ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021

სააკაშვილის “დეკემბრის თეზისები” - ცხადია, რომ ექსპრეზიდენტი ემოციური რიტორიკით რევოლუციური მუხტის აგორებას ვერ ახერხებს

ზაალ ანჯაფარიძე - "სააკაშვილი აშკარად თვითგანდიდების მანიითაა შეპყრობილი... რაც ილაპარაკა, მის წინააღმდეგ უფრო მოქმედებდა"

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” დეკემბრის ნომრის N6 (280) მიმოხილვა

* * *

სააკაშვილის “დეკემბრის თეზისები” - ცხადია, რომ ექსპრეზიდენტი ემოციური რიტორიკით რევოლუციური მუხტის აგორებას ვერ ახერხებს

“რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ახალი და რა იკითხებოდა მის გზავნილებში. მიუხედავად მძლავრი ემოციური რიტორიკისა, სავარაუდოდ მის ძალისხმევას რამე დიდი გამოხმაურება ახლაც არ მოჰყვება. ხალხში იმხელა წყენაა დაგროვებული, რომ სააკაშვილი თუნდაც ამ გამოსვლებით რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. “ნაციონალურ მოძრაობას” ხუთასი ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს და სასამართლო სხდომების დროს 200 ან 300 კაცი ძლივს იკრიბება,“ - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი სანდრა რულოვსზე სააკაშვილის პასაჟმა გამოიწვია როცა თქვა, რომ “სიამოვნებით იჯდებოდა მასთან ერთად საბრალდებო სკამზე", - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილის “დეკემბრის თეზისები” - ცხადია, რომ ექსპრეზიდენტი ემოციური რიტორიკით რევოლუციური მუხტის აგორებას ვერ ახერხებს.

“მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთ შშმ ბავშვზე, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ, ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი და მეხუთედი სანდრასია. ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ სამედიცინო სფეროში საქართველოში 100 მილიონი ევროს გრანტი შემოიტანა. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი... სანდრა არ არის კორუფციონერი? სანდრა და მე გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფოდ ნიუ -იორკ ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია და დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი? რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ჰკითხეთ ყველა იმ კლინიკას - იყო ეს კოსმეტიკური პროცედურა თუ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე...”, - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმით, მისი გზა არის “მწამებლური” და სიკვდილისთვისაც მზად იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასე გაგრძელება აღსასრულს ნიშნავს. რომ ვთქვი, სიკვდილისთვის მზად ვარ, თქვენც ნახეთ, რომ ამისთვის აბსოლუტურად მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ. ჩვენ ძალიან მკაცრად უნდა ვიკამათოთ, ვისაუბროთ, იდეების გენერაცია მოვახდინოთ, თქვა ექსპრეზიდენტმა, რომლის აზრით ქვეყანა კი არ იმართება, ინგრევა: “დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ისინი არიან ძალიან სუსტები, შეშინებულები და კედელთან მიყუჟულები. ამჯერად თავის დაძვრენის საშუალება არავის მივცეთ. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. საქართველოს აქვს სუპერ მომავალი, ეს იქნება სუპერ სახელმწიფო. აქ რაიმე თანამდებობისთვის არ მივისწრაფვი, მაგრამ ერთი სული მაქვს, უკრაინელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ა.შ როგორ შეშურდებათ ისევ ჩვენი. ახლა ყველაზე მაჩანჩალა ვართ”. სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან სიტყვა “კორუფციის” ხსენება წაღმოუდგენელია”, - განაგრძობს გამოცემა.

“უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა “კორუფციის” ხსენებას მე ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ “მსოფლიო ბანკმა”, ერთადერთი შემთხვევა იყო როცა გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე ქვეყანაში. ეს მოახერხა მხოლოდ ერთმა ქვეყანამ და ეს იყო საქართველო, ამაზე გამოუშვეს წიგნი. ჰოლანდიის გენერალურმა პროკურორმა მიმიწვია გენერალურ პროკურატურაში, ნამდვილ პროკურატურაში და არა ამ სიმახინჯეში, ლექცია წამეკითხა კორუფციასთან ბრძოლაზე ჰოლანდიელი პროკურორებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არ ასვენებს ივანიშვილს. ამას გარდა, მოიწვიეს 9 ყოფილი გადამდგარი პროკურორი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ორი მილიონი, ეს რატომღაც არ იყო ფლანგვა, რამე მაინც გვიპოვეთ სააკაშვილზეო, მათ კი ხელები გაშალეს, ბოდიში, ვერაფერი ვიპოვეთო, ორი წელი იარეს უაზროდ იმათ”, - განაცხადა სააკაშვილმა. სასამართლოს შემდეგ კი პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრიფინგი გამართა, სადაც სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს, ნამდვილად თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის საფასურის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, პირობითად, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი, 2 დღის განმავლობაში დარჩა, 60 ათასი ლარი ღირდა, თითქოს და ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ, პირობითად ლას-ვეგასში დასვენება - მას შეუძლია ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და დაასახელოს ნებისმიერი პირი მსოფლიო მასშტაბით, რომ თითქოს მას ამ პერიოდში შეხვდა”, - განაცხადა გიორგი მუჯირმა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გამოსვლა წინა გამოსვლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ამბობს, რომ 2 დეკემბრის სასამართლოზე მისი სიტყვით გამოსვლის დროს უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“სააკაშვილი ნახევარს მაინც იგივეს იმეორებდა და თითქმის იმავე პათოსით საუბრობდა, რაც წინა სასამართლოზე ისაუბრა. კვლავ საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, რომ იმდენად კარგი რეფორმები გაატარა, რომ ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები უნდა ეპატიოს. გამოსვლის ფინალი მაინც იმის მოწოდება იყო, რომ საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რათა გამოუშვან ციხიდან. თუმცა რასაც თვალს ვადევნებდით და რა რაოდენობის ხალხიც სასამართლოს გარეთ იდგა, ის რელობას სრულიად მოწყვეტილია. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს იმაზე დიდი მოლოდინი აქვს, ვიდრე ეს ჩანს. ყველაფრის სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობდა... შეიძლება იმ 9 მილიონიდან ბევრ რამეზე სასამართლომ გაამართლოს კიდეც, მაგრამ იმდენად დიდია თანხის რაოდენობა, მილიონამდე მაინც დარჩება და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სასჯელი გამოუტანონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ვფიქრობ, სააკაშვილს ზედმეტი მოლოდინი აქვს, როგორც ვხედავ, საზოგადოება არ იქნება აქტიური და არ მგონია მომავალშიც რამე დიდი გამოხმაურება მოჰყვეს. ხალხში იმხელა წყენაა დაგროვებული, რომ სააკაშვილი თუნდაც ამ გამოსვლებით რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. “ნაციონალურ მოძრაობას” ხუთასი ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს და სასამართლო სხდომების დროს 200 ან 300 კაცი ძლივს იკრიბება. მისსავე ამომრჩეველში საპროტესტო განწყობა არ არის. მით უმეტეს სააკაშვილი არც ბოდიშს იხდის და არც ნანობს იმ სისტემურ დანაშაულებს, რის გამოც ის გადაირჩიეს“, - დაასკვნის ძაბირაძე.

ზაალ ანჯაფარიძე - "სააკაშვილი აშკარად თვითგანდიდების მანიითაა შეპყრობილი... რაც ილაპარაკა, მის წინააღმდეგ უფრო მოქმედებდა"

“სააკაშვილი აშკარად თვითგანდიდების მანიითაა შეპყრობილი, როგორც მან თქვა, რეგიონალური ლიდერი და უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია. კი ბატონო, თუკი უკრაინის მაღალი თანამდებობის პირია, მაშინ უკრაინის საზღვარი უკანონოდ რატომ გადაკვეთა, უკანონოდ საქართველოში რატომ შემოვიდა და ხელისუფლების დამხობას რატომ აპირებდა?- ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ისაუბრა, რომლითაც გამოეხმაურა 2 დეკემბერს ექსპრეზიდენტის პროცესზე მისი გამოსვლას. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სააკაშვილის ეს მიმართვა იდენტური იყო იმ გამოსვლისა, როცა 29 ნოემბერს 7 ნოემბრის საქმეზე წარსდგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილი აშკარად თვითგანდიდების მანიითაა შეპყრობილი... რაც ილაპარაკა, მის წინააღმდეგ უფრო მოქმედებდა - ანჯაფარიძე.

“სააკაშვილის ეს გამოსვლა წინამორბედს ლამის ტყუპის ცალივით ჰგავდა, რადგან ის თავს აბსოლუტურად არაფერში დამნაშავედ არ გრძნობს, ახლაც ცდილობს, რომ ყველაფერი სხვას გადააბრალოს და ხელი შეაწმინდოს, ისევ საკუთარი დამსახურებისა და მიღწევების წინ წამოწევას და ამით იმის გადაფრვას ცდილობს, რაც მისი ხელისუფლების დროს ხდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილი აშკარად თვითგანდიდების მანიითაა შეპყრობილი. ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენა აქვს, როგორც მან თქვა, რეგიონალური ლიდერი და უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია. კი ბატონო, თუკი უკრაინის მაღალი თანამდებობის პირია, მაშინ უკრაინის საზღვარი უკანონოდ რატომ გადაკვეთა, უკანონოდ საქართველოში რატომ შემოვიდა და ხელისუფლების დამხობას რატომ აპირებდა? წარმოიდგინეთ, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი კონტეინერში, უკანონოდ ჯერ უკრაინის, მერე საქართველოს საზღვარს კვეთს და მოდის იმ გეგმით, რომ ხელისუფლება დაამხოს. მსგავსი პრეცენდენტი სადმე გინახავთ? აქედან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ბევრი რამ, რაც ილაპარაკა, მის წინააღმდეგ უფრო მოქმედებდა, ვიდრე სასარგებლოდ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“რა თქმა უნდა, მისი ფანები და მიმდევრები ამას ვერ აღიქვამენ და ცდილობენ, რომ აღმატებულ რანგში წარმოაჩინონ. აღსანიშნავია, რომ როგორც ახლა, ისე წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლეები განსაკუთრებულად მოზომილები იყვნენ, რომ სააკაშვილს თავისი უფლებები გამოეყენებინა. ვფიქრობ ეს იმიტომ კეთდება, დასავლეთში კითხვები არ დარჩეს, რომ სააკაშვილმა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ გამოიყენა. აშშ-ის ელჩმა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი მაკონტროლებელი გახდა, კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაავშირებით, რომ სააკაშვილს ორჯერ მიეცა საშუალება, საკუთარ სასამართლო პროცესს დასწრებოდა, მიეცა სრული უფლება, რომ გამოსულიყო და თავი დაეცვა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე ვფიქრობ ამით “ქართული ოცნება” და პრინციპში სასამართლოც ცდილობენ, რომ სააკაშვილს, მის მომხრეებს დასავლეთში პოლიტიკურ დევნილობაზე ბოლო არგუმენტებიც გამოაცალონ. “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ დივიდენდებს ძალიან სწრაფად კარგავს, დღეს ვნახეთ, რომ გაცილებით უფრო ნაკლები ხალხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია ტელეეთერიდან მოუწოდებდა, სასამართლოსთან მოდითო. გარდა ამისა, პროცესს დასავლეთი აკვირდება, ხედავს, რომ ენმ ძირითადად საპროტესტო მუხტით, დესტაბილიზაციით, არეულობის ორგანიზებითაა დაკავებული და არ სურს, რომ დასავლური გადმოსახედიდან ცივილურ საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთონ. დასავლური სამრეკლოდან რომ შევხედოთ, მათი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება მოწონებული ის, რასაც ენმ და მასთან აფილირებული წვრილ-წვრილი პარტიები აკეთებენ, მეორე ის, რომ თვით “ნაცმოძრაობის” მომხრე ანალიტიკოსებიც კი ამბობენ, რომ დიდი ამბით შექმნილმა კოალიციამ, მიმზიდველობა და პოლიტიკური წონა ერთგვარად უკვე დაკარგა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“კოალიცია ჯერ კიდევ შექმნილიც არ იყო, რომ აზრთა სხვაობა წარმოიშვა. ყოველ შემთხვევაში, სასამართლოსთან აქციებში ამ პარტიის არც ერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობს, აქედან გამომდინარე, დღეს ვხედავ, რომ ენმ გაცილებით უფრო წამგებიან მდგომარეობაშია, ხოლო “ქართული ოცნება” კი იმის დემონსტრირებას ახდენს, რისი დანახვაც დასავლეთს უნდა, რომ ის ქვყანაში სტაბილურობის გარანტია. დღეს დასავლეთს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს, არ აირიოს და ამით რუსეთმა არ ისარგებლოს, ამას ჯერ კიდევ ევროკავშირის ემისარი დანიელსონი გბეუბნებოდა”, - დასძენს ანჯაფარიძე.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” დეკემბრის ნომრის N6 (280) მიმოხილვა

ომების მოლოდინში: სომხეთი-აზერბაიჯანი; რუსეთი-უკრაინა... / სამეთაურო-საშტაბო სწავლება “დიდგორი 2021” / აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანის ვიზიტი ბათუმში / მიგრანტთა ჰიბრიდული თავდასხმა ევროპაზე / “”კოსმოსური ომების” დასაწყისი? / ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს საიდუმლო ფაილებს / ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი / ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული მისია ავღანეთში / ემიგრაციაში შედგენილი ქართული ჯილდოების პროექტები (1920-50-იქნი წლები) / ქართული ავიაციის სარდლის მოიერიშე რაკეტამ ჰაერშივე დაშალა... / ამერიკული "ბრაუნინგის" უკრაინული კლონი

“2021 წელიც მიილია, მაგრამ არც კორონავირუსის პანდემია გაქრა სადმე და არც ომების რიცხვი შემცირებულა, პირიქით, ახალი შეიარაღებული დაპირისპირებების კერები გაჩნდა მთელ მსოფლიოში და ზოგიერთი “გაყინული ომის” “გალხობაცაა” მოსალოდნელი. დიდად სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის მთელი წელი გრძელდებოდა პოლიტიკური მარაზმი - სპეციალურად შემოგდებული თემების გამო ჩვენი ქვეყანა საკუთარ პრობლემებში “იხარშებოდა”, ნაცვლად იმისა, უფრო აქტიური მონაწილეობა მიეღო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყარაბაღის ბოლო ომის შედეგების შემდგომ განვითარებულ ძალზე დინამიკურ სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებში. სამხრეთ კავკასიაში, ისევე როგორც უკრაინაში, უახლოეს მომავალში უფრო დიდი დაძაბულობაა მოსალოდნელი, რასაც კონკრეტული ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ექნება”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N6, დეკემბერი, 2021) სტატიაში, სათაურით ომების მოლოდინში: სომხეთი-აზერბაიჯანი; რუსეთი-უკრაინა... / სამხრეთ კავკასიასა და დონბასში უახლოეს მომავალში გამორიცხული არაა ფართომასშტაბიანი საბრძოლო დაპირისპირება ძველ მოწინააღმდეგეებს შორის...

“სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს “საზღვრების გადაკერების” პროცესი, უფრო სწორად, ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებული აზერბაიჯანი იბრუნებს სამი ათეული წლით დაკარგულ ტერიტორიებს და სახელმწიფო საზღვარს აღადგენს სომხეთთანაც, რაც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელის წინააღმდეგობას იწვევს, რადგან განვლილ 30 წელში, ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვების შემდგომ, სომხეთში თვლიდნენ, რომ მთიანი ყარაბაღი სამუდამოდ მათი იყო, ხოლო აზერბაიჯანთან საზღვარი თავად აზერბაიჯანის ტერიტორიის სადღაც შუაში გადიოდა და არა საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციული დაყოფის ზღვარზე. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის რთული პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ წინაა და შეიძლება კვლავ გაჩაღდეს ისეთი ლოკალური “სასაზღვრო ომები”, როგორიც 16 ნოემბერს მოხდა. მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის დიდი ომის დაწყება უფრო სხვა, ბევრად მნიშვნელოვანმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს, კერძოდ, “ზანგეზურის დერეფნის” ამოქმედების საკითხმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2020 წლის 10 ნოემბერს ყარაბაღის ბოლო ომში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი ხელშეკრულების ბოლო პუნქტად ჩაწერილი იყო აზერბაიჯან-ნახიჩევანის საგზაო დერეფნის ამოქმედება, რომელსაც ბაქო “ზანგეზურის დერეფნადაც” მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ სრული სამხედრო კატასტროფის წინაშე მდგარმა ერევანმა მაშინ ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტას და დაეთანხმა “ზანგეზურის დერეფნის” გახსნას სომხეთის სიუნიქის რაიონის გავლით, განვლილი წლის განმავლობაში სომხეთმა ყველანაირად შეაფერხა სამმხრივი ხელშეკრულების ამ ბოლო პუნქტის შესრულება. ერთი მხრივ, გასაგებია, ოფიციალური ერევნის პოზიცია, რომ არ სურს დაუშვას აზერბაიჯანელებისა და თურქების სომხეთის გზაზე თავისუფალი მიმოსვლა, მაგრამ სომხეთის პოზიციის მთავარი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანსა და თურქეთზე მეტად თავად რუსეთი აღმოჩნდა”... - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს თავდაცვის ძალებში წელს მერვედ ჩატარდა უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2021", რომელიც კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების სრულყოფას ემსახურებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებას თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობდნენ. სწავლება ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნა და 8-12 ნოემბერს ჩატარდა”. - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სამეთაურო-საშტაბო სწავლება “დიდგორი 2021”.

“1-ლ ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში” გაიმართა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელსაც ესწრებოდნენ: თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები. სწავლების ხელმძღვანელმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა სწავლების სცენარზე, მიზნებზე, ამოცანებსა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წლევანდელი სწავლება მასშტაბურობით გამორჩეული იყო და მასში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფები, ასევე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და 18 სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიდგორი 2021”-ის საშტაბო და საველე კომპონენტები 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობდა. საშტაბო კომპონენტები კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), საერთო-საჯარისო ცენტრსა და სენაკში მე-2 ქვეით ბრიგადაში იყო განთავსებული. სწავლების სცენარით ეროვნული დონის კრიზისული სიტუაციის ესკალაცია ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა და შემდგომ მისი დეესკალაცია მოხდა. სწავლების პირველ დღეს საველე კომპონენტი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა და კინოლოგიის სამმართველომ გაათამაშეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით, ერთობლივი საველე სწავლება თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეკი-სორტას საწვრთნელ პოლიგონზე გამართეს...”, - განაგრძობს გამოცემა.

“8 ნოემბერს ბათუმს ხანმოკლე ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხმელთაშუა ზღვის მე-6 ფლოტის საშტაბო ხომალდი LCC 20 Mount Whitney და სარაკეტო-საესკადრო ნაღმოსანი DDG-78 Porter-ი. კალიფორნიის ყველაზე მაღალი უიტნის მთის სახელის მატარებელ ხომალდს აშშ-ის სამხედრო ფლოტში სამსახურის მდიდარი ბიოგრაფია აქვს. 1971-2005 წლებში Mount Whitney აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ატლანტის ოკეანის მე-2 ფლოტის ფლაგმანის დანიშნულებას ასრულებდა, ხოლო 2005 წლის თებერვლიდან ხმელთაშუა ზღვაში მე-6 ფლოტის საშტაბო ხომალდია. მისი უმთავრესი დანიშნულებაა საზღვაო-სადესანტო ოპერაციების მართვა, სადაც მცურავი შტაბის მოვალეობას ასრულებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანის ვიზიტი ბათუმში.

“Mount Whitney იყო პირველი უცხოური სამხედრო ხომალდი, რომელიც ფოთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ეწვია და 5-6 სექტემბერს ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა. ხომალდის მომდევნო სამი ვიზიტი 2013 წლის ნოემბერში, 2014 წლისა და 2016 წლის ოქტომბერში ბათუმში შედგა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ვიზიტის დროს ეკიპაჟის შემადგენლობაში სამსახურს გადიოდა ქართველი იურისტი გივი ტიბანელი. ამერიკული ხომალდის ბორტზე მყოფმა მაღალჩინოსნებმა: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ეუჯინ ბლექმა, კონტრადმირალმა ჯეიმზ მორლიმ (ნატოს საზღვაო დამრტყმელი და მხარდამჭერი ძალების მეთაურის მოადგილე), კონტრადმირალმა ენტონი კარულომ (მე-6 ფლოტის სარდლის მოადგილე ოპერაციებისა და დაგეგმვის მიმართულებით) და ბრიგადის გენერალმა მარკუს ანიბეილმა (ნატოსსაზღვაო დამრტყმელი და მხარდამჭერი ძალების შტაბის უფროსი) დიდი ინტერესით დაათვალიერეს სანაპირო დაცვის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC), სადაც უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გენერალმა შარაძემ ამერიკელ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმატებულ თანამშრომლობაზე. ამერიკელმა სამხედრო-საზღვაო მაღალჩინოსნებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთისა და ბათუმის სამმართველოებში. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა. ამერიკული ხომალდების ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე საზღვაო უსაფრთხოებაში, რაც რეგიონში პარტნიორების სტაბილურობასა და საზღვაო შესაძლებლობათა ზრდას უწყობს ხელს...” - განაგრძობს გამოცემა.

“არასტაბილურობა, ცხოვრების დაბალი დონე, სიღარიბე და განსაკუთრებით ომები ის მიზეზებია, რის გამოც ადამიანები მშობლიურ ადგილებს ტოვებენ და უკეთესი ცხოვრებისთვის სხვა ქვეყნებისკენ მიისწრაფვიან. ჩრდილო აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთსა თუ სხვა ადგილებში დაუსრულებელი კონფლიქტები მიგრანტთა ნაკადებს მუდმივად წარმოშობს და მათთვის თავშესაფრად ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპაა. მიგრაციული კრიზისი ევროპისთვის ახალი არ არის და მისი სიმწვავე მთელი სიღრმით სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში გაჩნდა, როცა თურქეთს მილიონობით სირიელი ლტოლვილი მიაწყდა. თურქეთმა ლტოლვილთა ნაწილი მიიღო, სხვები ევროპისკენ მიმავალ გზაზე დააყენა, სადაც ყველაზე ძლიერი ტალღა საბერძნეთს შეეხო. მიგრანტთა მოზღვავებით ბელარუსი-პოლონეთისა და ბელარუსი-ლიეტუვას საზღვარზე ახლანდელი მდგომარეობა უფრო ხელოვნურად შექმნილ გარემოებებზე მეტყველებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით მიგრანტთა ჰიბრიდული თავდასხმა ევროპაზე.

“დიქტატორ ლუკაშენკოს ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება, შეუძლებელი იყო კომპეტენტურ სამსახურებს გამორჩენოდათ სამგზავრო თვითმფრინავებით სტამბოლიდან, ტაშკენტიდან და დუბაიდან ჩასული ათასობით ადამიანი, მათ შორის ოჯახები ბავშვებით. შემდეგ ათასობით მიგრანტის პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს თავმოყრა, მათი აღჭურვა ეკლიანი მავთულების საჭრელი მაკრატლებითა და სხვა საშუალებებით, სხვა არაფერია, თუ არა სათანადო ორგანოების ორგანიზებული აქციები. პოლონეთმა ბელარუსი სამხედროები უკვე დაადანაშაულა ავტომობილით სასაზღვრო ზღუდეების დანგრევასა და მავთულხლართების მოშლაში, პოლონელი მესაზღვრეების ლაზერებით დაბრმავებაში. პოლონეთის სასაზღვრო დაცვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის მიხაილ ტოკარჩიკის თქმით, ნებისმიერი სიტუაცია საზღვარზე ბელარუსის სამსახურების ხელმძღვანელობით ხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სიტუაცია ბელარუს-პოლონეთისთვის სახელმწიფო საზღვარზე იმდენად რთულია, რომ მიგრანტთა შესაჩერებლად ვარშავამ საზღვართან თავი მოუყარა 15 ათასამდე სამხედროს, 4 ათასამდე მესაზღვრეს, 1 500 პოლიციელსა და ანტიტერორისტულ დანაყოფებს. მობილიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ორი მსუბუქი ბატალიონი და მზად არის კიდევ რამდენიმე. პოლონელთა დასახმარებლად საზღვარზე ჩავიდა ბრიტანეთის სამეფო საინჟინრო კორპუსის სამხედროთა პირველი ჯგუფი, მოსალოდნელია მეორე, 150-კაციანი ჯგუფის დამატება. ბრიტანელები პოლონელებს ღობურების, გზებისა და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის გამართვაში დაეხმარებიან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორვეცკის თქმით, მთავრობა ბელარუსთან მთელი საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას უშვებს, ეს კი მეზობელ ქვეყანასთან სატრანსპორტო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შეჩერებას ნიშნავს...” - განაგრძობს გამოცემა.

“15 ნოემბერს რუსებმა სისტემა Нудоль-ის მორიგი გამოცდისას დედამიწის ორბიტაზე ექსპლუატაციიდან გამოყვანილი თანამგზავრი გაანადგურეს. ერთი შეხედვით განსაკუთრებული ამაში არაფერია. თანამგზავრსაწინააღმდეგო სისტემების გაუმჯობესებაზე აშშ, რუსეთი (ისევე როგორც თავის დროზე სსრკ) და ჩინეთი აქტიურად მუშაობენ და ასეთი ტიპის საშუალებები შეიარაღებაშიც აქვთ. თუმცა 15 ნოემბრის გამოცდა რუსეთის ძველ პოზიციებთან ყველანაირ წინააღმდეგობაში მოდის - წლების განმავლობაში მოსკოვი კოსმოსის მილიტარიზაციას ყოველთვის უარყოფდა და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების მუშაობასაც ხშირად აკრიტიკებდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით კოსმოსური ომების” დასაწყისი?

“დიდი ალბათობით, 550-600 კმ სიმაღლეზე მყოფი თანამგზავრის განადგურება კრემლის ძალის და ტექნიკური შესაძლებლობების დემონსტრირების მორიგი ნაბიჯია – დიახ, სისტემა Нудоль-ი თვისებრივად რაკეტსაწინააღმდეგოა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ბირთვული ქობინების გარდა, მოწინააღმდეგის თანამგზავრებსაც გაუმკლავდება. თანამგზავრსაწინააღმდეგო საშუალებების შემუშავების საჭიროება კოსმოსის ათვისებათან ერთად გაჩნდა. ამ მიმართულებით მუშაობა პირველად ამერიკელებმა დაიწყეს – პროგრამა WS-199B-ით კომპანია Martin-მა თანამგზავრსაწინააღმდეგო რაკეტის პროექტი შეიმუშავა. საფუძვლად შეირჩა Bold Orion-ის ტიპის რაკეტა, საჰაერო-გამშვებ პლატფორმად კი – ბომბდამშენი B-47. მოდიფიცირებისას რაკეტას საფეხური და ახალი დამიზნების სისტემა დაემატა. რაკეტის გამოცდა 1958-1959 წლებში მიმდინარეობდა. მე-12 სტარტისას Bold Orion-მა 251 კმ სიმაღლეზე მყოფ თანამგზავრ Explorer-6-ს 6.4 კმ-ის მანძილზე ჩაუფრინა. შედეგები დამაკმაყოფილებლად ჩაითვალა, ვინაიდან ბირთვული ქობინით თანამგზავრის განადგურებისთვის ეს სიზუსტე კმაროდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თანამგზავრსაწინააღმდეგო რაკეტების შემდგომი თაობა სწორედ დიდი სიმძლავრის ბირთვული მუხტების გამოყენებაზე იყო დაფუძნებული. 1960-იან წლებში ამერიკელებმა კოსმოსში არაერთი საცდელი ბირთვული აფეთქება ჩაატარეს. ორბიტაზე თანამგზავრს ელექტრომაგნიტური იმპულსი და რადიაცია ანადგურებდა. კიდევ ერთი პროექტი “437” PGM-17 Thor-ის ტიპის ერთსაფეხურიანი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას ითვალისწინებდა. 1 მეგატონის სიმძლავრის საბრძოლო ქობინის დაზიანების რადიუსი 8 კმ-ს აღწევდა. შეიარაღებაში მიღების შემდეგ ორ-ორი რაკეტა ჯონსონის კუნძულსა (წყნარი ოკეანე) და ვანდენბერგის ავიაბაზაზე განალაგეს. დაბალი ოპერატიულობის გამო პროგრამა “437” 1975 წელს დაიხურა. მთავარი პრობლემა თანამგზავრის განადგურების “ბირთვული მეთოდი” იყო. ძლიერი რადიაციული ფონი მოწინააღმდეგის თანამგზავრებთან ერთად საკუთარ კოსმოსურ ობიექტებსაც საფრთხეს უქმნიდა...” - განაგრძობს გამოცემა.

“თითქმის სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 12 სექტემბერს ღამით რამდენიმე მედიაორგანიზაციამ მიიღო ვებგვერდის ბმული, რომელზეც ათასობით საიდუმლო დოკუმენტი იყო განთავსებული (ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა) ჰაკიმ-ფაშას სახელითა და სათაურით “სუს-ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. საიდუმლო ფაილების დასახელება (ინფორმაცია სხვადასხვა კრიტერიუმითაა დაყოფილი, მათ შორის, თარიღებით – წლების, თვეების, დღეების მიხედვით”, - წერს ჟურნალის “არსენალი” სტატიაში, სათაურით ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს საიდუმლო ფაილებს.

“ფაილები ასევე დაყოფილია მრავალფეროვანი თემატიკის მიხედვით. მაგალითად, “ვითარების პროგნოზი 18.02.2015”, “კონკორდატი”, “მრუშები”, “ნაცებთან კავშირები”, “კომპრები”, “ეპისკოპოსები 11.10. 2019”, “ანალიტიკურ დეპარტამენტს”, “კრიმინალი და ნარკომანია”, “რუსული ორიენტაცია”, “დებულება 2015 სუს”, “საპატრიარქოს დაფინანსება”, “საპატრიარქოს დაცვა”, “გეგმა” და სხვ. ქართულ სინამდვილეში ერთი ფრაზა დამკვიდრდა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს რომ ვაკვირდებით, ალბათ, კარგა ხანს კიდევ დარჩება. “რა გვეშველება”? – ეს მარადიული კითხვა, რომელიც ძალზე სერიოზულია, ჩვენთან, სამწუხაროდ, უკვე სახალისოდ იქცა. ყველა სფეროში უამრავი პრობლემაა, წლები გადის, მათ გადაწყვეტას კი საშველი არ დაადგა. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ფარული მოსმენებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენი საზოგადოების დიდი ინტერესი ფარული მოსმენების თემისადმი ყოველთვის დიდი იყო, არის და იქნება, იმიტომ, რომ ეს ყველას გვეხება. კარგად მახსოვს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს უშიშროების სამინისტროს დიდი ბრძოლა უხდებოდა სასამართლოსთან მოსმენის უფლების მისაღებად - რიგითი მოსამართლეებიც კი უარს ამბობდნენ გაეცათ მოსმენის თანხმობა, თუ კანონის ყველა მოთხოვნა სრულად არ იყო დაცული. შემდეგ წლებში კი ვინღა ეკითხებოდა მოსამართლეებს? 2004-2012 წლებში მმართველი პარტიის ხელში საქართველოს სპეცსამსახურები პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად და პოლიტიკური სისტემის ნაწილად იქცნენ. “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში უკანონო ფარული ჩანაწერები და მათი მონტაჟის საფუძველზე აგებული “ტელეშოუები” ლამის ერთადერთი მტკიცებულება იყო “ჯაშუშებისა” თუ სხვა “დამნაშავეების” სასამართლო პროცესებზე...” - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში აქტიურად მონაწილეობს - საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეები სხვადასხვა პერიოდში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერაყში, კოსოვოში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. გარდა იმისა, რომ მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ავტორიტეტის ამაღლებას, იმავდროულად, გაუმჯობესდა მათი პროფესიული უნარ-ჩვევები”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი / საბრძოლო მომზადების ცენტრი და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა "წვრთნა GDRP-T" (Georgian Defense Readiness Program – Training).

“ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაცია ნატოსთან ურთიერთობისა და თავსებადობის უფრო გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტი და ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც 2014 წლის უელსის სამიტზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში დამტკიცებული ინიციატივიდან ერთ-ერთია. ცენტრის მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ მისი გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ როგორც ქართველი მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი...” - აღნიშნავს გამოცემა.

“ცენტრი (JTEC) დაკომპლექტებულია არა მარტო ქართველი მოსამსახურეებით, არამედ მის შემადგენლობაში შედის ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JTEC) მაღალკვალიფიციური სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც ქართველ მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წვრთნაში, შეფასებისთვის მაქსიმალურად რეალური საწვრთნელი გარემოს შექმნასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია JTEC-ის დაქვემდებარებაში არსებული საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაში და მისი ამოცანაა საქართველოში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ქვეითი ბატალიონების წვრთნა-შეფასება...”, - განაგრძობს გამოცემა.

““სამხედრო ჟურნალისტს გიორგი თუხარელს რამდენიმეჯერ მოუწია ავღანეთის მისიაში ყოფნა, რამდენიმეჯერ სიკვდილსაც ჩახედა თვალებში, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალთან” ის ცხელ მიწაზე გატარებულ პერიოდს იხსენებს... - ავღანეთში სამი მისიის განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ვიყავი. სამივე განსხვავებული იყო: პირველში საბრძოლო ნათლობა მივიღე, პატრულირებაზე ვიყავით, როცა კოლონის პირველმა მანქანამ რაღაც საეჭვოს გადაუარა. ამიტომ უკან მომავალიც გავაჩერეთ. ვერ მოასწრეს თუ სხვა მიზეზით არ აფეთქდა, არ ვიცი, მაგრამ გამნაღმელებმა მიწაში 60 კგ-მდე ფეთქებადი ნივთიერება იპოვეს. იმ დღეს პირველად შევეჩეხე რეალურ საფრთხეს...”, - წერ ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული მისია ავღანეთში.

“მეორედ, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, იმავე სოფელში ჰუმანიტარული მისიის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სამხედროები მსუბუქად დაშავდნენ. ერთი კვირის წინ ჩვენც ვიყავით იმ სოფელში და ხომ შეიძლებოდა აფეთქება ჩვენს იქ ყოფნაშიც მომხდარიყო. გამუდმებით ამაზე ფიქრი სტრესი იყო, არასდროს გვტოვებდა. დიდი სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი. ავღანეთში ჩასვლამდე მომზადება გავიარეთ, მაგრამ გარკვეულწილად არაკომბატანტებად (არასამხედრო) ვითვლებოდით. მისიის დროს, როცა ოპერაციებზე გავდიოდით, გამოცდილი ქართველი ჯარისკაცები დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ და გვაფრთხილებდნენ. თითოეულმა ზედმიწევნით იცოდა თავისი როლი და ფუნქცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თუხარელი.

“რამდენიმე პროვინციაში მომიწია ყოფნამ და მოსახლეობის ცხოვრების დონე სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ქაბულში კაპიტალურად აშენებული სახლებიცაა, რასაც ვერ ვიტყვი სამხრეთის პროვინციებზე. იყო რაიონები, სადაც შუქიც არა აქვთ და ალიზის სახლებში ცხოვრობენ. ასეთ პროვინციებში ნატოს კოალიციამ მოსახლეობას სასმელი წყლისა და სხვა პრობლემები მოუგვარა. სხვადასხვა ბიზნესშიც ეხმარებოდნენ, ოღონდ იდეა ჰქონოდათ და წასახალისებლად აფინანსებდნენ. პირველი მისიის დროს მოსახლეობასთან უფრო ხშირი ურთიერთობა გვქონდა. 2015 წელს ISAAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ნატომ სრულიად განსხვავებული "მტკიცე მხარდამჭერის მისია" დაიწყო...” - განაგრძობს გამოცემა.

“XX საუკუნის 20-50-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შეიმუშავეს ჯილდოების პროექტები, რომლებიც მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ფაქტები ფრიად საგულისხმო მოვლენაა ეროვნული ჯილდოთმცოდნეობის ისტორიისათვის. ქვემოთ მოთხრობილია ამგვარი ორი ფაქტის თაობაზე. პირველი მოხდა 1920-30-იან წლებში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ხოლო მეორე 1950-იანი წლების დასაწყისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ მიუნხენში”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ემიგრაციაში შედგენილი ქართული ჯილდოების პროექტები (1920-50-იანი წლები).

"პარიზში შექმნილი პროექტი ორდენისა “საქართველოს თავისუფლებისათვის”. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებით გასაბჭოების (1921 წ.) შემდეგ ემიგრაციაში გახიზნულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა ევროპიდანაც განაგრძეს. 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოში სახალხო აჯანყების დამარცხებისა და მისი სისხლში ჩახშობის შემდეგ საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა დაუნდობელი რეპრესიები დაიწყო. ასეთ ვითარებაში საქართველოში ახალი ანტისაბჭოთა ამბოხების მოწყობაზე ფიქრიც აღარ შეიძლებოდა. საფრანგეთის დედაქალაქში თავშეფარებულმა საქართველოს დევნილმა ხელისუფლებამ დიპლომატიური მეთოდებით ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა, რათა საქართველოს გათავისუფლების პრობლემით ევროპისა და აშშ-ის მმართველი წრეები უფრო აქტიურად დაინტერესებულიყვნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმ პროპაგანდისტული საქმიანობის თაობაზე, რომელსაც საქართველოს ემიგრანტული მთავრობა ეწეოდა საბჭოური აგრესიის მხილებისა და ქართველი ერის თავისუფლებისაკენ მისწრაფებაში საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მოთხრობილია კონსტანტინე გვარჯალაძის წიგნში “საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში” (პარიზი, 1936) და სხვა ნაშრომებში. საქართველოს დეოკუპაციისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის უცხოეთში გაჩაღებული საქმიანობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა 1921-1933 წლებში. იმხანად პარიზში ფუნქციონირებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩო, როგორც სუვერენული ქვეყნის ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა. საელჩოს უნარიანად ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩი აკაკი ჩხენკელი (1874-1959), პირველი ქართული რესპუბლიკის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი...” - განაგრძობს გამოცემა.

“იზანი მიხეილის ძე ცერცვაძე დაიბადა 1952 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის 107-ე საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო ჩერნიგოვის უმაღლეს სამხედრო-საჰაერო სასწავლებელში. 1972-1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელთა საავიაციო პოლკში. 1985 წელს დაამთავრა გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ კი საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. 1988 წელს მიენიჭა პირველი კლასის მფრინავის წოდება და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის კვალიფიკაცია. 1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად. ორ თვეში აფხაზეთში ომი დაიწყო და ქართული ავიაციაც ჩაერთო საომარ მოქმედებებში. იზანი ცერცვაძე ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთის ომის დროს და თავადაც ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს, რაც ყოველთვის დიდ რისკთან იყო დაკავშირებული”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართული ავიაციის სარდლის მოიერიშე რაკეტამ ჰაერშივე დაშალა... / ქართული სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიიდან.

“ის იყო იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქართულ ქვედანაყოფებს და ისიც ჰაერიდან თავგანწირვით ებრძოდა მტერს. მან მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბავად დაახლოებით 60 საბრძოლო გაფრენა შეასრულა. 1993 წლის 23 სექტემბერს პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე პოლკოვნიკ ბალაევთან ერთად მორიგ გაფრენას ასრულებდა. სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებასთან მას მტერმა საზენიტო რაკეტა ესროლა, თვითმფრინავი აფეთქდა, კატაპულტირების შედეგად პილოტი მიწაზე დაეშვა, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ის აფეთქებისას დაიღუპა. მისი მუზარადი ძალიან იყო დაზიანებული და თავის უკანა ნაწილში სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობები ჰქონდა. იზანი ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ლუდმილას, ტელეფონით დავუკავშირდით და ქმრის გახსენება ვთხოვეთ. ქართველი ვაჟი და უკრაინელი გოგონა ერთმანეთს უკრაინაში, ქალაქ ჩერნიგოვში შეხვედრიან, მაშინ, როდესაც მომავალი მფრინავი ჩერნიგოვის უმაღლეს სამხედრო-საჰაერო სასწავლებელში სწავლობდა. ერთმანეთს ბედიც იქ დაუკავშირეს, ბედი, რომელმაც ერთი გმირად აქცია, მეორე კი საქართველოში სამუდამოდ დატოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1993 წლის შემდეგ არსად წავსულვარ, საფლავზე მარტო ერთი დღითაც არ დამიტოვებიაო, გვითხრა ქალბატონმა ლუდმილამ. 20 წლის თანაცხოვრების პერიოდში მათ ორი შვილი გაზარდეს. ქალიშვილი ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს, ვაჟი კი დედის სამშობლოში, უკრაინაში. თვითონ მფრინავის ქვრივი სამ შვილიშვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ვცხოვრობთ ისე, როგორც ვცხოვრობთო, ამბობს და უკვირს, 29 წლის განმავლობაში არავის გავხსენებივართ და ახლა რა მოხდაო?! თუმცა ისეთი ადამიანების ისტორიები, როგორიც იზანი ცერცვაძეა, არასოდეს ხუნდება. როგორც ლუდმილა ცერცვაძესთან საუბარში გაირკვა, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მფრინავი ოჯახთან ერთად ყაზახეთში მსახურობდა.... იზანი ცერცვაძეს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნაში. მის სახელს უკავშირდება ქართული სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაც. 1993 წლის მარტში მისი ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროში შვეულმფრენების ესკადრილია ჩამოყალიბდა, ხოლო 1992 წლის 19 სექტემბერს მის მიერ სუ-25-ით შესრულებული ფრენა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაარსების დღედ დაწესდა...” - განაგრძობს გამოცემა.

“ტყვიამფრქვევმა, როგორც შეიარაღების შედარებით ახალმა სახეობამ, მაღალი საბრძოლო თვისებები ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პოზიციურ ბრძოლებში დაამტკიცა, როდესაც სანგრებიდან მეტყვიამფრქვევეები ტყვიების `წვიმით~ სხეპდნენ შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგის ქვეითებს. მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ველებზე კი უკვე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიც გამოჩნდა, რომლებსაც მოწინააღმდეგის მსუბუქად შეჯავშნული ტანკეტკებისა და მანქანების მწყობრიდან გამოყვანაც შეეძლოთ. ამასთან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები სპეციალური საზენიტო სამიზნეების დაყენების შემდეგ (ან მათ გარეშეც) გამოიყენებოდა დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების დასაზიანებლად და ჩამოსაგდებად”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ამერიკული "ბრაუნინგის" უკრაინული კლონი / უკრაინის არმიას დონბასის ფრონტზე ჰაერივით სჭირდება მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.

“დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს ომებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ქართველი მებრძოლები ეპიზოდურად იყენებდნენ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს, ძირითადად, T-55 ტიპის ტანკების კოშკურებზე დამონტაჟებულ 12.7 მმ კალიბრის საზენიტო ДШКМ-ებს, კიდევ უფრო იშვიათად კი ამავე კალიბრის დაზგის НСВТ-ებს მათი კატასტროფული სიმცირის გამო. წელს ამერიკულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადმოსცა მსხვილკალიბრიანი M2HB Browning-ის ტიპის ტყვიამფრქვევების პარტია, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართული საბრძოლო დანაყოფების საცეცხლე ძალას. უკრაინის არმიას კი, რომელიც მეშვიდე წელია ებრძვის პრორუსულ ძალებს დონბასში, ასევე აწუხებს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების სიმცირის პრობლემა, რის დასაძლევადაც საკუთარი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის შექმნა გადაწყდა. უკრაინულმა კერძო საიარაღო ფირმა Snipex-მა, რომელიც ცნობილია რამდენიმე ტიპის მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანის დამზადებით, 2021 წელს შექმნა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი Laska-K2”, -აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინული “ლასკა” ფორმით ძალიან წააგავს ამერიკულ “ბრაუნინგის” მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს და მისი ავტომატიკის მოქმედების პრინციპიც დაფუძნებულია ლულის მცირე გადაადგილების უკუცემის იმპულსზე. თითქმის ერთსაუკუნოვანი “ბრაუნინგის” მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის გამეორება შეიძლება დიდ მიღწევად არ ჩაეთვალოს ამ უკრაინულ საიარაღო ფირმას, მაგრამ რა საჭიროა ახალი ველოსიპედის გამოგონება, როდესაც ფრონტი სასწრაფოდ ითხოვს ახალ-ახალ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს, რომელთა ანალოგები, ასაკის მიუხედავად, აშშ-ისა და მთლიანად ნატოს ბლოკის შეიარაღებაშია?! თუმცა უკრაინელმა მეიარაღეებმა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც გაითვალისწინეს - მათი “ლასკა” “ორენოვანი” გამოვიდა, ანუ შეუძლია გამოიყენოს როგორც ნატოს სტანდარტის 12.7x99 მმ (.50 BMG) კალიბრის ვაზნები, ისე საბჭოთა 12.7x108 მმ-იანი ვაზნებიც, მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელის დიდი მარაგი კიდევ შემორჩათ უკრაინულ არსენალებს. გასაგებია, რომ ვაზნის შეცვლა გამოიწვევს ტყვიამფრქვევის ზოგიერთი დეტალის ცვლილებას, მათ შორის სავაზნე კოლოფის”, - დასძენს გამოცემა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა