თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, სიტუაცია სერიოზულად გამწვავდება. შეიძლება რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდეს - იგორ კვესელავა
რას გვეტყვის ევროკომისია კანდიდატობაზე - "კითხვები არსებობს“, მაგრამ თბილისში იმედოვნებენ, რომ სტატუსს მოგვცემენ
***
თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, სიტუაცია სერიოზულად გამწვავდება. შეიძლება რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდეს - იგორ კვესელავა
“მიმდინარე და მომავალ კვირას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ კანდიდატის სტატუსი არ მოვცეს, ეს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას სერიოზულად გაამწვავებს. სიტუაცია დაიძაბება და გამორიცხული არაა, რომ რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდეს - ამის შესახებ „რეზონანსთან" იგორ კვესელავამ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში საქართველოში პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს, ეს კი დასავლეთის თვალში დიდი მინუსია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, სიტუაცია სერიოზულად გამწვავდება. შეიძლება რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდეს - იგორ კვესელავა
„კვესელავას თქმით, საქართველოში საზოგადოება გახლეჩილია და ამას ახლა კიდევ უარესი -გახლეჩილი ხელისუფლება დაემატა. მხედველობაში მაქვს ის, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო ხელისუფლება, ასევე საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთად „არ ძოვენ". ეს ჯერ კიდევ მარგველაშვილის პერიოდიდან დაიწყო. ეს განხეთქილებების არეალში კი ევროპამ როგორ უნდა შეგვხედოს? როცა მსოფლიოში ასეთი რყევებია, ჩვენ სადღაც შუაში დავდექით - არც იქით, არც აქეთ. ჩვენი პოლიტიკა ცუდსა და უარეს შორისაა. ამ განხეთქილების მაგალითია აქციები, რომელიც დაანონსდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი გახლეჩილია. საინტერესოა, რომ აქციებში მონაწილეობას ხელისუფლება არ იღებს, მაგრამ მონაწილეობას იღებენ „ბებერი ევროპის" წარმომადგენლები. როცა აქცია ევროპული შინაარსისაა, აქ ყველა ერთიანი უნდა იყოს. აქციაზე ევროკავშირის წარმომადგენლები მიდიან, პოლიტიკური გააზრების თვალსაზრისით, ხელისუფლების მხრიდან ეს დიდი შეცდომაა. ჯერ ერთი ამაზე შეთანხმება უნდა ყოფილიყო. დავუშვათ პარტიები ვერ თანხმდებიან, მაგრამ როგორ შეიძლება ხელისუფლება ამაში ვერ შეთანხმდეს? ზურაბიშვილსა და „ოცნებას" შორის აშკარად დაპირისპირებაა”, - აღნიშნავს გამოცემა
„ამ ფონზე კი, თუ სასწაული არ მოხდა, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ალბათ ვერ მივიღებთ. ეტყობა, ჯერ ამისი დრო არ დამდგარა. საზოგადოებაა თავად გახლეჩილი, წინააღმდეგობებია, ერთი იქით იქაჩება, მეორე აქეთ, მესამე კიდევ სხვაგან. პოლარიზაციის მაღალი ხარისხია. შეიძლება აქციებზე ვერც ასი ათასი, ვერც 50 ათასი კაცი არ მივიდეს, მაგრამ აქ იმაზე კი არაა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი მივა, არამედ აქ მთავარი ხარისხია. ამ შიდა და გარე პოლიტიკური პროცესებიდან და უკრაინასთან ურთიერთიობიდან გამომდინარე, კვირა არ გავა, რომ საშინელი კრიტიკა არ წავიდეს, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსს ეგრევე არ მოგვცემენ, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან. იმიტომ კი არა, რომ უკრაინას და მოლდოვას ეკუთვნის, მათ პოლიტიკას ეკუთვნის. აქაც გვეკუთვნის თუ არა სტატუსი, ეს პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს. რომ ვამბობთ, გვეკუთვნისო და არავის არ ვეხვეწებით და არ ვმათხოვრობთო. მე კითხვა მაქვს, რატომ გვეკუთვნის, რა გავაკეთეთ საამისოდ?“, - განაგრძობს გამოცემა.
„რეზოლუციას 308 ადამიანმა დაუჭირა მხარი და საინტერესოა ისინი რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ? აქედან დასკვნას ადვილად გავაკეთებთ, რომ თუ მათ შორის იყვნენ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა დიდი ევროპული ქვეყნებიდან, ბუნებრივია საკითხი დგას ასე, რომ ისინი სტატუსს არ მოგვცემენ, რადგან ხმის მიცემა მათი ხელისუფლების გარეშე არ მოხდებოდა. რაც შეეხება დათქმებს, პოლიტიკური პირობები თამაში არაა, დავუშვათ დათქმა მოგვცეს, რომ სასამართლო სისტემა და სხვა ინსტიტუტები გამოასწორეთო. კარგი, დავუშვათ ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ დათქმები, მოვიდა მეორე ხელისუფლება და არ შეასრულა, მაშინ რა ხდება? ჯერ ერთი დათმების შესრულება მარტივი გასაკეთებელი არაა. უკრაინაში საშინელი კორუფციაა, მაგრამ იქ პოლიტიკის ამბავია. ომია და შესაძლოა ეს იყოს გათვალისწინებული. გასაგებია, რომ აქ სასამართლო სისტემა რეფორმას საჭიროებს, მაგრამ ეს ბევრს არ აწყობს. ტაქტიკური თვალსაზრისით ნიკა გვარამიას დაჭერა შეცდომა იყო. ეს ან ადრე, ან მერე გაეკეთებინათ, მაგრამ ახლა, როცა ევროპიდან გვიყურებენ, ამან რა გამოიწვია, დავინახეთ. დათქმები თუ იქნება, საინტერესოა ამ დათქმებზე რამდენად გვენდობიან, რადგან „მიშელის დოკუმენტზეც" უარი ვთქვით და თავად ხელისუფლებაც გახლეჩილია. მიმდინარე და მომავალ კვირას ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ეს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას სერიოზულად გაამწვავებს. სიტუაცია დაიძაბება და გამორიცხული არაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარდეს. ამ სიტუაციაში კი ოპოზიციის გაერთიანებაა აუცილებელი, გახარია ალბათ გამოჩდება, ის ლოდინის პოზიციაშია. გამორიცხული არაა, რომ აქ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უკვე დასავლეთს უნდოდეს. ბაკურიანში რომ ჩამოვიდნენ, ეს ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო. ეს შეხვედრები ნიშნავს, რომ ეს მშვიდობიანი გზით არჩევნებით უნდა მოხდეს და თუ მშვიდობიანი გზით ინება, არცაა გასაკვირი, რომ ეს ევროპასაც და ამერიკასაც უნდოდეს”, - წერს სტატიის ავტორი.
რას გვეტყვის ევროკომისია კანდიდატობაზე - "კითხვები არსებობს“, მაგრამ თბილისში იმედოვნებენ, რომ სტატუსს მოგვცემენ
„17 ივნისი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის გადამწყვეტი დღეა, რადგან ევროკომისია ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ევროკავშირის ლიდერებისგან აქამდე გაკეთებული განცხადებები გარკვეულ წარმოდგენას ქმნის და შესაძლოა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დათქმებით იყოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაში საქართველოს მისამართით დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით შედარებით მეტი მოთხოვნები იყოს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას გვეტყვის ევროკომისია კანდიდატობაზე - „კითხვები არსებობს“, მაგრამ თბილისში იმედოვნებენ, რომ სტატუსს მოგვცემენ
„სიტუაციას ერთგვარი პესიმიზმი შესძინა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებამ, რომ ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს და ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს, საქართველო კი „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა". ამავე დროს, 13 ივნისს ევროკომისიაში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომლის შედეგებმაც დასავლურ მედიაში გაჟონა. გამოცემა „პოლიტიკომ" რამედენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია უკრაინის კანდიდატობას რეკომენდაციას გაუწევს; ევროკომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ „რადიო თავისუფლების" ბრიუსელელმა კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ: „სტატუსს დათქმებით უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ, თუმცა საქართველოზე კვლავ კითხვები არსებობს." ევროკომისიის პასუხამდე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით 16 ივნისს აქცია გაიმართა, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებას არ შეუერთდა მმართველო გუნდი. აქციას ოპოზიციიდან შეუერთდნენ „ლელო", „მოქალაქეები" და პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის", - აღნიშნავს გამოცემა.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის წყნარად. სამწუხაროდ, ახლა დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. ეს არეულობა აქციაზე ცოტა არ იყოს უხერხულიცაა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, აქ თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსულები, რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. „მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, მე აქ არ ვარ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე სანამ შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან, შემდგომ სხვა ადგილიდანაც თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს. არაფერს ველოდებოდი ამ აქციისგან, ვთქვი გარკვევით, ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე. პრეზიდენტი არ უერთდება 20 ივნისის აქციას, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ" დაანონსა”, - განაგრძობს გამოცემა.
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „იმედს" უთხრა, რომ აქციები არ არის ის რესურსი, სადაც ქვეყნის ინიციატივის გაჟღერება ხდება - მთელმა მსოფლიომ კარგად იცის ქართველი ხალხის სურვილი - გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მისი თქმით, საქართველო სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია. „ქართული სული ყოველთვის ევროპული ოჯახისაკენ მიისწრაფოდა, ამიტომ დღეს, ჩვენ, ამ გარდამტეხ მომენტში მართლაც გვჭირდება ერთიანობა, მაგრამ არა დაქსაქსულად აქციების გამართვის სახით, არამედ ერთიანობა ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, პოლიტიკურ ნება-სურვილში, სადაც ჩვენ ერთნი ვართ პრეზიდენტთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან ერთად - საქართველო იმსახურებს იმას, რომ ის უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღოს სტატუსი - მხოლოდ აქციაზე დგომით კი ეს არ გამოიხატება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მაკრონის განცხადება შემაშფოთებელია და წარმოდგენას ქმნის იმისას, რომ ევროკომისიასაც საქართველოს მისამართით ნაკლები შენიშვნები არ ექნება. „თუ ანალიზის ერთეულად მაკრონის განცხადებას ავიღებთ, მაშინ ჩანს, რომ საქართველო პოტენციური კანიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მაკრონი მარტო არ წყვეტს და სხვა სახელწიფოების პოზიციაც მნიშვნელოვანია, საბჭო წინასწარ რა დასკვნას გამოიტანს, ვერავინ ვერ იტყვის. თუმცაღა უფრო რეალირტური სცენარია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი პირდეპირ ვერ მიიღოს. მაკრონის განცხადებში ყველაზე ცუდი რაც იყო, იყო ის, რომ მან ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას. თქვა, რომ საქართველო არის სადღაც აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რაც ყველაზე ცუდი სცენარია”, - დასძენს გამოცემა.
„მაკრონი ფაქტიურად აბრუნებს ძველ კალათას, საიდანაც საქართველო ცდილობდა, რომ გაქცეულიყო, ეს კი ყველაზე შემაშფოთებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა დიპლომატიამ ამ მიმართულებით ვერაფერი ვერ გააკეთა, ყოველ შემთხვევაში საფრანგეთში მაინც. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. „ევროკომისიის დასკვნაში საქართველო ალბათ ყველაზე ბევრ შენიშნვას მიიღებს, ეს მოსალოდნელიცაა, შემდეგ ალბათ ამაზე იქნება აქცენტირება, რომ თუ პოტენციური კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ ყველაფრის შესრულებას რამდენი წელი დასჭირდება. ბევრი რაღაცა იმაზეა დამოკიდებული, საქართველოში პოლიტიკური მოვლენები როგორ განვითარდება, შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, რადგან თუ რაიმე პირობები წამოგვიყენეს, ამ ხელისუფლების პირობებში მათი შესრულება წარმოუდგენლად მეჩვენება," - განაცხადა კაკაჩიამ. კითხვაზე თუ 17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოსთვის არცთუ სახარბიელო დასკვნა დადო, ექნება თუ არა გავლენა 23-24 ივნისს საბოლოო პასუხზე, კაკაჩიამ თქვა, რომ ექნება. „გადაწყვეტილება ფაქტიურად უკვე მიღებულია, ეს ყველაფერი უკვე გადამუშავებულია, ამას გაფორმება აკლია, თუ ბოლო მომენტში რაიმე ისეთმა ხელი არ შეუწყო, ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია დამუშავებულია და ყველამ ყველაფერი იცის. ახლა საქართველოს ხელისუფლებამ რაც არუნდა გააკეთოს, იმ ზიანის გამოსწორება ძაან დაგვიანებულია. ფარდის ახდაზე, რომ იყო საუბარი, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მე მგონი ფარდა მალე ჩვენ აგვეხდება", - განაცხადა კაკაჩიამ”, - წერს გამოცემა.
„შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არის იმის შესაძლებლობა, საქართველომ სტატუსი დატქმებით მიიღოს, რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციას, მისი თქმით, მასში დიდი ალბათობით საქართველოს მისამართით უფრო მეტი პრეტენზიები იქნება. „არაა გამორიცხული, რომ ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მიმართოს კიდეც, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მიენიჭოს, ოღონდ, ამ შემთხვევაში ცალკეული მოთხოვნები იქნება. უკრაინისა და მოლდოვის მიმართ იყოს კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. შესაძლოა საქართველოს მიმართ მეტი მოთხოვნები და პრეტენზიები ჰქონდეთ, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას დაუკავშირედება, რაც თავის მხრივ უკავშირდება კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემისა და მასმედიის დამოუკიდებლობას, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას და ა.შ. ვფიქრობ, რომ შენიშვნები იქნება ხელისუფლების მიმართაც, რომ პროცესები გამჭვირვალე იყოს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, შენიშვნები შესაძლოა არჩევნების თვალსაზრისითაც ჰქონდეთ. „საბოლოო დასკვნას ეროპული საბჭო მიიღებს, თუმცა ევროკომისიის დასკვნას, საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ექნება. ევროსაბჭო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებისგან შედგება, იქ კონსენსუსი უნდა იქნას მიღწეული, ამიტომაც გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, იმედი მაინც არის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დადებითი იქნება", - განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.