პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.
„ქალბატონო ნინო, ბრალდებულმა პატივი უნდა სცეს სასამართლოს. ვისმენთ, არ ვაწყვეტინებთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი დრო. უნდა გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები. ასე უსასრულოდ ხომ ვერ გავაგრძელებთ? ეს პროცესი ხომ საჯაროდ შუქდება? ამ პროცესს ხომ დაზარალებულებიც უყურებენ?“ - ასე მიმართა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ საქმის მოსამართლეს, ნინო ელიეშვილს.
ამის საპასუხოდ, პროკურორს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიმართა.
„ბატონო ლაშა, სასამართლომ ხომ განგიმარტათ, რომ სასამართლო გადაწყვეტს, როდის დასრულდეს და თქვენ რატომ ეჭრებით? რატომ აწყვეტინებთ ადამიანს, რატომ პროვოკატორობთ? ეს აბსოლუტურად სწორი სიტყვაა, თქვენ ახლა პროვოკატორობთ“, - განუცხადა პროკურორს ბასილაიამ.
პროკურორთა თქმით, აუცილებელია მტკიცებულებების, კერძოდ ვიდეოკადრების გამოკვლევა, რის შემდეგაც, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სიტყვის გამოსვლის საშუალება მიეცემა.
პროკურორ ლაშა კოტრიკაძის ამ განცხადების შემდეგ სასამართლო სხდომის დარბაზს მოსამართლემ, მაია ქოქიაშვილმა მიმართა და ორივე მხარეს მკაცრი გაფრთხილება მისცა.
„დღეს ხომ არ სრულდება ეს პროცესი? ასეთი საუბარი კიდევ გაგრძელდება ან ერთის, ან მეორეს მხრიდან და დაჯარიმდებით ორივე უმკაცრესად. ასეთი ქცევის წესი აბსოლუტურად დაუშვებელია სასამართლოში. მგონი, არც ერთი და არც მეორე ხართ პირველად სასამართლოში. მართლა ძალიან მეუხერხულება, რომ წესრიგის დაცვაზე მიგითითებთ სასამართლო. ერთი, რომ არ ჯდება იმ წესებში, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მხარე, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს და მეორე, რომ არანაირ ეთიკურ ჩარჩოში ეს ყოველივე არ ჯდება. ახლა ოფიციალურ გაფრთხილებას მოგცემთ, თუ განმეორდება და ან ერთი, ან მეორე ტონს აუწევს, სასამართლო გამოიყენებთ იმ სანქციებს, რისი გამოყენების უფლებაც სასამართლოს აქვს. ახლა მოვუსმენთ ბატონ მიხეილს, მით უფრო, რომ ის საუბრობდა ამ ნაწილში სწორედ მისი დაკავების შემდგომ მის მიმართ განხორციელებულ ზომებთან დაკავშირებით. ეს საყოველთაოდაც ცნობილია, რადგან ტელევიზიას ყველა ვუყურებთ და ფართოდ არის ცნობილი. სასამართლო ვერ შეაჩერებს ბრალდებულს და თუ მას სურს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსიროს მისი პოზიცია, ის აბსოლუტურად თავისუფალია ამ ნაწილში. თქვენც, როგორც ბრალდების მხარეს, უნდა გაინტერესებდეთ უშუალოდ ბატონი მიხეილის მხრიდან მოისმინოთ ის ყველაფერი, რაზეც საუბრობს. თუკი მოისმენთ ისეთ რაიმე გარემოებას, რომელიც შეიცავს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ნიშნებს, ვალდებულება გექნებათ, რომ მოახდინოთ რეაგირება. თქვენ მეუბნებით რომ შევაწყვეტინო სიტყვა? ნებისმიერი პირი, რომელიც სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგს დაარღვევს, მისგან ზედმეტ ხმაურს მოვისმენთ ან რეპლიკას, დატოვებს სხდომის დარბაზს. თუ თქვენი სურვილია, რომ დაესწროთ სხდომას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე“, - განაცხადა მოსამართლე ქოქიაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"