საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, ფაქტია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ საერთაშორისო პოლიტიკაში პროცესები სწრაფად ცვალებადი გახადა. თავიდან ბევრი რამის პროგნოზირება ჭირდა, ახლა მეტ-ნაკლებად უფრო ნათელია როგორი დინამიკით განვითარდება პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე.
ამაზე მეტყველებს ის მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ხდება და განსაზღვრავს საერთაშორისო ურთიერთობებში მომხდარ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს.
მხედველობაში მაქვს დიდი შვიდეულის შეხვედრა გერმანიაში და მადრიდის ნატო-ს სამიტი. თქვენი აზრით რა გავლენას მოახდენს ეს ორი მოვლენა მსოფლიოში დღეს არსებულ ვითარებაზე?
- ფაქტია, რომ თქვენს მიერ ნახსენები ფორუმები ძალზე დიდ გავლენას იქონიებს დღეისათვის საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ ვითარებაზე და პერსპექტივაში საერთაშორისო პოლიტიკის განვითარებაზე. მეტიც, ხსენებულ შეხვედრების შედეგები და მონაწილეების მიერ შემუშავებული და მიღებული გადაწყვეტილებები, გახდება ახლო მომავალში გლობალური პროცესების განმსაზღვრელი.
მაგრამ, ჩემის აზრი, ამ ორ ხსენებულ შეხვედრამდე თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე განსაკუთრებულად უნდა გაესვას ხაზი საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, რუმინეთის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივ ვიზიტს კიევში. დარწმუნებული ვარ დიდი შვიდეულისა და ნატო-ს უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე კიევში ვიზიტმა საკმაოდ დიდი გავლენა იქონია იმ ატმოსფეროზე რომელიც ამ შეხვედრებზე იყო და დიდწილად განაპირობა ბოლოდროინდელ მოვლენებზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, რომელზეც გამოიკვეთა საერთაშორისო პოლიტიკის სამომავლო კონტურები.
ამ ვიზიტის სავარაუდო შედეგი გახლავთ ხსენებული ევროპული სახელმწიფოების ლიდერების აზრის მკვეთრი ცვლილება უკრაინის ომთან და მის პერსპექტივებთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა ეხება პრემიერ-მინისტრ დრაგის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმას, რომელიც თავის მხრივ წინასწარ მხარდაჭერილი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის მიერ. მაგრამ, ვიზიტის და პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრების შედეგად და ომით დანგრეულ კიევის ოლქის ქალაქების მონახულების შემდეგ, როგორც ჩანს, ხსენებული დოკუმენტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.
შემდეგ იყო დიდი შვიდეულის შეხვედრა, რომელსაც ამ ჯერზე გერმანიამ უმასპინძლა. ამ შეხვედრაზე ცენტრალური საკითხი იყო, რა თქმა უნდა, რუსეთ -უკრაინის ომი. განისაზღვრა უკრაინისთვის სხვადასხვა დონეზე დახმარების ახალი პაკეტები, ასევე რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხიც.
ამ თემებზე ბევრი რა დაიწერა და ითქვა. თუმცა, მე მინდა შევჩერდე ორ ძირითად საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. პირველი ეხება ახალ სანქციებს, კერძოდ კი ნახევარგამტარების ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში. ეს გახლავთ პირდაპირი დარტყმა სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე და მაღალი ტექნოლოგიების წარმოებაზე რუსეთში. ეს სანქციები რუსეთს არ მისცემს საშუალებას ახლო პერსპექტივაში აწარმოოს ახალი მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, მათ შორის ე.წ. „ჭკვიანი იარაღი“ და სხვა ელექტრონიკაზე დაფუძნებული პროდუქცია.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ დიდი შვიდეულის სახელმწიფოები შეთანხმდნენ გამოყონ საკმაოდ სოლიდური თანხა, 600 მილიარდი დოლარის ოდენობით, პროექტებზე რომელიც განხორციელდება ჩინეთის გზებისა და სარტყლის გლობალურ ინიციატივის ახალი აბრეშუმის გზა საპირწონედ.
მოგეხსენებათ რომ ამ ინიციატივის ფარგლებში უამრავი ქვეყანაა ჩართული. ამ ქვეყნების რიგს, სხვებთან ერთად, მიეკუთვნება სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ანუ ყველა ქვეყანა და რეგიონი რომლის სასიცოცხლო გეოგრაფიულ არეალში შედის საქართველო.
ეს მოვლენები უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი განვითარებისთვის. უკვე ჩამოყალიბებულ რეალობას დროული გააზრება და შესაბამისი პოზიციების შემუშავება სჭირდება როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სხვა მიმართულებებით.
ეს მოვლენები უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი განვითარებისთვის. უკვე ჩამოყალიბებულ რეალობას დროული გააზრება და შესაბამისი პოზიციების შემუშავება სჭირდება როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სხვა მიმართულებებით
რაც შეეხება ნატო-ს სამიტს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ნატოსთვის მადრიდის სამიტი საეტაპო აღმოჩნდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა.
ამ კონტექსტში შექმნილმა ვითარებამ აიძულა ნატო-ს ალიანსი მიეღო ახალი სტრატეგია. ამ დოკუმენტის მიხედვით რუსეთი აღიარებულია ნატო-ს ქვეყნებისთვის უმთავრეს საფრთხედ. ასეთი „აღიარების“ შემდეგ ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროპაში სტაციონარულად ბაზირებული საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო კონტინგენტის რაოდენობის გაზრდისა 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის ოდენობით.
აღნიშნული კონტინგენტი ძირითადად განლაგდება ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად. ასეთი ოდენობის ჯარი, „ცივი ომის“ შემდეგ ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა განლაგებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებისთვის მაღალი დონის მზადყოფნით გამოირჩევიან.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, გახლავთ შვედეთის და ფინეთის მიმართ დადასტურება რომ ეს ორივე ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება. სრულიად უგულებელყოფილია გასული წლის ბოლოს რუსეთის მიერ გაჟღერებული მკაცრი პოზიცია ალიანსის გაფართოების საწინააღმდეგოდ და მეტიც, მისი 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნების შესახებ.
არსებული ვითარება სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებაზე უქმნის ახალ, და არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას, რადგან ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვები, ამ მომენტიდან წარმოადგენენ ნატო-ს ალიანსის აკვატორიას. ეს ფაქტი, თავისთავად მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთის ფლოტის ყველაზე ძლიერ და ბრძოლისუნარიან ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტების შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, ბევრისთვის სიურპრიზი იყო ჩინეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ნატო-ს კონტექსტში, რაც პირველად მოხდა. კერძოდ, სტრატეგიულ დოკუმენტში რომელიც ასახავს ალიანსის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებს, ნათქვამია, რომ “ჩინეთის მიერ წარმოებული ამბიციური პოლიტიკა, საფრთხეს უქმნის მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ღირებულებებს.“
ბევრისთვის სიურპრიზი იყო ჩინეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ნატო-ს კონტექსტში, რაც პირველად მოხდა. კერძოდ, სტრატეგიულ დოკუმენტში რომელიც ასახავს ალიანსის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებს, ნათქვამია, რომ “ჩინეთის მიერ წარმოებული ამბიციური პოლიტიკა, საფრთხეს უქმნის მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ღირებულებებს“
ამგვარად, დიდი შვიდეულისა და ნატო-ს დღის წესრიგში რუსეთსა და ჩინეთს პირდაპირ, თუ ირიბად საფრთხეების მქონე ქვეყნებად აღიარებს. მოკავშირე ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს რუსეთსა და ჩინეთთან ღირებულებებსა და მსოფლმხედველობით განსხვავებებზე და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ერთიანად და მტკიცედ დაიცავენ თავის ცივილიზაციურ ღირებულებებს, როგორც უკრაინის ბრძოლის ველზე ასევე ჩინეთთან პოლიტიკური, თუ ეკონომიკურ სფეროებში.
- მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, პეკინის პოზიცია საკმაოდ ფრთხილი და დიპლომატიური იყო. ამის მიზეზია ის, რომ უკანასკნელი წლებში ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდებოდა. მათ შორის მათ შორის სამხედრო სფეროში. გვახსოვს ამ ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები, თან საკმაოდ ინტენსიურიც.
