გიორგი ანთაძე - დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმების მიღების შემთხვევაში სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1921 წლის მოცემულობას

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ორგანიზაცია ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორსა და პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ანთაძე ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთს პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა, მოითხოვა რა რომ დასავლეთმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც ნატო არ გაფართოვდება, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ არა მარტო უკრაინაა საფრთხეში, რომლის საზღვრებთან რუსული ჯარები დგას, არამედ საფრთხეშია საქართველოც.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ პრეზიდენტი პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს და ცდილობს ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსს უარი ათქმევინოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

რუსული ულტიმატუმის პუნქტებს თუ გადავავლებთ თვალს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კრემლი არა თუ არ იმჩნევს „ცივი ომის“ შედეგებს, შეტევაზეა გადასული. მეტიც, ერთი შეხედვით უკან დასახევ სივრცესაც არ იტოვებს ვითარებაში, როცა რუსეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2%-იც არაა, ხოლო მისი ოპონენტების აშშ-ს, ჩინეთისა და ერთიანი ევროპის ერთად 75%.

უკრაინაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში რომ არც აშშ და არც ევროკავშირი საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, ცხადია, მაგრამ საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ 2022 წლის აშშ ბიუჯეტში თავდაცვის სფეროსთვის 777 მილიარდი აშშ დოლარი ჩაიდო, მაშინ როცა რუსეთის მთელი ბიუჯეტი 550 მილიარდს არ აღემატება.

მიუხედავად ამისა რეალობა ასეთია - მოსკოვი ახერხებს ევროპა გაზის კრიზისითა და უკრაინაში ომის დაწყებით აშანტაჟოს. მოსკოვის ულტიმატუმზე დასავლეთის რეაქციები ვნახეთ, მაგრამ ვიდრე ამ თემებზე ვისაუბრებდეთ, ვხედავთ, რომ პუტინის შეჩერებას დასავლეთი ვერ ახერხებს.

სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი ვერ ახერხებს პუტინის შეჩერებას და ახლა კრემლი მთელ დასავლურ სამყაროს ულტიმატუმის ენით ესაუბრება?

- ამ შეკითხვაზე ნაწილობრივი პასუხი ჩვენს ბოლო ინტერვიუში იყო, სადაც მე ავღანეთიდან აშშ-ს გამოსვლის ირგვლივ მომხდარი მოვლენები შევაფასე როგორც დასავლეთის უკუსვლის გაგრძელება, სადაც იგი გავლენის სფეროებით გასული და მიმდინარე საუკუნეების მიჯნაზე არსებულ რეალობას დაუბრუნდა.

ვლადიმერ პუტინის მიერ თქვენს მიერ ნახსენები შეთავაზებაც სწორედ ამ ისტორიული პერიოდის დროს არსებული რეალობის ახალი შეთანხმებით დაკანონებას ითხოვს. საუბარია პირდაპირ 90-იანი წლების მიწურულის რეალობის დაბრუნებაზე აღმოსავლეთ ევროპაში. ამის მიზეზი ლიბერალურ წესრიგზე დამყარებული დასავლური დემოკრატიის გლობალური დასუსტება და უკუსვლაა ავტორიტარული რეჟიმების ზეწოლის ფონზე. ამ დიდი ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ბოლო წლებში სწორედ რუსეთის ფედერაცია და მისი აგრესიული საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგია.

საუბარია პირდაპირ 90-იანი წლების მიწურულის რეალობის დაბრუნებაზე აღმოსავლეთ ევროპაში. ამის მიზეზი ლიბერალურ წესრიგზე დამყარებული დასავლური დემოკრატიის გლობალური დასუსტება და უკუსვლაა ავტორიტარული რეჟიმების ზეწოლის ფონზე. ამ დიდი ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ბოლო წლებში სწორედ რუსეთის ფედერაცია და მისი აგრესიული საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგია

მოგეხსენებათ, როგორც ბუნება, ისე გეოპოლიტიკური სივრცე ვერ იტანს სიცარიელეს და ძალაუფლების ვაკუუმი აუცილებლად ივსება სხვა უფრო აქტიური მოთამაშეების მიერ და ეს ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მომიჯნავე გეოპოლიტიკურ სივრცეებში.

სწორედ ამიტომ, შეიძლება თავდაცვის ბიუჯეტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით აღემატებოდეს მოწინააღმდეგისას, მაგრამ არ არსებობდეს მკაფიო, კონსოლიდირებული ნება ამ უპირატესობების გამოყენებისა, რასაც ბოლო ათწლეულია დასავლეთის რეაქციებში რუსეთის მოქმედებებზე ხშირად ვხედავთ.

მოსკოვიც თავის მხრივ, სხვადასხვა გზით აქტიურად ცდილობს აღნიშნული ტენდენციის ხელშეწყობას. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ბედავს მოსკოვი დღეს ულტიმატუმების ენაზე ესაუბროს მთლიანად ევრო-ატლანტიკურ სივრცეს.

რომ შევაჯამოთ, ეს შედეგი მეტწილად რუსეთთან მიმართებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის მხრიდან გამოჩენილი ინერტულობის შედეგია. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა რუსული სტრატეგიული კულტურისა და ისტორიული გამოცდილების სათანადო გააზრება.

ეს შედეგი მეტწილად რუსეთთან მიმართებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის მხრიდან გამოჩენილი ინერტულობის შედეგია. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა რუსული სტრატეგიული კულტურისა და ისტორიული გამოცდილების სათანადო გააზრება

- მოსკოვის ულტიმატუმზე დასავლეთის რეაქციები ვნახეთ. რჩება შთაბეჭდილება რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს დიალოგში შევიდეს რუსეთთან და კიდევ საკითხავია, ეს დიალოგი რა შედეგით დასრულდება.

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის მრჩევლის სალივანის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ კიევსა და თბილისს კარგის მოლოდინი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.

გასაგებია, რომ სალივანი დემოკრატიული პარტიაში გავლენიან კერისთან ერთად რუსეთის ლობისტებად მიიჩნევიან და სენატსა და კონგრესში „რესპუბლიკური“ პარტიის უმრავლესობა მათ პოზიციებს არ იზიარებენ, მაგრამ, ფაქტია, რომ მათი აქტიურობა საშუალებას აძლევს პრეზიდენტ პუტინს ისეთი ნაბიჯები გადადგას, როგორსაც დგამს.

პრეზიდენტ ბაიდენის კრიტიკოსები გამოთქვამენ იმედს, რომ იგი არ აღმოჩნდება ჩემბერლენი, რომელიც 1938 წელს ცდილობდა ჰიტლერის დაშოშმინებას, მაგრამ ამაოდ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ ჩემბერლენივით ისტორიულ შეცდომას არ დაუშვებს და ოცდამეერთე საუკუნეში, ამჯერად რუსეთთან „მიუნხენი-2“-ის მსგავს შეთანხმებას არ მოეწერება ხელი?

- თუკი რამეს გვასწავლის ისტორია, პირველ რიგში იმას, რომ- არასოდეს არ თქვა არასოდეს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია ამდაგვარ დათმობებზე დასავლეთის წასვლა, პირველ რიგში კი ვაშინგტონის, ვინაიდან ამგვარი შეთანხმების გაფორმება საბოლოოდ ნიშნავს ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგზე და ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული დღის წესრიგის დასასრულს.

ეს ნიშნავს მსოფლიო გადანაწილებაზე ხელმოწერას კლასიკური რეალიზმის ყველაზე ცუდი გამოვლინებებით, სადაც სუვერენული და მცირე სახელმწიფოების უფლება თავად აირჩიონ ალიანსები აბსოლუტურად ნიველირებულია და უგულებელყოფილია დიდი მოთამაშეების მხრიდან.

თუ ისტორიულ პარალელებს გავავლებთ, 1938 წელს ყველანაირი ბერკეტი და სამხედრო რესურსი არსებობდა იმისა, რომ არ მომხდარიყო ის რაც მერე მოხდა. სწორედ ნების არ არსებობა და არსებული რესურსების არა ეფექტური გამოყენება გახდა იმ სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფის მიზეზი რაც ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიის წინაშე განიცადეს.

თუ ისტორიულ პარალელებს გავავლებთ, 1938 წელს ყველანაირი ბერკეტი და სამხედრო რესურსი არსებობდა იმისა, რომ არ მომხდარიყო ის რაც მერე მოხდა. სწორედ ნების არ არსებობა და არსებული რესურსების არა ეფექტური გამოყენება გახდა იმ სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფის მიზეზი რაც ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიის წინაშე განიცადეს

არ შეიძლება დღეს იმავეს დაშვება, მითუმეტეს აშშ-ს გარეშე წარმოუდგენელია არსებული სამხედრო რესურსებით დღეს ცალკე აღებულმა ევროპამ რაიმე სერიოზული ჩართულობა მოახერხოს უკრაინის კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომად გადაქცევის შემთხვევაში.

თანაც მკაფიოდ ითქვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს სამხედრო ძალების დამატებით გაგზავნას პოტენციური ომის თეატრში. ამიტომ ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს პირველ რიგში კონკრეტული ნაბიჯებით გამყარებული მტკიცე ნების გამოხატვა მართებთ რუსეთის მუქარის მიმართ. მათი მხრიდან სწრაფი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს პირველ რიგში კონკრეტული ნაბიჯებით გამყარებული მტკიცე ნების გამოხატვა მართებთ რუსეთის მუქარის მიმართ. მათი მხრიდან სწრაფი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია

- ბევრი თვალსაზრისით საინტერესო გახლდათ მოსკოვის ულტიმატუმზე რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის მოსაზრებები.

მაკფოლმა კრემლს მოუწოდა რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება, დონბასში სეპარატისტებისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმა, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა, კალინინგრადიდან „ისკანდერების“ რაკეტების“ გაყვანას და სხვა.

გასაგებია, რომ ბატონ მაკფოლს აშშ-ში დღეს ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, მაგრამ, ფაქტია, რომ მოსკოვის ულტიმატუმზე მისი გამოხმაურება შესაძლოა შემთხვევითი არ იყოს. რას შეიძლება ნიშნავდეს და თქვენ როგორ აღიქვით მაკფოლის წინადადებები რუსეთთან დიალოგის დასაწყებად გაჟღერებული წინადადებები?

- მისასალმებელია ბატონი მაკფოლის ეს ისტორიული სამართლიანობით განმსჭვალული პუნქტები, თუმცა, სამწუხაროდ ეს მხოლოდ ლამაზ და სასურველ პოსტულატებად გვევლინება არსებული რეალობის გათვალისწინებით.

მისი ეს წინადადებები, სწორედ ლიბერალიზმისა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური ხედვით განმსჭვალული მიმართვაა, თუმცა სამწუხაროდ მსგავსი ხედვის რეალიზების შნო დიდი ხანია არ ჩანს დასავლეთ სამყაროს ლიდერშიფსა და გლობალურ პოლიტიკაში.

ასე, რომ ეს ყოველივე ლამაზ მოწოდებად დარჩება ალბათ მხოლოდ, ვინაიდან, ეს პუნქტები რუსეთის შეთავაზების სარკისებური ანარეკლია და ბუნებრივია მოსკოვისთვის მიუღებელი იქნება.

- დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მოსკოვის შეჩერება შესაძლოა თავის თავზე ჩინეთმა ივალდებულოს იმის სანაცვლოდ, თუ აშშ უარს იტყვის ტაივანის დახმარებაზე.

ისეთი პირი უჩანს, რომ პეკინის პოლიტიკის ნაწილია ისიც, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება შესთავაზა. სხვათა შორის, ამას მოსკოვი პეკინისგან კარგა ხანია ითხოვდა, მხოლოდ თავისი რესურსებით ააშენა გაზსადენი „ციმბირის ძალა“, მაგრამ ამაოდ.

რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში ჩინეთის ჩარევამ და ეს რა საფრთხეების შემცველია ერთი მხრივ აშშ-სთვის, ხოლო მეორე მხრივ ატლანტიკური ალიანსისთვის, რომლისგანაც კრემლი მოითხოვს უკრაინისა და საქართველოს ნატოში არმიღებაზე გარანტიები წერილობით მიიღოს?

- ტაივანის საკითხი თანაბარ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათის იმ დისკურსში რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. აშშ-ს მჭიდრო სამოკავშირეო-პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ტაივანთან. ასე, რომ ამ კავშირების „დახურდავება“ რაიმე ფორმით თანაბარ მნიშვნელოვნად მავნე იქნება გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის, ისე როგორც რუსეთის ულტიმატუმზე დათანხმება.

აშშ-ს მჭიდრო სამოკავშირეო-პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ტაივანთან. ასე, რომ ამ კავშირების „დახურდავება“ რაიმე ფორმით თანაბარ მნიშვნელოვნად მავნე იქნება გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის, ისე როგორც რუსეთის ულტიმატუმზე დათანხმება

რაც მთავარია, აშშ-ს მხრიდან უგუნურიც იქნებოდა მსგავსი ნაბიჯი, ვინაიდან ეს ჩინეთის რეგიონული ამბიციების საბოლოო განმტკიცებასა და გაძლიერებას პირდაპირ ხელს შეუწყობს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მიერ აზია-წყნარი ოკეანეთზე გაცხადებული სამხედრო-პოლიტიკურ აქცენტებს.

ცოტა ხნის წინ შექმნილი „აუკუსი“ პირველ რიგში სწორედ ჩინეთის ამბიციების რეგიონში შეკავებას ემსახურება. ამ ლოგიკით ტაივანის შეტოვება გაუგებარი იქნებოდა. ამასთან ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გამართულ ბრიფინგზე ნათლად ითქვა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ ეხება რუსეთის დასავლეთ მიმართულებაზე არსებულ გამოწვევებს. ასე, რომ მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება გამიკვირდებოდა.

უფრო ფართოდ ამ თემაზე 1 წლის წინ „ჯეოქესის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვსაუბრობ, რომელიც სწორედ ტაივანის საკითხის მნიშვნელობას ეხება თანამედროვე მსოფლიო წესრიგისთვის და ამ კონტექსტში თქვენი მკითხველისთვის შეიძლება საინტერესო იყოს.

- ბრიუსელი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებას ცდილობს. ამის კარგი მაგალითი იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან გამართული მოლაპარაკებები.

სომხეთმა და თურქეთმა ურთიერთობების დალაგებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნით. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბრიუსელი „დაბრუნდება“ სამხრეთ კავკასიაში და გაიხსნება თურქეთ-სომხეთის საზღვარი რაც ხელს შეუწყობს ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას?

- ვერ ვიტყოდი რომ ბრიუსელი რეგიონიდან გასულია. იგი სხვადასხვა ფორმატებით აქტიურად არის ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესებში.

ამასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არსებული ვითარების მონიტორინგში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა და მნიშვნელობა განუზომლად დიდია როგორც ჩვენთვის, ასევე დასავლეთისათვის არსებული სიტუაციის შესახებ მყისიერი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

რაც შეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, იმისათვის რომ აღნიშნული თემის სათანადო ანალიზი მოხდეს, ჯერ არ გავრცელებულა საკმარისი სანდო ინფორმაცია ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ სატრანზიტო დერეფნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. როდესაც ეს ხედვები რაიმე კონკრეტულ იერსახეს შეიძენენ და გარკვეული ეკონომიკური გათვლების გაკეთების საშუალება იქნება, მაშინ შეიძლება საუბარი კონკრეტულ ქმედებებსა და ინიციატივებზე.

ერთი რამ ცხადია, რომ რეგიონული სავაჭრო გზების ფორმატირების მცდელობების შემთხვევაში საქართველო უნდა შეეცადოს საკუთარი სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესების დაცვას და ამ თვალსაზრისით რეგიონული აქტუალურობის მაქსიმალურად შენარჩუნებას.

ერთი რამ ცხადია, რომ რეგიონული სავაჭრო გზების ფორმატირების მცდელობების შემთხვევაში საქართველო უნდა შეეცადოს საკუთარი სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესების დაცვას და ამ თვალსაზრისით რეგიონული აქტუალურობის მაქსიმალურად შენარჩუნებას

- თუ თურქეთ-სომხეთს შორის საზღვარი მართლაც გაიხსნა და ახალი სატრანსპორტო დერეფნები გაჩნდა, სამხრეთ კავკასიაში ვითარება იმაზე მეტად შეიცვლება, რა რეალობაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დადგა, როცა აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიების დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი.

თუ პროცესები ამ სცენარით განვითარდა როგორი იქნება ის ახალი რეალობა, რომელიც რეალურად შეიძლება ჩამოყალიბდეს?

- დღეს ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზით საფუძველზე, თუ გლობალურად არსებული საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები მეტნაკლებად იმავენაირად გაგრძელდა, მაშინ რეგიონული პროექტების უდიდესი ნაწილი რუსეთისა და თურქეთის ინტერესების გათვალისწინებით გადანაწილდება, ვინაიდან პირველ რიგში სწორედ ეს ორი ქვეყანა განსაზღვრავს რეგიონული გეოპოლიტიკური ბალანსის შინაარსს დასავლეთთან ერთად. ამასთან ორივე ჩვენი უმთავრესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.

შესაბამისად არ არის გამორიცხული საქართველოს მისი ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ მხრივ უფრო მრავალვექტორიანი საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს.

ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმუმი მივიღოთ ასეთ ვითარებაში, ოღონდ არა სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების დათმობის სანაცვლოდ, ვინაიდან ამდაგვარი სცენარის შემთხვევაში არსებობს უარყოფითი ეკონომიკური ფაქტორების წარმოშობის ალბათობა.

სწორედ ამიტომ გრძელვადიანი ეკონომიკური უსაფრთხოების დაგეგმვის თვალსაზრისით აუცილებელია დღეს შესაბამისი კალკულაციები და დამატებითი ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების მიმართულებების დამუშავება. ამ კონტექსტში უნდა მივუბრუნდეთ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხსაც.

გრძელვადიანი ეკონომიკური უსაფრთხოების დაგეგმვის თვალსაზრისით აუცილებელია დღეს შესაბამისი კალკულაციები და დამატებითი ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების მიმართულებების დამუშავება. ამ კონტექსტში უნდა მივუბრუნდეთ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხსაც

- ამ მოვლენების ფონზე მოსკოვში თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ ინიციირებული 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა. მართალია, მასში მონაწილეობა ქართულ მხარეს არ მიუღია, მაგრამ ქართული დროშა და საქართველოს წარმომადგენლისთვის ცარიელი სკამი იდგა.

სამხრეთ კავკასიაში ანკარას, მოსკოვსა და ირანს განსხვავებული მიზნები აქვთ, მაგრამ ფაქტია, ერთმანეთთან კარგად თანამშრომლობენ იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონი და ბრიუსელის პოზიციები არ გაძლიერდეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, - „ველოდებით, რომ საქართველო 3+3 ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.“

ბევრჯერ ითქვა, რომ ამ ფორმატში ოფიციალური თბილისის მონაწილეობა საქართველოს გაცხადებულ საგარეო პრიორიტეტებს არ შეესაბამება. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადება და უნდა მიიღოს თუ არა ამ ფორმატში ქართულმა მხარემ მონაწილეობა?

- თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაში უკვე არის პასუხი ნაწილობრივ. მსგავსი საკითხის წამოწევა დასავლეთის ჩაჩოჩების მორიგი მცდელობაა, ვის გარეშეც მსგავს ფორმატში მონაწილეობა დღეს საქართველოსთვის, მისი საგარეო-პოლიტიკური კურსის პირობებში მიუღებელი უნდა იყოს.

დღევანდელ რეალობაში საქართველოს არ შეუძლია ამ მაგიდასთან იმდაგვარი მყარი დიპლომატიური პოზიციების წარდგენა რისი მეშვეობითაც მოხდებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზაცია, ან მნიშვნელოვანი პროგრესი იმ მიმართულებით, როგორიც მაგალითად დეოკუპაციაა.

ამიტომ მსგავსი ფორმატი დასავლეთის თანამონაწილეობის გარეშე დღეს ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს. საქართველო 3+3 ფორმატში ის სუსტი რგოლი იქნება, რომელსაც უაღრესად გაუჭირდება საკუთარი ინტერესების დაცვა, აღარაფერს ვამბობ რუსეთთან ერთად ამ ფორმატში მონაწილეობის სიმბოლურ და დიპლომატიურ მხარეზე.

საქართველო 3+3 ფორმატში ის სუსტი რგოლი იქნება, რომელსაც უაღრესად გაუჭირდება საკუთარი ინტერესების დაცვა, აღარაფერს ვამბობ რუსეთთან ერთად ამ ფორმატში მონაწილეობის სიმბოლურ და დიპლომატიურ მხარეზე

ჯერ ამის სათანადო პირობები და გარემოებები არ დამდგარა. ჩვენ შეგვიძლია ორ მხრივ ფორმატებში გავაგრძელოთ ურთიერთობები და დავამუშაოთ ნებისმიერი საკითხი ანკარასთან, ერევანთან და ბაქოსთან.

მითუმეტეს თბილისი ის დედაქალაქია, სადაც სამივე მხარესთან შეიძლება საუბარი და ამ მხრივ ჩვენი პოზიტიური როლი უკვე ვითამაშეთ ყარაბაღის ომის კონტექსტში. ასევე არსებობს საკმაოდ წარმატებული მოქმედი სამმხრივი ფორმატი ბაქოსთან და ანკარასთან. მოსკოვთან კი შეგვიძლია უკვე არსებული ფორმატები გამოვიყენოთ.

- როგორი შეიძლება იყოს რუსეთის რეაგირება დასავლეთის მხრიდან შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში?

- დღეს ამის ზუსტი პროგნოზირება საკმაოდ რთულია, თუმცა ცხადია რომ ბოლო პერიოდში მოსკოვის აქტივობები უკრაინის საზღვართან მუქარის ხასიათს ატარებდა საგარეო პოლიტიკურ ავანსცენაზე შესაბამისი ვაჭრობისათვის სასურველი დუღილის ტემპერატურის მისაღწევად. ამაზე მეც არა ერთხელ დავწერე.

დასავლეთის მხრიდან მტკიცე უარის მიღების შემთხვევაში მოსკოვისათვის რეაგირება უკვე მისთვის ასე „საყვარელი“ და სენსიტიური - პრესტიჟის საკითხი იქნება. ამ რეაგირების შინაარსი კი შეიძლება როგორც ფართომასშტაბიანი ომის დაწყება გახდეს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე უფრო ლოკალური სამხედრო-პოლიტიკური კრიზისების ახალი კერების გაჩენაც, მათ შორის უკრაინაშიც. ასევე ყურადღების სულ სხვა მხარეს, იგივე ამიერკავკასიაში გადმოტანა და აქ მოქმედება.

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი სადაც მოსკოვის მის სრულ ოკუპაციას ეცდება ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან ძნელი იქნება მოსკოვისთვის სასურველი ახალი მშვიდობის დამყარების კონდიციების მიღწევა. მაშინ მოსკოვმა ბლიცკრიგი უნდა განახორციელოს მთავარი სამხედრო ამოცანების სწრაფი რეალიზაციისთვის, რაც ვერ იქნება მარტივი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბელარუსის კონფლიქტში ჩართულობის ალბათობა და როლი. ამიტომ, უკრაინაში შეზღუდული სამხედრო მიზნების რეალიზების მცდელობა უკრაინაში ესკალაციის სცენარში ყველაზე უფრო სავარაუდო ვარიანტია.

უკრაინაში შეზღუდული სამხედრო მიზნების რეალიზების მცდელობა უკრაინაში ესკალაციის სცენარში ყველაზე უფრო სავარაუდო ვარიანტია

სიტუაცია ჯამში საკმაოდ სახიფათოა, პირველ რიგში ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც მის პოტენციურ მოკავშირეებსა და პარტნიორებისგან მოშორებით, გეოგრაფიულ და ლოგისტიკურ პერიფერიაზე იმყოფება.

ასეთი სცენარში მოსკოვის მხრიდან ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება სწორედ 3+3 ფორმატში თბილისის იძულებით მონაწილეობის მცდელობაც გახდეს, რაც შემდგომ თანმდევ რისკებს გაუჩენს თბილისს. ვარიანტია ბევრია, შესაბამისი უწყებები ამის ანალიზს უნდა ეწეოდნენ და ემზადებოდნენ.

ასეთი სცენარში მოსკოვის მხრიდან ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება სწორედ 3+3 ფორმატში თბილისის იძულებით მონაწილეობის მცდელობაც გახდეს, რაც შემდგომ თანმდევ რისკებს გაუჩენს თბილისს. ვარიანტია ბევრია, შესაბამისი უწყებები ამის ანალიზს უნდა ეწეოდნენ და ემზადებოდნენ

- თუ კოლექტიურმა დასავლეთმა კრემლის ულტიმატუმს არასაკმარისად მკაფიოდ და ეფექტურად ვერ უპასუხა, რუსეთმა რუსეთის საზღვრებიდან არ გაიყვანა თავისი ძალები და გააგრძელა ვაშინგტონისა და ბრიუსელი ომის დაწყებით შანტაჟი, აქტუალური თემა იქნება ასეთ ვითარებაში როგორი იქნება საქართველოს ქცევა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსი ექსპერტების ვარაუდით 2022 წელი იქნება გადამწყვეტი იმ თვალსაზრისით, რომ ერთ წელზე მეტ ხანს ვერ შეძლებს პუტინი მსოფლიოს დაშანტაჟებას, მთავარია მთელი ეს ერთი წელი არ დავკარგოთ სიფრთხილე და სრულ კოორდინაციაში ვიყოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

იმ შემთხვევაში თუ უკრაინის ირგვლივ პროცესები ჩვენთვის არასასურველი სცენარით განვითარდა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ასეთი მოსაზრება გამოთქვა - „ასეთ ვითარებაში ჩვენს ქვეყანას მოუწევს ორგანზომილებიან - გლობალურ-რეგიონულ წესრიგთან მორგება. ორივესთან ორგანულად შეწყობა ერთი და იმავე რანგის ამოცანა იქნება“.

თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ჩვენთვის არასასურველი სცენარით განვითარდა, ასეთ ვითარებაში სავარაუდოდ როგორი საგარეო პოლიტიკის გატარება მოუწევს საქართველოს?

- არასასურველი სცენარით მოვლენების განვითარება ზუსტად იმას გულისხმობს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ანუ მსოფლიო გადანაწილებაზე ხელის მოწერას და გავლენის ზონების დაბრუნებას ევროპაში. ამასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება რა შინაარსის შეთანხმება მოხდება.

თუ შეთანხმების არსებულ შეთავაზებულ ტექსტს გავითვალისწინებთ, როგორც უკრაინის, ასევე ჩვენი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი მოიხსნება და რა ფორმას მიიღებს დასავლეთის მხრიდან ამის ჩვენთვის მოწოდება და ბუქარესტის სამიტის დანაპირების უკან წაღება ცალკე საკითხია კიდე.

დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმების მიღების შემთხვევაში ჩვენი ყველა სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა და პროგრამაც უნდა შეჩერდეს აშშ-სთან და ევროპასთან. ასეთ ვითარებაში, სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1921 წლის მოცემულობას.

დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმების მიღების შემთხვევაში ჩვენი ყველა სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა და პროგრამაც უნდა შეჩერდეს აშშ-სთან და ევროპასთან. ასეთ ვითარებაში, სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1921 წლის მოცემულობას

იმისთვის რომ ანალოგიური შედეგებით არ დავასრულოთ, საქართველოს ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის საჭირო იქნება მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკური ბალანსირება, რაც დღეს ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში უკიდურესად რთულად რეალიზებადი იქნება. მითუმეტეს მსგავსი პოლიტიკა საკმაოდ განვითარებულ ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტებს მოითხოვს.

ამიტომ, ამ პოტენციური შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთის პასუხი დღეს რუსეთის ულტიმატუმზე უნდა იყოს მკაფიო და ქმედითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგარეო-პოლიტიკური ქარტეხილების წინააღმდეგ ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების ამარად დავრჩებით და როგორც სტრატეგიის ისტორიული ლოგიკა გვასწავლის, მოკავშირეების გარეშე წინააღმდეგობა ძალზედ რთული ამოცანაა.

დასავლეთის პასუხი დღეს რუსეთის ულტიმატუმზე უნდა იყოს მკაფიო და ქმედითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგარეო-პოლიტიკური ქარტეხილების წინააღმდეგ ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების ამარად დავრჩებით და როგორც სტრატეგიის ისტორიული ლოგიკა გვასწავლის, მოკავშირეების გარეშე წინააღმდეგობა ძალზედ რთული ამოცანაა

აღნიშნული რისკების მაქსიმალური ნიველირებისათვის კი, საქართველოს დემოკრატიის განვითარება და პოლიტიკური კონსენსუსი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ირგვლივ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საერთო ეროვნული ძალისხმევა უნდა იყოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს