გიორგი გახარია - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში ივანიშვილია - „ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია და არც პროქართული, პრობიძინურია

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში, ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ქვეყნის სათავეში ფორმალურად, ვერც მთავრობის ხელმძღვანელი და ვერც პარტიის თავმჯდომარე ვერ იქნებიან.

„ზურაბიშვილმა ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვა; მისი თქმით, წელიწადნახევარია ქვეყანაში პრობლემები დაიწყო დემოკრატიზაციის თვალსაზრისით და კიდევ სხვა მიმართულებით. ისიც თქვა, რომ წელიწადნახევარია თვალით არ უნახავს ბიძინა ივანიშვილი. ამაში არის რაღაც სიმბოლური, ქვეცნობიერთან დაკავშირებული რამ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია და ვერ იქნება ვერც ფორმალურად, მთავრობის ხელმძღვანელი ან პარტიის ხელმძღვანელი, აქ ჩვენ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს როგორმე მოვერიოთ, ჯერ ობიექტურად შევაფასოთ, სად ვართ და რა მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დღეს არა თუ პროევროპულია ან პრორუსულია, არამედ „პრობიძინურია“.

„ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია, სამწუხაროდ, არც პროქართული არ არის. „ოცნება“ არის თავისიანი, მას უნდა ძალაუფლება ჰქონდეს. პრობიძინურია. მთელი ეს სტრუქტურა ემსახურება ამ კონსოლიდირებული ძალაუფლების შენარჩუნებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ასევე ისაუბრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დებატების დაანონსების საკითხზე.

გახარიას განცხადებით, მაშინ, როდესაც უახლოეს კვირებში უნდა გადაწყდეს საკითხი, საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მსგავსი დებატების გამართვა არასწორია და ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ერთმანეთი ლანძღონ.

„მდგომარეობა ძალიან მარტივია: პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ელემენტარულ საზედამხედველოს. მაგალითად, პარლამენტში „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა“ ოპოზიციამ დააინიცირეს დებატები, პროცესში, როდესაც ჩვენი კანდიდატობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ჯერ ერთი, ჩვენ ამ ყველაფერს უკვე მიერთებული ვართ. ხელი გვაქვს მოწერილი, ვალდებულება გვაქვს აღებული. დღეს, როდესაც ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი 4 კვირაა, არ შეიძლება ისეთ თემებზე დავა, რომელიც ნათელია, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები უკვე შეთანხმდნენ. რა უფლება აქვს ან „ნაციონალურ“ ოპოზიციას ან „ოცნებას,“ მაშინ, როდესაც პროცესი მიმდინარეობს და მთელი მსოფლიო ჩვენგან, როგორც ზრდასრული სახელმწიფოსგან, ელოდება ერთიანობას ისეთ საკითხზე მაინც, რაზეც ჩვენი მოქალაქეები შეთანხმდნენ. ახლა ესენი უბრალოდ კეკლუცობენ და მიმართავენ რაღაც დებატებს, წარმოუდგენელ რამეს პროცესში და ამ დებატებს იყენებენ იმისთვის, რომ ერთმანეთი ლანძღონ. ამიტომ ვთქვი, გაჩუმდით რაა!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ის გზავნილები და განცხადებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში გააკეთა, ეს ყველაფერი მოდის თუ არა ივანიშვილისგან ცენტრალიზებულად, გახარიამ უპასუხა: „არა, ჩვენ გვყავს ისეთი ვაჟკაცი პარლამენტარები და პოლიტიკოსები „ოცნებაში,“ რომლებიც თვითონ წყვეტენ ამერიკის შეერთებულ შტატებს დააბრალონ მეორე ფრონტის გახსნის სურვილი საქართველოში. დამცინით?!“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა