ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ლიდერებმა, დენის პუშლინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „უკრაინის შეიარაღებული ძალების აგრესიის მოგერიებაში დახმარება“ სთხოვეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
"კიევი აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზებას გამყოფი ხაზის გასწვრივ, ამავდროულად იღებს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, მათ შორის სამხედროს, შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სახელმწიფოებისგან. კიევის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს კონფლიქტი ძალის გამოყენებით გადაჭრას", - ნათქვამია ე.წ. ლიდერების მიერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილებში.
დიმიტრი პესკოვის განმარტებით, დენის პუშლინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა ვლადიმერ პუტინს დახმარება „რესპუბლიკებს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების საფუძველზე სთხოვეს.
„არსებული ვითარების ფონზე და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ორი რესპუბლიკის მეთაურები რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ფორმირებების აგრესიის მოგერიებაში დახმარებას სთხოვენ რუსეთსა და რესპუბლიკებს შორის გაფორმებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად“, - აღნიშნა პესკოვმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"