მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - პროკურორები ხელის შემშლელის როლში იყვნენ წარმოდგენილი - მათი დანიშნულება იყო, შესაბამისი მესიჯის მიღების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა შეეწყვიტათ

დღევანდელი პროცესი ნამდვილად იყო ისტორიული, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამ ისტორიულ პროცესში საკმაოდ მკაფიოდ არის ზღვარი გავლებული და ძალიან მარტივია სწორი და არასწორი მხარის გარჩევა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა შეძლო.

„მნიშვნელოვანი იყო ერთადერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონოდა შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის მიემართა. ცხადია, არ აღვიქვამთ სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელ ორგანოს, რომელმაც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, არ გვაქვს ილუზია, რომ სასამართლო სხდომებზე ჩვენი პოზიციისა და არგუმენტების შედეგად გადაწყვეტილების მიღება მოხდება. ბუნებრივია, ეს არის ფარსი იმ თვალსაზრისით, რომ მხარეები წინასწარ ვთვალთმაქცობთ, თითქოს და რეალურ პროცესში ვმონაწილეობთ. ყველას თავისი როლი გააჩნია ამ პროცესებში. მაგალითად, დღეს, პროკურორები ხელის შემშლელის როლში იყვნენ წარმოდგენილი. მათი ძირითადი დანიშნულება იყო, რომ შესაბამისი მესიჯის მიღების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა შეეწყვიტათ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე მოგვიწევს გაგრძელება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიეცა საშუალება მიემართა ქართველი ხალხისთვის და წარმდგარიყო ისტორიული სიტყვით“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ არ ეძლევა სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალება.

„ხომ არ შეიძლება არსებობდეს ერთი ადამიანი მაინც, ვინც დაუშვებს, რომ სააკაშვილმა შეიძლება ციხიდან ან საავადმყოფოდან ვინმეს დაურეკოს და ზეგავლენა მოახდინოს და ამის შესაძლებლობა მას, თურმე, აქამდე, საქართველოში ჩამოსვლამდე, არ ჰქონია. ჩვენი საჩივარი სასამართლომ საერთოდ არ განიხილა და თქვა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ამ ტიპის საკითხების განხილვა, რაც არის საქართველოს კანონმდებლობის არასწორი და არაკონსტიტუციური განმარტება, რადგან ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლოს კონტროლს, მითუმეტეს იმ სასამართლოს კონტროლს, რომელიც იხილავს საქმეს და აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მართლა არსებობს თუ არა მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკები“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი