ხელი უნდა გადავუგრიხო ხელისუფლებას და უნდა აიძულო, რომ უკრაინის მიმართ იყოს უფრო კეთილგანწყობილი, ვიდრე დღეს არის, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის კონფლიქტის გაღრმავებას გულშემატკივრობს.
„მე ვგულშემატკივრობ კონფლიქტის გაღრმავებას, ძალიან ცივი გონებით, ყოველგვარი ცხელი გულის გარეშე. ვგულშემატკივრობ ამ კონფლიქტის გაღრმავებას“, - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, „დღეს სამყაროს ცენტრი კიევია და ვინც უფრო მიაბამს საქართველოს უკრაინისა და დასავლეთის თემებს და ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, ის პოზიტიურ როლს ასრულებს“.
„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, „ნაციან“ „ქოციან“, „ანტინაც-ქოციანად“, მოსახლეობა მთლიანად საქართველოში მხარს უჭერს უკრაინას. 10-დან 9 არის უკრაინის გულშემატკივარი, ანუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობა, შესამჩნევი უმრავლესობა, მხარს უჭერს უკრაინას და უკმაყოფილო არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციით.
გუშინ გამოქვეყნდა კვლევა, 41%-ს მოსწონს ღარიბაშვილის ტექსტები და 64%-ს მოსწონს სალომე ზურაბიშვილის ტექსტები. ამ დროს სალომე ზურაბიშვილი არ არის მთავარი მოთამაშე ამ სივრცეში.
იმიტომ ვგულშემატკივრობ ამ კონფლიქტის გაღრმავებას, რომ სულ უფრო და უფრო გაიზარდოს ჩვენი, პროდასავლელების, პროუკრაინელების, ქართული საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი ადამიანების რაოდენობა, ხარისხი და მაჩვენებელი.
ხელი უნდა გადაუგრიხო ხელისუფლებას და უნდა აიძულო, რომ უკრაინის მიმართ იყოს უფრო კეთილგანწყობილი, ვიდრე დღეს არის. დღეს თამაშობს, იქითაც-აქეთაც. დღეს არის სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, სადაც რუსეთი უნდა გარიცხონ და გარიცხავენ კიდეც. ვუყურებდი და ვერ დავინახე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, არ გამოდიან? თვალში არ მოვხვდეთ?“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"