რომან გოცირიძე გახარიას პარტიის წევრებს - მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საგამოძიებო კომისიას ერთი ადამიანი აკლდება და გამოიჩინეთ სითამამე

თქვენ ბრძანდებით მშიშრები - შეგეშინდათ ორი გამოცდილი და ძალიან აქტიური ადამიანის, შალვა ნათელაშვილის და ბადრი ჯაფარიძის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კენჭი უნდა უყარონ ოპოზიციონერი დეპუტატების: ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

მისი თქმით, დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღები „ქართული ოცნება“ არ არის, გადაწყვეტილებას იღებს სხვა პირი.

ამასთან, რომან გოცირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა, რომ მხარი დაუჭირონ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

„მინდა გითხრა, რომ თქვენ ბრძანდებით მშიშრები, ოღონდ შეიძლება საწყენად არ მიიღოთ ეს, რადგან გადაწყვეტილებას თქვენ ვერ იღებთ. გადაწყვეტილების მიმღებები რომ იყოთ, მაშინ ნამდვილად იქნებოდა ეს ეპითეტი თქვენთვის საწყენი, მაგრამ გადაწყვეტილების იღებს სხვა. თქვენ გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ და არავის აქვს იმის ილუზია, რომ დღეს აქ რაიმე შეიცვლება. თქვენ შეგეშინდათ ორი გამოცდილი და ძალიან აქტიური ადამიანის - შალვა ნათელაშვილის და ბადრი ჯაფარიძის, რომელიც გამოირჩევა სხვა სტილით, სხვ ფორმით, თავისი ინტელიგენტურობითა და საპარლამენტო ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ჩვევებებით.

ახლა მინდა მივმართო გახარიას პარტიას. ამათი შიში მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიქმნას არცერთი კომისია. ეს არის ის პარტია, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ძალადობა და შანტაჟი. თქვენ ხართ ის პარტია, რომელსაც არჩევნების წინ 600 ადამიანი, კანდიდატებად უკვე დარეგისტრირებული, მოგახსნევინათ სუს-მა და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით, თქვენზე მოახდინეს, ფაქტობრივად, პოლიტიკური ზეწოლა. თქვენ ეს გამოცდილი გაქვთ. ამავე დროს, ოპოზიციას თუ „ქართული ოცნების“ მიღმა დარჩენილ პარტიას, უკვე გვაქვს გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში კოორდინაციისა. ამიტომ, მოგიწოდებთ პირდაპირ თქვენ, დღეს თქვენს პოლიტიკურ თვითშეგნებაზე არის დამოკიდებული ერთი რამ, - იქნება თუ არა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დევნისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საგამოძიებო კომისია, რომელიც ამხელს ბევრ რამეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ძალადობრივ ბუნებას. ერთი ადამიანი აკლდება და გამოიჩინეთ სითამამე“, - მიმართა გოცირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს.

გოცირიძის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უპასუხა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ერთი წელია, რაც პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ მისით იმდენად არის შეშინებული, რომ პარტიამ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის სახელი და გვარი „მესიჯბოქსიდან“ ვერ ამოიღო.

„მიშას პარტიის წარმომადგენელი ხართ და სხვებს ეძახით მშიშრებს. ერთი თქვა იმ კაცმა, რომ ამ ბოლო დროს არააქტუალური გავხდიო, ყველამ გადაიცვით მაისურები „Free Misha,“ მოხვედით აქ და მშიშრები სხვები ყოფილან. ერთი წელია ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან. იმდენად ხართ იმ კაცით შეშინებულები, რომ დღემდე ვერ ამოიღეთ „მესიჯბოქსიდან.“ რა შიში, რაზე ლაპარკობთ?!“, - უპასუხა მდინარაძემ გოცირიძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო