სალომე სამადაშვილი რატი ბრეგაძეს - კარგია, რომ პარლამენტში აღიარებითი ჩვენება მიეცით, სტრასბურგში წარდგენა მოგიწევთ - ახლა რამდენიც გინდათ იღლიცინეთ და იოხუნჯეთ ​

კარგია, რომ პარლამენტში თვითაღიარებითი ჩვენება მიეცით, სტრასბურგში წარდგენა მოგიწევთ - ახლა იღლიცინეთ რამდენიც გინდათ და იოხუნჯეთ, ამ დარბაზში ეძებეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ შეახსენოთ საკუთარ თავს, ვინ ხართ, რანი ხართ, რისთვის მოხვედით სახელმწიფოს მართვაში და პოლიტიკაში“,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პლენარულ სხდომაზე.

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძის მინისტრობის პერიოდი ხანმოკლე იქნება, ამასთან ის პასუხისგებაშიც აღმოჩნდება.

„ძალიან ბევრი საქმე წავა სტრასბურგში, რომელიც ეხება თქვენი მინისტრობის პერიოდს საქართველოში, რაც ხანმოკლე აღმოჩნდება მერწმუნეთ. ძალიან კარგია, რომ დღეს, პარლამენტში თვითაღიარებითი ჩვენება მიეცით, რაც იმ საქმეებს შეეხება, რომელსაც აუცილებლად განიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო. ეს საქმეები შეეხება პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, რომელიც აქ დაგვიდასტურეთ, რომ თქვენი პირადი მითითებით დაირღვა.

არაფორმალური მმართველობა არ გვაქვსო, არავინ არაფერს მეუბნებაო. კარგია, რომ საკუთარ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას. სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის ადვოკატებს გამოადგებათ ის თვითაღიარებითი ჩვენებები, რომელიც თქვენ მიეცით. მგონი, საკმარისად არ გაქვთ განვითარებული ანალიზის უნარი, გაანალიზოთ რა გააკეთეთ აქ.

მეგობრულ განმარტებად მიიღეთ ჩემი სიტყვები. თქვენ დღეს დაადასტურეთ, რომ გაეცით ბრძანება, დარღვეულიყო პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როდესაც ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვეთ. თქვენ დაადასტურეთ, რომ სააკაშვილს თანხმობა არ მიუცია, რომ გადაყვანილი ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულებაში. თქვით, რომ ამის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. სხვა აზრზეა სახალხო დამცველი, როგორც ამ ქვეყანაში, ისე უკრაინაში.

ბატონო, მინისტრო, სტრასბურგში წარდგენა მოგიწევთ, შესაბამისად პასუხისგებაში აღმოჩნდებით არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, არამედ იმის გამოც, რომ თქვენს წინააღმდეგ შესაბამის სარჩელს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე უკრაინა, რომლის მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევა დაადასტურეთ საქართველოს პარლამენტში. ახლა იღლიცინეთ რამდენიც გინდათ და იოხუნჯეთ. ამ დარბაზში ეძებეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ შეახსენოთ საკუთარ თავს, ვინ ხართ, რანი ხართ, რისთვის მოხვედით სახელმწიფოს მართვაში და პოლიტიკაში“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის შეფასებით, მინისტრის და უმრავლესობის წევრების გამოსვლები „მოსასმენად მოსაწყენია“, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის გარდა, არაფერი აქვთ სათქმელი“.

„ ახლა, როდესაც ვისმენდი მინისტრის პასუხს და უმრავლესობის წევრების გამოსვლას, მივხვდი, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს პრობლემა არის იდენტობის პრობლემა. არ იცით ვინ ხართ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ არ განსაზღვრავთ საკუთარ იდენტობას. მუსიკაში არსებობს ერთაკორდიანი ნაწარმოები, რომელიც მოსასმენად მოსაწყენია, ასეთი მოსასმენად მოსაწყენი გახდა თქვენი პოლიტიკური გამოსვლები. „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის გარდა, არაფერი გაქვთ საერთოდ სათქმელი. ბატონო, ანრი (ოხანაშვილი) , ჩრდილოეთ კორეაში სიცილიც აკრძალეს 11 დღის განმავლობაში და თქვენ ოპოზიციას ისეთ ცენზურას უწესებთ ვინ რა უნდა თქვას, რომ შეიძლება მალე გაღიმებაც აგვიკრძალოთ დარბაზში, საცოდავი სანახაობაა ეს ყველაფერი", - განაცხადა სამადაშვილმა.

მან იუსტიციის მინისტრს ურჩია გაეცნოს ევროპარლამენტის ანგარიშს, რას წერენ საპატიმროებში არაფორმალურ მმართველობაზე.

"რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო, რატი. არ ვიცი სად ისწავლეთ და რა ისწავლეთ, იმ პრეზიდენტის სტიპენდიანტი კი ბრძანდებით, დღეს რომ საპატიმროშია. მე რამდენადაც მახსოვს, ამ სტიპენდიის მისაღებად მინიმალური მოთხოვნა წერა-კითხვის ცოდნა იყო, ამიტომ ალბათ, წერა-კითხვას ფლობთ. ეს უნარ-ჩვევა უნდა გქონდეთ. გირჩევთ, გამოიყენოთ. ალბათ შეგიძლიათ გაეცნოთ მაგალითად human rights watch -ის ანგარიშებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს, რაც ადამიანის უფლებებს შეეხება ჩვენ ქვეყანაში. სახალხო დამცველის ანგარიშებს გაეცნოთ.

„შტადლერის“ მატარებელს, რომ ხედავთ ურეკში, ფიქრობთ, რომ ევროპაში ვართ, მაგრამ ევროპაში ვერ აღმოვჩნდებით, სანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არ შესრულდება და არ იქნება პოზიტიური შეფასება. გაეცანით ამ მიმართულებით ევროპარლამენტის ანგარიშს, რას წერენ ციხეში არაფორმალურ მმართველობაზე. გამოიყენეთ უნარ-ჩვევები, რომლის განვითარებაშიც, ამჟამად საპატიმროში მჯდომი სააკაშვილის სახელობის სტიპენდია დაგეხმარათ, რომ გაგევითარებინათ წერა-კთხვის უნარ-ჩვევები მაინც“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა