ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022

უკრაინა მძიმე შეიარაღების დეფიციტზე ალაპარაკდა - “იარაღის მიწოდება თუ დროზე არ მოხერხდა, შესაძლოა, გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანოს”

სახალხო დამცველის პოსტზე სავარაუდოდ 3 კანდიდატურა განიხილება - რა პოზიციები აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას

რა პერსპექტივა აქვს "ნაცმოძრაობას" სააკაშვილის გარეშე

* * *

უკრაინა მძიმე შეიარაღების დეფიციტზე ალაპარაკდა - “იარაღის მიწოდება თუ დროზე არ მოხერხდა, შესაძლოა, გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანოს”

“რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას უკვე მეექვსე თვეა არ წყვეტს, დასავლეთი კიევს თანამედროვე ტიპის შიარაღებას პერიოდულად აწვდის, თუმცა, პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღება კატასტროფულად არ ჰყოფნის. ანალიტიკოსების აზრით, ამ განცხადებას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - დასავლეთში შექმნან განცდა მიწოდება დააჩქარონ და მეორე, ომში იარაღი ყოველთვის ილევა და შესაძლოა მართლაც განიცდიდეს დეფიციტს, თუმცა, დასძენენ, რომ მთლად კატასტროფული სიტუაციაც არააა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეექვსე თვეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კატასტროფულად არ ჰყოფნის მძიმე შეიარაღება, - ამის შესახებ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინა მძიმე შეიარაღების დეფიციტზე ალაპარაკდა - “იარაღის მიწოდება თუ დროზე არ მოხერხდა, შესაძლოა, გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანოს”.

“მისივე თქმით, უკრაინულ ჯარს 1300-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ბრძოლა უწევთ, სულ კი 2600-კილომეტრიანი საზღვარი აქვს დასაცავი. “სრულფასოვანი და ეფექტური შეტევისთვის ჩვენ მძიმე შეიარაღება არ გვყოფნის. გასათვალისწინებელია ის, რომ ეს არაა ლოკალური ომი. ეს არის ყველაზე მსხვილი კონტინენტური ომი 1945 წლის შემდეგ. იარაღის არსებული მარაგის პირობებში ჩვენ მას თავს ვერ გავართმევთ”, - აცხადებს არესტოვიჩი. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შესაძლოა არესტოვიჩის განცხადება იყოს ირიბი ზეწოლაც იმისა, რომ დასავლეთი მეტად დაეხმაროს” - “დასავლეთისგან უფრო და უფრო მეტ იარაღს ითხოვენ, როცა ქმნიან განცდას, რომ უკრაინას მეტი სჭირდება. ეს რეალური საფუძველი იმისა, რომ დასავლეთში შიდა აზრი მომწიფდეს და უკრაინას უფრო მეტად დაეხმაროს”, - თვლის კობერიძე, რომლის აზრით, “ეს ერთგვარი ირიბი ზეწოლაცაა იმისა, რომ დასავლეთი მეტად დაეხმაროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რეალურად, რა თქმა უნდა, ბევრი იარაღის დეფიციტია და შევსებას პერმანენტულად საჭიროებს, მაგრამ, კატასტროფული სიტუაცია ნამდვილად არაა, ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე რეალურად სამხედრო პრობლემა. ახლა უკრაინას დიდი რაოდენობის ჭურვებს და რაკეტებს აწვდიან, ამასთანავე “ემ 270”-ის რაკეტების დიდი რაოდენობა ჩავიდა, ამ ეტაპზე ადგილზე ხუთი “ემ 270”-ია, ასევე 12 “ჰაიმარსია” და მალე მათი რაოდენობა სავარაუდოდ 25-საც მიაღწევს, რაც სიტუაციას ადგილზე კარდინალურად შეცვლის. თუმცაღა, ომში სრული გარდატეხა ალბათ მაშინ მოხდება, როცა “ჰაიმარსების” რაოდენობა 50-ს მაინც მიაღწევს. ფრონტის ხაზზე სიტუაცია ახლა ასეთია - რუსები ქალაქ დონეცკის მომიჯნავე ტერიტორიაზე შეტევაზე ძალიან აქტიურად არიან გადასულები, მთავარი დარტყმის ქვეშ სამი ქალაქია - ავდიივკა, მარიინკა, პისკი და ამ ქალაქებზე დაწოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დონეცკის რაიონშივე რუსები ბახმუტის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, თუმცა, ბოლო 48 საათია ამ მიმართულებით ნაკლებად აქტიურობენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ხერსონის რაიონში თავად უკრაინელები არიან კონტრშეტევაზე გადასულები, არა ერთიანი ფართო მასებით, არამედ მცირე-მცირე დანაყოფები უტევენ. შეტევაზე დაახლოებით ათეულები და ოცეულები არიან გადასულები, რაც უფრო კარგია, რადგან რუსები ერთი მიმართულებით ფოკუსირებას ვერ ახდენენ და ბევრი მიმართულებით საკუთარი ნაწილების გაფანტვა უწევს, რაც უკრაინელებისთვის უკეთესია”, - განმარტავს კობერიძე. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” ამბობს, რომ არესტოვიჩის განცხადებას რამდენიმე შესაძლო მიზეზი აქვს, მათ შორის ისაა, რომ მანამდე გაკეთებული განცხადებებით უკრაინას გარკვეულ ლოკაციებზე მასიური კონტრშეტევა უკვე უნდა დაეწყო და ფრონტზე სიტუაცია ჯერჯერობით უცვლელია”, - დასძენს გამოცემა.

“მართალია, დასავლეთი იარაღს აწვდის, მაგრამ ის ბრძოლის დროს ზიანდება, ნადგურდება. ინფორმაცია ძირითადად რუსული იარაღის განადგურებაზე მოდის, მაგრამ არ ვიცით ის, თუ უკრაინის მხრიდან რა ნადგურდება, მარტო გუშინ იყო გამონაკლისი, ლვოვში კომპლექსი დაიბომბაო, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მეორე მხარესაც აქვს. ამ კუთხით უკრაინა უფრო მოწყვლადია, რადგან ის დასავლურ იარაღზეა დამოკიდებული, სხვა ალტერნატივა არ აქვს, განსხავებით რუსეთისგან, რომელსაც საბჭოთა იარაღი ჯერ კიდევ შემორჩა. შესაძლოა მეორე ვარიანტი - ქვეყანაში შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იყოს, მოლოდინი არსებობდა, რომ უკრაინა უკვე კონტრშეტევაზე გადავიდოდა, განსაკუთრებით ხერსონში და როგორც ჩანს ეს ასე სწრაფად ვერ ხდება, შესაძლოა ამ მიზნითაც იყოს არესტოვიჩის განცხადება საზოგადოებისთვის გზავნილი, რომ როცა იარაღის უპირატესობა არ გაქვს, კონტრშეტევას ვერ განახორციელებ, ამიტომაც პრევენციული შეიძლება იყოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“და მესამე, დასავლური იარაღის მიწოდებას დიდი ხანი უნდა, სხვადასხვა მიზეზების გამო, სწრაფად ვერ ხდება და უკრაინა კი ამას ვერ იღებს იმ მომენტში, როცა მას სჭირდება. როგორც ამბობენ “ლენდ-ლიზი” ძალაში სექტემბრიდან შედისო, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია აგვისტოში შემობრუნდება, ხერსონის და სხვა ტერიტორიების გათავისუფლდებაო, ახლა ამბობენ, სექტემბერ-ოქტომბერში იქნებაო, ანუ დრო თანდათანობით იწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფრონტის ხაზე სიტუაცია უცვლელი რჩება. უკრაინას ახლა კონტრშეტევის საშუალება არ აქვს, რუსებსაც არ აქვს თავი რომ შეტევაზე გადავიდნენ, ფაქტიურად სტატუს-კვო ნარჩუნდება, რაც უკრაინისთვის ხელსაყრელი არაა. ეს სტატუს-კვო რაც უფრო გაიწელება, უკრაინისთვის მით უფრო რთული იქნება, რადგან რეფერენდუმის ჩატარება თუ დაიწყეს, ამისი უკან შემობრუნება რთულია. უკრაინელები ამიტომაც წუხან, იარაღის მიწდება თუ დროზე არ მოხერხდა, მერე შესაძლოა ამან სიტუაცია გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანოს”, - დაასკვნის კაკაჩია.

სახალხო დამცველის პოსტზე სავარაუდოდ 3 კანდიდატურა განიხილება - რა პოზიციები აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე სავარაუდო სამი კანდიდატურა - თამარ ჩუგოშვილის, ზაზა ხუციშვილის და ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურა მოიაზრება. თამარ ჩუგოშვილი მედიასთან ინფორმაციას უარყოფს, ინფორმაციას არ ადასტურებს არც ზაზა ხუციშვილი. თათულაშვილის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია. სახალხო დამცველის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობა - 90 ხმა სჭირდება. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გასდის. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, 1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შესთავაზებენ ფორმატს და პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ომბუდსმენის პოსტზე თანაბრად მისაღები კანდიდატურის წარდგენა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სახალხო დამცველის პოსტზე სავარაუდოდ 3 კანდიდატურა განიხილება - რა პოზიციები აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას.

“1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომბუდსმენად არჩეული იყოს პირი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. პროცედურა იქნება და საზოგადოება კანდიდატს ნახავს. საუბარი იმაზე, თითქოს დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილია, ეს თეორიულადაც გამორიცხულია, რადგან პარლამენტში არც ერთ პარტიას არ აქვს ის უმრავლესობა, რომ სახალხო დამცველი აირჩიოს. ამ საკითხზე დეპუტატებს თანამშრომლობა დასჭირდებათ. დაზუსტებით გეუბნებით, რომ ოპოზიციას ფორმატს შევთავაზებთ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ თანაბრად მისაღები იყოს კანდიდატები როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ წინასწარ ამ პროცედურების შეუთანხმებლად და გაუვლელად, რომელიმე კანდიდატურის მიმართ ჩამოყალიბებული პოზიციის ქონა დაუშვებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა არ ივარგებს რაიმე კონკრეტულის თქმა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, როგორც შესაძლო კანდიდატებზე. მე მგონი, რომ ეს პირიქით, გააღრმავებს ამ შემთხვევაში შესაძლო ინსინუაციებს თემის ირგვლივ და არა რომელიმე კონკრეტული პერსონალის მიმართ. 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია ერთ-ერთ საკითხად ომბუდსმენის შერჩევა და ამ შემთხვევაში, პროცედურებზე კეთდება აქცენტი. რასაკვირველია, ასეთ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს და ოპოზიციის მხრიდან უბრალოდ კანდიდატურების ასე პირდაპირ დასახელება ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, გაგრძელებაა ერთგვარად, მათი დესტრუქციული დამოკიდებულების. უმჯობესია ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ თუ როგორი პროცედურით ვიმუშავებთ და შევარჩიოთ მაქსიმალურად სამართლიანი კანდიდატურა, რომელიც ეყოლება ჩვენს ქვეყანას ახალი ომბუდსმენის სახით”, - ამბობს სარჯველაძე. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არასამთავრობო სექტორს შეხვდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვფიქრობთ, სადღაც 10 დღეში უკვე ფორმირებული იქნება ჩვენი პოზიციები - პროცესს ისე ვხედავთ, როგორც სამოქალაქო სექტორი, რომ მათი ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს ომბუდსმენის კანდიდატების წარდგენა პარლამენტში, რომელზეც უნდა მოხდეს 90 ხმის კონსოლიდაცია”, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შეეცდება მისთვის სასურველი კანდიდატი წარადგინოს და თუ ვინმე ოპოზიციიდან მათ ომბუდსმენის არჩევისთვის საჭირო 90 ხმას შეუვსებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი “ქართულ ოცნებაში“ გადადიან”. “ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით უფრო და უფრო დაუახლოვდა პოზიციები ერთმანეთს. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ ინსტიტუციური გაძლიერება ომბუდსმენის და ამაზე უკვე ოპოზიციაში ვიმსჯელებთ. მკაფიოდ შემიძლია ვთქვა - 90 ხმა სჭირდება ომბუდსმენის არჩევას, თუ სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ერთიანობის წინააღმდეგ იქნება ვინმე ოპოზიციიდან და უვსებს 90 ხმას, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფაქტობრივად გადადის “ქართულ ოცნებაში”. ეს ტესტი იქნება ჩასაბარებელი მათ შორის, ოპოზიციისთვის,“ - განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ წარმოგიდგენთ მთლიანად არასამთავრობო სექტორის ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევა და წარდგენა პარლამენტისთვის, გვეყოლება რამდენიმე კანდიდატი და შევთავაზებთ პარლამენტს,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მათ აქვთ უკვე კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ იმისთვის, რომ მოხერხდეს დამოუკიდებელი ომბუდსმენის არჩევა. “მალე წარმოგიდგენთ მთლიანად არასამთავრობო სექტორის ხედვას, როგორ წარმოგვიდგენია კანდიდატების შერჩევა და წარდგენა პარლამენტისთვის... ჩვენ გვეყოლება რამდენიმე კანდიდატი, რასაც შევთავაზებთ პარლამენტს. 5 წლის წინ “ქართული ოცნება” თანახმა იყო მოდელზე, რომ არასამთავრობო სექტორს წარედგინა კანდიდატები, შეიძლება წელს ამაზე უარი თქვან, თუმცა ჩვენ საზოგადოებას დავანახებთ კანდიდატების შერჩევის ჯანსაღ, ღია პროცესს, სადაც ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები იქნებიან კვალიფიციური და დამოუკიდებელი”, - თქვა პატარაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

რა პერსპექტივა აქვს "ნაცმოძრაობას" სააკაშვილის გარეშე

რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს ლიდერის გარეშე დარჩენილ “ნაცმოძრაობას”, ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტუალურია, რადგან პოლიტიკიდან გასვლის შესახებ მიმართვა ამ დრომდე სააკაშვილს თავად არ გაუკეთებია. ცნობილია მხოლოდ ადოკატების განცხადება, რომ მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს “ნაცმოძრაობასა” და პოლიტიკაზე, რასაც სკეპტიკურად შეხვდა “ნაცმოძრაობა”. პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ეს ინფორმაცია ადვოკატების ტაქტიკად შეაფას, რაც სააკაშვილის ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ემსახურება. დანარჩენ ოპოზიციაში რეალურად მიიჩნევენ სააკაშვილის მიერ პოლიტიკიდან გასვლას.”გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, თანაპარტიელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დაეხმარონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა პერსპექტივა აქვს "ნაცმოძრაობას" სააკაშვილის გარეშე.

“ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ “ნაცმოძრაობას” გაუჩნდება შანსი პარტიაში დაიწყოს შიდა დისკუსიები, გაჩნდეს განსხვავებული შეხედულებები, “ახლა “ნაცმოძრაობა” არის პარალიზებული წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს”, - აცხადებს იაგო ხვიჩია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთან. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ის პოლიტიკაში აღარ იქნება, შეიძლება მათი ელექტორატის უმეტესობამ მონაწილეობა აღარც მიიღოს არჩევნებში. ექსპერტები არც იმას მალავენ, რომ ჯერჯერობით სხვა ლიდერი, რომელიც სააკაშვილს უტოლდება, პარტიაში არ ჩანს. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს,რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გავა პოლიტიკიდან, “ნაცმოძრაობა” ორად გაიყოფა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი პარტიას არასდროს დათმობს. ხოლო ექსპერტი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი როგორც ყოველთვის, იტყუება და ყველანაირი ხერხით ცდილობს თავი დააღწიოს ციხეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სააკაშვილი, რომელიც იოსებ ტროცკის მოწაფეა, შესანიშნავად ასრულებს მის ნათქვამს, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია. იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი დააღწიოს ციხეს. სააკაშვილი არის პოლიტიკური ტკიპა და მისი განცხადება არ შეიძლება სერიოზულად ჩაითვალოს, მისი სიტყვა არის ფარატინა ქაღალდი. რაც შეეხება მისი პოლიტიკური პარტიის მომავალს, სააკაშვილი პარტიას არასდროს დათმობს, თუმცა, როგორც ჩანს, პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაა და დიდი ალბათობით, “ნაცმოძრაობა” გაიყოფა, იქნება “ნაცმოძრაობა 2”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ადვოკატები ამ განცხადებას, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის დამოუკიდებლად ვერ გააკეთებდნენ, ეს სააკაშვილმა მათ თავად უთხრა. ვინც სააკაშვილის იცნობს, ყველამ იცის, რომ ის ყოველთვის იტყუება, თუ ეს ტყუილი მისთვის მომგებიანია. სააკაშვილმა დიდი ხანია დაინახა, რომ ის კარგავს კონტროლს პარტიაზე, თანაპარტიელები მას იტანდნენ იქამდე, ვიდრე მისი მეშვეობით ჰქონდათ ფინანსური და პოლიტიკური კეთილდღეობა. არა მგონია, რომ “ნაცმოძრაობაში” დაბნეულობა იყოს, იქ ბევრი მილიონერია და ახლა იმაზე მსჯელობენ, არის თუ არა მათთვის ტვირთი სააკაშივლი, თუ შეიძლება კიდევ იყოს მისგან სარგებელი. არ არის გამორიცხული რომ პარტია გაიყოს, მაგრამ ძნელია თქმა, რა პროპორციით მოხდება შემადგენლობის გაყოფა. გარდა შეწყალებისა, სააკაშვილის გათავისუფლების სხვა გზა არ არის. თუ ეს მოხდება, ეს იქნება “ოცნებისთვის” პოლიტიკური კრახის ტოლფასი. მოსახლეობაში ასეთი განწყობაა, თუ სააკაშვილს გაათავისუფლებენ - “ოცნებაც” მიჰვებაო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა