პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე მის განცხადებებზე კრემლის პროპაგანდისტულ გამოცემაში Независимая газета გაკეთებული შეფასებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ნიკოლოზ ვაშაკიძე გამოცემა Независимая газета-ზე საუბრისას აღნიშნავს, რომ წამქეზებლობასთან გვაქვს საქმე.
„რამდენიმე დღის წინ თქვენ მიერ "ინტერპრესნიუსში" გაკეთებულ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვში - პროპუტინისტულ და კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში. მეტად რომ დაგვიზუსტოთ, რა განაცხადეთ თქვენ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ადამიანების დიდი ნაკადის შესახებ და როგორი ინტერპრეტაცია მისცა მას რუსულმა გამოცემამ?
ჩემი განცხადება ეხებოდა ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკის არარსებობას, რაც უკვე ძალიან თვალშისაცემი გახდა და რაც კარგ მომავალს ნამდვილად არ უქადის ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, საქართველოში ყველაფერს იაფფასიანი ეკონომიკური მოსაზრებებით აფასებენ და ამართლებენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ხშირად გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესი არ ემთხვევა ცხვირწინ არსებულ ეკონომიკურს. რაც შეიძლება მალე უნდა გავთავისუფლდეთ ამ მავნე ფსევდოლიბერტარიანული ინსტინქტებისგან. მთელი საქართველო შეშფოთებული საუბრობს იმაზე, რომ საზღვარზე რუსეთიდან მომავალი ადამიანების გაუთავებელი რიგი დგას, ვიცით, რომ მათი დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენას აპირებს. ისიც ვიცით, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. მაგრამ იცის ან დათვალა ვინმემ რა რაოდენობის ატანა შეუძლია რეალურად ჩვენს ქვეყანას, რომ ამან სერიოზული საფრთხეები არ შეგვიქმნას? რამდენად სწორია ამ პირობებში უვიზო რეჟიმის შენარჩუნება? ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ დემოგრაფიული სურათის მკვეთრი ცვლილება დიდ საფრთხეს უქმნის ნებისმიერ სახელმწიფოს, მაგრამ, მგონი, ეს ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის. ვფიქრობ, მთავრობა ვალდებულია გაესაუბროს ამ თემაზე საზოგადოებას, თუ როგორია მისი ხედვა, პროგნოზი და გეგმები ამ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან დაკავშირებით.
რას მიანიშნებს ჟურნალისტის მიერ ანალიტიკურ სტატიაში გაკეთებული აქცენტები, ეს არის მიზანმიმართული მცდელობა საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის თუ დასაწყისი იმ საშიშროების, რაც შესაძლოა რუსეთიდან საქართველოსკენ მომდინარე მოქალაქეთა დიდი ნაკადის შემოსვლას მოჰყვეს, რაზედაც თქვენ საუბრობდით.
სტატია მთლად გამართული არაა ლოგიკურად. არ ვიცი, ეს ამ შემთხვევაში შეგნებულადაა გაკეთებული თუ პროფესიული ხარვეზი ან დაუდევრობაა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული მედიის დიდი ნაწილი მისი სახელმწიფო პოლიტიკის იარაღია და, ამდენად, მათი პუბლიკაციებიც ამ კუთხით უნდა განვიხილოთ. ცხადია, ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად ითამაშონ ჩვენს შიდა პრობლემებზე, რომლებიც საკმაოდ ხშირად მათივე შექმნილია, ანუ, ერთიან, ორკესტრირებულ თამაშთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, მათ არ ესიამოვნათ, რომ რუსეთიდან მიგრაციული ტალღის პრობლემას ქართველმა პოლიტიკოსებმა იმაზე ადრე მიაქციეს ყურადღება, ვიდრე ეს მათ გათვლებში იყო.
სტატიაში ასევე შეფასებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება, სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების დაპირისპირება, ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატების და ევროკავშირის ელჩების მიმართ გამოხატული კრიტიკა. არის რამდენიმე საგულისხმო ფრაზა. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება რუსი ჟურნალისტის მიერ პროპაგანდისტულ მედიაში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შეფასება?
როცა საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტში შედის თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს არ შეიძლება რუსეთში არ სიამოვნებდეთ. ცხადია, იქიდან, მასმედიის ძალისხმევის ჩათვლით ამ მიმართულებით მაქსიმალური "ხელშეწყობა" და ბოროტი სიხარული იქნება. აქცენტი საკმაოდ მზაკვრულად არის გაკეთებული. ანუ, საქართველო ურთიერთობას დასავლეთთანაც და რუსეთთანაც იფუჭებსო, თან იგულისხმება, რომ დასავლეთთან ურთიერთობას ხელისუფლება აფუჭებს, ხოლო რუსეთთან ოპოზიცია, რადგან ოპოზიციის მიერ აგორებული ტალღის გამო ხელისუფლებას შეიძლება სავიზო რეჟიმის შემოღება მოუწიოსო. ანუ, ჩვეულებრივ წამქეზებლობასთან და ცეცხლზე ნავთის დასხმასთან გვაქვს საქმე. ეს ბევრჯერ გვინახავს და არ გვაკვირვებს. მთავარია, საქმეს მივხედოთ“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.