ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021

სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი თემები - პრეზიდენტმა ენმ-ს აქციის საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა

შეასრულებს თუ არა “ომიკრონი” “ბუნებრივი ვაქცინის” როლს და დააჩქარებს თუ არა პანდემიის დასასრულს?

ვის აქვს ენმ-ს ლიდერებიდან პოლიტიკური მომავალი - მამუკა ხაზარაძის ვერსია

“დიდი შერიგებიდან” “მრგვალ მაგიდამდე” - როგორ იცვლებოდა სააკაშვილის მოწოდებები ბოლო ერთ თვეში და რა მიზანი აქვს მის შეთავაზებებს

* * *

სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი თემები - პრეზიდენტმა ენმ-ს აქციის საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა

“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-მ ათონელის რეზიდენციასთან აქცია გამართა. მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადა 3 საათამდე მისცეს, თუმცა პრეზიდენტი მათ არ შეხვდა და ამავე დროს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც პრაქტიკულად განაცხადა, რომ ქვეყანას სააკაშვილის პატიმრობასთან შედარებით გაცილებით სერიოზული პრობლემები და გამოწვევები აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი თემები - პრეზიდენტმა ენმ-ს აქციის საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის - იქნება ეს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება, თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.ა ნალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილმა ამ განცხადებით ოპოზიცია მიანიშნა, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მისთვის მეათეხარისხოვანი პრობლემაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სიტუაცია ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მართლაც იმდენად პრობლემურია, რომ ბაიდენ-პუტინის დიალოგი შედგა. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ყველას ესმის, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან პრობლემას ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტს, შემდეგი საქართველო იქნება და ამიტომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და პრეზიდენტმა აქცენტი სწორად გააკეთა. ოღონდ ეს რამდენადაა იმის ალტერნატივაა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ეს სხვა თემაა. პრეზიდენტმა ამ განცხადებით თქვა, რომ უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს, ვიდრე სააკაშვილის გათავისუფლებაა. მის განცხადებას მეტი ახსნა არ აქვს და გულწრფელად რომ გითხრათ, ამ აზრისგან არც მე ვარ შორს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სააკაშვილის შეწყალებაზე უარი უკვე ნათქვამი აქვს. რამდენჯერმე უკვე თქვა, რომ “არა და არასდროსო”. კიდევ რომ მიადგნენ, ახლა რატომ დათანხმდებოდა? პრეზიდენტს რომც სურვილი ჰქონდეს და ასეთი გადაწყვეტილების მიღებას რომც ფიქრობდეს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ფონზე ლოგიკურია, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რომ მისულიყო დელეგაცია და არა საპროტესტო აქციის მონაწილეები, ეს კიდევ სხვა თემა იქნებოდა, მაგრამ გარეთ მართავ პროტესტს და თან პროტესტის ნიშნად ითხოვ, რომ გაათავისუფლოს, ამ შემთხვევაში ეს ქცევა სწორი არაა. თუ ამას აჟიოტაჟის შექმნისთვის აკეთებენ, მაშინ ქვეყნის შიგნით ეს აბსოლუტურად არაფერს ცვლს. ეს უფრო სასაცილო ხდება, ვიდრე რაღაცის გარანტიების მომტანი, ისევე როგორც სააკაშვილის ბავშვური ჭირვეულობა. ეს ზურაბიშვილის მხრიდან უარის თქმა კი არაა, ამ თემის საერთოდ იგნორირებაა. როცა ამბობენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტისთვის ეს მეათეხარისხოვანი პრობლემაა”, - დაასკვნის ძაბირაძე.

შეასრულებს თუ არა “ომიკრონი” “ბუნებრივი ვაქცინის” როლს და დააჩქარებს თუ არა პანდემიის დასასრულს?

“სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ “ომიკრონი” სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ და ეს დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი სამხრეთ აფრიკული შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ რეინფიცირების რისკი მაღალი აქვს, რის გამოც შესაძლოა ერთგვარი ბუნებრივი ვაქცინის როლიც შეასრულოს. იყო იმის ვარაუდიც, რომ შესაძლოა “ომიკრონს” უკვე არსებული ვაქცინები ვერ გამკლავებოდნენ, რის გამოც გიგანტმა ფარმაცეპტულმა კომპანიებმა პრეპარატის ახალი ვარიანტის შემუშავება დაიწყეს, თუმცაღა, “ბიონტექი” და “პფაიზერი” თავის ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მათი ვაქცინით სამჯერადად აცრა “ომიკრონ”ვარიანტს ანეიტრალებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეასრულებს თუ არა “ომიკრონი” “ბუნებრივი ვაქცინის” როლს და დააჩქარებს თუ არა პანდემიის დასასრულს?

“საკითხზე რატომ არის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები “ომიკრონზე” და რამდენად შეიძლება, რომ მართლაც ბუნებრივი ვაქცინის როლი შეასრულოს, ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ ახალ შტამზე ბოლომდე ინფორმაცია ჯერ ცნობილი არაა. ამიტომაც მის კლინიკურ მიმდინარეობაზე მტკიცებით საუბარი ჯერ ნაადრევია. მისივე თქმით, ამ შტამის შედეგად განვითარებულ ავადმყოფობას თუ მსუბუქი მიმდინარეობა ექნება და სწრაფად გავრცელებადი იქნება, შესაძლოა ბუნებრივ ვაქცინადაც ჩაითვალოს, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული მოსაზრებებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმიტომაა “ომიკრონზე” ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ცნობები, რომ ჯერ ბოლომდე ინფორმაცია ცნობილი არაა. მოგეხსენებათ, რომ ეს შტამი ფართოდ გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში და რამდენიმე ქვეყანაში, ხოლო გარეთ და სხვა კონტინენტებზე ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. როცა ასე ცოტა შემთხვევაა, კლინიკურ მიმდინარეობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, თუ რამდენად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ამიტომაცაა ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებიც. ჩემი აზრით, ორ-სამ კვირაში გვეცოდინება, თუ “ომიკრონს” რამდენად აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, უშუალოდ სამხრეთ აფრიკელ ექიმებს თუ დავეყრდნობით, ისინი ამბობენ, რომ მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი კვლევის შედეგი და მცირე დროში გამოტანილი დასკვნაა, საბოლოო შეფასებისთვის კი დროა საჭირო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ მას უფრო ადვილად გავრცელება ახასიათებს, ასევე შესაძლოა მაღალ პროცენტში რეინფიცირება, ანუ ადამიანი ხელმეორედ რომ დააინფიციროს და თუ ამასთან მსუბუქი მიმდინარეობის აღმოჩნდა, გამოვა, რომ ბუნებრივი ვაქცინის როლიც ექნება, რადგან “ომიკრონით” გამოწვეულ დაავადებას სწრაფად გადაიტანენ და ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში იმუნიზირებულები იქნებიან. ამის შედეგად ბევრი იმუნიზირებული ადამიანი დაგროვდება და შესაბამისად, პანდემიაც ისე აგრესიულად არ წარიმართება. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა, ამაზე ორიენტირება და აქცენტის გაკეთება არ შეიძლება და ჩვენ იმუნიტეტი ვაქცინაციით უნდა შევიძინოთ, რომ „ომიკრონის" და სხვა შტამები თავიდან ავიცილოთ. თუ “ომიკრონს” სწრაფად გავრცელება ახასიათებს, როგორც „დელტას", რა თქმა უნდა, ის ჩვენ პრობლემას შეგვიქმნის და ზამთარი საკმაოდ მძიმე გვექნება, რადგან ინფიცირებულების რაოდენობა მოიმატებს და პრობლემები შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრდეს - გადაივსება კლინიკები, მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზრდება და მოიმატებს სიკვდილიანობა. მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი რთულია”, - დასძენს გოგინავა.

ვის აქვს ენმ-ს ლიდერებიდან პოლიტიკური მომავალი - მამუკა ხაზარაძის ვერსია

“პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამაუკა ხაზარაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობაში” იგი მხოლოდ იმ ადამიანებთან თანამშრომლობს, ვისაც “აქვს მომავალი”. ასეთებად კი მან ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ხატია დეკანონიძე დაასახელა. “ნაციონალურ მოძრაობაში” კომუნიკაცია და პარტნიორობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლი ღირსეულად, ვისაც აქვს მომვალი. ეს არის ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე. ვერ მნახავთ იმ ადამიანებთან ვისაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე უსამართლობა აქვს ჩადენილი“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის აქვს ენმ-ს ლიდერებიდან პოლიტიკური მომავალი - მამუკა ხაზარაძის ვერსია.

“პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამ განცხადებას ხაზარაძის მხრიდან თავის მართლებად აფასებს იმ წლების გამო, როცა “ლელოს” ლიდერი მხარს უჭერდა “ქართულ ოცნებას”, “ნაცმოძრაობას” კი მწვავედ აკრიტიკებდა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ენმ-ს ლიდერებიდან პოლიტიკური მომავალი მხოლოდ ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს, ამას ჩიტაძე არ ეთანხმება და არ ფიქრობს, რომ ხაზარაძის ამ მოსაზრებას სხვა პოზიციური პარტიებიც იზიარებენ, თუნდაც “ევროპული საქართველო” ან “სტრატეგია აღმაშენებელი”, - აღიშნავს გამოცემა.

მამუკა ხაზარაძე წლების წინ იყო “ოცნების” აქტიური მხარდამჭერი. გვახსოვს მისი განცხადებები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა “ნაცმოძრაობიდან” კენჭს გრიგოლ ვაშაძე იყრიდა, თუ როგორ აკრიტიკებდა “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის კანდიდატს. ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძე ცდილობს თავი იმართლოს, იმ წლების გამო. რაც შეეხება ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს, რომ ამ პოლიტიკურ ძალაში მხოლოდ მათ აქვთ მომავალი, ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ნიკა მელიას მიერ წარდგენილი ის 12 ადამიანი, რომელებიც ახალი ფრთის წარმომადგენლები არიან პარტიაში, ნამდვილად პროგრესული და მოაზროვნე ხალხია. მამუკა ხაზარაძის ამ მოსაზრებას არ მგონია იზიარებდნენ სხვა ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები. ენმ-ის მხარდამჭერები კი, როგორც უჭერდნენ მხარს “ნაცმოძრაობის” ძირითად ბირთვს, ასევე გააგრძელებენ. მათ ხედვებში ბევრი არაფერი შეიცვლება, თუმცა დიდია მოლოდინი, რომ პარტიაში იქნება სიახლე და პროგრესულ იდეები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“დიდი შერიგებიდან” “მრგვალ მაგიდამდე” - როგორ იცვლებოდა სააკაშვილის მოწოდებები ბოლო ერთ თვეში და რა მიზანი აქვს მის შეთავაზებებს

“პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ოთხშაბათს მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც საყოველთაო ამნისტიასთან ერთად, ხელისუფლების გადანაწილებისათვის მრგვალი მაგიდის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, მსგავსი იდეების წამოყენების მთავარი მიზანი ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გამოხსნაა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ენმ-სა და სააკაშვილის მხრიდან პერიოდულად კეთდება მსგავსი შეთავაზება ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების მიმართ. მათში აქცენტი კეთდება საყოველთაო შერიგებასა და ამნისტიაზე, თუმცა, ამის პარალელურად, ასევე საუბარია ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი არალოგიკურად მიიჩნევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დიდი შერიგებიდან” “მრგვალ მაგიდამდე” - როგორ იცვლებოდა სააკაშვილის მოწოდებები ბოლო ერთ თვეში და რა მიზანი აქვს მის შეთავაზებებს.

“რამდენად რეალისტურია სააკაშვილის და მისი პარტიის წევრების შეთავაზებები და ვისზე ან რაზე შეიძლება იყოს გათვლილი? ანალიტიკოსთა თქმით, ენმ ამით ცდილობს პირველ რიგში ქვეყნის შიგნით სააკაშილის ფაქტორს აქტუალურობა შეუნარჩუნოს, რისთვისაც საზოგადოებისათვის მისაღები შერიგების იდეა წამოწია წინ. მეორე მსხრივ კი სავარაუდოდ გათვლა იმაზეა, რომ დასავლელი პარტნიორები ამ განცხადებებს ენმ-ს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად ჩაუთვლიან. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ენმ-მ შერიგების იდეის ექსპლუატაცია და კულტივირება გადაწყვიტა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ამით ისინი მაქსიმალურად პროპაგანდისტული ქულების გამოწურვას შეეცდებიან. ენმ-ს გათვლები შესაძლოა ასევე ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველზე ჰქონდეს. მათი მიზანი შესაძლოა ასევე იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის გამოფხიზლება, რომელიც სააკაშვილის თემით დიდად არ ინტერესდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იციან, რომ ეს იდეა საზოგადოებაში პოპულარული და სასარგებლოა. შერიგების საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს... ასევე ეს ყურში კარგად ხვდება ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში. იქაც იტყვიან - აი, როგორი კეთილშობილური იდეაა და პოლარიზაციის შემცირებისკენ პირველი ნაბიჯი სააკაშვილმა და მისმა პარტიამ გადადგა. ენმ-ის აზრით, მომგებიანი თემა მოძებნეს და მის აწევას ყველა მიმართულებით შეეცდებიან. დარწმუნებული ვარ, ეს შეკვეთა მათ მომსახურე მედიას და ინტერნეტ საიტებს ექნებათ. მოლაპარაკე თავებსაც გარკვეული დირექტივები ექნებათ მიცემული და ეროვნული შერიგების იდეის კონტექსტში მთავარი მიზნის მიღწევას შეეცდებიან - როგორმე პატიმრობიდან გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ეს ყველაფერი ფარსია და მოჩვენებითი. ვინც ენმ-ის ბუნებას იცნობს და კარგად იცის ეს პარტია რასაც წარმოადგენს, ამ მოწოდების გულწრფელობას არ ენდობა. თუმცა მოინახებიან ადამიანები, რომლებიც დაიჯერებენ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში გამოძახილს ვერ ჰპოვებს. ადამიანური ფაქტორია აქ მნიშვნელოვანი. ვინ აჟღერებს ამ მოწოდებას - მიხეილ სააკაშვილი? გიგი უგულავა? ან კიდევ ადამიანები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ სხვა, საპირსპირო მოწოდებებით გამოდიოდნენ და დესტაბილიზაციით იმუქრებოდნენ? ამ ხალხის მიმართ ნდობა აღარ არსებობს რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, მგონია, რომ სწორი განცხადებები გაკეთდა. “ოცნების” ლიდერებმა თქვეს, რომ ამ ადამიანებმა მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაული უნდა მოინანიონ. ხელისუფლება ამბობს, რომ “ნაცმოძრაობას” და სააკაშვილს თუ ვინმესთან შესარიგებელი აქვს, ეს ქართველი ხალხია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მეორეც - ენმ არ აკონკრეტებს შერიგება ვისთან სურს, მხოლოდ “ოცნების” ამომრჩეველთან, თუ ზოგადად ქართველ ხალხთან, რომელმაც 2012 წელს ისინი ხელისუფლებიდან გაუშვა და უკან აღარ აბრუნებს”, - დაასკვნის ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა ძირეულად არ შეცვლილა. მისი აზრით, ეს არის პატარა ტაქტიკური ნაბიჯი და სააკაშვილს ჩვენი საგარეო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა სურს”, - დასძენს გამოცემა.

“ენმ ახლა ყველაფერს იგონებს იმისთვის, რომ როგორმე მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან. ახლა სააკაშვილი დასავლეთს აჩვენებს, რომ ვითომ შერიგების მომხრეა. ამავე დროს, მისი თანაგუნდელების რიტორიკაში ისევ მუქარა ისმის - ისინი მუქარანარევ შერიგების მოთხოვნას აყენებენ. კი არ ითხოვენ, არამედ მოითხოვენ, თან იმუქრებიან, რომ იგივე დესტრუქციას და პროვოკაციას გააგრძელებენ. ასეთი პრეცედენტი მე მგონი არც ერთ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ხდება. დიდად არაფერი შეცვლილა სააკაშვილის ლექსიკასა და ნარატივში. ის უბრალოდ ყოველდღიურად ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას გია აბაშიძე.

“დაინახა, რომ მისი ამომრჩეველიც კი ქუჩაში არ გამოდის, პროტესტი მილევადია და ეშინია აქტუალობა არ დაკარგოს. ხალხს აგრესია და დესტრუქცია ყელში ამოუვიდა, ამიტომაც რაღაცა ახალ კუთხეს ეძებს, რომ მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ისევ მოირგოს“, - თვლის აბაშიძე. მისივე თქმით, ასეთ დესტრუქციულ გარემოში, როდესაც ხელისუფლებას ოპოზიცია შერიგებას მუქარით სთხოვს, “ოცნებამ” ამაზე რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს, გაუგებარია. აბაშიძე ამბობს, რომ თუკი პოლიტიკოსს შერიგება უნდა, მაშინ ის ამას ჯერ საკუთარი დანაშაულების მონანიებით იწყებს - ბოდიშს იხდის და ჩადენილ შეცდომებს თუ დანაშაულს აღიარებს. სააკაშვილი კი ამას არ აკეთებს და თუ მან ბოდიში ხალხს არ მოუხადა, ხელისუფლებასთან შერიგება როგორ უნდა მოხდეს, წარმოუდგენელია”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა