რამაზ საყვარელიძე - რადგან მარცხი შეუძლებელია იყოს „ნაციონალების“ მიზანი, მათი მუდმივი წარუმატებლობა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიას სტრატეგია არა აქვს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, 2022 წლის საახალწლო ღამის აღნიშვნამაც ჩაიარა, კარგია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში საახალწლო განწყობა მაინცაა, მაგრამ საახალწლო ღამეს თვალში საცემი იყო თუ როგორ აღინიშნა იგი საქართველოში.

ტელევიზიებში საახალწლო ღამის აღნიშვნამაც დაგვანახა, რომ ისევე როგორც მთელი 2021 წელი 2022 წელს ქვეყანა პარალელურ სამყაროებში ყოფნისა და ცხოვრების რეჟიმში შეხვდა.

ქვეყნის პარალელურ სამყაროებში თანაცხოვრების ამ სურათში კორექტივები არც ხელისუფლების პირველი პირების მოლოცვებსაც არ შეუტანია. ამ მოლოცვებზეც ხალხის რეაქციაც განსხვავებული იყო. ცალკე საუბრის თემა შეიძლება იყოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოლოცვა, რომელსაც ცალკე აუცილებლად შევეხებით.

ტელევიზიებში თქვენ როგორი საქართველო დაინახეთ ახალი წლის ღამეს და თქვენს ირგვლივ ამ რამდენიმე დღეში რაც 2022 წელი დადგა?

- უპირველეს ყოვლისა, თქვენ და თქვენი ინტელექტუალური რუბრიკის შესანიშნავ მკითხველს ვულოცავ 2022 წლის მობრძანებას, ვუსურვებ მშვიდობიან და ჯანსაღ ცხოვრებას, ხვავს და ბარაქას ამ წელიწადში.

საახალწლო ღამის შოუებმაც გვანახა ჩვენი პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც გარე თუ შიდა მოკეთეების სალაპარაკო გახდა. პოლიტიკური ოპონენტები არამარტო გასაჭირს ხედავენ სხვადასხვანაირად, სიხარულიც სხვადასხვანაირი აქვთ. რითაც ერთი ზეიმობს, მეორისთვის სათაკილოა და - პირიქით.

საახალწლო ღამის შოუებმაც გვანახა ჩვენი პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც გარე თუ შიდა მოკეთეების სალაპარაკო გახდა. პოლიტიკური ოპონენტები არამარტო გასაჭირს ხედავენ სხვადასხვანაირად, სიხარულიც სხვადასხვანაირი აქვთ. რითაც ერთი ზეიმობს, მეორისთვის სათაკილოა და - პირიქით

დაპირისპირება დიდი სიახლე არაა საქართველოში. მძაფრი დაპირისპირება, სამწუხაროდ, გვინახავს უახლეს ისტორიაში, როცა სამოქალაქო ომამდე მივიდა საქმე. მაშინ პოლიტიკურ დაპირისპირებას უფრო მეტი საფუძველი ჰქონდა - ხელისუფლების კანონიერების საკითხი იდგა, მაგრამ დრომ მაინც გადაფარა მაშინდელი სიმწვავე, დღეს ის დაპირისპირება აღარც ახსოვთ.

ამჟამინდელი დაპირისპირების საფუძველი არის კონკრეტული პირების სამართლებრივი დევნის საკითხი, რაც ნაკლებად ეხება მთელი საზოგადოებას.

მიტინგებზე და არჩევნებშიც გამოჩნდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილს უნდა ცხოვრება დესტაბილიზაციაში გადასული დაპირისპირების გარეშე და ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისა, რომ ამ დაპირისპირების სიმწვავეც და ხანგრძლივობაც მცირე იქნება და მალე ამოწურავს საკუთარ თავს.

მიტინგებზე და არჩევნებშიც გამოჩნდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილს უნდა ცხოვრება დესტაბილიზაციაში გადასული დაპირისპირების გარეშე და ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისა, რომ ამ დაპირისპირების სიმწვავეც და ხანგრძლივობაც მცირე იქნება და მალე ამოწურავს საკუთარ თავს

- რადგან პრეზიდენტის მოლოცვა ვახსენეთ და რადგან მისი ინიციატივით დაწყებული პროცესი დაწყებულია, ალბათ სწორი იქნება, თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვით გავაგრძელებთ საუბარს.

თუნდაც ის, რომ საახალწლო განწყობების მიუხედავად პრეზიდენტის ტექსტზე სასაუბროდ მოიცალა ხალხმა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება არა მხოლოდ პოლარიზებულია, არამედ აშკარად ძალიან პოლიტიზებულიცაა.

პრეზიდენტის მოლოცვა საინტერესო და დამაფიქრებელი კი იყო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ არ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ სალომეს მიერ დაწყებული პროცესის წარმატებით დასრულების იმედი შეიძლება არსებობდეს. ასეთი პირი ამ პროცესს დაწყებისთანავე რომ უჩანდა, ბევრმა შენიშნა, და იგი პროცესის იმიტაციადაც კი შეაფასა

თქვენ როგორ აღიქვით პრეზიდენტის საახალწლო მოლოცვა და თქვენი დაკვირვებით სავარაუდო, როგორ შეიძლება დასრულდეს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული პროცესი?

- ჩვენ სადღეგრძელოებმა შეგვაჩვია, რომ თუ კეთილი სურვილი ლაზათიანად ითქმება, უკვე კარგია, რეალობას არა აქვს მნიშვნელობა.

უდავოა, რომ პრეზიდენტის სიტყვა კეთილ მიზნებს ისახავდა, ამიტომ შეუძლებელია არ მოგეწონოს. დაჩაგრულ ბავშვების თემა პოლიტიკოსების გაერთიანების თემას უფრო მკაფიოდ რომ დაკავშირებოდა, სათქმელი მოიგებდა - საქმე ყველაზე უფრო აერთიანებს ადამიანებს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციირებულ პროცესს, მისი ფუნქციები შეიძლება მერე უფრო გამოიკვეთოს. სამომავლოდ შეიძლება, პრეზიდენტთან შეხვედრა გახდეს პარტიების მოლაპარაკების თავისებური ადგილი, ტელეკამერების თვალს მოფარებული პოლიტიკური სათათბირო.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიცირებულ პროცესს, მისი ფუნქციები შეიძლება მერე უფრო გამოიკვეთოს. სამომავლოდ შეიძლება, პრეზიდენტთან შეხვედრა გახდეს პარტიების მოლაპარაკების თავისებური ადგილი, ტელეკამერების თვალს მოფარებული პოლიტიკური სათათბირო

- გასული წლის მოვლენების შეფასებისას თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საინტერესო მოსაზრება გამოთქვით -ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია.“

წლის ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ თქვენი ეს შეფასება სწორი იყო იქამდე, ვიდრე ხელისუფლებამ არ გადადგა იმ ტიპის ნაბიჯები, რომელთა განხორციელების შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს რომ ხელისუფლებამ მის სტრატეგიაში სერიოზულ ცვლილები შეიტანა.

მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით შემუშავება და მიღება. ეს მიუხედავად იმისა მოხდა, რომ ამ პროცესის შეჩერების მოთხოვნით მმართველ გუნდს ევროკავშირის, აშშ-ს, გერმანიის ელჩებმა, ასევე გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა მიმართა.

ამას წინ უძღოდა პარლამენტის სპიკერის კახა კუჭავას გადადგომა. თითქმის 30 წელია თვალს ვადევნებ პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ არ მახსენდება მაღალი თანამდებობიდან ადამიანის ისე გადადგომა, რომ წამსვლელი არა მარტო იღიმოდა, გახარებულიც კი იყო. საუბარია იმ ყოფილ სპიკერზე, რომელმაც პრორუსული ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა თავისი ხელით აღმართა.

გასაგებია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნამკურნალები მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი იქ დიდხანს ვერ დარჩებოდა, მაგრამ ის რომ, იგი ახალ წლამდე იქნა გადაყვანილი რუსთავის ციხეში, ეს რომ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ფაქტია.

თქვენ როგორ აღიქვით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, კუჭავას წასვლა, მმართველი გუნდის ეს და კიდევ სხვა ნაბიჯები? შეიძლება იყოს ეს იმის ნიშანი, რომ „ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო პოლიტიკა უფრო ხისტი იქნება?

- რთულია ცალსახა პასუხი თქვენს კითხვაზე, ბევრი რამ წარმატებაზეა დამოკიდებული - რაც წარმატების მომტანია, იქით მიდის ადამიანი, შეიძლება მოუქნელობა იყოს წამგებიანი, შეიძლება მოქნილობაც.

„ოცნებამ“ მოქნილი პოლიტიკით დაიწყო ოპოზიციასთან ურთიერთობა, რასაც კოჰაბიტაცია დაერქვა. შედეგად ოპოზიცია მომძლავრდა და ხისტად შეუტია ხელისუფლებას. მის არსენალში იყო სიძულვილის ენა, სიძულვილის პერფორმანსები, პარლამენტის აყროლება შიგნით და მისი შტურმი გარედან, ყველას ბულინგი, ვინც მათ არ ეთანხმება, უცხოელების ჩათვლით. წლების განმავლობაში მხოლოდ ამის კეთება ოპოზიციის სიხისტეა.

„ოცნებამ“ დაინახა, რომ მისი მოქნილობა წამგებიანი იყო და „ნაციონალების“ სიხისტე მომგებიანი. არ გამიკვირდება, რომ ამგვარი გაკვეთილის შემდეგ „ოცნებაც“ ხისტი გახდეს.

ოცნებამ“ დაინახა, რომ მისი მოქნილობა წამგებიანი იყო და „ნაციონალების“ სიხისტე მომგებიანი. არ გამიკვირდება, რომ ამგვარი გაკვეთილის შემდეგ „ოცნებაც“ ხისტი გახდეს

თავისთავად სიხისტე არც ცუდია და არც კარგი. სიხისტე ცუდია, როცა დაუფიქრებლობაა მისი მიზეზი, თორემ თუ ხისტი სტრატეგია პოლიტიკოსებმა შეგნებულად აირჩიეს, უკომპრომისობა შეიძლება წარმატებულიც იყოს.

ისტორიამ ამის ბევრი მაგალითი იცის. თქვენს მიერ ჩამოთლილი მოვლენების მიზეზები რა არის, მომავალში გამოჩნდება, ვნახოთ.

- საშინაო პოლიტიკაში ამგვარი ნაბიჯები რომ ოპოზიციის „მოთვინიერების პოლიტიკის“ ნაწილია, ცხადია. მაგრამ, აბსოლუტურად გაუგებარია მმართველი გუნდის რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი, ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური დამოკიდებულება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ.

არადა, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება იმდენად მყიფეა, ქვეყნის სუვერენიტეტი სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებზე რომაა დამოკიდებული სულ უფრო ცალსახა და ცხადია.

ხელისუფლების რიტორიკა პროდასავლური რომაა, ფაქტია, იგი იმასაც აცხადებს, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის განცხადების შესატანადაც ემზადება, მაგრამ, ამის პარალელურად ახერხებს ჩვენი პარტნიორების იგნორირებას.

სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ მმართველი გუნდის ლიდერშიფის განცხადებების ტონი და რიტორიკა?

- ეს კითხვა წინა კითხვის გაგრძელებაა. შეგეძლოთ გეკითხათ „ხელისუფლება რატომ გახდა ხისტი ჩვენი უცხოელი მეგობრების მიმართო?“. მეც იმავეს გიპასუხებთ, რაც წინ ვთქვი - შეიძლება სიხისტე დაუფიქრებლობის შედეგი იყოს, ან პირიქით - გააზრებული სტრატეგიის.

ხისტი პირდაპირობა შესაძლებელია გაიძულოს მეგობარმა, თუ იგი ჯიუტად არ ითვალისწინებს შენს მდგომარეობას და შეიძლება უბედურებას გადაგყაროს. ამერიკა, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, მოითხოვდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. პუტინმა განაცხადა „თუ დასავლეთი კოსოვოს აღიარებს, მე აფხაზეთს ვაღიარებო“. ქართველი დიპლომატები ითხოვდნენ ამერიკელებს უარი ეთქვათ კოსოვოს დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ამერიკელი კოლეგები პასუხობდნენ „ნუ ღელავთ, პუტინი ვერ გაბედავსო“.

2008 წლის თებერვალში დაიწყო დასავლეთმა კოსოვოს აღიარების პროცესი. უკვე 2008 წლის აგვისტოში პუტინმა „გაბედა“ და დაიწყო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების პროცესი, რაც გააკეთა საქართველოს აგრესიის საბაბით. ამერიკა შეცდა გათვლებში, ჩვენ კი გადავიხადეთ მისი შეცდომის ფასი. ეტყობა, მეგობრისგან უფრო დაჟინებით, ხისტად უნდა მოგვეთხოვა ანგარიშგაწევა.

ანალოგიურად, ახლაც ცდებიან ხოლმე ჩვენი მეგობრები სხვადასხვა შეფასებაში, მაგალითად იმაში, ვის დაერქვას „დემოკრატიის შუქურა“, რამდენად უნდა გაუწიონ ანგარიში ხალხის არჩევანს ამ ხალხის მეგობრებმა, რა განსხვავებაა სამართლებრივ და პოლიტიკურ დევნას შორის და ა.შ.

მეორე მხრივ, უდავოა, რომ დასავლელი მეგობრების გამოცდილება და მათი მხრიდან საქართველოს რეალური სიყვარული ჩვენთვის შეუფასებელი განძია. ამდენად, ავტომატური, დაუფიქრებელი არც თანხმობა ვარგა და არც დაუთანხმებლობა. იმ ავტორიტეტის მოპოვებასაც, რომ მეგობრებმა შენ დაგიჯერონ, დაფიქრება სჭირდება, ეგეც მოსაპოვებელია.

როგორიც არ უნდა იყოს „ოცნების“ და „ნაცების“ პოლიტიკა, მცირე პარტიებს სხვა გზა არა აქვთ გარდა იმისა, რომ შექმნან საკუთარი საჯარო სახე

- მმართველი გუნდის სტრატეგიაში გარკვეული ტიპის ცვლილებებზე მეტ-ნაკლებად ვისაუბრეთ.

მოდით ახლა შევეცადოთ გავერკვეთ თუ შეიძლება ასე ითქვა, ახალ რეალობაში როგორი სტრატეგი აქვს ერთი მხრივ „ნაციონალურ“ ოპოზიციას, ხოლო მეორე მხრივ ზოგადად ოპოზიციას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა სააკაშვილმა რუსთავის ციხეში შიმშილობა დაიწყოს. ამ თემაზე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ეს მოხდა, ეს იქნება ფატალური შედეგის მომტანი. მან ასევე თქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ ბრძოლის შემდეგ ეტაპზეა გადასულიო“

ჯერჯერობით არ ჩანს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს მესამე პრეზიდენტს, არც ის ჩანს, რომ მას ციხიდან გაათავისუფლებენ, ან სასჯელს გადაუვადებენ და სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაიყვანენ.

შექმნილ ვითარებაში როგორ შეაფასებდით „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიას?

- სტრატეგია არის მიზნის მიღწევისთვის ბრძოლის სცენარი. „ნაციონალები“ ჯერჯერობით კარგად ახერხებენ მარცხს და მარცხში მთელი ოპოზიციის ჩათრევას. ასეთი საერთო მარცხი რომ იყოს მათი მიზანი, მაშინ ვიტყოდით, რომ მათ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია. რადგან მარცხი შეუძლებელია იყოს „ნაციონალების“ მიზანი, მათი მუდმივი წარუმატებლობა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ „ნაციონალებს“ არა აქვთ სტრატეგია.

მათ აქვთ პოლიტიკური ბრძოლის გარკვეული არსენალი - ბოიკოტი, საპროტესტო აქცია, შიმშილობა და ა.შ. ამ არსენალს ხმარობენ ქაოტურად, სტრატეგიული გათვლის გარეშე და, შესაბამისად, უშედეგოდ.

ახლა ოფისთან შიმშილობა რომ დაიწყეს, რა სტრატეგიით იყო ნაკარნახევი, რაზე იყო გათვლილი? უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო ეს შიმშილობა სააკაშვილს რომ არ ეშველა და არ მოეთხოვა შიმშილობის შეწყვეტა. ჯერჯერობით ანალოგიურად ქაოსურია ყველა მათი ბრძოლა.

- მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არ იმჩნევს „ნაციონალების“ გარდა სხვა ოპოზიციური ძალების არსებობას, ისინი არსებობენ და ცდილობენ ჰქონდეთ თავისი დღის წესრიგი. მართალია, ისინი ამას რეალურად ვერ ახერხებენ, მაგრამ რომ ცდილობენ, ვხედავთ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენს მიერ ნახსენები თეზისი იმაზე, რომ - „ქვეყანაში პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია, უპირველესად სწორედ „ნაციონალების“ გარდა არსებულ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს ეხება.

თუ მმართველმა გუნდმა მართლაც დაიწყო საშინაო პოლიტიკაში უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება, ასეთ შემთხვევაში რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ უფრო გააქტიურდებიან და მათი აქტიურობა დღეისთვის არსებულ მოცემულობაში მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს?

- როგორიც არ უნდა იყოს „ოცნების“ და „ნაცების“ პოლიტიკა, მცირე პარტიებს სხვა გზა არა აქვთ გარდა იმისა, რომ შექმნან საკუთარი საჯარო სახე. ვთვლი, რომ სამ წელში ეს მოხერხდება, უკვე დღეს გვთავაზობენ ისინი ბევრ საინტერესოს.

მათ სტრატეგიული შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა გადაწყვიტეს „ნაციონალების“ შეცდომების გაზიარება. ბუნებრივია, მათ მოუწევთ საკუთარი სტრატეგიის ფორმირება. ყველასთვის სასურველია, რომ ამ პროცესის შედეგად მივიღოთ მრავალფეროვანი და პროდუქტიული ქართული პოლიტიკა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის