ჯუანშერ ბურჭულაძე ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აცრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს.

მათი განმარტებით, მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის ალიანსის გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც რეგიონში მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით.

ასევე, განიხილეს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები, მათ შორის ალიანსის გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების კიდევ უფრო გაღრმავებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა