ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, რამდენიმე დღეა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სხვა წევრებისგან გვესმის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები და პროექტები, რაზეც მანამდე საუბარი არ ყოფილა.

ეკონომიკის განვითარებისთვის მთავრობის პროექტების ჩამონათვალი იმდენად დიდია და იმდენ სფეროს ეხება, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

გასაგებია, რომ პანდემიის პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში და მსოფლიოში, ვითარებაში, როცა „ეკონომიკა მედიცინის მძევალი“ იყო და მისი მდგომარეობა დღესაც ასეთად რჩება, რთული იყო ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში საკუთარი ნიშის პოვნაზე უნდა ეზრუნა.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ სამწუხაროდ, 2 წელი ამის მსგავსი მცდელობები ჩვენში არ ყოფილა. ეს კი არა, ამ პერიოდში რამდენად შევძელით რეალური ეკონომიკის სუბიექტების მხარდაჭერა, ეგეც არ ვიცით და ფაქტია, რომ ეგეც ცალკე სასაუბრო თემაა.

მაინც კარგია, რომ საარჩევნო ციკლის ასე თუ ისე დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ ამაზე საუბარი არა მარტო დაიწყო, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დააანონსა. როგორ შეაფასებდით ეკონომიკის განვითარებისათვის მთავრობის მიერ დაანონსებულ გეგმებს? ამ გეგმებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად და საყურადღებოდ რომელს ჩათვლიდით?

- 30 წელია დამოუკიდებელნი ვართ, და ჯერ არც ერთ სამთავრობო ადმინისტრაციას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგრადი, ხანგრძლივი, მეცნიერულად დასაბუთებული და სწორედ გათვლილი გეგმა არ შეუმუშავებია. მე სულაც არ მინდა ვთქვა, რომ არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ყველა სამთავრობო ადმინისტრაციამ თავისი წვლილი შეიტანა.

შევარდნაძის მთავრობამ ლარი შემოიღო და ჰიპერინფლაცია დაძლია, ასევე, საბაზრო ეკონომიკის ჩანასახი პრინციპები დანერგა, დაიწყო პრივატიზაცია. სააკაშვილის მთავრობამ ენერგეტიკული კრიზისი დაძლია და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები წამოიწყო, რომლებიც ახლა სწრაფად ვითარდება. „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციამ სოფლის მეურნეობა გაათანამედროვა და უმნიშვნელოვანესი პროექტი „აწარმოვე საქართველოში“ შემოგვთავაზა.

არ გეგონოთ, რომ ეს გზა ვარდებით იყო მოფენილი. ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და, საუბედუროდ, ეს შეცდომები დღესაც არ არის აღმოფხვრილი. ამიტომ, მთავრობის გეგმებზე ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდეთ.

ძალიან კარგია სექტორული ეკონომიკის განვითარება, ძალიან კარგია რეგიონების განვითარება, ძალიან კარგია 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. სხვათა შორის, ჩვენ მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის პირობებიც გვსმენია...

მაგრამ ნახეთ, რაზეა საუბარი. მინისტრები და უმრავლესობის პარლამენტარები ასეთ რამეს იძახიან - ჩვენ ვიხდით ორასლარიან შემწეობას, ხომ კარგია, თუ ბენეფიციარი სამასლარიან ხელფასს მიიღებს? არა, ბატონებო, ძალიან ცუდია. ასე ჩვენ სიღარიბეზე განწირულნი ვიქნებით, ასე ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ვერასდროს შეესწრება ცხოვრების ღირსეულ პირობებს, ასე ვერც ამ საუკუნეში ვეღირსებით ევროპასთან შერწყმას. ხომ არ გვინდა, რომ ევროპის კლოაკად გადავიქცეთ?

მეორე. ჩვენ მოვისმინეთ ლოზუნგები, ითქვა, რომ ფული გამოყოფილია და დაიხარჯება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ფულის ხარჯვა ჭკუით და უჭკუოდაც შეიძლება. მთავარი ის არის, რაზე დაიხარჯება ფული.

მე მეჩვენება, რომ მთავრობას თანმიმდევრობა აკლია - რაღაც იდეას შეიმუშავებენ და მაშინვე მის რეალიზაციას უდგებიან და სულაც არ ფიქრობენ, როგორ ჯდება ეს იდეა საერთო სოციალურ-ეკონომიკურ ფონში. ესეც ხომ ნიუტონის ბინომი არ არის, რომ ასიმეტრიული განვითარება ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.

მე მეჩვენება, რომ მთავრობას თანმიმდევრობა აკლია - რაღაც იდეას შეიმუშავებენ და მაშინვე მის რეალიზაციას უდგებიან და სულაც არ ფიქრობენ, როგორ ჯდება ეს იდეა საერთო სოციალურ-ეკონომიკურ ფონში. ესეც ხომ ნიუტონის ბინომი არ არის, რომ ასიმეტრიული განვითარება ზიანის მომტანი შეიძლება იყოს

ამიტომ, ვიცი რომ ამაოა, მაგრამ მაინც ერთ რჩევას მივცემდი მთავრობას. ნუ იქნებით სულსწრაფები, ნუ იქნებით პოპულისტები, ჯერ შეიმუშავეთ ქვეყნის ხანგრძლივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა და მერე მის თანმიმდევრულ ხორცშესხმას შეუდექით.

გააკეთეთ ისე, რო 5 წელიწადში უმუშევრობის შემწეობა ყიდვაუნარიანობით დღევანდელ 700 ლარს გაუტოლდეს, გააკეთეთ ისე, რომ საშუალო ხელფასი ყიდვაუნარიანობით საშუალო ევროპულ ხელფასს გაუტოლდეს. მერწმუნეთ, ეს გაკეთებადია, მაგრამ ამისთვის საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ძირფესვიანად შესაცვლელია.

გააკეთეთ ისე, რო 5 წელიწადში უმუშევრობის შემწეობა ყიდვაუნარიანობით დღევანდელ 700 ლარს გაუტოლდეს, გააკეთეთ ისე, რომ საშუალო ხელფასი ყიდვაუნარიანობით საშუალო ევროპულ ხელფასს გაუტოლდეს. მერწმუნეთ, ეს გაკეთებადია, მაგრამ ამისთვის საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ძირფესვიანად შესაცვლელია

მოვიყვან მსოფლიო ბანკის ოფიციალურ მონაცემებს: მიმდინარე აშშ დოლარებში 2020 წელს აშშ-ში მშპ-ს კლება -2.32% იყო, საშუალოდ მსოფლიოში -4.50%, საქართველოში კი -9.07%. რაშია საქმე? რით ვართ სხვაზე უარესები? საქმე კი იმაშია, რომ საქართველოში აბსოლუტურად განუვითარებელია კაპიტალური ბაზარი.

არსებული ინფორმაციით, 2020 წელს სანედლეულო ბირჟებსა და ETF ფონდებში 10 ტრილიონი აშშ დოლარის დამატებული ღირებულება წარმოიქმნა და ზუსტად ასეთივე თანხა მსოფლიოში დაიხარჯა პანდემიასთან საბრძოლველად. მსოფლიო გლობალიზებულია და თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებსა და მანქანებს იყენებს, ჩვენ კი თამაშგარე მდგომარეობაში ვართ.

მსოფლიო გლობალიზებულია და თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებსა და მანქანებს იყენებს, ჩვენ კი თამაშგარე მდგომარეობაში ვართ

საქართველოს აქვს უნიკალური გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ადგილმდებარეობა, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ, მხოლოდ ვლაპარაკობთ. თუ მართლა გვინდა გავხდეთ რეგიონული ენერგეტიკული და ეკონომიკური ჰაბი, სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ეკონომიკური კანონმდებლობა, რომელიც დიდწილად ბარენც ჯგუფმა და კორპორაცია Merrill Lynch-მა შეგვიმუშავა და რომელიც საერთოდ არ ცნობს თანამედროვე ეკონომიკურ მანქანებს, როგორიცაა ჰეჯინგი, ფიუჩერსული კონტრაქტი, ETF ფონდი, კომპეტენტური პირი და მრავალი სხვა.

სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ეკონომიკური კანონმდებლობა, რომელიც დიდწილად ბარენც ჯგუფმა და კორპორაცია Merrill Lynch-მა შეგვიმუშავა და რომელიც საერთოდ არ ცნობს თანამედროვე ეკონომიკურ მანქანებს, როგორიცაა ჰეჯინგი, ფიუჩერსული კონტრაქტი, ETF ფონდი, კომპეტენტური პირი და მრავალი სხვა

ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა უნდა ინიციატივაც გამოიჩინოს და სასწრაფოდ შექმნას ოქროს სტრატეგიული რეზერვი, რომელიც აშშ დოლარის გაცვლით კურსზე არ იქნება დამოკიდებული. ამის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა დავაფუძნოთ კავკასიის სანედლეულო ბირჟა და მეთვალყურედ, მაგალითად, CME ჯგუფი მოვიწვიოთ, რაც გაკეთებადია.

თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტების არარსებობის პირობებში. დაფიქრდით, ბატონებო! ხომ არ შეიძლება, რომ ჩემმა მაგისტრატურისა თუ დოქტორანტურის სტუდენტებმა ამ ინსტრუმენტების შესახებ მრავალ ეკონომისტზე მეტი იცოდნენ.

ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა უნდა ინიციატივაც გამოიჩინოს და სასწრაფოდ შექმნას ოქროს სტრატეგიული რეზერვი, რომელიც აშშ დოლარის გაცვლით კურსზე არ იქნება დამოკიდებული. ამის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა დავაფუძნოთ კავკასიის სანედლეულო ბირჟა და მეთვალყურედ, მაგალითად, CME ჯგუფი მოვიწვიოთ, რაც გაკეთებადია

მეჩვენება, რომ თქვენ კითხვასაც ვუპასუხე და გულზე მძიმე ლოდიც ოდნავ შევიმსუბუქე.

- ფაქტია, რომ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელიც მთავრობამ დააანონსა, სამი რამ სჭირდება - რესურსები, ხელისუფლებისადმი ნდობა და გამართული მენეჯმენტი.

ფაქტია, რომ ჩვენში ეკონომიკის რიგი სფეროების განვითარებისთვის რესურსი არსებობს, საერთოდ რესურსები ბევრი არ გაქვს, მაგრამ რაც გვაქვს იმასაც ვერ ვიყენებთ. რაც შეეხება მენეჯმენტს, აქ აშკარად მოვიკოჭლებთ.

რაც შეეხება ნდობას, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საარჩევნო ციკლი დასრულებულია, მმართველმა გუნდმა თითქოს შეინარჩუნა პოზიციები, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებისადმი ნდობა რეალურად არ გაზრდილა. თუ არჩევნებში დიდ ქალაქებში ხელისუფლების შედეგს გავითვალისწინებთ, ალბათ, უფრო შემცირებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რესურსები არსებობს, მაგრამ ხელისუფლების მიმართ ნდობა მაღალი არაა და მენეჯმენტში აშკარად გვიჭირს, თქვენ რამდენად რეალიზებადად მიიჩნევდით იმ ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც მთავრობამ დააანონსა?

- ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს იგი, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს.

იმისთვის კი, რომ გიპასუხოთ, რეალურია თუ არა მთავრობის ეკონომიკური პროექტები, მე ლოზუნგების ნაცვლად თვით პროექტები უნდა გავაანალიზო, რისი არანაირი შესაძლებლობა, როგორც გესმით, არ გამაჩნია.

- რადგან მთავრობის ეკონომიკურ გეგმებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ აუვლით პრემიერის ინიციატივებს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, რომელზეც დღემდე მიმდინარეობს დაწყებული მსჯელობა.

ოპოზიციის მტკიცებით, მთავრობა სათამაშო ბიზნესში ახალ რეგულაციებს და შეზღუდვებს თუნდაც იმის გამო ვერ განახორციელებს, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდში არიან ისინი, ვისიცაა ქვეყანაში ამ ბიზნესის უდიდესი ნაწილი. როგორ შეაფასებდით სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებს და გაქვთ, განცდა, რომ ხელისუფლება მათ განახორციელებს?

- ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ონლაინ კაზინოების ზიანი, მართლაც ჰეროინის ზიანის ტოლფასია.

განხორციელდება თუ არა გეგმები, ვნახავთ, აგერ არა ვართ? ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. ახლა მითხარით, ვისია ამ ბიზნესების უდიდესი ნაწილი? გვარი, სახელი, თანამდებობა. აუგად ლაპარაკი ადვილია, დამტკიცება - ძნელი.

- ფაქტია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ პროცესები დრამატულადაც კი განვითარდა. მხედველობაში მაქვს, ერთი მხრივ, მესამე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შიმშილობა და ამასთან დაკავშირებული ისტორიები, ხოლო მეორე მხრივ, დიდ ქალაქებში საკრებულოებში არსებული ვითარება.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი და მისი მკურნალობა დაიწყო, ვითარება თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ამის მაგალითად სულ ახლახან ბათუმის საკრებულოში „ნაცმოძრაობიდან“ დეპუტატ ფუტკარაძის გარდაცვალებაც საკმარისია, რომლის გადაბირებას ფულის სანაცვლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებული ხალხი ცდილობდა.

ხელისუფლება ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ ამ თემაზე „ნაციონალების“ მიერ თავად გარდაცვლილი დეპუტატ ფუტკარაძის განხორციელებული ჩანაწერების გასაჯაროებამ, როგორც მინიმუმ, უამრავი კითხვები გააჩინა. საუბრები იმაზე, რომ „ნაციონალებიც“ ასე იქცეოდნენ, კარგა ხანია ყავლი აქვს გასული.

როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მოქმედებასა და ქცევას?

- ეს ყველაფერი არახალია, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც პრინციპულად იგივე მენტალიტეტის ხალხია, ისინი ჩვენი თანამემამულეები, ქართველები არიან ყველა ქართველისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებით.

ყველაფერი, რაც ახსენეთ, ცუდია, მაგრამ მოსალოდნელი. ეს სასკოლო ტექნოლოგიას მაგონებს, რომელსაც ჩემი ახალგაზრდობისას, თუ არ მეშლება, გავლილის გამეორება ერქვა.

გაცილებით უფრო ტრაგიკულად კი შემდეგი გარემოება მეჩვენება - ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკის, წყნარი საუბრის გამოცდილება დავკარგეთ, ხალხს არა მისი პირადი თვისებებით, არამედ პოლიტიკური ნიშნით ვაფასებთ. ისეთმა სიტყვებმა, როგორიცაა პატიოსნება, სულგრძელობა, კეთილსინდისიერება და მრავალმა სხვამ თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა და მრუდ სარკეში აირეკლა.

ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკის, წყნარი საუბრის გამოცდილება დავკარგეთ, ხალხს არა მისი პირადი თვისებებით, არამედ პოლიტიკური ნიშნით ვაფასებთ. ისეთმა სიტყვებმა, როგორიცაა პატიოსნება, სულგრძელობა, კეთილსინდისიერება და მრავალმა სხვამ თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა და მრუდ სარკეში აირეკლა

სიტყვის გაუტეხლობად გაცემული დაპირების ერთგულებას კი არ მივიჩნევთ, არამედ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. ძირძველი ადამიანური ურთიერთობანი მხოლოდ სოფლად დარჩა. ლამის მივყვე მარტინ ჰაიდეგერის რჩევას - უკან, სოფელში!

- თქვენი დაკვირვებით რომელი მხარე უფრო წარმატებულად გამოიყურება იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც არჩევნების დასრულების შემდეგ ვადევნებთ თვალს?

- არც ერთი. სარკაზმში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ყველაზე წარმატებულად დამარცხებული პარტიები გამოიყურება. თითქოს ვუბრუნდებით ჰეგელის დიალექტიკას - წარმატება დამარცხებაშია.

- ისეთი პირი უჩანს, რომ სააკაშვილის მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ შემდგომი ნაბიჯები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, ბრძოლის რა გზას აირჩევს სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი სააკაშვილი.

ვხედავთ, რომ ოპოზიციის დღის წესრიგშია კვლავ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და მესამე პრეზიდენტის ან გათავისუფლება, ან მისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალების მიცემა.

ფაქტია, რომ ამ პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ევროპაში მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა - საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება - ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია პოლარიზაციის ხარისხის შესამცირებლად რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ხელისუფლებამ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იმ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა საკმაოდ რთული ამოცანაა.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს ის, თუ ხელისუფლება სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ, არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ უკრაინაში დაბრუნებაზე თავად მესამე პრეზიდენტი დათანხმდება. არადა, საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება საკმაოდ არაპროგნოზირებადია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებული პოლარიზაციის შემცირება?

- ასეთი პოლარიზაციის შემცირებას საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. შერიგებაზე ორი მხარე უნდა იყოს თანახმა. „ნაცმოძრაობა“ კი თავისსავე დაგებულ ხაფანგში გაიხლართა - მან შეუპოვარი მებრძოლის იმიჯი დაისაკუთრა და ამით რადიკალურად განწყობილი ადამიანების გული მოიგო. ნებისმიერი გადახვევა ამ კურსიდან მას ისედაც გამეჩხერებულ გულშემატკივრებს დააკარგინებს.

პოლარიზაციის შემცირებას საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. შერიგებაზე ორი მხარე უნდა იყოს თანახმა. „ნაცმოძრაობა“ კი თავისსავე დაგებულ ხაფანგში გაიხლართა - მან შეუპოვარი მებრძოლის იმიჯი დაისაკუთრა და ამით რადიკალურად განწყობილი ადამიანების გული მოიგო. ნებისმიერი გადახვევა ამ კურსიდან მას ისედაც გამეჩხერებულ გულშემატკივრებს დააკარგვინებს

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას კი გაცილებით მეტი დრო დაჭირდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შეიძლება საქართველოს რესურსი საკმარისიც არ იყოს. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მაგრამ წინ ბევრი მოულოდნელობა გველის.

- ვხედავთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის იძაბება ვითარება. ისეთი პირი უჩანს, რომ კრემლი ადრე თუ გვიან უკრაინის წინააღმდეგ გადადგამს მკაფიო და აგრესიულ ნაბიჯებს.

ამ პროცესების ფონზე სულ უფრო მწვავდება დასავლეთსა და რუსეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები. არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირების მცდელობებმა საქართველოს საფრთხეები შეუქმნას.

ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ასეთ გართულებულ ვითარებაში საქართველოს საზოგადოება მაქსიმალურად კონსოლიდირებული უნდა იყოს, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე სულაც არაა. ასეთ ვითარებაში საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის ყველაზე აქტუალური საკითხი რა შეიძლება იყოს?

- სამშობლოს სიყვარული.

სიტუაცია მართლაც ფეთქებადია. იმედია, რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ეყოფა ჭკუა, რომ ომის ავანტიურაში არ გაიხლართოს. ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ვაგლახ, რომ რონალდ რეიგანი ცოცხალი აღარ არის!

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით