციას “მწვანე პასპორტების” ამოქმედება

“მოსკოვი თბილისს მოსთხოვს უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოზე“ - როგორ შეიძლება შეეხოს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს

სოციალური დახმარების ტრასფორმაცია და ხალხის დასაქმება ეკონომიკას დიდ შესაძლებლობას გაუხსნის

* * *

შეზღუდვების დიდი ნაწილი 1-ლი დეკემბრიდან იხსნება - დააბალანსებს თუ არა სიტუაციას “მწვანე პასპორტების” ამოქმედება

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დეკემბრიდან დარჩენილი შეზღუდვების დიდი ნაწილი უქმდება, ეს ეხება რესტორნებს, კინოთეატრებს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არიან აცრილები და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან - სპეციალისტების შეფასებით, ეს “მწვანე პასპორტების” მექანიზმის ამოქმედების საპირწონედ გაკეთდა და თუ “მწვანე დოკუმენტში” გაწერილი წესები ზედმიწევნით აღსრულდება, დადებითი ეფექტი ექნება, თუმცაღა, ამავე დროს გარკვეულ რისკებსაც ხედავენ”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეზღუდვების დიდი ნაწილი 1-ლი დეკემბრიდან იხსნება - დააბალანსებს თუ არა სიტუაციას “მწვანე პასპორტების” ამოქმედება.

“1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ, ასევე, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, პსრ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ასევე, 1-ლი დეკემბრიდანვე “მწვანე პასპორტების” მექანიზმი ძალაში შედის, მოქალაქეებს აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა ევალებათ კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე. “მწვანე პასპორტის” მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს “მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის “მწვანე სტატუსი” და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. “მწვანე სტატუსი” ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას “მწვანე სტატუსი” ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის პსრ ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი”, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. თუმცაღა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელმა ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საკითხი გადაიხედოს, რომლის მიხედვითაც მიხედვითაც “მწვანე სტატუსი” მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს. საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული”, - აცხადებს გამყრელიძე. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნა “მწვანე პასპორტების” შემოღებას უკავშირდება, თუმცა მისი აზრით, იგივე და უფრო მეტი ეფექტისთვის რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს “მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება, გოგინავა არ ეთანხმება და გამყრელიძის მსგავსად ფიქრობს, რომ უნდა გადაიხედოს”, - დასძენს გამოცემა.

“ეს რა თქმა უნდა „მწვანე პასპორტების” შემოღებას უკავშირდება, რაც შეზღუდვებით იყო მიღწეული, მწვანე ბარათებმა უნდა ჩაანაცვლონ, იგივე და უფრო კარგი ეფექტი მოგვცეს, მაგრამ რეალურად ასე მოხდება თუ არა, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - “მწვანე პასპორტებში” გაწერილი, დოკუმენტირებული წესების აღსრულება და დაცვა რამდენად მოხდება, მეორე, ზოგადად ვაქცინაციის პროიცესი რამდენად აქტიურად წავა და ამ ყველაფერს რამდენად წამახალისებელი როლი ექნება, რომ ადამიანები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. თუ ეს ყველაფერი კარგად და იდეალურად წარიმართა, ასეთ შემთხბევაში რა თქმა უნდა კარგი ეფექტი ექნება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას ხელი შეეწყობა, მაგრამ რა თქმა უნდა რისკები არსებობს და შესაძლებელია, რომ ამან ისეთი გავლენა არ მოახდინოს, როგორსაც ელიან და ეპიდსიტუაცია მაინც ცუდი დარჩეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“შეზღუდვის მოხსნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელოთო საზღვრით, თავისუფლდებიან პსრ ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისგან, რისკებს შეიცავს, მაგრამ ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში ორჯერადად აცრილი ადამიანი არ ინფიცირდება, ან თუ ინფიცირდება ეს ცოტა ხნითაა და იმდენად გადამდები არაა, ყოველ შემთხვევაში ორჯერადად ვაქცინირებულებს ეს შეღავათი უნდა გავუწიოთ, რადგან ჩემი აზრით, ეს ადამიანების ამ პროცესში უფრო მეტად ჩართულობას ხელს შეუწყობს, ამას სარგებელი უფრო მეტი აქვს, ვიდრე მოსალოდნელი რისკი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ გადაწყვეტილებას, რომ “მწვანე სტატუსი” კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს მუდმივად ექნება პირადად არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, დაავადების გადატანას ვალიდაცია უნდა ჰქონდეს დაახლოებით ექვსი თვიდან ერთ წლამდე და არა მუდმივად, რადგან უკვე არის კვლევები, რომ დაახლოებით 16-17 თვის გასვლის შემდეგ, ადამიანებში ინფექციის რისკი საკმაოდ იზრდება, ამიტომ, ჩემი აზრით, “მწვანე ბარათის” გაცემაზე გადატანილი დაავადება ვალიდური უნდა იყოს 6 დან 12 თვემდე. მარტო “მწვანე პასპორტებით” თავი არ უნდა დავიიმედოთ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და პირველ რიგში ვეცადოთ, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეპიდსიტუაცია გაუარესდა, მაგრამ, ვაქცინაციის მოცვა მაღალია, ძალიან დაბალი სიკვდილიანობა რჩება. ამიტომ, მთავარი ორიენტირია, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ეს უნდა იყოს, თუ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართება, ამით შესაძლოა ეპიდსიტუაციის გაუარესება 100%-ით ვერ ავიცილოთ, მაგრამ ავიცილებთ მაღალ ლეტალობას და ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ”, - დასძენს გოგინავა.

“მოსკოვი თბილისს მოსთხოვს უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოზე“ - როგორ შეიძლება შეეხოს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს

“უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარება დღითიდღე მწვავდება, უკრაინის დაზვერვის ცნობით, 2022 წლისთვის რუსეთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება, დასავლეთი კი ამაში დღითიდღე რწმუნდება. ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელი კონფლიქტი საქართველოს აუცილებლად შეეხება, რადგან შესაძლოა რუსეთმა საბრძოლო ფონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის გამოიყენოს - გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველოსთან კონკრეტული მოთხოვნები ექნება. უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს საბრძოლო დრონები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მოსკოვი თბილისს მოსთხოვს უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოზე“ - როგორ შეიძლება შეეხოს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს.

“ამის შემდეგ, 10-15 სექტემბერს ჩატარდა რუსეთ ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლის დსრულების შემდეგაც რუსებმა წვრთნების მონაწილე თავისი 41-ე არმია ყაზარმებში დაბრუნების ნაცვლად, უკრაინის საზღვრისკენ გადაისროლეს. ამჟამად ეს ნაწილები უკრაინის საზღვრთან რამდენიმე კილომეტრში დგანან. ეს შეიარაღება მოიცავს ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, თვითმავალი არტილერიას და მათთან დაკავშირებულ დამხმარე აღჭურვილობას. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით. ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს უკრაინის უფრო დიდ ნაწილზე კონტროლის მოსაპოვებლად, ან ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, რათა ქვეყნის სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოსვლას შეუწყოს ხელი. უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც კრემლი გააფრთხილა, ახალი შეცდომა არ დაუშვას. ბლინკენის განცხადებით, რუსეთის განზრახვები გაურკვეველია, მაგრამ აღნიშნავს, რომ მოსკოვი მეზობლის წინააღმდეგ ახალი აგრესიის ჩადენით სერიოზულ შეცდომას დაუშვებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაური კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის ან თებერვლის დასაწყისში აპირებს. რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, აცხადებს “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია. “რუსეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციები, ჯარების გადასროლა უკრაინის საზღვარზე და სხვა ქმედებები არის წინაპირობები, რუსეთმა განაახლოს საომარი მოქმედებები. ეს საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. ვითარება ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, რაც იყო ჩვენთან აგვისტოს ომის დაწყებამდე. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის განახლება ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვისაც. დიდია ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონს გამოიყენებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის, რისთვისაც ის დიდი ხანია ემზადება”, - ამბობს დავითაია, რომლის აზრით, საქართველოს და უკრაინის საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“არსებობს რეალური საფრთხეები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. რუსეთი ამზადებს ანექსიას და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რომ აისრულოს თავისი მიზნები. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების პირადი წარმომადგენლების დანიშვნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საუბარი მაქვს ინალ არძინბას დანიშვნაზე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად და ასევე ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებზე ცხინვალის რეგიონში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოდის რუსეთისგან ჩვენთან და უკრაინასთან დაკავშირებით”, - აცხადებს დავითაია, რომელიც მიიჩნევს, რომ “ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანდეს ქართული პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება ერთიან პოზიციაზე რუსეთის მიერ მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ ერთიანი ძალით უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, რადგან ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ რუსეთმა გამოიყენოს ეს მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად მიუერთოს რუსეთის ფედერაციას”, - თვლის პაატა დავითაია. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ თუ რუსეთი ომს დაიწყებს, ეს აუცილებლად შეეხება საქართველოსაც, რადგან ეს ომი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი არ იქნება. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი, კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს აუცილებლად შეეხება და ამისთვის სულ მარტივი მიზეზი არსებობს ის, რომ უკრაინა-საქართველოს ბევრი აქვს საერთო”, - წერს სტატიის ავტორი.

“რუსეთის საბოლოო გადაწყვეტილებები, თუ როდის გეგმავს საბრძოლო მოქმედებების განახლებას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინის მიმართულებით არ იქნება, ეს ცხადია. ეს არის ომი რუსეთსა და ნატოს შორის. ასე რომ, გარდაუვალია ეს ჩვენ არ შეგვეხოს. მე ვფიქრობ ეს იქნება 2008 წლის შერბილებული ვარიანტი. ,რუსეთის მიმართ ჩვენი ხელისუფლება ატარებს თბილ პოლიტიკას, თუმცა, სავარაუდოდ რუსეთს ეს არ აკმაყოფილებს და ომის დაწყების შემდეგ შესაძლოა რუსეთმა აწარმოოს მოლაპარაკება იმ საკითხზე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალოს და რუსეთს მეტად მიემხროს ან რუსეთი მოითხოვს რეჟიმის შეცვლას და ჩამოაყალიბებს ავტორიტარულ რეჟიმის გამტარებელ ახალ კოალიციას”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“უკრაინა-საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო. ევროკავშირისთვის ჩვენ ერთნაირი ღირებულებების მქონე ქვეყნები ვართ. საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ამ ომმა შესაძლოა გავლენა ამ კუთხითაც იქონიოს. მაგალითად, ომი თუ უკრაინისთვის ცუდად დასრულდება, ეს ცუდი იქნება საქართველოსთვისაც, რადგან რუსეთის გავლენა კიდევ უფრო მოიმატებს და გაძლიერდება. კონკრეტულად კი, რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, რომ უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

სოციალური დახმარების ტრასფორმაცია და ხალხის დასაქმება ეკონომიკას დიდ შესაძლებლობას გაუხსნის

“პრემიერის ახალი ინიციატივით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც შრომისუნარიანია, დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკას განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცემა. ამას ადასტურებენ ეკონომისტებიც. “რეზონანსი” დაინტერესდა, თუ რა დადებით ეფექტს მოუტანს პრემიერის ინიციატივა ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესს. საქართველოში საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დახმარებას 600 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, ხოლო აქედან თითქმის ნახევარი - 300 000 _ შრომისუნარიანი მოქალაქეა. ისინი არ მონაწილეობენ ქვეყნის განვითარებაში, ამ დროს კი უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო მუშახელის ნაკლებობას განიცდის. პრემიერის შეთავაზება იძლევა შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ მიიღოს დამატებითი შემოსავალი და, მეორე მხრივ, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სოციალური დახმარების ტრასფორმაცია და ხალხის დასაქმება ეკონომიკას დიდ შესაძლებლობას გაუხსნის / “პრემიერის ბოლო გადაწყვეტილება არის ყველაზე კარგი რამ, რაც კი მსმენია”.

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, აუცილებელია სისტემის შეცვლა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რადგან მათ დაინახონ მეტი პერსპექტივა და იმედი მომავალში, რაც თავისთავად ქვეყანასაც წაადგება. თანაც, არავის მოეხსნება დახმარება, რომელსაც სახელმწიფო საარსებო შემწეობის სახით გადაიხდის. “დღეს, დაახლოებით, 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, თითქმის გავაორმაგეთ ეს დახმარება. ჩვენამდე იყო ეს სოციალური სისტემა შექმნილი და უბრალოდ, ასე გაგრძელდა. წლების განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით ამ სისტემას. როდესაც აღარ ვიყავი პოლიტიკაში და ვაკვირდებოდი ამ სიტუაციას, ბევრი მიფიქრია ამის შეცვლის ვარიანტებზე და მივედი დასკვნამდე, რომ ეს სქემა უნდა შეიცვალოს. 600 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი – 300 000 - არის შრომისუნარიანი მოქალაქე. ისინი აბსოლუტურად არ მონაწილეობენ ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველთვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ – ეს ადამიანები გავხადეთ დახმარების მძევლები”, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის აზრით, საჭიროა ამ მანკიერი სისტემის შეცვლა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იგი უნდა შევცვალოთ ისე, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა არა უიმედობისა და უპერსპექტივობის, არამედ - უკეთესი მომავლის. განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ, დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური სამსახური, არამედ - მუდმივი საქმიანობა. თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას, მინიმუმ, იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა დახმარების მიღების დროს, შეეძლება, სხვა, დამატებითი სამსახურიც ჰქონდეს და სახელმწიფო ამ დახმარებას მას არ გაუუქმებს. შეიცვლება სოციალურად დაუცველი ადამიანების მენტალიტეტი და მათი მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა. ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 17%-ს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო შემწეობის შემყურე არიან. ისინი ყოველთვის თავს არიდებენ მუშაობას. შესაბამისად, ეს კვალიფიციური კადრების დეფიციტს ამწვავებს. ამან შესაძლოა, უცხოელი მუშახელის საჭიროება დააყენოს დღის წესრიგში და ადგილობრივი ბიზნესი მათი შემოყვანის აუცილებლობის წინაშე დადგეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“აქამდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები დასაქმებისგან თავს იკავებდნენ, რადგან ეგონათ, რომ შესაძლებელი იყო, დახმარება სახელმწიფოსგან ვეღარ მიეღოთ, თუმცა ახლა, როცა ცნობილია გადაწყვეტილება და შემწეობას საფრთხე არ შეექმნება, აუცილებელია რესურსის გამოყენება და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობის მიღება. როგორც ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე მიჩნევს, პრემიერის ინიციატივა რესურსების ეფექტური გამოყენებისკენ არის მიმართული. “პრემიერის ეს გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ უფრო ფართო კონტექსტში. მსოფლიოში პანდემიის გამო სამეურნეო და კომერციული კავშირების ბევრი სისტემა მოიშალა. ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო რეფორმამ უფრო მეტი უნდა იზრუნოს თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებისათვის. რაც შეიძლება უნდა გაიზარდოს საკუთარი წარმოების წილი”, თვლის არჩავაძე, რომლის აზრით, “რისი წარმოებაც ადგილზე შეგვიძლია, ამის შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ”, - დასძენს გამოცემა.

“ამიტომ პრემიერის ეს წინადადება სხვა ღონისძიებებსაც ისახავს მიზნად. ეს არის ქვეყნის შიდა რესურსების ეფექტიანი და რაციონალური გამოყენებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც შემდეგ პრაქტიკული საფეხურები უნდა მოჰყვეს, რადგან შეუძლებელია, დამოკიდებული ვიყოთ გარე ფაქტორებზე, პირდაპირ გვსურდეს უცხოური ინვესტიციების გაზრდა, სესხის აღება ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის მაშინ, როცა ჩვენ ქვეყნის შიგნით რესურსები ბოლომდე გამოყენებული არ გვაქვს. ვფიქრობ, მკვეთრად გაიზრდება დასაქმების დონე, გვექნება საშუალება, რომ სერიოზულად მივუახლოვდეთ უმუშევრობის ქვედა ორნიშნა ზღვარს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“ბოლო 2 წელიწადში საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ რეკორდული ტემპით მოიმატა. სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, 2020 წლის იანვართან შედარებით, 201 000 ადამიანით არის გაზრდილი, ამიტომაც მოსახლეობის ეს ნაწილიც თუ მიიღებს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობას, უმუშევრობის სტატისტიკაც გამოსწორდება და სამუშაო ძალის მუდმივი დანაკლისი აღარ იქნება. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, ადამიანს თუ აქვს შრომის შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა იმუშაოს. “პრემიერის ეს გადაწყვეტილება არის ყველაზე კარგი რამ, რაც კი მსმენია”, - ამბობს ეკონომისტი და განმარტავს, რომ “ეს იქნება მოდელი, როცა ეკონომიკასა და ახალი ღირებულებების წარმოქმნაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, ყველა, ვისაც კი შეუძლია და უნდა, რომ იმუშაოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“როცა ხალხი არის შრომისუნარიანი, რატომ უნდა იღებდეს სოციალურ დახმარებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეუძლია, იმუშაოს და მიიღოს ღირსეული ანაზღაურება. მე ახლა ის უფრო მაინტერესებს, როგორ შეძლებს მთავრობა ამის განხორციელებას. სწორი ნაბიჯების გადადგმით ნამდვილად შესაძლებელი იქნება ინიციატივის სისრულეში მოყვანა. აქამდე საკითხი ასეთნაირად არასდროს დამდგარა. ადამიანების დასაქმება, ძირითადად, შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც თავისი ბუნებით არის მოქნილი და აქვს ახალი სფეროების სწრაფად ათვისების უნარი. ამ მიმართულებით ნამდვილად შეიძლება დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა. პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია, თუ რა შედეგს მოიტანს ახალი ინიციატივა, თუმცა სწორი ნაბიჯების გადადგმით რეალურია კარგ დაბოლოებამდე მისვლა”, - დაასკვნის სოსო სიმონიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა