ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2022

ვახტანგ ძაბირაძე - დაიწყებს თუ არა “ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს?!

კიევი ცეცხლის შეწყვეტას ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ აპირებს

ლევან ალაფიშვილი - “გველეშაპთან მეომარი “ოცნება” თავად გახდა გველეშაპი”

ჯანმომ “მაიმუნის ყვავილის” გლობალური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მამუკა არეშიძე - “ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - დაიწყებს თუ არა “ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს?!

“ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება ასახავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია და რომელიც ჩვენი ხელისუფლების წყალობით შეიქმნა. ხელისუფლება აშკარად ცდილობს, დასავლეთის მიმართულებით ქვეყნის სვლა შეანელოს, რის მიზეზიც მგონია მისი სიფრთხილე, ანუ ე.წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. ხელისუფლებას ეშინია, რომ რუსეთმა შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგაც. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ცდილობენ ე.წ. ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. პროდასავლურ კურსზე უარს ღიად ვერ ამბობენ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსული, თუმცა, ფაქტობრივად, ხელისუფლების ნაწილი, ცნობილი სამეული გაშმაგებულ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიას ეწევა. ამავდროულად, შენარჩუნებულია აბსოლუტურად ალოგიკური ბრალდება, რომ დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ხელისუფლება დაჟინებით, ვიმეორებ, სრულიად ალოგიკურად ცდილობს ჩვენი მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. რეალურად დასავლეთს დღეს არათუ საქართველოს ომში ჩათრევა, აქ დესტაბილიზაციაც კი არ აწყობს...” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დაიწყებს თუ არა “ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს?!

“ამის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის რეკომენდაციების შესასრულებლად თავდაპირველად მოცემული 6-თვიანი ვადა მთელი წლით გააგრძელეს. დიდი ალბათობით, ევროპელებმა კარგად დაინახეს, რომ ექვს თვეში ამ რეკომენდაციების შესრულებას ხელისუფლება ვერ შეძლებდა, რასაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა დიდი საპროტესტო აქციები, რაც შექმნიდა არასტაბილურ გარემოს. სწორედ ამისგან თავის დასაზღვევად გადასწიეს ეს ვადა. ქვეყნის დესტაბილიზაციისგან დაცვის სურვილით არის გამოწვეული ევროპელების გაუთავებელი ლაპარაკი დეპოლარიზაციაზე, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, ჩაერთოს იმ პოლიტიკურ პროცესში, რასაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება ჰქვია... ჯერ ერთი, ჩვენი ომში ჩართვა უკრაინისთვის სურათს ვერ შეცვლის - ჩვენი პოტენციალი არ არის იმხელა, რუსულ სამხედრო ძალებს შევუქმნათ ისეთი პრობლემები, რაც მის უკრაინაში შეჭრას შეუმსუბუქებს. ეს ხელისგულზე დევს და ყველამ მშვენივრად იცის. ამის გარდა, დასავლეთს, რომლის მთელი ყურადღება და შესაძლებლობები მიმართულია უკრაინისკენ, რაში სჭირდება კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის კერა? მთელი შუა აზიისა და ჩინეთის საგზაო მარშრუტი ევროპისკენ ჩვენზე გადის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია ენერგოდერეფანი, რომელშიც, აზერბაიჯანის გარდა, შესაძლოა, ჩაერთოს ყაზახეთი და მთელი შუა აზია - მე ვლაპარაკობ არა მხოლოდ გაზზე, არამედ ნავთობზეც, ასე რომ, დღეს არათუ საომარ მოქმედებებში ჩვენი ჩართვა, არამედ დესტაბილიზაციაც კი არ აძლევს ხელს დასავლეთს. თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ისევ და ისევ რუსეთია. მაგრამ რუსეთსაც პრობლემები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მას კი შეუძლია არასტაბილურობა გამოიწვიოს, მაგრამ მერე მისი მართვა ექცეს დიდ გასაჭირად. ასეთი არაპროგნოზირებადი ნაბიჯის გადადგმას, მით უფრო დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთიც მოერიდება, რადგან ის ქმედებას იწყებს მაშინ, როცა აქვს გარკვეული გარანტია, რომ პროცესს ნაწილობრივ მაინც გააკონტროლებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გასულ კვირას დიდი ამბავი ატყდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კასიანოვთან დაკავშირებით, მაგრამ არ მესმის, რატომ, რა თქვა ისეთი, რომ “ქართული ოცნება” ასეთი მასშტაბით ალაპარაკდა ისევ ომის თემაზე - მას ხომ ომი არც უხსენებია! როდესაც თქვა, საქართველოდან მეტ მხარდაჭერას ველოდითო, იგულისხმებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა და ამაში, შესაძლოა, სანქციებს გულისხმობდა, ან სულაც მხოლოდ მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც ჩვენი ხელისუფლებისგან ძალიან ძუნწად მოვისმინეთ. რა გასაკვირია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მეტს ელოდნენ?! ან რა შუაშია იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ომში რომ არ ჩავერთეთ, იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, დიახ, ზოგადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხი დადგა სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ეს იქცა შანსად საქართველოსთვის, მაგრამ უარი გვითხრეს ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებისა და განცხადებების გამო, იმის გათვალისწინებით, რასაც ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ომამდეც აკეთებდნენ”, - თვლის ექსპერტი.

“გადავხედოთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, თუნდაც ამ ვითომ იქიდან წამოსულ სამეულს. რომელს აქვს მაღალი პოლიტიკური რეიტინგი ივანიშვილის გარეშე? თითქმის არავის, ამიტომაც ივანიშვილის თემა მათი დღევანდელი მდგომარეობის, ძალაუფლების, კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. რასაც მათ პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით მიაღწიეს, განპირობებულია არა მათი პოლიტიკური წონით, არამედ ივანიშვილის ხელდასხმით, ამიტომ ეს გუნდი ოპოზიციაში რომ წარმოვიდგინოთ, მათ ისეთივე და უარესი პრობლემები გაუჩნდებათ, რაც, ვთქვათ, გაუჩნდა გახარიას... ივანიშვილის გარეშე რა პოლიტიკური წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეთ კობახიძეს ან ღარიბაშვილს? მათ სჭირდებათ ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შესაბამისად, მზად არიან, ყველაფრის ფასად დაიცვან ის და მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კეთილდღეობა. რაც შეეხება რუსეთისკენ მიზანმიმართულ სვლას, მე ვერ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ ივანიშვილზე რუსეთისგან იყოს პერსონალური ზეწოლა. ამ სამეულის განცხადებები, შესაძლოა, ემსახურებოდეს იმას, რომ მათ ერთგვარად ივანიშვილის მეხამრიდის როლი ითამაშონ”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“დააკვირდით _ დასავლეთის შეფასებისას მათი განცხადებები და რუსეთის პროპაგანდის მესიჯები თითქმის იდენტურია, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, ამგვარი განცხადებებით ივანიშვილზე რუსეთის ზეწოლის შემსუბუქებას ცდილობდნენ. აქვე ვიტყვი, რომ ამის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ეს მხოლოდ ჩემი ჰიპოთეზაა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი, რას წარმოადგენს რუსეთი და როგორ მოქმედებენ მისი სპეცსამსახურები - კა-გე-ბეს თეთრი ხელთათმანებით არასდროს უმუშავია... პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის იმიჯი ეწირება და ჩვენი სახელმწიფო ზიანდება... საქართველოს ხელისუფლება, დიდი ალბათობით, ამ პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ნათლად არ გამოიკვეთება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები. ვიდრე ასეთი გარდამავალი უპირატესობაა, ჩვენი ხელისუფლება ამ პოლიტიკის შენარჩუნებას შეეცდება. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ რუსეთმა მიაღწია წარმატებას და იმ დროისთვის “ქართული ოცნება” კვლავ იქნება ხელისუფლებაში, ისინი ეცდებიან, ქვეყანა მართლაც რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ; თუ რუსეთმა მარცხი იწვნია, მაშინ საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკურ კურსს. სამწუხაროდ, ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა სხვა პროგნოზის საშუალებას არ იძლევა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ბოლო 30 წელიწადია, ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ... დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” საქციელი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს, რომ ის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, მაგრამ თვითონაც მსგავსად იქცევა, თუ საქმე საქმეზე მიდგება, არც ისინი ითვალისწინებენ დასავლელი პარტნიორების რჩევებს. ყველა ჩვენი პარტნიორი ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, მაგრამ, ამის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან. ამ ძალამ ვერ გაიგო, რომ თავისი მოქმედებებით ხშირად სწორედ ხელისუფლებას ახეირებს ხოლმე.აშკარაა, რომ არც ხელისუფლებას და არც `ნაციონალურ მოძრაობას~ რეალური დეპოლარიზაცია ხელს არ აძლევთ. არც ერთ მათგანს არ უნდა ანგარიშგასაწევი მესამე ძალის გაჩენა, ამიტომაც აშინებთ პოლარიზაციის დასრულება და პოლიტიკური პროცესის ნორმალური რეჟიმით წარმართვა, შედეგად კი ვტრიალებთ ამ ჯადოსნურ წრეზე”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“ქართულ ოცნებას” ამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ზოგიერთი პუნქტის შესრულება დიდად არ სწადია და, სავარაუდოდ, არც შეასრულებს, არამედ ეცდება, ეს გადააბრალოს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ისე ჩანს, რომ ამ 12 პუნქტის შესრულება მაინცდამაინც არც `ნაციონალურ მოძრაობაში~ სურთ. შესაძლოა, იმედი აქვთ, რომ თუ საქართველოს მომავალ წელსაც არ მისცემენ კანდიდატის სტატუსს, ამის მერე ააგორებენ დიდ საპროტესტო აქციებს და ახალ პოლიტიკურ პროცესს დაიწყებენ, რაც, ჩემი აზრით, სრულიად მცდარი ტაქტიკაა...” - მიიჩნევს ძაბირაძენ და შეკითხვაზე - “სალომე ზურაბიშვილი სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება “ოცნების” მიმართ, რაც მეტისმეტად აბრაზებს “ქართულ ოცნებას”. ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა სასწრაფოდ ადვოკატის აყვანაც კი ურჩია პრეზიდენტს, შეახსენა რა მას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი... მოგეხსენებათ, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ჩარჩოს სცილდება, როცა ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს...” - პასუხობს:

“ქართული ოცნება” მოქმედებს პრინციპით: “ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია”. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ იქნება - პრეზიდენტი თუ პარტიის რიგითი წევრი. ის ითხოვს სრულ მორჩილებას ყველასგან, მათ შორის პრეზიდენტისგან. გაიხსენეთ, ასე იყო წინა პრეზიდენტის შემთხვევაშიც... სალომე ზურაბიშვილი კარგა ხნის განმავლობაში ხმას არ იღებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა მას მერე, რაც `ქართულმა ოცნებამ~ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე თქვა უარი. ეს პროცესი ნელ-ნელა განვითარდა, ბოლო ხანს კი პრეზიდენტი, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, ისე გამოჩნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე”

“რაც უფრო მძაფრდება “ქართული ოცნებისა” და მისი სატელიტი ჯგუფებისგან დასავლეთის კრიტიკა, მით უფრო რადიკალური ხდება ზურაბიშვილი. ის იმეორებს იმას, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ითხოვენ ხელისუფლებისგან. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, პრეზიდენტი არ არის მხოლოდ ნოტარიუსი, მას ელჩის დანიშვნის პრობლემა თუ აქვს, შეუძლია ამაზე ლაპარაკი. კონსტიტუციაში წერია, რომ მას თვითონ არ შეუძლია ელჩის დანიშვნა და რომ ეს ხდება მხოლოდ მთავრობის წარდგინების შემდეგ. თუ ვინმეს დანიშვნაზე ამბობს უარს, მას უნდა ჰქონდეს არგუმენტები, რაც, ალბათ, აქვს კიდეც. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, თუ პრეზიდენტი უარს ამბობს ვინმეს დანიშვნაზე, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, ასეთ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია წარადგინოს სხვა კანდიდატურა და პრობლემაც მოგვარდება, აქ მე ვერაფერს ვხედავ ანტიკონსტიტუციურს. არ მგონია, “ქართულმა ოცნებამ” იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ეს რომც შეძლოს, რაც ძალიან სათუოა, არა მგონია, ეს ხელს აძლევდეთ, რადგან პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მათთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

კიევი ცეცხლის შეწყვეტას ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ აპირებს

“უკრაინის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტას ოკუპირებული მიწების დაბრუნების გარეშე არ აპირებს და კიევის მხრიდან ომში პაუზა არ იქნება. ამის პარალელურად ამერიკა და ევროპა შუფერხებლად იმ იარაღს აწვდის, რისი დახმარებითაც ფრონტის ხაზზე უკვე რამდენიმე კვირაა რუსები წინ ვერ მიიწევენ და მეტიც, უკრაინელები გარკვეულ ლოკაციებზე წარმატებულ კონტრშეტევებსაც აწარმოებენ. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია კრიტიკულად სწორია, რადგან ახლა რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რუსეთს საშუალება მიეცემა, რომ გადაჯგუფდეს, ამოისუნთქოს და ახლიდან შეუტიოს. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს, - ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს უკრაინის ტერიტორიები თებერვალში შეჭრის შემდეგ და შემდეგი რაუნდისთვის გადაიარაღდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კიევი ცეცხლის შეწყვეტას ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ აპირებს - “უკრაინამ, რომ ცეცხლი შეწყვიტოს, პოტენციურ წარმატებაზე უარის თქმის უგუნური ნაბიჯი იქნება”.

“დასავლეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას არ წყვეტს. როგორც “სიენენი” წერს, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ახალი 270 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ დრონებს. ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული “ჰაიმარსის” სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა ჰაიმარსისთვის, 105 მმ-იანი საბრძოლო მასალის 36000 ტყვია, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე “ფენიქს გოსთი” ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა. ამასთან, ევროკავშირმაც უკრაინისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის (510 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა. “აღნიშნული დახმარება მიზნად ისახავს, რომ გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სტაბილურობის მიმართ, რათა დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიისგან”, - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროკავშირი რჩება კონცენტრირებული და მტკიცე მხარდაჭერა აქვს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას შეადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის”, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინას ახლა ცეცხლის შეწყვეტა არ აწყობს, რადგან, რუსეთი ამას თავის გასაძლიერებლად გამოიყენებს. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი ამბობს, რომ ზელენსკის პოზიცია სწორია, რადგან, ახლა რუსებს უჭირთ და ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მიეცეთ”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინაში არც ერთი პოლიტიკოსი ხელს არ მოაწერს იმას, რომ დაკარგული ტერიტორიების ოკუპირებას დათანხმდეს. ვიცი, რომ საუბარი იყო ხორბლის ექსპორტის შეთანხმებაზე, რუსეთი ითხოვდა, რომ ცეცხლი შეეწყვიტათ, სანამ ხორბალს გამოიტანდნენ. თუ ამაზეა საუბარი, უკრაინას ახლა ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად არ აწყობს, რადგან რუსეთი ამას თავის გასაძლიერებლად გამოიყენებს, გადაჯგუფებისთვის და რეზერვების შემოყვანისთვის. რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებას, უკრაინისთვის ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დატოვების შემთხვევაში. ის იარაღი, რომელსაც უკრაინა იღებს, საშუალებას აძლევს, რომ შეძლოს და რუსები წარმატებით შეაჩეროს და გარკვეულ (ხერსონისა და ზაპოროჟიეს) მიმართულებებზე ლოკალური კონტრშეტევებიც განახორციელოს. უშუალოდ ფრონტზე რუსები შეტევის პოტენციალს თანდათან კარგავენ, ხოლო უკრაინელებს ჯერ არ გააჩნიათ პოტენციალი, რათა კონტრშეტევა განახორციელონ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ზელენსკის პოზიცია ყველაზე მართალია, რადგან ახლა რუსებს უჭირთ. რუსებს თუ ახლა უკრაინელებისგან ოპერატიული პაუზისა და სიმშვიდის საშუალება მიეცათ, ამით ისინი გადაჯგუფდებიან, ამას როგორც კი 2-3 თვეში დაასრულებენ, უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებზე შეტევას განაახლებენ, ამიტომაც უკრაინალებმა რუსებს ამოსუნთქვის საშუალება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მისცენ. უკრაინამ ცეცხლი რატომ უნდა შეწყვიტოს, როცა ომს არ აგებს. დღეს თუ ომში ვინმეს უჭირს, ეს რუსეთია, რომელსაც სამხედრო ნაწილების გამოფიტვა დაეწყო, ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებული აქვს და მას ეს ოპერატიული პაუზა ახალი ტექნიკის შესაძენად და ასათვისებლად სჭირდება, ირანიდან, ჩინეთიდან და თავის საწარმოებიდან. ამიტომაც ახლა ზელენსკის პოზიცია კრიტიკულად სწორია”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“უკვე იმაზეა საუბარი ხერსონი უკრაინელების მიერ როდის და რამდენ ხანში გათავისუფლდება და ახალა რომ ისევ ამოსუნთქვის საშუალება მისცენ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ სტრატეგიული შცდომა, არამედ ზუსტად იმავე სცენარის განმეორება, რაც საქართველოში აფხაზეთის ომში ვნახეთ. რუსეთის მიმართ ნდობა სისულელეა, რადგან მინსკის ხელშეკრულება, რომელიც 2015 წელს დაიდო, მხოლოდ შვიდწლიანი ოპერატიული პაუზა იყო იმისათის, რომ სრულმასშტაბიანი შეტევა წამოეწყო. ამიტომაც ახლა უკრაინელების მხრიდან გარდატეხა მიღწეულია, “ჰაიმარსი” მაგრად მუშაობს, “ემ-270”-ები ჩართულია. ბრიტანული ანტისაჰაერო მანქანები გამოჩნდნენ, რომლებსაც “სტინგერები” უყენიათ, ასევე ბრიტანული მთელი რიგი “მენპადებია”, რომელსაც სროლა და რუსული ავიაციის პირდაპირ ჩამოგდება შეუძლიათ”, - განაგრძობს კობერიძე.

“ჩვენ ვნახეთ “სუ-35”-ის ჩამოგდების მეორე პრეცედენტი, რაც იმისი ინდიკატორია, რომ ცაში უკრაინელები დომინაციას აღწევენ. მათ შორის უკრაინულმა ავიაციამ უკვე მუშაობა დაიწყო. თავის მხრივ უკრაინული “მი” ტიპის შვეულმფრენები ხერსონის მიმართულებით აქტიურად მოქმედებენ, რამაც შექმნა ის, რომ უკრაინელების მხარეს გარკვეულწილად ზოგიერთი მიმართულებით უპირატესობაც კი არის შექმნილი. ამიტომაც დღეს, რომ უკრაინამ, რომ ცეცხლი შეწყვიტოს, საკუთარ პოტენციურ წარმატებაზე უარის თქმის უგუნური ნაბიჯი იქნება და უკრაინა ამას არ გააკეთებს. ორი კვირაა რუსებმა წინ მეტრითაც კი ვერ წაიწიეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბახმუტის მიმართულებით ძალიან ინტენსიურად უტევენ, წინ პრაქტიკულად ვერ მიიწევენ, რადგან უკრაინელებმა შეძლეს და საარტილერიო უპირატესობა თუ არა, გათანაბრება მაინც მოიპოვეს. ნებისმიერი რუსული ნაწილი, რომლებიც დაიძრება და გადაადგილდება, უკრაინული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ჰყვება ხოლმე და იძულებულია უკან დაიხიოს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ეს ერთგვარი ტენდენციაა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეინიშნება, ეს უკრაინელებს იმის საშუალებას აძლევს, რომ დონეცკის მიმართულებით შეტევა შეაჩერონ, კონკრეტულად კი სივერსკი-ბახმუტის მიმართულებით. რაც შეეხება სამხრეთს, ზაპოროჟიეში, მცდელობა იყო, რომ შეტევა გულიაპოლესკენ ყოფილიყო, მაგრამ აქ უკრაინულმა არტილერიამ და შვეულმფრენებმა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მინიმუმ ასეული გაანადგურეს. ხერსონში უკრაინელებმა სერიოზული კონტრშეტევის წამოწყება შეძლეს, როგორც რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა, რუსული სამხედრო ნაწილები ალყაშიც არიან მოქცეულები. რუსები გარკვეული სოფლის შენარჩუნებისთვის ცდილობენ... ხერსონში სტრატეგიული `ანტონოვის~ ხიდი უკვე დაზიანებულია და მძიმე ტექნიკისა და სამხედრო ნაწილების გავლა არ შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს ხერსონთან უკვე ხელშესახები აბსოლუტური უპირატესობა აქვთ იმისთვის, რომ გაათავისუფლონ. შესაძლებელია აგვისტოში ხერსონზე შეტევა უფრო სრულმასშტაბიანად ვიხილოთ”, - თვლის კობერიძე.

ლევან ალაფიშვილი - “გველეშაპთან მეომარი “ოცნება” თავად გახდა გველეშაპი”

“სახელისუფლებო და პოლიტიკურ კრიზისს უკვე ძალიან ღრმა ფესვები აქვს. გარდამავალი, მყიფე დემოკრატიის ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო კულტურა არა აქვს, ერთი და იმავე პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა. საქართველოში კი არა, განვითარებულ ქვეყნებში ორ საპარლამენტო ვადაზე მეტხანს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ჩერდება, ამომრჩეველი არჩევნების გზით ცვლის. ჩვენ ეს ტრადიცია ვერ დავამკვიდრეთ. ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ცდილობდა ისეთი რეგულაციების შექმნას, რაც მის ხელისუფლებაში ყოფნის ვადას გაახანგრძლივებდა. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ბოლო პერიოდში მიღებული კონსტიტუციური ცვლილების მთავარი აზრიც ამ მიზანს ემსახურებოდა. არავინ იცის, მესამე ვადა იქნებოდა თუ მეტი, მაგრამ ამას ხელი შეუშალა საგარეო და საშინაო ძალების გაერთიანებამ, ცვლილებების მოთხოვნამ და უცხოეთის აქტიურობამ...” - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გველეშაპთან მეომარი “ოცნება” თავად გახდა გველეშაპი”.

“დღევანდელი ხელისუფლება 2019 წლის შემდეგ სწორედ ისე იქცევა, როგორც “ნაცმოძრაობა” მმართველობის ბოლო წლებში. ეს მხოლოდ დიპლომატების კრიტიკაზე არ ითქმის, ყველა გზით ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას. ამომრჩეველს საარჩევნო სისტემის შეცვლას შეჰპირდნენ, მაგრამ პირობა არ შეუსრულებიათ. არც ევროპული მედიაციით წარმართულ პროცესებს მოჰყოლია ინსტიტუციური ცვლილებები. 2018 წლის არჩევნები კარგი მაგალითია მსჯელობისთვის - საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს “ოცნებაში” განხეთქილება დაიწყო, ახალი თაობა მოვიდა და პარტია ორად გაიყო. პროცესს ახალი “მეოცნებეები” წარმართავდნენ, ისინი, ვინც ახლა ხელმძღვანელობაში არიან. ისეთი სასტარტო პირობები შეიქმნა, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე დამარცხდებოდნენ და ეს ცხადი შეიქნა პირველ ტურში. მეორე ტურში წკიპზე მოიგეს - ანუ მმართველ პოლიტიკურ ძალას უკვე მაშინ ძალიან უჭირდა და ახლაც ასეა. ყველაზე ცუდი, რაც სჭირს “ოცნებას”, ის არის, რომ იცის, რას აკეთებდა მისი წინამორბედი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და თავადაც იმავეს აკეთებს - გველეშაპთან მეომარი თავად გახდა გველეშაპი. კონსტიტუციის ჯერ ინიცირებით, შემდეგ კი თაროზე შემოდებით, სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“1995 წლიდან მოსახლეობა ორ უარესს შორის შედარებით ნაკლებად უარესს ირჩევს. კარგსა და ნაკლებად კარგს, ან რამდენიმე კარგს შორის არჩევანის ფუფუნება არ გვქონია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, უახლოეს პერიოდს ვგულისხმობ, სულ რაღაც ოცდაათი წლის არის. პოლიტიკური კულტურა არა გვაქვს, პარტიების კულტურაც არ გვქონია. კლასიკური გაგებით, პოლიტიკური პარტია არც გვყავს, რადგან ის დემოკრატიული მოწყობის გარეშე არ არსებობს. არადემოკრატიულია პარტია, როდესაც გამჭვირვალობა არ არის, წევრებს არაფერს ეკითხება. ყველა პარტიაში ასეა, მათ შორის მმართველ გუნდში. “ნაცმოძრაობის” დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა. თვითმმართველობის არჩევნების დროს კანდიდატების ბანერებს გამოკიდებდნენ და პარტიის სხვა წევრებმა მათზე არაფერი იცოდნენ. “ოცნებაც” ამას აკეთებს. გაუმჭვირვალე პოლიტიკური სისტემა ძალაუფლების არადემოკრატიულად მოპოვების ინსტრუმენტია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პოლიტიკურ პარტიებში დემოკრატიული პროცესები რომ მიდიოდეს, ბევრი რამ მმართველ ძალაშიც სხვანაირად იქნებოდა და ოპოზიციაშიც. პოლიტიკური ტრაგედიაა, რომ პარტიები გვპირდებიან დემოკრატიის გაუმჯობესებას და მათივე გუნდში რა ხდება, თავადაც არ იციან. დაახლოებით ისეა, ადამიანს ოჯახი თავად არეული რომ ჰქონდეს და სხვას ეუბნებოდეს, ოჯახში ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებიო. სამოქალაქო კულტურის უქონლობას ყველაფერზე დიდი გავლენა აქვს. ჩემი და წინა თაობაც ბევრ საკითხში საბჭოური მენტალიტეტის მატარებელი ვართ. ასეა პოლიტიკაშიც. ჯერჯერობით ახალი თაობა ვერ შემოვიდა, თუმცა აუცილებლად მოვა. მაგრამ ამისთვის ქვეყანაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები უნდა მომწიფდეს”, - მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი.

“დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქართველი ხალხი ეძებდა ლიდერს, რომელსაც სახელად დავარქმევდით “ძლიერს”, ამ სტატუსის ადამიანი გვჭირდებოდა, გავაღმერთებდით. არადა, ისინიც ხომ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ. ზოგიერთი ამბობდა კიდეც, არა ვარ ისეთი ძლიერი, როგორადაც თქვენ მაქციეთო, მაგრამ ჩვენ მაინც ცაში აგვყავდა. ეკუთვნოდა თუ არა, სრულ ძალაუფლებას ვაძლევდით, შემდეგ კი აღმოვაჩენდით, რომ თურმე ისეთი არ ყოფილა, როგორიც გვინდოდა ყოფილიყო - ანუ არ მოვიდა, ჩვენი საქმეები არ გააკეთა, სახლი არ დაგვილაგა... ისე, რომ პასუხი არც იმას მოვთხოვეთ და არც ჩვენს თავს, რატომ მოვიქეცით ასე, ახალი ლიდერის ძიება დავიწყეთ და მას დავარქვით “ძლიერი”. შემდეგ ისინი ერთმანეთს დავაჭიდეთ და ვინც მოიგო, ის დავსვით. ოცდაათი წელია ჩვენი პრობლემა კერპების და არა ინსტიტუციურად ჯანსაღი, ჩვენს ღირებულებებთან ახლოს მდგომი სუბიექტების ძიებაა”, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

“ქართველი საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა მაქსიმალურად გამჭვირვალე საარჩევნო სისტემა უნდა ყოფილიყო, ასეთივე ხმების დათვლის პროცესითა და სხვა პროცედურებით, დემოკრატიული მოწყობის მქონე პარტიები უნდა მოგვეთხოვა, გამჭვირვალე დაფინანსებითა და შიდამმართველობით. დიდ ფინანსურ ჯგუფებს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. ორი საარჩევნო ციკლი მაინც ბიუჯეტიდან გადაიხადონ. ეს პოლიტიკაში შავი ფულის შემოდინებას თუ არ გააქრობს, შეამცირებს მაინც. მაშინ, როდესაც ასეთი პოლიტიკური ვითარებაა, წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი გადათამაშება, მესამე ძალა ვერ შემოვა, რადგან პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის” - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ევროპელ დიპლომატებზე მმართველი გუნდის წევრების თავდასხმას?” - პასუხობს:

“ქრონოლოგიურად მივყვეთ, პრემიერის წერილით დავიწყოთ, რომლითაც მან აღიარებითი ჩვენება მისცა ევროკავშირის 27 სახელმწიფოს და ევროპის ინსტიტუტებს. არც ერთ ევროპულ ინსტიტუტს ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის გვარ-სახელი არც ერთ დოკუმენტში არ ჩაუწერია, ზოგადად ეწერა, დეოლიგარქიზაცია. პრემიერი კი, არაიდენტიფიცირებულის იდენტიფიცირებას ახდენს, ოლიგარქის ვინაობას აკონკრეტებს. ეს ხომ შეიძლება ევროპულმა ინსტიტუტებმა აღიარებად გამოიყენონ - სხვებს რატომ არ იცავენ, ესე იგი, ის არის ოლიგარქი, თორემ თავის მართლება ხომ არ დასჭირდებოდათო. ამის შემდგომ ირაკლი კობახიძის ჰარცელზე თავდასხმა რატომ უნდა გაგვიკვირდეს... შეიძლება მან არ იცის, მაგრამ ელჩი პერსონა კი არა, კონკრეტული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელია და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა ყეყეჩობაა”...

“მით უფრო, რომ ჰარცელი მართლაც თავგადადებული ქართველია, ისეთი პროექტები აქვს განხორციელებული ევროკავშირის მხარდაჭერით. სინამდვილეში “ოცნებაც” და “ნაციონალებიც” იმას ვერ იტანენ, რომ ევროპელი პარტნიორები ამა თუ იმ ქვეყნისთვის საზიანო ქმედების დროს აკრიტიკებენ, რადგან ამას ერთი მეორის წინააღმდეგ იყენებს. სახელმწიფო ვის დაჰკარგვია, მთავარია, ერთმანეთი ჩაძირონ... 2013 წელს საქართველოში ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, პოლონეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ჩამოვიდა. ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, მაგრამ ორივე პოლიტიკურ ძალას ეტყობოდა, რაზე იყვნენ წამსვლელი. პოლონელმა პოლიტიკოსმა მათ უთხრა, ქართველებს დიდხანს გქონდათ კავკასიური ვენდეტა და დაასრულეთ, საკმარისია, თქვენს დაპირისპირებას ქვეყნის მომავალს ნუ გადააყოლებთ, რეფორმებს მიხედეთო. მას შემდეგ ათი წელი გავიდა, ჩვენ კი ისევ იქ ვართ, ან შეიძლება უფრო უკანაც”, - დაასკვნის ლევან ალაფიშვილი.

ჯანმომ “მაიმუნის ყვავილის” გლობალური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

“მაიმუნის ყვავილი” გლობალურად უკვე 75 ქვეყანაში გამოვლინდა, საგანგაშოა შემთხვევების რაოდენობა - დაფიქსირდა ლეტალობაც, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, მსოფლიო მასშტაბით 17 ათასამდე ინფიცირებული საგანგაშოა, ჯანმო კი ამ გადაწყვეტილებით ფრთხილობს, რათა ის სცენარი არ განმეორდეს, რაც კოვიდ-19-ის შემთხვევაში მოხდა. ჯანმოს ინფორმაციით, “მაიმუნის ყვავილი” 75 ქვეყანაში დაფიქსირდა და უკვე 16 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების 5 შემთხვევაც და ეს გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო, გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს საგანგებო კომიტეტში მომუშავე ექსპერტებს შორის კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ყველა შეშინებულია, სიცხისა და გაციების სიმპტომებისთანავე ექიმს უნდა მიაკითხონ” - ჯანმომ “მაიმუნის ყვავილის” გლობალური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

“ჩვენ გვაქვს ეპიდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა გვესმის და რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების კრიტერიუმებს”, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. ჯანდაცვის ექსპერტი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ ჯანმო კორონავირუსის მაგალითის გამო, “მაიმუნის ყვავილის” შემთხვევაში ფრთხილობს, რადგან, ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოგონება რთულია, თან ვირუსს აქვს უნარი, რომ გაძლიერდეს, ან მუტაცია განიცადოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო “კორონავირუსისგან” შეშინებულია, თავიდან თითქოს ჩვეულებრივი ვირუსი იყო და პასაჟირება და მუტაცია რომ განიცადა, მერე უკვე რთული სურათი მივიღეთ. ნებისმიერი ვირუსული ინფეცქიის დროს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოგონება ძალიან რთულია, მხოლოდ თითო-ოროლაა, მაგალითად “ცე” ჰეპატიტის. ჯანმომ ერთის მხრივ უკვე თადარიგი დაიჭირა, მეორეს მხრივ აბსოლუტურად მართალია, რადგან უკვე 16 000-ზე მეტი შემთხვევაა და ეს ცოტა არაა. ამ ეტაპზე ჩვენ ჯერჯერობით არაფერი გვემუქრება, თითქოს რაღაც შემთხვევები კი იყო, მაგრამ ეს დიდი რაოდენობა არაა და მეორეც, სახელმწიფო მეტ-ნაკლებად საზღვრებს აკონტროლებს. მთავარია, არ შემოვიდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ შესაძლოა პირბადეების ისევ ტარება დაგვჭირდეს მეთქი და საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პირბადის ტარება გუშინ და დღეს ხომ არ მოიგოინეს?! მსუბუქ გამოიყენებაზეა საუბარი და არა ის, რომ ადამიანი აბაზანაშიც პირბადით შევიდეს. ჯერჯერობით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, დავაკვირდებით რა მოხდება. დაავადება ამ ეტაპზე ძალიან დამრთგუნველი არაა და ისეთი ძლიერი ვირულენტობა გამოხატული არაა. ჯერჯერობით გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ვცხოვრობთ. ელემენტარული ჰიგიენის წესები დავიცვათ და პირბადე საავადმყოფოებში მაინც გავიკეთოთ”, - მიიჩნევს ხმალაძე და შეკითხვაზე - “გადაცემის რა ახალი გზებზე შეიძლება საუბრობდეს ჯანმოს ხელმძღვანელი?” - პასუხობს:

“ამბობენ, რომ შესაძლოა იყოს კონტაქტური, გადაცემის გზები არის ტრანსმისიული, როცა სისხლით, რესპირაციული გზით გადაეცემა - ხველების, ლაპარაკის, დაცემინების დროს და არის გადაცემის კონტაქტური გზა. ასევე, არის ფეკალურ-ორალური გადაცემის გზაც. მიკრობს იმდენი მუტაციის უნარი არ აქვს, რამდენიც ვირუსს. მიკრობი იგივე დარჩა, რაც ადრე იყო და არაფერი არ შეცვლილა, ვირუსები კი იცვლებიან. “მაიმუნის ყვავილი” შეიძლება წავიდეს, როგორც ჩვეულებრივი ან ატიპიური გრიპი, შესაძლოა გარკვეული გამონაყარიც ჰქონდეს, ყველაფერი ინდივიდუალურია. ახლა ყველა შეშინებულია, უბრალო სიცხისა და გაციების სიმპტომებისთანავე ექიმს უნდა მიაკითხონ, განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ იმ კერებში იყვნენ, სადაც “მაიმუნის ყვავილი” ცირკულირებს”...

მამუკა არეშიძე - “ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი”

“ინფორმაცია, რომელიც ჩემამდე ღია არხებისა თუ კულუარული ინფორმაციის სახით მოდის, იმის ფიქრის საფუძველს მაძლევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლური დიპლომატიური კორპუსის ნაწილს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ მარტის დამდეგს დაიწყო. მიზეზი ის გახლავთ, რომ ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა საკუთარ თავს ზედმეტის უფლება მისცა, განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებში. ვგულისხმობ საქართველოს სამხედრო აქტიურობას. ელჩები საერთოდ არ ყოფილან ამ საქმეში ჩართული, თუმცა ნამდვილად იყვნენ დასავლელი პოლიტიკოსები. მე მათი ვინაობის გამხელის უფლება არა მაქვს. მხოლოდ თარიღის დასახელება შემიძლია - 4 მარტი. ზოგიერთი სახელმწიფო მოღვაწისგან განსხვავებით, თავს ამაზე საუბრის უფლებას არ მივცემ”, - აცხადებს ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი”.

“მაგრამ გავიხსენოთ მოვლენათა განვითარება: ომის დაწყების პირველივე დღეებში სოცქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც სამხედროფორმიანი რამდენიმე ქართულენოვანი პირი აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე საუბრობდა. შემდეგ გავრცელდა ხმა, თითქოს რუსულმა არმიამ დატოვა აფხაზეთი. აფხაზეთიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუჩაში ერთი რუსი ჯარისკაციც აღარ დადიოდა. ასეთი ინფორმაცია რუსულ სოცმედიაშიც ვრცელდებოდა. ობიექტურობისთვის გეტყვით, რომ ერთხანს სოხუმში მართლაც ვერ ნახავდით რუს ჯარისკაცს და ეს იყო კლასიკური სახის ხაფანგი. ალბათ, გახსოვთ, იმ პერიოდში გამართული რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, ნარიშკინის დაბნეული საუბარი, პატრუშევის უცნაური განცხადებები. ჩემამდეც მოვიდა ინფორმაცია, რომ პატრუშევის გუნდი ყველანაირად ცდილობდა მოსკოვის დარწმუნებას, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პარალელურად დანარჩენი პოსტსაბჭოთა ველიც მოესუფთავებინათ. საუბარი იყო საქართველოზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე. ამის მერე დაიწყეს საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე უკრაინის მთავრობის წევრებმა. დანილოვმა დაიწყო და აღარ დარჩა უკრაინაში პოლიტიკური ფიგურა, მსგავსი განცხადება რომ არ გაეკეთებინოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“მერე იყო საქართველოში უკრაინის ელჩთან პრობლემები, შემდეგ ჩარტერული რეისით საქართველოდან უკრაინაში მიმავალ მოხალისეებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. ეს სპექტაკლი იყო - ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ჩარტერული რეისი არ ყოფილა გამოგზავნილი. მე კარგად ვიცოდი იმ მოხალისეების მარშრუტი, რომლებიც ყოველგვარი სპექტაკლის გარეშე თურქეთის გავლით გადავიდნენ პოლონეთში და უპრობლემოდ ჩავიდნენ უკრაინაში. ბოლოს ერთი ძალიან საგულისხმო ამბავიც - უკრაინის ერთ-ერთმა ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა (პროფესიით ხელოვანია და ადრინდელი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ახლო კავშირი ჰქონდა საქართველოსთან) შაბათ დილით დამირეკა და მითხრა, იქნებ მოვახერხოთ და სიტუაციის განსამუხტავად უკრაინაში საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთო, კვირას კი გამოვიდა და დანილოვის ტექსტი გაიმეორა. ცხადია, ეს სხვისი დავალებით გააკეთა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე იმის თქმა მინდა, რომ როგორც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი, ასევე ზოგიერთი რუსი და ზოგიერთიც უკრაინელი პოლიტიკოსი თავ-თავისი მიზნის მისაღწევად ცდილობდნენ საქართველოსა და მოლდოვის ომში ჩართვას. ამ სქემამ არ იმუშავა, რადგან დასავლეთში და სხვაგანაც სხვა ტიპის პოლიტიკური ძალებიც იყვნენ, რომლებიც ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ. ამის დამალვა არ შეიძლება. მე მყავს მეგობრები სხვადასხვა ძალის პოლიტიკურ ცენტრებში და კარგად ვიცი, ვინ რომელი გადაწყვეტილების მომხრე იყო. ასეთი ჯგუფები ევროპარლამენტშიც არიან, მაგრამ უმცირესობაში. ყველას თავ-თავისი მიზანი აქვს. პატრუშევს პოსტსაბჭოთა სივრცის “ბარემ მოსუფთავება” სურდა, ოღონდ ეს მაშინ იყო, როცა რუსები უკრაინაში ბლიცკრიგის წარმატებაში დარწმუნებული იყვნენ. დასავლელ პოლიტიკოსებს ფრონტის ხაზის გაშლა და რუსული სამხედრო ძალის გაფანტვა სურდათ. კი, გასაგებია, რომ საქართველოსა და მოლდოვისგან რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ პროპაგანდისტული თვალსაზრისით იქნებოდა ძალიან საინტერესო - რუსეთის აგრესიული სახე კიდევ უფრო თვალნათლად წარმოჩნდებოდა, თუ გარშემო მყოფ ყველა მეზობელს დაესხმებოდა თავს”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.

“შეცდომაა სურათის ისე დახატვა, თითქოს მთელი ევროპა ჩვენი მტერია. ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი. ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა კულუარული მუშაობა როგორც ევროპარლამენტში, ისე სხვაგან, თანაც სისტემატური. “ნაციონალების” მსგავსად მათაც რატომ არ აუტალახეს კარი დასავლელ პოლიტიკოსებს? თავიდანვე საჭირო იყო ლობისტური ჯგუფების შექმნა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მუშაობის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია პირადი კავშირები, რაც ამათგან განსხვავებით, “ნაციონალებს” წლების განმავლობაში აქვთ დალაგებული... კარლ ჰარცელზე მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - როცა ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და მაინც ისჯება, ეს ელჩის მუშაობის ხარისხს აჩვენებს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვუსწრებდით ყველა პარამეტრით უკრაინასაც და მოლდოვასაც. უკრაინის საკითხი გასაგებია, მაგრამ მოლდოვა? თქვენ რომ საერთაშორისო ანტიკორუფციული დასკვნა წაიკითხოთ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ თმა ყალყზე დაგიდგებათ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან სტატუსი ვერ მივიღეთ, გაჩნდა განწყობა, რომ ელჩმა ვერ იმუშავა”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“რუსეთისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო არ გაწევრდეს ნატოში. ვინმეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე რაიმე შეფერხებაა ერთობლივი წვრთნების ან საშტაბო მუშაობის თვალსაზრისით? მე ისეთივე კავშირები მაქვს ნატოს სტრუქტურებში, როგორც ევროკავშირში და ვიცი, როგორი დადებითი განწყობაა იქ ჩვენ მიმართ. რაც შეეხება კრემლის განწყობას, კრემლისთვის სულერთია საქართველო ორ სკამზე დაჯდება თუ პირდაპირ ნატოში შევა. მათ უპირობო მორჩილება სჭირდებათ. ხოლო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიიდან ჩვენი ამოღება თუ ჩვენზე რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტების პოზიტიური განცხადებები მხოლოდ პროპაგანდაა. - კრემლმა ოდნავ მაინც შეცვალა აგრესიული პოლიტიკა?! რუსები ისე იქცევიან ცხინვალსა და აფხაზეთში, რომ იმ ადამიანებსაც კი არა აქვთ რუსული პოლიტიკის სასარგებლო არგუმენტები, რომლებიც პრორუსულ ხაზს ატარებენ. ახლა რა დროს ბიჭვინთის ანექსია იყო? შესაბამისად, თუ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, მაშინ გამოდის, საკუთარი ხელით ისვამს დანას ყელში”, - ამბობს რესპონდენტი.

“გახსოვთ, ალბათ, შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რომ თქვა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ის არ გახსოვთ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე რომ იყო? რუსეთის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელს “ნაციონალების” მმართველობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში კაბინეტი რომ ჰქონდა გამოყოფილი, ესეც ხომ იცით? ესე იგი, სააკაშვილის ხელისუფლება პრორუსული იყო? სააკაშვილზე მსგავსი ეჭვი ნამდვილად გამოთქმულა და საქმეც ეგ არის, რომ ეჭვი იყო და არა კონკრეტული ფაქტები, ისევე როგორც ახლა. ჩემი შეხედულებით, სააკაშვილის ხელისუფლება პრორუსული კი არ იყო, სიტუაციის გამოყენებას ცდილობდა, კონიუნქტურული მიდგომა ჰქონდა პოლიტიკის მიმართ. ისევეა ახლაც, სიტუაციას სჭირდება და ასე ამიტომ იქცევიან, ბეწვის ხიდზე გადიან, ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებით. თუმცა ხშირად არასწორად მოქმედებენ. განსაკუთრებით გაუმართლებელია მათი დამოკიდებულება დიპლომატებთან. ზოგჯერ მგონია, დიპლომატიის ანაბანა დაავიწყდათ”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, გარდა ამისა, თუ რამეა სათქმელი, ბარემ ბოლომდე თქვი. დიპლომატიის, განსაკუთრებით აღმოსავლური დიპლომატიის პრინციპია, რომ ყველაფერზე ღიად არ უნდა ილაპარაკო. მთელ ამ ამბავში ყველაზე მთავარი ის არის, ამ გაუთავებელ იწილო-ბიწილოსა და ჭიდაობაში საქართველო სუსტდება, და ეს მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ ქვეყანაში საშინელი ფსიქოლოგიური ფონია და ხალხი მუდმივად პოლიტიკურ დაპირისპირებაშია, სხვა უამრავი პოლიტიკური გამოწვევებიც არის. იხსნება შესაძლებლობათა ფანჯრები, მაგრამ ჩვენ ვერაფერზე ვერ ვახდენთ დროულ რეაგირებას. ახლახან, როცა რუსეთმა ბიჭვინთის ანექსია დაიწყო, უზარმაზარი შესაძლებლობა გაჩნდა სოხუმში. რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში აფხაზი საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ ქართული არმია სოხუმში შეიჭრებოდა. ეს რომ არ მოხდა, ამის გამო ძალიან მადლიერები არიან. უკვე სოცქსელებშიც წერენ, ხომ არ გადაგვეხედა ქართველებთან ურთიერთობისთვისო. ბიჭვინთაში მომხდარი ამბის შემდეგ კი ასეთი ფრაზებიც გაჩნდა, ასეთი რამ ჩვენთვის ქართველებსაც კი არ გაუბედავთო. ნახეთ, რა მაგარი ამბავია, მაგრამ არავის სცალია ამ გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რომელიც შესაძლოა სულ მალე დაიხუროს. ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ გეტყვით - დღეს ძალიან აქტიური მუშაობაა დაწყებული ერთ-ერთ ქართულ ეთნოჯგუფში სეპარატიზმის გასაღვივებლად, მაგრამ პასუხის გამცემი კაციშვილი არ არის”, - დასძენს არეშიძე და შეკითზვაზე - “რომელ ეთნოჯგუფს ეხება საქმე?” - პასუხობს:

“საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს გეტყვით. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა