ხალხო, რა გინდათ, რას ცდილობთ - თვალებში შეგვხედეთ და გვითხარით, ვინ ვართ პრორუსულები, რომელ თქვენგანს გაგიკეთებიათ უფრო მეტი ევროინტეგრაციის გზაზე, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს? - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, ცუდია, როდესაც დღეს არსებულ ვითარებაში ხელისუფლებას ესხმიან თავს.
„მინდა, ოპოზიციას რიტორიკული კითხვა დავუსვა - ხალხო, რა გინდათ, რას ცდილობთ. ჩვენივე გაკეთებულ საქმეებზე, ქალბატონი ანა კითხულობს, რეზოლუციას შეუერთდებით თუ არააო. ეს რეზოლუცია ქართველი ხალხისთვისაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგში იყო, რომ 2024 წელს განაცხადს ვაკეთებდით, მაგრამ განაცხადს ახლა ვაკეთებთ. თქვენი მონაწილეობა ევროინტეგრაციის პროცესში მარტივია - დეპუტატები ხართ და ყოველდღიურად უნდა მიიღოთ მონაწილეობა კანონმდებლობის შემუშავებაში. ძალიან ცუდია, როდესაც ამ სიტუაციაში ხელისუფლებას ვესხმით თავს და სამშობლოს დისკრედიტაციას ვცდილობთ. გავიწყდებათ, რომ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული და 30 წელია ოკუპანტ ქვეყანასთან ომში ვართ. ბევრი მიმართულებით ვართ დაზარალებულები. მეგობრებო, ნუღარ ვცდილობთ, ერთმანეთი დავაზარალოთ“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ახალი მინისტრის პოსტის შექმნა პრობლემას არ გადაჭრის.
„ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას. არ მივიღებ შეურაცხყოფას მათ შორის იმ პარტიების წარმომადგენლებისგან, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ, მოგვნათლონ როგორც პრორუსული ძალა - თვალებში შეგვხედეთ და გვითხარით, ვინ ვართ პრორუსულები. რომელ თქვენგანს გაგიკეთებიათ უფრო მეტი ევროინტეგრაციის გზაზე, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს. დღენიადაგ ნუ ცდილობთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ საჯარო სექტორს და ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მინიმალური დანაკარგებით, მშვიდად გაიყვანონ საქართველო ფონს ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. გულწრფელად, არ მესმის, რას ცდილობთ და სახლში საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებით, გწამთ ის, რასაც ამბობთ? გწამთ, რასაც ტელევიზიებთან ღაღადებთ? ნაცვლად იმისა, რომ დღენიადაგ მოგვიწოდებდეთ, რომ რაღაცაში ჩავერთოთ, კარგად უნდა იცოდეთ, რომ ახალი მინისტრის პოსტის შექმნა პრობლემას არ გადაჭრის. სამინისტროები პრობლემას არ ჭრიან. თითოეული უწყების ყოველდღიური საქმიანობაა ევროინტეგრაცია. ღია ვართ. ასოცირების ხელშეკრულების 80%-ის შესრულება ჰაერიდან არ მოსულა. ჩაერთეთ ამ პროცესში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
მან ასევე უპასუხა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ კახა კალაძემ რუსულ კომპანიას 170 მლნ ლარის ხელშეკრულება გაუფორმა და აღნიშნა, რომ ტენდერებს კახა კალაძე არ ატარებს.
„ლევან ხაბეიშვილს შევახსენებ - სისტემები ლოზუნგებით არ მუშაობს. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი თავად ატარებს ტენდერებს. კახა კალაძე არ ატარებს. გაერკვიეთ, როგორ მუშაობს სახელმწიფო სისტემები“,- განაცხადა მაია ბითაძემ.