მიუხედავად ამისა, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა, მაგრამ თავიდან უარი არ უთქვამს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც დასავლეთმა რუსულ პორტებში გემების შესვლა აკრძალა ჩინეთმა თავისი ტვირთების ტრანზიტისთვის სხვა გზების ძიება დაიწყო.
ვიმეორებ, ჩინეთმა ბევრი გააკეთა რომ დასავლეთს პეკინი მოსკოვის მოკავშირედ არ ჩაეთვალა, მაგრამ, ფაქტია, რომ „დიდი შვიდეულისა“ და ნატოს უმნიშვნელოვანეს ფორუმზე ითქვა, რომ დასავლური ცივილიზაციისთვის რუსეთი და ჩინეთი საფერთხეს წარმოადგენენ. მართალია ჩინეთზე მხოლოდ ირიბადაა საუბარი, მაგრამ, ფაქტია, რომ მაინც არის.
ის, რომ „დიდი შვიდეულისა“ და ნატოს დოკუმენტებში დასავლური სამყაროს სტრატეგიული მიმართულებებში რუსეთსა და ჩინეთზეა საუბარი, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის რეალურად არსებობს ალიანსი?
- თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ბოლო 10-ზე წელზე მეტია ღრმავდება. ეს როგორც ეკონომიკურ სფეროს ეხება, ასევე სამხედრო-პოლიტიკურსაც. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ორი ქვეყანა გახლავთ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ძირითადი მამოძრავებელი, ძალა.
გარდა ამისა, ბოლო წლებში, სხვადასხვა მიზეზთა გამო რუსეთიც და ჩინეთიც, განიცდიან ეკონომიკურ აღმავლობას, რაც თავისი მხრივ ითარგმნება უფრო დიდ ინვესტიციებში სამხედრო ინფრასტრუქტურაში და უფრო აგრესიულ პოზიციების გაჟღერებაში რეგიონულ დომინაციაზე.
ნიშანდობლივია, რომ ნატოს სამიტზე, დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ეს სახელმწიფოები დაინტერესებულნი არიან ძალთა ბალანსის ურღვეობისა და რეგიონული სტაბილურობით აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში, და ამავდროულად არიან დასავლური სამყაროს ფორპოსტები ამ რეგიონში.
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებები სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ტაივანის უსაფრთხოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ.
ამდენად დასავლური სამყაროს გააჩნია მძლავრი ინტერესები მსოფლიოს ამ რეგიონში და ამიტომ ჩინეთის მიმართ ერთობლივად შემუშავებული მიდგომების გატარება მათი საერთო ინტერესების სფეროში შედის.
თავისი მხრივ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ქვეყანა მისდევს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, და გახლავთ ძლიერი მოთამაშე საერთაშორისო ასპარეზზე. საინტერესოა რომ ჩინეთი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ახდენს დისტანცირებას რუსეთის ქმედებებიდან. თუმცა, მკვეთრ განცხადებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით არ აკეთებს.
მეტიც, არსებული სანქციების მიუხედავად, ღიად გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩინეთმა დაახლოებით გააორმაგა ნავთობის შესყიდვები რუსეთიდან, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათი მხრიდან კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით ხორციელდება ენერგომატარებლების მარაგების შექმნა.
ჩინეთში გავრცელებული აზრით, „ცივი ომის“ ტიპის დაპირისპირების გავრცელება აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში დაუშვებელია. ამავდროულად, აღსანიშნავია იგივე საკითხზე მსჯელობისას ნატო-ს წევრი ქვეყნები მიუთითებენ, რომ ეს პროცესი წარმოადგენს საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნების დაახლოების პროცესს.
აღწერილი პროცესი, გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე დასავლურ სამყაროსა და ჩინეთის შორის კონკურენციას თავისი ეკონომიური და სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კალაპოტში მოაქცევს ბევრ თანმდევ პროცესს, და ჩვენ ალბათ ახლო მომავალში ვიხილავთ ახალი გლობალური მასშტაბის კონკურენციას.
გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე დასავლურ სამყაროსა და ჩინეთის შორის კონკურენციას თავისი ეკონომიური და სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კალაპოტში მოაქცევს ბევრ თანმდევ პროცესს, და ჩვენ ალბათ ახლო მომავალში ვიხილავთ ახალი გლობალური მასშტაბის კონკურენციას
ჩინეთსა და რუსეთის ფაქტორებთან ერთად, და ნატო-სა და დიდი შვიდეულის შეხვედრების კონტექსტიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია გვერდი აუაროთ უკრაინაში ამ ეტაპზე მიმდინარე მოვლენებს. ბოლო პერიოდში ბევრი აღნიშნავს რომ მძიმე პოლიტიკური საფასურის გადახდის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა, მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს ბრძოლის ველზე. თქვენ როგორ შეაფასებდით არსებულ მდგომარეობას, მისი სირთულისა და მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით?
- რთული და არაერთგვაროვანი ვითარებაა შექმნილი უკრაინის ფრონტებზე. სხვადასხვა მონაცემებით, რითაც ჩვენ შეგვიძლია მეტ-ნაკლებად ვიმსჯელოთ, რუსეთის ჯარს გააჩნია გარკვეული წინსვლა რამდენიმე მიმართულებით. უკრაინულ ჯარსაც ასევე გააჩნია გარკვეული უპირატესობა სხვა მიმართულებებზე.
ამ თემაზე ინფორმაციების ნაკლებობა ნამდვილად არაა, მაგრამ, ცხადად ჩანს, რომ ორივე მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს აშკარად პროპაგანდისტული დატვირთვა აქვს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების ფრონტებზე ხდება? ასევე იმას, რომ რუსეთი ხანგამოშვებით ბომბავს ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს?
- მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რუსეთმა მოახერხა გარკვეული რაოდენობის რეზერვების და მძიმე ტექნიკის მობილიზება და ამ შეიარაღებული ქვედანაყოფებით დაკომპლექტებული შენაერთების მეშვეობით უპრეცედენტო კონცენტრაცია სამხედრო ძალებისა, გარკვეულ მიმართულებებზე.
ასეთი კონცენტრაციის ხარჯზე და რამდენიმეჯერ გაზრდილი საცეცხლე საშუალებების მეშვეობით, უპირველეს ყოვლისა მძიმე არტილერიის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციამ მოახერხა დონბასის ფრონტზე და ხარკოვის მიდამოებში გარკვეული წარმატების მიღწევა.
ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ჯარი, განიცდის მკვეთრ დეფიციტს მძიმე შეიარაღების, რაც არსებულ ვითარებაში განაპირობებს მათ დონბასში ტაქტიკურ უკან დახევას. გარდა ამისა, გარკვეული რაოდენობის მძიმე შეიარაღება უკვე შემოვიდა უკრაინაში დასავლელი მოკავშირეების მხრიდან. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ ხსენებული შეიარაღება, მოწინააღმდეგე ძალების სიძლიერისა და ფრონტის უაღრესად დიდი მასშტაბების გათვალისწინებით, არასაკმარისია.
როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად, დღეისთვის უკრაინის ფრონტზე პარიტეტული მდგომარეობაა, რომლის შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდება მაშინ როდესაც უკრაინა მიიღებს დაპირებულ საკმარისი რაოდენობის და მახასიათებლების მქონე მძიმე შეიარაღებას დასავლეთიდან.
სამწუხარო ტენდენცია, რომელიც გამოჩნდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახლავთ უკრაინის ტერიტორიის მასიური სარაკეტო დაბომბვები. ასეთი დაბომბვების შედეგად, როგორც ვხედავთ იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც სამხედრო თვალსაზრისით არავითარ უპირატესობას არ აძლევს რუსეთს, მაგრამ ძალზედ მძიმე ფსიქოლოგიურ სურათს ქმნის უკრაინის მოსახლეობისთვის.
ამის საპასუხოდ, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მსვლელობისას, გაკეთდა განცხადება და გადაწყდა უკრაინას მიეწოდოს საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი, რათა, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაცული იყოს სარაკეტო დაბომბვებისაგან. ეს პრაქტიკულად საჰაერო ქოლგის შექმნას გულისხმობს უკრაინის ცაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
„დიდი შვიდეულის“ სამიტის მსვლელობისას, გაკეთდა განცხადება და გადაწყდა უკრაინას მიეწოდოს საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი, რათა, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაცული იყოს სარაკეტო დაბომბვებისაგან. ეს პრაქტიკულად საჰაერო ქოლგის შექმნას გულისხმობს უკრაინის ცაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია
პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენეთ, დიდი შვიდეულის, ნატო-ს სამიტებისა და მათზე უკრაინის პრეზიდენტის ვირტუალური მონაწილეობა, აგრეთვე ევროპული ლიდერების ვიზიტი კიევში, კიდევ ერთხელ მიუთითებს დასავლელი მოკავშირეების უპირობო მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ.
მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოკავშირეები არ ჩქარობენ უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების დიდი რაოდენობის მიწოდებისა. ერთი მხრივ ეს შეიძლება იყოს განპირობებული უკრაინის ჯარისკაცების ახალი სამხედრო ტექნიკის გამოყენებისათვის გადამზადების ვადებით.
მაგრამ, მეორე მხრივ, რამშტაინის მესამე შეხვედრის ფარგლებში, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძეც მონაწილეობდა, გაკეთებული განცხადებების მიხედვით, საჭირო რაოდენობის შეიარაღების მიწოდება მოსალოდნელია ზაფხულის ბოლოსა და/ან შემოდგომაზე. ნებისმიერ შემთხვევაში იარაღის გაზრდილი რაოდენობებით მოწოდების პირობებში, დიდი ალბათობით, უკრაინა მოახერხებს ომის მსვლელობაში მკვეთრი გარდატეხის შეტანას.
ნებისმიერ შემთხვევაში იარაღის გაზრდილი რაოდენობებით მოწოდების პირობებში, დიდი ალბათობით, უკრაინა მოახერხებს ომის მსვლელობაში მკვეთრი გარდატეხის შეტანას
ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ომი უკრაინაში გადავიდა პოზიციურ, ანუ ფრონტალურ დაპირისპირებაში, რომელიც სავარაუდოდ დროში გაიწელება და ჩვენ მომსწრენი გავხდებით გრძელვადიანი საომარი მოქმედებებისა. ეს, კი რა თქმა უნდა, რესურსების ომსაც ნიშნავს, რომელიც რუსეთს გაცილებით მეტი გააჩნია. ეს აგრეთვე ეხება იარაღისა და საჭირო საბრძოლო მასალების მარაგებს.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანას, თუნდაც დიდი რესურსების მქონეს, გაუჭირდება აწარმოოს საკმარისი რაოდენობით თანამედროვე იარაღის სისტემები.
დასავლეთის მხარდაჭერილ უკრაინას პოტენციურად გააჩნია შესაძლებლობები, გაუმკლავდეს რუსეთის გაზრდილ ზეწოლას ბრძოლის ველზე. ამავდროულად გასათვალისწინებელია დღევანდელი რეალობები, რომელიც მიუთითებს მომდინარე ომის ტრანსფორმირებაზე სავარაუდოდ გრძელვადიან დაპირისპირებაში.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ბოლოდროინდელი პროცესების გათვალისწინებით, გვერდს ვერ აუვლით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭების საკითხს.
მოგეხსენებათ, ამ ასოცირებული „ტრიოს“ ორ წევრს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს უღიარეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ, სტატუსის დადებითი გადაწყვეტილების საკითხი ბრიუსელში მიაბეს 12-პუნქტისგან შემდგარ დათქმებს.
- როგორ შეაფასებდით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარის თქმაზე?
თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს და რისი მომასწავებელი შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება?
და კიდევ - ამ თემასთან დაკავშირებით საშინაო პოლიტიკაში დაწყებული პპროცესი სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს ერთი მხრივ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ხოლო მეორე მხრივ საგარეო პოლიტიკაზე?
- ეს თემები ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განხილვადი თემებია. საქართველოს საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის ამ პროცესში მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვნია.
რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხის მიღების გამო ბევრს გული დაწყდა და ბევრსაც გაუჩნდა უპერსპექტივობის განცდა და ეს ბუნებრივიცაა. ნამდვილად საწყენი იყო. ეს დღე ბევრს დარჩება მეხსიერებაში როგორც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები. ესეც არის, რაღაც შესაძლებლობები ჩვენ ხელიდან გავუშვით და თუ ჩვენ ბრძენი ერი ვართ, რაშიც მე ეჭვი არ მეპარება, ამისგან სათანადო დასკვნები ნამდვილად უნდა გამოვიტანოთ.
არ მინდა ჩაუღრმავდე ანალიზს თუ რამ განაპირობა დამდგარი შედეგი. მხოლოდ შევეცდები მოკლედ თეზისურად გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები რომელიც ასახავს მოვლენებისა და ფაქტორების უარყოფით კორელაციას, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა უკვე ცნობილი ნეგატიური შედეგი.
დამდგარი შედეგი რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა. ერთი მხრივ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებამ და ევროპულ ასპარეზზე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ერთიანი კოორდინაციის არ არსებობამ.
მეორე მხრივ ასოცირებულ „ტრიოს“ წიაღში, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს არ უმოქმედია პარტნიორებთან კოორდინირებულად. მეტიც, ცალ-ცალკე მოქმედებამ დე-ფაქტო დაშალა ეს სამეული. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომა იყო, რომელიც უდავოდ უარყოფითად აისახა საქართველოს საკითხის საბოლოოდ დადებითად გადაწყვეტაზე. ამის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ევროკავშირის ბიუროკრატიისა და გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან საქართველოს თემის არასათანადო აღქმაც.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ევროინტეგრაციის რეგიონული ფლაგმანის სტატუსის მატარებელი ქვეყანა იყო, მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო გაჩნდა საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილება ჩვენთან მიმართებაში არც ლოგიკური და არც კანონზომიერი არ იყო.
ვთვლი, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო.
ბუნებრივად გვახსენდება ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის არმიცემის ფაქტი, რამაც თავის დროზე უარყოფითი როლი ითამაშა და რომელსაც დღეს ბევრი დასავლეთში შეცდომად აღიარებს.
ბუნებრივად გვახსენდება ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის არმიცემის ფაქტი, რამაც თავის დროზე უარყოფითი როლი ითამაშა და რომელსაც დღეს ბევრი დასავლეთში შეცდომად აღიარებს
ამ აზრის გასამყარებლად მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს. უპირველეს ყოვლისა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუნდაც იმავენაირი დათქმებით რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო, მოგვცემდა საშუალებას ჯანსაღი შიდაპოლიტიკური პროცესის დასაწყებად.
მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის რომ, კანდიდატის სტატუსის მიღება სავარაუდოდ იქნებოდა უდიდესი ტრიგერი სწრაფი და ეფექტური რეფორმებისა საზოგადოებისთვის, ბიზნესისთვის და საჯარო ინსტიტუტებისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნული სტატუსი ითვალისწინებს უამრავ პროგრამებში ჩართვას სხვადასხვა ევროპული ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც ქვეყნის მოდერნიზაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა.
იგი საქართველოს მოქალაქეს მისცემდა საშუალებას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში პირადი მონაწილეობის შეგრძნების განცდა ჰქონოდა და ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედი გასჩენოდა.
სამწუხაროდ, მიღებულმა გადაწყვეტილება ამ დადებითი ფაქტორების მიღმა დაგვტოვა, ყოველ შემთხვევაში ამ მოცემულ ეტაპზე. ამ საკითხში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის, მობილიზაციის აუცილებლობა, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის მიერ დაწესებული დათქმები.
წარიმართოს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, რომელსაც აქვს პოტენციალი სხვადასხვა პლატფორმაზე და მსოფლმხედველობის პოზიციებზე მყოფი ძალების გაერთიანების, რათა საბოლოოდ მივიღოთ დადებითი შედეგი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და მისი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”