შვედეთის ელჩი - შვედეთმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაზარდა, ამ დროისთვის სხვადასხვა განვითარების პროგრამებში 1 მილიარდი ლარის ორმხრივი ინვესტიცია განვახორციელეთ

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა შვედეთმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან ევროპაში უსაფრთხოების გარემო გაუარსებულია. როგორ უყურებს შვედეთი საქართველოს უკრაინსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტაგრაციას და უშლის თუ არა ხელს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება ხელს ევროკავშირში ინტეგრაციას - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

ინტერვიუ საქართველოში შვედეთის ელჩ ულრიკ თიდესტრომთან

-შვედეთი არის ქვეყანა, რომელიც მე-19 საუკუნიდან ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. თქვენი ქვეყანა არ მონაწილეობდა მსოფლიო ომებში და ასევე მოახერხა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ცივი ომის დროსაც. მაგრამ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შვედეთმა ფინეთთან ერთად გადაწყვიტა უარი ეთქვა ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანებულიყო. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ გადაწყვიტა შვედეთის მთავრობამ, რომ დროა ახლა შეუერთდეს ალიანსს?

-პირველ რიგში მადლობა დაინტერესებისთვის. შვედეთი ნეიტრალური ქვეყანა იყო, სანამ 1995 წელს არ შევუერთდით ევროკავშირს. მას შემდეგ ჩვენ არ გავწევრიანებულვართ სამხედრო ალიანსში. ახლა, რუსეთი აწარმოებს უკანონო, სასტიკ და სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. ამ ომმა ასევე ძირეულად შეცვალა უსაფრთხოების ვითარება ევროპაში. სიტუაცია არის 24 თებერვლამდე და არის 24 თებერვლის შემდგომ.

შვედეთის პოზიცია ნათელია. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ომს მაქსიმალურად მკაცრად და ჩვენი პასუხი ეყრდნობა სამ სვეტს: 1. მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მათი კანონიერი უფლებების დაცვაზე. 2. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. 3. უფრო ძლიერი შვედეთი.

ჩვენ ახლახან გადავწყვიტეთ ისტორიული ინვესტიციები განვახორციელოთ ჩვენს სამოქალაქო და სამხედრო თავდაცვაში და მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო კონსულტაციები შვედეთის პარლამენტის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ჩვენი უსაფრთხოების გარემოს გადახედვისა და შვედეთის უსაფრთხოების პოლიტიკაზე პოტენციური შედეგების მოსაფიქრებლად. ჩვენს პარტიებს შორის ამ მსჯელობის ანგარიში მაისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა. შემიძლია გაგიზიაროთ ის, რაც ამ მოხსენებაშია ნათქვამი.

ანალიტიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში ევროპაში უსაფრთხოების გარემო გაუარესებულია. ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ისეთი ხასიათის და მასშტაბისაა, როგორიც ევროპას არ განუცდია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთის ქმედებები იწვევს უსაფრთხოების სტრუქტურულ, გრძელვადიან და მნიშვნელოვან გაუარესებას ევროპაში და გლობალურად.

ამ მოხსენების დასკვნა არის ის, რომ შვედეთს სჭირდებოდა გადაეხედა, თუ როგორ შეიძლება ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების პოლიტიკა მრავალი თვალსაზრისით კარგად ემსახურებოდა შვედეთს. მაგრამ, როგორც ამ მოხსენებაშია ნათქვამი, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შვედეთს დაეხმარებოდნენ, თუ ჩვენ ვიქნებოდით სერიოზული საფრთხის ან თავდასხმის სამიზნე. ასევე, მიმდინარე კრიზისმა ცხადყო, რომ ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ მოკავშირეების დაცვას მოიცავს. ასევე აღნიშნულია, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება გაზრდის სამხედრო კონფლიქტების წინაღობებს და ამით გააძლიერებს უსაფრთხოებას ჩრდილოეთ ევროპაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო ფინეთის შეფასებები და დასკვნები.

ყოველივე ამის საფუძველზე და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა ნატოში გაწევრიანება.

-თუ რუსეთს შვედეთისთვის საფრთხედ აღვიქვამთ, რით განსხვავდება ეს საფრთხე 2008 წლის რუსეთ-საქართველოსა ან 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომისგან?

-უკრაინაზე რუსეთის მიმდინარე თავდასხმა ისეთი ხასიათისა და მასშტაბისაა, როგორიც ევროპას არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გულისხმობს უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვან და გრძელვადიან გაუარესებას ევროპაში და გლობალურ დონეზე. ეს არის ასევე აშკარა თავდასხმა ევროპის უსაფრთხოების წესრიგზე, მათ შორის ყველა ქვეყნის უფლებაზე, აირჩიოს თავისი მომავალი და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2008 წელს რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ მსუბუქად მივიღეთ. შვედეთი ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს მხარდაჭერაში, მათ შორის საქართველოში გადაუჭრელი კონფლიქტების საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებით. შვედეთი ასევე არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე. 2009 წელს შვედეთმა პოლონეთთან ერთად წამოიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელსაც საქართველოსთვის მოჰყვა DCFTA-სთან ასოცირების შეთანხმება და უვიზო რეჟიმი. მან ასევე მოიტანა ევროკავშირის მასიური მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების მიმართ, რაც თქვენს ქვეყანას გააძლიერებს და საქართველოს ევროკავშირთან დააახლოვებს. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, შვედეთმა გაზარდა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ჩვენ ვართ საქართველოს მესამე უმსხვილესი ორმხრივი დონორი და ამ დროისთვის განვახორციელეთ 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია სხვადასხვა განვითარების პროგრამებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროინტეგრაციის რეფორმებს და საქართველოს მდგრად განვითარებასა და განმტკიცებას.

-მას შემდეგ, რაც შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანება გადაწყვიტეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა და წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მიესალმებიან ამ ორ ქვეყანას ალიანსში. მათი თქმით, უახლოეს მომავალში შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები გახდებიან. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის ლიდერები ნატოს გაფართოებას საკუთარი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, „მოსკოვის პასუხი ჰელსინკის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებაზე იქნება „სიურპრიზი“ და გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული იქნება სამხედროების მიერ“. როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეების წინაშე დგანან ფინეთი და შვედეთი დღესდღეობით?

-არსებობს რუსული მუქარის რისკი. ჩვენ გვაქვს ამისთვის მზადყოფნა და ასევე მივიღეთ გარანტიები მნიშვნელოვანი პარტნიორებისგან. რასაც დავამატებ არის ის, რომ ნატოში გაწევრიანების განაცხადის გარეშეც შვედეთში რისკები იქნებოდა.

-ნატოს მე-10 მუხლის თანახმად, საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანახმობა ალიანსში ახალი წევრების მიღებაზე. როგორც ვნახეთ თურქეთის პოზიცია წინააღმდეგობრივია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოითხოვა "წერილობითი შეთანხმება" ფინეთისა და შვედეთის მხრიდან, რათა მათ "ტერორიზმის მხარდაჭერა" შეწყვიტონ, თუ მათ სურთ ნატოში გაწევრიანება. როგორია შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა?

-როდესაც შვედეთმა და ფინეთმა გადაწყვიტეს ნატოში გაწევრიანება ჩვენ მივიღეთ ბევრი მხარდამჭერი გზავნილი ნატოს მოკავშირე ქვეყნებიდან და გენერალური მდივნისგან, სადაც ძირითადად ნათქვამია, რომ შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ ევროპის საერთო უსაფრთხოებას. ეს გააძლიერებს ნატოსაც. ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს თურქეთთან. ეს არის კონსტრუქციული დიალოგი და მოველი, რომ ის გაგრძელდება.

-მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა მას მკაცრი სანქციები დაუწესეს. ასევე, ისინი ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე და გამონახონ ალტერნატიული გზები. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა ევროპული ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის მინიმუმამდე შემცირებას და არ მისცემენ უფლებას რუსეთს ეს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს?

-სწორედ მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ლიდერები პრინციპულად შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე და ის მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის იმპორტის თანდათანობით აკრძალვას. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს. თითოეული სანქციის და არა მხოლოდ უახლესი პაკეტის მიზანია, რომ რუსეთმა შეაჩეროს ეს ომი, თუნდაც ამ უკანონო და სასტიკი ომის დასაფინანსებლად მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. როდესაც საქმე ეხება ნავთობის ახლად გადაწყვეტილ ემბარგოს, ის ასევე დაგვეხმარება დავაჩქაროთ გადასვლა განახლებად ენერგიაზე, რომელიც საჭიროა კიდევ ერთი კრიზისის დასაძლევად, რომელზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ, კერძოდ, კლიმატის კრიზისზე.

-2022 წლის მარტში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად გააკეთეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ცოტა ხნის წინ, სამივე ქვეყანამ შეავსო ევროკავშირის კითხვარი. უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა მიიჩნევს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოცდა მოუწევთ და უკრაინის საქმე ცალკე უნდა განიხილონ. როგორც ევროკავშირის წევრს, შეგიძლიათ გვითხრათ, რა შანსები აქვთ ამ ქვეყნებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები უახლოეს მომავალში და შეიძლება თუ არა ევროპაში დღეს არსებულმა ვითარებამ გავლენა იქონიოს ამ პროცესზე?

-ძალიან მოკლე ვადაში ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს და შემდეგ დისკუსიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. მე არ გავაკეთებ სპეკულირებას ან ნაადრევ კომენტარს კომისიის მოახლოებულ ანგარიშზე ან წევრ ქვეყნებს შორის მომავალ დისკუსიებზე. მე მხოლოდ ზოგადი ხასიათის 3 საკითხს გამოვყოფ.

პირველი: ევროინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია. თუ გადავხედავთ ევროკავშირის გაფართოების პროცედურებს, წესებს და ისტორიას, ვიცით, რომ განაცხადიდან პოტენციურ კანდიდატის სტატუსამდე შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. და აქედან გამომდინარე, ხშირად მოლაპარაკებების პოტენციური დაწყებამდე მრავალი წელი გადის, შემდეგ კი პოტენციური წევრობისთვის შემდგომი წლები. ევროკავშირის გაფართოება არასოდეს არის სწრაფი გამოსავალი და არ არსებობს მოკლე გზა.

მეორე: ამ გრძელვადიან პროცესში არის რაღაცები, რისი გაკეთებაც საქართველოს და მხოლოდ თავად საქართველოს შეუძლია თავისი შანსების გასაუმჯობესებლად. ეროვნული ერთიანობის აშენება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის ევროპული ღირებულებების დაცვაში აბსოლუტური სიმტკიცე - ეს ღირებულებები არის ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საფუძველი. საქართველომ უნდა გააგრძელოს და დააჩქაროს უფრო ფართო რეფორმის პროცესი.

მესამე: შვედეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის რეფორმებში. რეფორმების გაგრძელება არის გზა ევროპისკენ.

-მინდა გკითხოთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები მუდმივად კამათობენ და ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან. ბოლო დროს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გახდა. მმართველი პარტია ამას სამართლებრივ პროცესად მიიჩნევს, ოპოზიცია კი პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს უწოდებს. ფიქრობთ, რომ ამ პროცესებმა და ქვეყანაში არსებულმა დაძაბულობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე?

-ცხადია, პოლიტიკური განხეთქილება არ არის კარგი თავად საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ დაპირისპირებას შეუძლია საქართველო დაუცველი გახადოს, ასევე ენერგია გამოაცალოს და ყურადღება გადაატანინოს რეფორმის პროცესებიდან. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ორი მიმართულებით ვხედავ. ერთი მხრივ, გაზრდილია უსაფრთხოების რისკები მთლიანად ევროპისთვის. მეორე მხრივ, არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მე მჯერა, რომ ორივე ამ მიზეზის გამო, უფრო ძლიერი ეროვნული ერთობა საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება. ეს არის გაერთიანების მომენტი.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ჩემი აზრით, საქართველოში საკმაოდ ფართო შეთანხმებაა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება სასამართლო სისტემის რეფორმებისა და ნდობის გასაზრდელად. ამისთვის კარგი საგზაო რუკებია (მიმართულებებია) ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგში, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებასა და ვენეციის კომისიის და ეუთოს რეკომენდაციებში. მე მხოლოდ მივესალმები რეფორმების გაგრძელებას.

რაც შეეხება, კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებს ჩვენ მათ ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ვითვალისწინებთ, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაკეთებულ შეფასებას. ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან არის თითოეული მოქალაქისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ყველა პატიმრის უფლებების სრულად დაცვა.

ბექა ბერიაშვილი

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია