ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022

რა შემთხვევაში გამოცხადდება პანდემია დასრულებულად და მოიხსნება თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა მეორე „ბუსტერ“ დოზაზე

შეიცვლება თუ არა ცესკოს თავჯდომარის არჩევის წესი

რა მოხდა სინამდვილეში ყირიმში - “აეროდრომის აფეთქება კრეისერ “მოსკოვის” ჩაძირვის ტოლფასია”

* * *

რა შემთხვევაში გამოცხადდება პანდემია დასრულებულად და მოიხსნება თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა მეორე „ბუსტერ“ დოზაზე

“ქვეყანაში “ომიკრონ” შტამი კვლავ აქტიურად ვრცელდება, მონაცემები ყოველკვირეულად ახლდება - გაანგარიშებით გამოდის, რომ დღეში საშუალოდ 1800-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება, პარალელურად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიდის. რისკ ჯგუფებზე დაშვებულია მეორე “ბუსტერ” დოზაც. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რადგან შემთხვევები კვლავ ვლინდება და თან საკმაოდ ბევრი, პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა, მათივე თქმით, ეს ჯაჭვი არ დასრულდება, სანამ ვირუსს გავრცელების შანსი ექნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში გამოცხადდება პანდემია დასრულებულად და მოიხსნება თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა მეორე „ბუსტერ“ დოზაზე.

“საქართველოში ამ კვირის მონაცემებით კოვიდ-19-ის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა.ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 67 482 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 16.82%. შედარებისთვის, წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პირი, გარდაიცვალა 10 პაციენტი. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 2 913 546 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 1 273 576 ადამიანი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანასთან” აცხადებს, რომ კორონავირუსული პანდემია მაშინ დასრულდება, როცა ინფიცირების შემთხვევები აღარ იქნება, შემთხვევები კი აღარ გამოვლინდება მაშინ, თუ ადამიანები აიცრებიან და ვირუსს გავრცელების საშუალება არ ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პანდემია დასრულებულად მაშინ გამოცხადდება, როცა შემთხვევები აღარ იქნება და დინამიკაში არ მოიმატებს. კვირაში 12-13 ათასი შემთხვევა საკმაოდ საფიქრალია, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ დაავადება ახლა ისეთი მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს, როგორიც “დელტა” და სხვა შტამების დროს იყო. ამ სიტუაციაში ესეც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს და იმის გამო, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა, ზაფხულის პერიოდში ცხოველმყოფელობის შენარჩუნება შეძლო. ადამიანები პირბადეებს ისე ინტენსიურად აღარ იყენებენ, შეკრებები ჩვეულებრივად იმართება და გამოდის, რომ ყველამ უნდა მოიხადოს, ვისაც მოხდილი არ აქვს. ამის პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანი აცრილი არაა, ამიტომ ის ხალხი, ვინც თავის დროზე არ აიცრა და არ გადაიტანა, ახლა იმ “დივიდენდებს” იღებს, რომელიც დააგროვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ და ამ ამბავზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, რადგან არაა გამორიცხული, რომ ვირუსმა ხვალ რაღაც მუტაცია განიცადოს და კიდევ ახალი პრობლემა შექმნას. დავუშვათ ერთი თვე შემთხვევები არ იყო და მატება ამის შემდეგ დაიწყო, ეს ისევ იმ პანდემიის გაგრძელება იქნება. ამ ვირუსულ ინფექციას გეომეტრიული პროგრესიით გავრცელება ახასიათებს, ამიტომ ერთი ადამიანიც საკმარისია, რომ პანდემია კვლავ განახლდეს. შესაბამისად, რამდენი შემთხვევაც არ უნდა იყოს, მაინც სიფრთხილე გვმართებს. კორონავირუსი აბსოლუტურად სხვანაირი ვირუსია და სხვანაირი გადამდებლობა აქვს, მართალია “ომიკრონის” შემთხვევაში ისეთი ძლიერი აღარაა, მაგრამ ადვილად გადამცემლობის უნარი აქვს. ძალიან მინდა, რომ პანდემიას დასასრული ეწეროს, მაგრამ ცეცხლი მაშინ ქრება,როცა შეშა, ან ჟანგბადი აღარ აქვს. ჯერჯერობით ამ “ხანძარს” (პანდემიას) “შეშაც” აქვს და “ჟანგბადიც”, ანუ ის ხალხი, რომელიც აცრილები არ არიან და რეკომენდაციებს არ იცავენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აცრა მკურნალობა არაა, ეს ორგანიზმში უცხო ცილის შეყვანაა, რომელიც აუცილებლობითაა გამოწვეული. თუ დაავადება ძლიერ უარყოფით პრობლემებს, მძიმე გართულებებს და გარდაცვალებას არ იწვევს, მეორე “ბუსტერ” დოზის გაკეთებას მაინც უნდა ვერიდოთ. ზოგი ალერგიულია და ასაკობრივ ამბავს მაინც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. პატარა ასაკი, ამ დაავადებას შედარებით ადვილად იტანს და გინდა თუ არა მეორე ბუსტერ დოზა გაიკეთეო, ასე კატეგორიულები არ უნდა ვიყოთ”, - დაასკვნის ხმალაძე.

“რეზონანსმა” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს კითხვით მიმართა, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსის ვაქცინის მეორე ბუსტერ დოზაზე ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნას და როდის, რაზედაც იმნაძემ გვიპასუხა, რომ: “ვისაც ექიმი დაუნიშნავს, ყველა ასაკში ხელმისაწვდომია დღესაც”. მანამდე, ივლისის დასაწყისში დაავადებათა კონტროლის ცენტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მეორე “ბუსტერ” დოზასთან და ზოგადად ვაქცინაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. “შემთხვევათა მატება იქნება. შეჩერების ერთი გზა არსებობს, ეს არის იმუნური ფენის ზრდა... ბ4 და ბ5 შტამზე კარგად მოქმედებს “ბუსტერი” - იქნება პირველი თუ მეორე ბუსტერი... მინდა გავუსვა, რომ 50 წლის ზემოთ - რადგან კოვიდის დროს გართულებები სწორედ ამ ასაკზე მოდის, ვთხოვ, ვისაც აქვს ერთი “ბუსტერი” გაკეთებული გაიკეთონ მეორე, ჩვენ მშვიდად ვიქნებით შემოდგომაზე და მეტად დაცული ვიქნებით, ნაკლები გართულება გვექნება და ნაკლები მსხვერპლი”, - თქვა გამყრელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

შეიცვლება თუ არა ცესკოს თავჯდომარის არჩევის წესი

“ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი დილემის წინაშე დგას, შეიცვლება თუ არა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარის ორ კანდიდატს შორის მოქმედი თავმჯდომარე არ მოხვდა. მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით “გაკეთდა პოლიტიკური დემარში და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა უპასუხონ”. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს, რის შემდეგაც გამოცხადდება ახალი კონკურსი ოქტომბერში, მანამდე კი ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გააგრძელებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას. მმართველ გუნდში არც იმას გამორიცხავენ, რომ საარჩევნო კანონომდებლობა კიდევ ერთხელ გადაიხედოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიცვლება თუ არა ცესკოს თავჯდომარის არჩევის წესი.

“ცესკოს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მის შეცვლაზე იმსჯელონ. “ჩვენ დავინახეთ, რამხელა მანკიერებაა ის თავზე მოხვეული ზოგიერთი კანონი, რომელიც ამ 2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნა მიღებული. 2/3-ით ადამიანის თანამდებობაზე გამწესება არის აბსოლუტურად არაეფექტური და ამის მომსწრე ვართ ჩვენ ყველანი დღეს. ამაზე ალაბთ იქნება მსჯელობა, მიმაჩნია, რომ ეს 2/3-ი თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პროცესს” - აცხადებს ქადაგიშვილი და დასძენს, რომ პრეზიდენტის გადაწყვტილება არის უკიდურესად პოლიტიკურად მოტივირებული, ამიტომ მმართველი გუნდიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეაგებებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ უკვირთ “ოცნების” ამგვარი განცხადებები, რადგან “ოცნება” მზად არის ყველაფერი გაანადგუროს რაც მათ ინტერესებს არ შეესაბამება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უმრავლეოსობის განცხადება არის საგანგაშო, რადგან ისინი მზად არიან შეცვალონ ცკსკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ მმართველი ძალის ინტერესებშია არა საარჩევნო რეფორმა, როგორც ამას ევროკავშირის რეკომენდაციები ითვალისწინებს, არამედ არჩევნების ოლიგარქიული სისტემის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად გამოყენება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, მისი თქმით, თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესმე იმსჯელონ, მაგრამ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება”, - განაგრძობს გამოცემა.

“საუბრობენ განცხადებებით და არაფერს აკეთებენ საქმესთან დაკავშირებით. უკეთესია მოვიდნენ და იმუშაონ, მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხალხი ფულს უხდის. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს, თეორიულად, შესაძლებელია ნებისმიერი წესი შეიცვალოს, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. რა ფორმას მოძებნის “ოცნება” პრეზიდენტის გადაწყვტილების საპირწონედ, ექსპერტები და კონსტიტუციონალისტები რამდენიმე ვერსიას ასახელებენ. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ დიდი ალბათობით კანონში ცვლილებები შევა”, - დასძენს გამოცემა.

“პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან თავი აარიდა იურიდიულ გართულებებს. დიდი ალბათობით კანონში შევა ცვლილება. 2/3-ის ქვემოთ ჩამოვლენ უბრალო უმრავლესობაზე, ანუ თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი იქნება 76 ხმა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ცვლილება არ მოხდება, დაელოდებიან პრეზიდენტის შემდგომ წარდგენას და მერე იმოქმედებენ შესაბამისად” - განაცხადა დემეტრაშვილმა. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით კანონში ცვლილების შეტანას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რაც მისი თქმით, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიის თავალსაზრისით”, - წერს სტატიის ავტორი.

“იმიტომ იყო მიღებული ეს წესი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა 2/3-ით, რომ ცესკოს თავმჯდომარე მისაღები უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის. თუ ეს ცვლილება მოხდა, იქნება უკან გადაგმული ნაბიჯი დემოკრატიის თვალსაზრისით. რა პროცედურები იქნება ვერ გეტყვით, ალბათ “ოცნება” ჩააგდებს კანდიდატებს და ეს შეიძლება დიდხანს გაგარძელდეს; შეიძლება პრეზიდენტისადმი წარდგენის წესიც შეიცვალოს. თუ კალანდარიშვილის გარდა ცესკოს თავჯდომარის თანამდებობაზე სხვა მოსაწონი ადამიანი აღარ არის, დაღუპულა ქვეყანა”... - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

რა მოხდა სინამდვილეში ყირიმში - “აეროდრომის აფეთქება კრეისერ “მოსკოვის” ჩაძირვის ტოლფასია”

“ხანძარი, დივერსია, თუ სარაკეტო დარტყმა - რა მოხდა ყირიმში და რამ ააფეთქა რუსი ოკუპანტების აეროდრომი? რას ნიშნავს საკის სამხედრო აეროდრომის აფეთქება, საიდანაც 24 თებერვლიდან მოყოლებული ყოველდღიურად აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ და რაკეტებს უშვებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილში, არა მარტო უკრაინის არმიის პოზიციებისკენ, არამედ - მშვიდობიანი ქალაქების მიმართულებითაც. ამიტომ წესით ეს აეროდრომი ზღვიდან, ხმელეთიდან თუ ჰაერიდან ყველაზე დაცული უნდა ყოფილიყო. მაშ რა მოხდა და რამ განაპირობა რუსების უძლეველობის მითის დარღვევა, როცა კრემლი იმუქრებოდა, რომ თუ უკრაინა ყირიმის დაბომბვას გაბედავდა, პასუხი ძალიან მძიმე იქნებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდა სინამდვილეში ყირიმში - “აეროდრომის აფეთქება კრეისერ “მოსკოვის” ჩაძირვის ტოლფასია”.

“ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ყირიმის საკის აეროდრომის დაბომბვას ორი მნიშვნელობა აქვს - ეს არის სამხედრო და პოლიტიკური. რუსებს ამ აფეთქებით ძალიან დიდი ზიანი მიადგათ და ისინი სამხრეთ უკრაინის მიმართულებით დაბომბვებს ვეღარ განახორციელებენ. მეორე მხრივ კი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგანაც გამოჩნდა, რომ ყირიმი ხელშეუხებელი კუნძული არ ყოფილა და უკრაინას მასზე თავდასხმის რესურსი გააჩნია. ომში შეტევითი ინიციატივა უკვე უკრაინაზე გადადის და რუსეთის საბრძოლო პოტენციალი შემცირებულია. ყირიმში მომხდარი აფეთქებების უკან უკრაინის სპეციალური ძალები დგას, ამის შესახებ “სქაი ნიუსი” უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს - წყაროს ცნობით, გუშინ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ კვამლისა და ცეცხლის ფონზე დამსვენებლები პლაჟებიდან გარბოდნენ. დღის ბოლოს რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ აეროდრომი და საბრძოლო მასალების საცავები არ დაბომბილა და სამხედრო ობიექტზე, უბრალოდ, საბრძოლო მასალა აფეთქდა. “რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს” - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმში ოკუპანტების ყოფნა საფრთხეს უქმნის ევროპას და მსოფლიოს. ზელენსკის აღნიშნავს, რომ ყირიმი უკრაინულია და ისინი არასდროს დათმობენ მას”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია... ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია. არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთი შეძლებს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენებას. ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს - მისი განთავისუფლებით”, - განაცხადა ზელენსკიმ. სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ ეს შესაძლოა სარაკეტო დარტყმები ყოფილიყო. მისი აზრით, ძალიან რთულია, რომ 8 ასეთი დიდი აფეთქება გამოიწვიო მხოლოდ დივერსიული საქმიანობით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინელებმა რუსებს ამით უთხრეს, რომ არ არსებობს უკრაინის ტერიტორია, სადაც მათ თავი შესაძლოა უსაფრთხოდ იგრძნონ”, - დასძენს გამოცემა.

“ყირიმის აეროდრომის აფეთქება კრეისერ “მოსკოვის” ჩაძირვის ტოლფასია. ის იყო რუსული ფლოტის სიამაყე, ყირიმი რუსეთისთვის “ჩაუძირავი ავიამზიდი” იყო. ახლა კი ამ ავიადარტყმების შედეგად ის ჩაეძირათ. გამოდის, რომ ყირიმი აღარ არის ის ხელშეუხებელი ტერიტორია, როგორც რუსებს ეგონათ. ეს კუნძული რუსი ჯარისკაცების ბაზირებისთვის უსაფრთხო ვეღარ იქნება. ჯერჯერობით უკრაინელების მხრიდან ეს არ შეიძლება მასიურ შეტევად ჩავთვალოთ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ შეტევითი ბრძოლა დაიწყო. მართალია, დიდი ხანია, რაც რუსეთის ჯარის უძლეველობის მითი “დასამარდა”, მაგრამ ამ შეტევით ეს საბოლოოდ გაფორმდა. რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უძლურია დასავლური, თანამედროვე ტიპის ზალპური სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ”- ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.

“ახლა უკრაინელებს “ჰაიმარსების” მეშვეობით რუსების დანაყოფების განადგურება ისე შეუძლია, რომ მათი სისტემები ამას ვერ ხედავს. რეალურად, რუსების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უძლური არის ნატო-ს ქვეყნების დასავლური ზალპური ცეცხლის სისტემების წინააღმდეგ. “ჰაიმარსების” მეშვეობით რეალურად, განადგურებული იქნება როგორც რუსული რადარები, მათი ჯარების მართვის პუნქტები, ცენტრალური შტაბები, ასევე საარტილერიო სისტემები და აეროდრომები. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ფაქტობრივად ვერც ერთ მონაკვეთზე ვეღარ მოიპოვებს სტრატეგიულ უპირატესობას, ვინაიდან ამ დასავლური ზალპური ცეცხლის სისტემები ძალიან შორს მსროლელი არტილერიით უკრაინამ დიდი უპირატესობა მოიპოვა”, - განმარტავს სამხედრო ანალიტიკოსი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს