საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა

23 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა,

სადაც განიხილეს საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი, ფრაზა, კერძოდ, ქარაგმა, რომელიც გვხვდება ისტორიულ ტექსტში, ერეკლე II-ის ბეჭდის ტაეპში: „მე ფერხთ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მეფის სახელის ქარაგმის /“ხელრთვა“/: „ერ-ეკლესიის“ თანამედროვე კონტექსტში გაშიფვრის მიზნით ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ლიტერატორები, საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიტიკოსები.

„SANGU-ს ბიბლიოთეკამ და სტუდია "SANGU-ს სტუმარმა", პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, განაახლა შეხვედრები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ და ჯერ კიდევ უცნობ მოაზროვნეებთან, სულიერი სიტუაციის ანალიზისათვის მნიშვნელოვანი მხატვრული და თეორიული ტექსტების ავტორებთან.

23 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განსახილველად იყო გამოტანილი ერთი, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი, ფრაზა, კერძოდ, ქარაგმა, რომელიც გვხვდება ისტორიულ ტექსტში, ერეკლე II-ის ბეჭდის ტაეპში: „მე ფერხთ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“.

შეხვედრა გახსნა, სტუმრებს მიესალმა და დალოცა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა. მან სიხარული გამოთქვა პანდემიის დამთავრების შემდეგ შეხვედრების გაგრძელების გამო. აღნიშნა, რომ ყველა მონაწილეს უდიდესი სიყვარული აკავშირებს საქართველოს ისტორიასთან და ეს არაპოლიტიკური შეხვედრები უნდა მიეძღვნას ისტორიული სიმართლის გარკვევას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე. მეუფე იაკობმა ბრძანა, რომ შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და დაეთმობა ჩვენს მეფეებს და ეკლესიას, მაგრამ, პირველ რიგში, მეფე ერეკლეს. მან მადლობა მოახსენა მოწვეულ საზოგადოებას სტუმრობისთვის, დისკუსიის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.

სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული. მან ისაუბრა ქარაგმაზე, რომელიც ახალი კუთხით დაგვანახვებს ჩვენი გამორჩეული მეფის ფენომენს და აღნიშნა, რომ ეს არის მთელი დისკურსული კონფიგურაცია, რომელიც დომინანტია ქართველებისთვის. არა მხოლოდ მათთვის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკასა და ფილოსოფიაში არსებული პროდუქციონალისტი ძალებისთვისაც ეს არის კონცეპტუალური აზროვნების პატაკი. მან მოუწოდა სტუდენტებს კრიტიკული აზროვნებისა და ევროპისა და რუსეთის რეალური კრიტიკული შეფასებისაკენ.

მონაწილეებს მიესალმა SANGU-ს ბიბლიოთეკის დირექტორი, ნათია სადღობელაშვილი, რომელმაც აღნიშნა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ ქართულ უნივერსიტეტში გამახვილდა ყურადღება საანალიზო ფრაზაზე და საჯაროდ იქნა გამოტანილი განსახილველად. სწორედ აქ შენიშნეს მისი გაშიფვრის აუცილებლობა და ამ მიზნით შეიკრიბნენ მეცნიერები, რათა იმსჯელონ და თავიანთი მოსაზრებები და დასკვნები გააცნონ სტუდენტებს.

შეხვედრას მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სინოდის წევრები, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფეები ესწრებოდნენ. დისპუტის მონაწილეებს ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი მიესალმა, რომელმაც კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და სტუდენტთათვის ფართო ხედვის უნარების მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა, რისკენაც აღსაყდრების დღიდან მოგვიწოდებს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ე. მეუფემ აღნიშნა, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მან წაიკითხა ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს შეხვედრა თავის თავში ატარებს მუხტს სამშობლოს მომავალზე ფიქრისა.

მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და განსახილველად წარმოდგენილი თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ - გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, ისტორიკოსები: თამარ ქორიძე, ოთარ ჯანელიძე, ნიკო ჯავახიშვილი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე, ფილოსოფოსი ვალერიან რამიშვილი, ფოლკლორისტი ამირან არაბული.

შეხვედრა შეაჯამა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რომელმაც მადლობა მოახსენა სტუმრებს და მონაწილეებს დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის, შემდეგ კი, დარბაზში შეკრებილ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სტუდენტებს ერეკლე მეფის შესახებ სხვადასხვა კონფერენციებისა და პროექტების დაგეგმვისკენ მოუწოდა. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მეფე ერეკლეს შესახებ წარმოდგენილი პროექტების განსახორციელებლად, მონაწილეთა წახალისების მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 50 000 ლარს. მოგიწოდებთ, ჩვენთან ერთად აქტიურად ჩაერთოთ ახალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://sangu.edu.ge/index.php?m=325&news_id=1000&lng=geo

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს