საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრალდებებით, რაც უკრაინიდან ისმის, უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის მზადების შესახებ წინასწარ იცოდა.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გვესმის ასეთი სახის ბრალდებები. ბრალდებები მოვისმინეთ საქართველოს სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართ, ახლა, უნგრეთის მიმართ გვესმის. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყანას ბრალდებას წაუყენებ, რომ ის რუსეთთან კავშირშია. მე გუშინაც ვთქვი კომენტარში, რომ სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ამით უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ და შედეგიც არის, ვხედავთ,რომ საზოგადოებაში ამაზე რეაქცია აღარაა“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის მზადების შესახებ წინასწარ იცოდა.
"უნგრეთი რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შესახებ ღიად აცხადებს. უფრო მეტიც, უნგრეთი პუტინის მიერ წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ უკრაინას თავს დაესხმებოდა," - განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, უნგრეთს უკრაინის გარკვეული ტერიტორიის მითვისებაც სურდა.
"რატომღაც მათ სჯეროდათ, რომ შეძლებდნენ ტერიტორიიდან ნაწილის მიტაცებას. ეს არასდროს მოხდება. ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვება ამ ქვეყნისთვის ომს"- განაცხადა დანილოვმა.