პრეზიდენტი - მუშაობა უნდა დავიწყოთ პარლამენტის სხდომებზე, კომიტეტებში, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში - ყველამ ყველგან უნდა ვიმუშაოთ, იმაზე უარი თქვა და ამაზე „კი“, ასე არ გამოვა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, ბრიუსელის გარდა, მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტშიც.

აღნიშნულ კონტექსტში, პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, ერთმანეთთან ითანამშრომლონ.

ამასთან, მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღწევის მთავარი ბერკეტი ხელისუფლების ხელშია.

„როდესაც გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მე მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ყველამ ყველგან უნდა ვიმუშაოთ. იმაზე უარი თქვა და ამაზე „კი“, ასე არ გამოვა. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85%, [საჭიროა] მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, გარკვევა რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით - ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაგები. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში - ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. მათ ხელში არის ამ კანდიდატურის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ მუშაობაზე იმ ერთმანეთთან ჭიდილის რეჟიმიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, არამედ ასევე არის გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ არ იყოს პასუხები და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე,რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს - ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის,რომ ყველანაირად გვაჩვენონ - მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა