ფოთში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლებს შეხვდა, მოისმინა მათი საჭიროებები და პრობლემები. პროგრამის გაუმჯობესება კი ამ შეხვედრის შედეგად გადაწყდა.
„პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება. ბენეფიციართა ასაკი 18 წლამდეა. ფოთელებისთვის, მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.