ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022

გია ხუხაშვილი - "თბილისის ქუჩებში რუსული ბენდები ჯერ შევჩუკის სიმღერებს მღერიან, მალე კირკოროვის სიმღერებსაც დაიწყებენ”

რა ეფექტი ექნება თბილისიდან დასავლეთის კრიტიკას და მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს - რა წერია ევროკომისიის დასკვნაში

თენგიზ ფხალაძე - ევროპა კიდევ ერთი ბირთვული საფრთხის პირისპირ

რუსების ბირთვული შანტაჟი - რა მოხდება ზაპროჟიეს აეს-ის თუნდაც ერთი ბლოკის აფეთქების შემთხვევაში

ხათუნა ლაგაზიძე - “რუსეთი ხდება ჩინეთის უმცროსი „ძმა“ და ვასალი

* * *

გია ხუხაშვილი - "თბილისის ქუჩებში რუსული ბენდები ჯერ შევჩუკის სიმღერებს მღერიან, მალე კირკოროვის სიმღერებსაც დაიწყებენ”

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ შოკირებული არიან ამ ე.წ. წასული დეპუტატების წარმოდგენილი “ფაქტობრივი მასალით” და აპირებენ ამაზე გუნდში მსჯელობას. ისმის კითხვა, რეალურად ეს “ფაქტობრივი მასალა” რას წარმოადგენს? - იმავე “ოცნებამ” დაწერა გარკვეული შეთქმულების თეორია, ამას დაარქვა ფაქტები და ახლა ამაზე იმსჯელებენ კიდეც, არადა, რეალურად არანაირი ფაქტები არ ჩანს იმ ბოდვაში, რასაც ამ 4 დეპუტატისგან ვისმენთ. საბოლოოდ, ვიღებთ მოცემულობას, როდესაც “ოცნება”, ფაქტობრივად, იღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადებებზე. დღეს ხელისუფლების პოლიტიკა სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: პირველი - ვლანძღოთ და ყველა უბედურება დავაბრალოთ დასავლეთს; მეორე - რუსეთს უნდა ვეფეროთ, რადგან ერთი მხრივ ომი არ გვინდა და მეორე მხრივ, ჩვენი ეკონომიკური განვითარება რუსეთზეა დამოკიდებული; მესამე - ყველა მეთოდით დავიცვათ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სუპერსკანდალის მოლოდინში, ანუ დაიჭერენ თუ არა ტრამპს?! / "ეს ძალიან სახიფათო პროცესია, ამ ხალხს მასობრივად შემოჰყვნენ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები, რადგან დაინახეს აქ ნოყიერი ნიადაგი მუშაობის გასააქტიურებლად. მათ სრული კომფორტი აქვთ შექმნილი..."

“ეს არის ის მატრიცა, რაც შექმნა “ქართულმა ოცნებამ” და ამ პაკეტს მეთოდურად ავითარებს, რაც ძალზე აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და პირდაპირ იმის საფრთხეს აჩენს, რომ ამ ორპოლუსიანი სამყაროს ფორმირების პროცესში ჩვენ არა უბრალოდ არასწორი მხარე ავირჩიოთ, არამედ პირდაპირ ჩავერთოთ ბრძოლაში რუსეთის სასარგებლოდ... მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი ჯდება რუსული პროპაგანდის ტრანსლირებულ გზავნილებში. ერთადერთი, ამ ოთხეულს ლუგარის ლაბორატორიის თემა ჯერჯერობით გამორჩა და ალბათ, ამ დღეებში ამასაც მოვისმენთ. ჩემი აზრით, უნდა ვისაუბროთ ნაწილობრივ რაციონალურ და ნაწილობრივ ირაციონალურ მოტივზე. ამათ მოქმედებაში გარკვეულწილად აფექტური მდგომარეობა იგრძნობა. ბიძინა ივანიშვილი რატომღაც თავს კედელთან მიყენებულად გრძნობს. მან გამოკვეთა მთავარი მტერი, რომელიც უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის, შექმნა თეორია, თუ საიდან მოდის ყველა ეს უბედურება, რაც მას დაატყდა თავს და ცდილობს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით შეებრძოლოს ამას. გამომდინარე იქიდან, რომ მან მმართველობითი სისტემის ისეთი კონსტრუქცია ააგო, რაც გარკვეულწილად რელიგიურ ნარატივსა და მითოლოგიაზეა აგებული, მას სჭირდება ამ მითოლოგიის კვება, ამიტომ ამ პროპაგანდით ქმნის ერთგვარ ბიბლიურ ისტორიებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“პირველი ასეთი ისტორია უკავშირდება მის ბოლო წერილს, როდესაც მან შეიძლება არაპირდაპირი ტექსტებით, მაგრამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რასაც ამ ოთხეულისგან ვისმენთ. მან შექმნა ერთგვარი მითოლოგია გოლიათთან მებრძოლი დავითის, რომელიც ქვეყანას ომში არ რთავს. იმავე საღამოს კიდევ მოაყოლეს ადვოკატების განცხადება იმ ცნობილ დავაში მისი გამარჯვების თაობაზე. მან სცადა შეექმნა ისტორია, თუ როგორ ებრძვის დავითი გოლიათს და ამარცხებს მას. ეს სჭირდება შიდაპარტიული სტაბილურობისთვის, რათა მისი უძლეველობის ლეგენდაში ბზარი არ გაჩნდეს. ეს არის მისი ინსტრუმენტი შემდგომ ბრძოლასა თუ ვაჭრობაში. ახლა, რასაც ვუყურებთ ამ ოთხეულის შესრულებით, ესეც ბიბლიური ლეგენდის გაცოცხლების ცდაა. მოგეხსენებათ, მოსე თავისი ძმის, აარონის პირით საუბრობდა. დღეს ხელისუფლება მოსეში გულისხმობს ივანიშვილს, რომელმაც თავისი ხალხი უნდა გაიყვანოს აღთქმულ მიწაზე, მაგრამ მისი სახელით ფარაონს, ანუ აშშ-ს ესაუბრება მისი ძმა აარონი, ანუ ხუნდაძე... ასე ქმნის თავის მრევლში მითს, რომ შემდგომ ეტაპზე მან უნდა დაატეხოს ფარაონს 10 სასჯელი, რის შემდეგაც ის ქართველ ხალხს სამშვიდობოზე გაიყვანს ომის გარეშე და იბერიაც გაბრწყინდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დარწმუნებული ვარ, “ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ ძალიან დიდ გაუგებრობაში არიან, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ბიძინა, როგორც ღმერთი, რაღაცას მოიფიქრებს და გადაარჩენს მათაც. ბიძინა, ვფიქრობ, უკვე თვითონაც დარწმუნდა ამ შეთქმულების თეორიაში. მიაჩნია, რომ მისი პირადი პრობლემები დასავლეთიდან მომდინარეობს. ის ეუბნება დასავლეთს, რომ უალტერნატივოა და თუ სურთ მათ აქ საკუთარი ინტერესების გატარება, მხოლოდ მას უნდა ელაპარაკონ. დააკვირდით ამ ოთხეულის რიტორიკას, დასავლეთს მიმართავენ, დაასრულეთ თამაშები და პირდაპირ და მხოლოდ ხელისუფლებას ელაპარაკეთო... ივანიშვილმა ფაქტობრივად, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებით დაიწყო ვაჭრობა. ფიქრობს, რომ ამ დაპირისპირებაში რამდენიმე კოზირი აქვს და მათგან მთავარი ოპოზიციის სისუსტეა. ოპოზიციაც იმედს უმართლებს თავისი ძალიან უცნაური მოქმედებებით”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ოპოზიციის ამოცანაა საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ თვითონ უკეთესია, ამისთვის კი საჭიროა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ის უნდა ცდილობდეს ნდობის დაბრუნებას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ მათ უკეთესად შეუძლიათ ხალხის პრობლემების გადაწყვეტა. ოპოზიცია ამას არ აკეთებს. ფაქტობრივად, სატელევიზიო პარტიებად იქცნენ. ხალხთან ხიდების გადებაზე არავინ ზრუნავს. თავის მხრივ, ისინი საზოგადოებაში ნიჰილიზმსა და სკეპტიციზმს ნერგავენ. ოპტიმისტური მუხტი თუ არ გაჩნდა, პოლიტიკური პროცესი ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ წავა, რომელიც ისედაც მშვენივრად მანიპულირებს შექმნილი ვითარებით. დასავლეთიც დაბნეულია, გასაგებია საითაც მიჰყავს ამ ხელისუფლებას ქვეყანა, მაგრამ ცარიელ ადგილზე არაფერი ხდება, ალტერნატივა ხომ უნდა ჩანდეს? ეს ოთხეული კი, ეს პირობითი აარონი, ავითარებს შეთქმულების თეორიას და ამტკიცებს, რომ დასავლეთი რაღაცას გეგმავს, მაგრამ დასავლეთი ხელმძღვანელობს ერთი უნივერსალური პრინციპით - ნებისმიერი პროცესი, რასაც შეიძლება მიეხმაროს, თვითონ ხალხის ინიცირებული უნდა იყოს. სწორ ადგილზე, თავისი სურვილით, არანაირ პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ. შეიძლება ჩაერთონ მაშინ, თუ ამისი რეალური საფუძველი იარსებებს. ბიძინა კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საფუძველი არ შეიქმნას და ოპოზიციაც ამაში ეხმარება”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“თავდასხმა კელი დეგნანზე რუსული მატრიცაა. რუსებიც ყველა უბედურებას ამერიკელებს აბრალებენ, მაგრამ იმათაც კი არ მოსვლიათ აზრად, რომ ჯოხი ელჩზე გადაეტეხათ. ყველას კარგად ესმის, რომ ელჩის მოქმედება, განცხადებები, შეთანხმებები არის შტატების ადმინისტრაციის მოქმედებები და არა დეგნანის პირადი ინიციატივა. ელჩი არის მხოლოდ ინსტრუმენტი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შტატები ატარებს ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს ესმით ხელისუფლებაშიც, ისეთი ბრიყვებიც კი არ არიან, მაგრამ პერსონალიზაციას ახდენენ, რათა მრევლისთვის გაამარტივონ სურათი, თან ასე ცდილობენ შენიღბონ ანტიამერიკული პროპაგანდისტული პოლიტიკა. საზოგადოებას, რომელსაც არც კეთილდღეობა აქვს და არც თავისუფლება, სტაბილურობის განცდაღა შემორჩა და ხელისუფლება დღეს ამას ურტყამს. ქმნის დასავლეთისგან მტრის ხატს და საზოგადოებას აჩეჩებს გზავნილს, მე თუ არ ვიქნები ხელისუფლებაში, მაგ სტაბილურობასაც დაკარგავ და ომში ჩაერთვებიო. ადრე მტრის ხატად მიშას სახავდნენ, ახლა მიშა ვეღარ ვარგა და უკვე კელი დეგნანი და ამერიკა შეარჩიეს ამ როლზე. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“დღეს რომ გავაანალიზოთ ვითარება, ანტიდასავლური ანუ პრორუსული განწყობები აშკარად წამოიწია. დღეს კვლევა რომ ჩატარდეს, ვფიქრობ, ის სურათი, რაც რამდენიმე თვის წინ გვქონდა, არა დრამატულად, მაგრამ შეცვლილი იქნება. ჩემი აზრით, პრორუსული განწყობა სადღაც 10%-ით მაინც იქნება გაზრდილი, ანუ ადრე თუ იყო 80%/20%, დღეს იქნება 70%/30%. მთელი ეს რუსული რბილი ძალის ექსპანსია, რაც დღეს ხდება ეკონომიკაში, კულტურაში, ფინანსურ სისტემებში სავალალო შედეგს იძლევა... არ მინდა დავიჯერო, რომ ივანიშვილი თავიდანვე ამ განწყობით მოვიდა ხელისუფლებაში. მე მაინც კითხვის ნიშანს დავსვამდი და ვივარაუდებდი, რომ დღეს სვლა რუსეთისკენ მას დასავლეთთან ვაჭრობისთვის სჭირდება... მისი გზავნილი დაახლოებით ასეთია: მე ვმართავ გემს, ვარ მეკობრე, კეთილინებეთ მიმიღეთ, როგორც მეკობრე, ჩემს შეცვლას ნუ ცდილობთ და მე ამ გემს, რომელიც რუსეთისკენ დავძარი, ისევ თქვენკენ შემოვაბრუნებო. დასავლეთი ასეთ შანტაჟს არ დაექვემდებარება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პირადად მისთვისაც. არ ვიცი, შეიძლება იმის იმედი აქვს, რომ გლობალური პროცესები მის სასარგებლოდ წავა... ვეჭვობ, არასწორად წარმართულმა პროცესებმა მიიყვანა ივანიშვილი ამ მდგომარეობამდე”, - თვლის ექსპერტი.

“საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სრულიად უკონტროლოდ შემოსვლა ძალიან სახიფათო პროცესია. ამ ხალხს მასობრივად შემოჰყვნენ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები, რადგან დაინახეს აქ ნოყიერი ნიადაგი მუშაობის გასააქტიურებლად. მათ სრული კომფორტი აქვთ შექმნილი. მეტიც, ქვეყანაში გაიშიფრა კრემლის პირდაპირი აგენტურა, ისინი უკვე ღიად ლაპარაკობენ და დამალვა აღარ სჭირდებათ... რისთვის დაიწყებს ომს რუსეთი საქართველოსთან, კრემლში ამაზე კარგ ხელისუფლებას ვერც ინატრებდნენ, ტანკებითაც რომ შემოვიდნენ, ღარიბაშვილზე კარგ პრემიერს ვერსად ნახავენ... ეკონომიკაში რა ხდება? ფულადი გზავნილები გაათმაგებულია. ეს არის ფული, რომელიც, დიდი ალბათობით, სასანქციო პოლიტიკიდან გამომდინარე რუსეთის პრობლემების გადაწყვეტას ხმარდება. ამდენი ხალხის შემოსვლა, რასაც ტურიზმს ეძახის ჩვენი ხელისუფლება, დიდწილად წარმოადგენს მიგრაციულ პროცესს. ხდება სრული ეკონომიკური ინტეგრაცია, ასიმილაციის ნიშნებიც კი ჩანს გარკვეულ რეგიონებში. არანაირი კონტროლი ამ პროცესს არა აქვს, მეტიც, ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, ქვეყნის ეკონომიკა და ხალხის კეთილდღეობა რუსეთზეა დამოკიდებული, ამიტომ კი არ უნდა შევზღუდოთ, უნდა გავაფართოოთო. სხვა კი არაფერია რბილი ძალით დაპყრობა”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“ეს არის ეკონომიკური, მიგრაციული, პოლიტიკური და კულტურული ექსპანსია. რუსული ბენდებიც გამოჩნდნენ თბილისის ქუჩებში, რომლებიც ჯერ შევჩუკის სიმღერებს მღერიან, მაგრამ მალე კირკოროვის სიმღერებსაც დაიწყებენ. თუ ქართველი ხალხის არჩევანი არის ცივილიზებული სამყარო, მაშინ ჩვენში უნდა გაჩნდეს პროტესტი იმისთვის, რომ დაბრუნდეს პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში, რადგან სწორედ კონსტიტუციით არის ჩვენი განვითარების ვექტორი გარანტირებული. დღეს ქვეყანაში გადატრიალებას ოპოზიცია კი არ აწყობს, რაზეც აპელირებს “ოცნება”, გადატრიალებას აწყობს ხელისუფლება. სწორედ ეს არის გადატრიალება, როდესაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იწყებ მოქმედებას და გადიხარ იმ მანდატის ფარგლებიდან, რაც მოგცა ძალაუფლების წყარომ - ხალხმა. ხალხის ვალდებულებაა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, დააბრუნოს ხელისუფლება მანდატის ფარგლებში...” - დასძენს ხუხაშვილი.

რა ეფექტი ექნება თბილისიდან დასავლეთის კრიტიკას და მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს - რა წერია ევროკომისიის დასკვნაში

“ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს ვერ ასრულებს, რაც ანგარიშშიც ასახულია. მმართელ გუნდში კი დოკუმენტში ჩაწერილ გასატარებელ რეფორმებზე და იმ წარმატებებზე საუბრობს რომელიც ქვეყანამ მოიპოვა. ანალიტიკოსი რამაზ საყვრელიძე თვლის, რომ ანგარიში შუალედურია და კვლავ ბუნდოვანი რჩება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველა ძირეული მიმართულებით აქვს ჩავარდნები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ეფექტი ექნება თბილისიდან დასავლეთის კრიტიკას და მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს - რა წერია ევროკომისიის დასკვნაში.

“დოკუმენტში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყველა ძირეული მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს აქვს ჩავარდნები და არათუ გაჩერებულია რეფორმები, გვაქვს უკუსვლა მთელი რიგი მიმართულებით, როგორიც არის ადამიანის უფლებები, როგორიც არის სასამართლო, როგორიც არის ღია მმართველობა”... - ამბობს ჩიხლაძე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის აზრით კი მთავარი სიტყვა, რაც ამ მოხსენებას ლაიტმოტივად გასდევს, არის უკუსვლა. “უკუსვლა ყველგან - სასამართლო სისტემის კუთხით, დემოკრატიის კუთხით, პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით, პოლიტიკური დევნიდან დაწყებული სააკაშვილის, გვარამიასა და უამრავი სხვა საქმეებით დაწყებული, სახალხო დამცველის დევნაც კი არის ამ მოხსენებაში აღწერილი. ქვეყანა წავიდა უკან - აი, ეს არის მთავარი დასკვნა ამ დოკუმენტიდან”, - აცხადებს გოცირიძე. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ რეფორმებზე მუშაობა გრძელდება და წლის ბოლოს ქვეყანა 12 რეკომენდაციას შეასრულებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქ არის, რა თქმა უნდა, მითითებები შესასრულებელ სამუშაოებზე, გასატარებელ რეფორმებზე, ნაკლოვანებებზე და ასევე არის საუბარი იმ წარმატებებზე, რომლებიც, ასოცირების დღისწესრიგის ფარგლებში, ხელშესახებად აქვს საქართველოს მოპოვებული და წარმოდგენილი. საუბარია იმ განგრძობით რეფორმებზე, რომელიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, იმ წინსვლებზეა საუბარი და მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ჩვენ, როცა შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, წუხილები გარკვეული მიმართულებებით ნიველირდება და გაქარწყლდება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამისთვის “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს და არაფერს დაიშურებს”, - აცხადებს ცაგარეიშვილი... პარასკევს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - განაგრძობს გამოცემა.

“მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს... თუმცა, 2021 წელს გამოწვევები საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს”... - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია, რომ 2022 წლის ბოლომდე ევროკომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები”, - დასძენს გამოცემა.

“2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიამ ასევე გაწია რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტებისა იქნება შესრულებული. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. მან აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებისგან წამოსულმა კრიტიკამ გამოაფხიზლა ევროკავშირი. მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ ევროპას არ სურს ჩაბმა კრიტიკის დუელში და სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება”, - წერს სტატიის ავტორი.

“აღნიშნული ანგარიში არის შუალედური. ის არ იძლევა კონკრეტული დასკვნების გაკეთების საშუალებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე ისევე შესაძლებელია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, როგორც უარი გვითხრან. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან კრიტიკას, მმართველი გუნდის კრიტიკა ევროკავშირის მიმართ არ არის მწვავე. პირიქით, შესაძლებელია ამან უფრო გამოაფხიზლოს კიდეც ჩვენი პარტნიორები. ხოლო “ოცნებიდან” წასული დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია, სწორედ ამიტომ დატოვეს მათ “ქართული ოცნება”. თანაც მათი კრიტიკა უფრო აშშ-ის ელჩისკენაა მიმართული. ჩემი აზრით, სავარაუდოა, რომ ევროპას არ სურს ჩაბმა ამ კრიტიკის დუელში და სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება. ცდილობენ შეინარჩუნონ ურთიერთობებში აქამდე არსებული დონე, როდესაც არ ისმოდა კითხვები მათ მიმართ. ვითარება მაფიქრებინებს, რომ სიმკაცრე და კრიტიკულობა არ არის უშედეგო და შეიძლება ამან გამოიწვიოს მეორე მხარის, ანუ ევროპის პოზიციების დარბილება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნების შემდეგაც ბუნდოვანი რჩება ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი. გაუგებარია ამ კანდიდატობის მოცემასთან დაკავშირებული პოზიციები. ძირითად ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის ფაქტორები ამ შემოდგომით მსოფლიოში. თუ დასავლეთმა ჩათვალა, რომ შეიძლება ყველა პოლიტიკურ სიტუაციას მიაკლას ისევ და ისევ საქართველო, მაშინ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და ისვ გაგვწირავენ, რადგან გაწირვა იყო ის, რაც ახლა გააკეთეს. რაც შეეხება საქართველოს პასუხს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, საქართველო არ არის ვალდებული რაიმე საპასუხო ქმედებები განახორციელოს ამ დასკვნასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც დასკვნა არ გულისხმობდა არაფერს კონკრეტულს. არც არის სასურველი რაიმე რეაქცია მისცენ ამას”, - მიიჩნევს საყვარელიძე.

თენგიზ ფხალაძე - ევროპა კიდევ ერთი ბირთვული საფრთხის პირისპირ

“ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კარგად ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რომელიც ახლა მსოფლიოშია. რეალობა იცვლება, სრულიად სხვა მოთხოვნები დგება, თუ ქვეყანა ამ შანსს არ გამოიყენებს, შეიძლება ის დიდხანს არ მოგვეცეს. როდესაც ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, მისი შექმნის ან მონაწილე უნდა ვიყოთ, ან დავემორჩილოთ იმას, რაც შეიქმნა, იმის მიუხედავად, მისაღები იქნება თუ არა ჩვენთვის. ამიტომ ვიაქტიუროთ და თამამად, ოღონდ გონივრულად ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს რაც შეეხება ხელისუფლებას... ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების სისუსტის ფონზეც კი ვერ მოახერხა ვითარებისთვის ახალი იმპულსის მიცემა, იმიტომ, რომ დაქსაქსულია, შიდაკინკლაობით არის დაკავებული და პროგრესული დღის წესრიგის შემუშავებზე არც ფიქრობს. `ოცნება~ სწორედ იმის ხარჯზე ინარჩუნებს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციაა უბადრუკი”, - აცხადებს ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ევროპა კიდევ ერთი ბირთვული საფრთხის პირისპირ / “რუსული საზღვაო დოქტრინა განსაკუთრებით სახიფათოა შავი ზღვის რეგიონის, კონკრეტულად, საქართველოსთვის”.

“რუსეთს პროვოკაციის მოსაწყობად მიზეზი არ სჭირდება და ეს არაერთხელ დაამტკიცა, კიბერთავდასხმა იქნება, დეზორიენტაცია, დეზინფორმაცია, მეხუთე კოლონის გააქტიურება თუ სხვა რამ, რასაც ის წლებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესარყევად აკეთებს. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საზოგადოების დეზორიენტირება, მისი წინააღმდეგობის უნარის დასუსტება და უმწეობის განცდის შექმნა. წლებია ასე მუშაობს და, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ უშედეგოდ. დღეს ის უკრაინაზეა გადართული, მაგრამ არც ბორდერიზაცია და არც ჰიბრიდული თავდასხმები შემცირებულა. საფრთხეები გაიზარდა და ამის დასტურია გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული განახლებული საზღვაო დოქტრინა, რომელშიც განსაზღვრულია ქვეყნის სანაპირო საზღვრები, ნატო და აშშ კი მთავარ საფრთხეებად არიან მოხსენიებული. პუტინმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და დაუყოვნებლივ შედის ძალაში. დოქტრინის ავტორების მტკიცებით, შტატებს აქვს ზღვებზე დომინაციის სურვილი და რამდენიმე სახელმწიფოს პრეტენზია აქვს რუსეთის ტერიტორიაზე. დოქტრინა განსაკუთრებით სახიფათოა შავი ზღვის რეგიონის, კონკრეტულად, საქართველოსთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ამ დროს კი ხელისუფლება-ოპოზიციის კინკლაობა, ყაველაშვილის რაზმის აბსურდული განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიწროპოლიტიკური ინტერესების გარდა, არაფერი გვაინტერესებს, ეს კი საფრთხეს აათმაგებს... პარალელურად, იზრდება ეკონომიკური დამოკიდებულება, აქტიურდება მეხუთე კოლონა, ჩვენ ყველანაირ წინა პირობას ვქმნით, რომ კრემლმა მიზანს მიაღწიოს საქართველოში. ყოველთვის არ არის აუცილებელი სამხედრო ოპერაცია, ჰიბრიდული ომის საფრთხე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგე არ ჩანს, მაგრამ ქვეყნის მშენებლობას საფრთხეს უქმნის. ამ დროს ქართული პოლიტიკური სპექტრი ან მიძინებულია, ან ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობენ. უკრაინაში ომი იმის გარანტია არ არის, რომ რუსეთი საქართველოზე აიღებს ხელს, პირიქით, უფრო აგრესიული ხდება და ამას არც მალავენ. მედვედევი იქნება, ლავროვი თუ თავად პუტინი ამაზე პირდაპირ ლაპარაკობენ. არც დოკუმენტებს მალავენ, რომლებშიც რუსეთის საგარეო პოლიტიკაა ასახული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, საფრთხე ყოველთვის რეალურია. 34 წლის შემდეგ შესაძლოა ევროპაში კიდევ ერთხელ დადგეს ბირთვული აფეთქების საფრთხე. ატომური ელექტროსადგურის კომპლექსს კრემლი ფარად იყენებს და მხოლოდ უკრაინას კი არა, ევროპასაც აშანტაჟებს. რუსეთს არც თავისი და მით უფრო, სხვისი მოქალაქეების სიცოცხლე არაფრად უღირს, ამიტომ მსგავსი ფაქტები გაგრძელდება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ცივილიზებული მსოფლიო ვერ მიაღწევს იმ ზონის დემილიტარიზაციას. ახლა იქ სიტუაციას ვერავინ აკონტროლებს და არავინ იცის, ბირთვული გაჟონვის საფრთხე რამდენად სახიფათოა. არა მგონია, საერთაშორისო სპეციალისტების შეშფოთება უსაფუძვლო იყოს. რუსეთი გააგრძელებს სახიფათო თამაშებს”, - განმარტავს ექსპერტი.

“სადამდე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება მასზე პოლიტიკური წნეხი. თუ ეს არ მოხდა, რუსეთი, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი აქვს, ჩაყოლას ჩათრევას ამჯობინებს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კი არა, ყველა გზას გამოიყენებს მსოფლიოს დასაშანტაჟებლად. როგორც ვარაუდობენ, კრემლის მიზანია სადგური ყირიმის ქსელს შეუერთოს, რის გამოც უკვე დააზიანეს სამი ელექტროგადამცემი ხაზი და ახლა მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს, რაც სახიფათოა მისი გამართულად მუშაობისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, ბირთვული კატასტროფა მოხდეს, თორემ ჩერნობილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ზაპოროჟიეს სადგურის მწყობრიდან გამოსვლას შეიძლება მოჰყვეს. ეს უკვე ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც უკრაინის კი არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებს, მაგრამ რუსეთი ხომ არავითარ დოქტრინას არ ცნობს. ასე რომ, საფრთხე რეალურია. სადგურის ტერიტორიას მარტიდან რუსული შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. თუ ჭკუა აქვთ, თავადვე უნდა ცდილობდნენ სამხედრო ოპერაციების აღკვეთას, რადგან ერთი მცირედი შეცდომა და რისკები მასშტაბურია, მაგრამ რუსეთი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მზად არის”, - ამტკიცებს თენგიზ ფხალაძე.

“ამ მძიმე ვითარებაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ სპეციალური ღონისძიებით შეიძლება. უნდა გამკაცრდეს სანქციები, პარალელურად კი უკრაინის დახმარება. მიმდინარეობს კიდეც ამაზე მუშაობა ევროკავშირსა და შტატებში, რუსეთის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, ცალკეული კომპანიებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად. რაღაცების გათვალისწინებით გადაწყვეტილების შესრულება ჭიანურდება. სანამ ყველა გავლენიანი პირი და მათი ოჯახის წევრები არ იგრძნობენ ომისა და მისი თანმდევი პროცესების გამო პასუხისმგებლობას, სასურველი შედეგი არ დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ოლიგარქებში უკვე ძლიერდება ანტიპუტინისტური განწყობები, მაგრამ ეს კრემლის საგარეო პოლიტიკაზე არ აისახება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ახლა ექსპერტები ლაპარაკობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მხოლოდ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე კი არა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც, მაგრამ ეს ერთი კაცის გადასაწყვეტი არ არის, კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია. ასეთ გადაწყვეტილებას, თუნდაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიშის მიტანაზე, მხოლოდ პუტინი არ იღებს. მხოლოდ პუტინის გარემოცვასა და გენერალიტეტს არ ვგულისხმობ, არიან ქვეყნები, რომლებიც რუსეთის წნეხიდან ვერ გამოდიან, მაგალითად, უნგრეთი, ბელარუსი და სხვები, მაგრამ თუ რუსეთი კიდევ და კიდევ გადაკვეთს “წითელ ხაზებს”, მას თანდათან შემოეცლება ლოიალურად განწყობილი ქვეყნები. შესაბამისად, მას შემდგომი სვლების საშუალება აღარ დარჩება, მაგრამ ახლა ამაზე არ ფიქრობს, განწირული ფართხალებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჩაიყოლოს... ბოლო ხანებში გააქტიურდნენ მიშუსტინი და სრულიად უავტორიტეტო მედვედევი, რაც ნიშნავს, რომ კრემლში სიტუაცია იცვლება და მორიგი უსახო პირი უნდა აღმოცენდეს, რომელსაც სისტემა ძველებურად ათამაშებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც პუტინის შეცვლის შემთხვევაში რუსეთი უკეთესი გახდება...” - დასძენს ფხალაძე.

რუსების ბირთვული შანტაჟი - რა მოხდება ზაპროჟიეს აეს-ის თუნდაც ერთი ბლოკის აფეთქების შემთხვევაში

“რუსეთის მხრიდან მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი გრძელდება - ზაპროჟიეში მდებარე ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ისევ საფრთხის ქვეშაა. ის რუსების ხელშია და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. “რეზონანსთან” დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია და ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში მოხდა, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. სპეციალისტთა შეფასებით, სადგურის თავზე თვითმფრინავმაც კი იმაზე დაბლა რომ გადაიფირნოს, ვიდრე ეს დაშვებულია, შესაძლოა ავარიული სიტუაცია შეიქმნას. რუსებმა კი იქ სამხედრო ბაზა მოაწყეს, რაც რისკებს კატასტოფულად ზრდის. მათი თქმით, ყველაზე ცუდი სცენარით, ობიექტის აფეთქებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთსა და ევროპის მნიშვნელოვან ნაწილში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსების ბირთვული შანტაჟი - რა მოხდება ზაპროჟიეს აეს-ის თუნდაც ერთი ბლოკის აფეთქების შემთხვევაში.

“რუსები ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტებს არ უშვენებენ. საფრთხის არსებული დონის მიუხედავად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია ჯერჯერობით არ მოხდება. მიზეზი მოსკოვის უარია. გაეროში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სტრატეგიულ ობიექტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პროვოკაციებია მოსალოდნელი, რის გამოც, ვასილი ნებენზიას თქმით, რუსული ჯარი ზონას არ დატოვებს. უკრაინის მიერ საკუთარი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას ნაკლებად სერიოზულად მიიჩნევს ატომური ენერგიის საერთაშორისო კომიტეტი. ისინი რუსეთს ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტების შეშვებისკენ მოუწოდებენ. კომიტეტის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამბობს, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით თამაში კატეგორიულად დაუშვებელია. შესაძლო ბირთვულ კატასტროფაზე და მსოფლიო საზოგადოების გულგრილობაზე საუბრობს უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი. ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ ევროპა კატასტროფის წინაშე დგას და საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს. ამ საკითხს დაუთმო ყურადღება ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს ტერორიზმში ადანაშაულებს, ევროპას კი ბირთვული საფრთხის შემცირებისკენ მოუწოდებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ატომურ ელექტროსადგურს ოკუპანტებმა ცეცხლი 5 და 6 აგვისტოს გაუხსნეს, რის შემდეგაც სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარეს. თუმცა, მისი დაბომბვა ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა. ცეცხლის გახსნაში რუსები უკვე ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ. საპირისპიროს ამტკიცებენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები. მათი თქმით, სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულია ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ზონას ბომბავენ. ზონაში ექსპერტების დაუყოვნებლივ შესვლას ითხოვს ატომური ენერგიის საერთაშორისო კომიტეტი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, ავარიის საფრთხე ამ წუთებში არ არის, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს - “ამ შეიარაღებული კონფლიქტის ორივე მხარეს ვთხოვ ითანამშრომლოს ატომური ენერგიის სააგენტოსთან და ადგილზე სააგენტოს მისიის მუშაობა რაც შეიძლება მალე დაუშვას. დრო მნიშვნელოვანია...”, - აცხადებს რაფაელ გროსი. ენერგეტიკოს გია არაბიძის თქმით, ამ დროისთვის ზაპროჟიეს ელექტროსადგურზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ომის პირობებში და თან იმის გათვალისწინებით, რომ იქ რუსების სამხედრო ბაზაა განთავსებული, რისკი მუდმივად არსებობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ენერგეტიკოსი ამბობს, რომ რუსებს ჰყავთ ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც ამ ელექტროსადგურის მართვას შეძლებენ. თავად ელექტროსადგურს რამდენიმე სახის დაცვა აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, სადგურს ერთი ბალისტიკური რაკეტაც რომ დაეცეს, უმძიმეს შედეგს მივიღებთ. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია, ამიტომ ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში მოხდა, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. “ელექტროსადგურის აფეთქების თეორიული საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდია. თუმცა თეორიულად ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის რეაქტორების მწყობრად გამოყვანა, როგორც, მაგალითად, ეს ჩერნობილის რეაქტორების შემთხვევაში მოხდა, თითქმის შეუძლებელია. ეს სხვა ტიპის რეაქტორებია და სხვაგვარად მუშაობა შეუძლია. თუმცა თუ რეაქტორს ყუმბარა ან ბალისტიკური რაკეტა მოხვდა, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საფრთხე რეალურია და ამისგან თავს ვერავინ დაიზღვევს”, - ამბობს არაბიძე, რომლის განმარტებით, “საერთაშორისო დონეზე ახლა სადგურის კონტროლი არ ხდება და უკრაინელები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ექსპულატაციის საკითხები როგორ მიდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რაიმე ხდება”, - დასძენს გამოცემა.

“ფონი ელექტროსადგურზე ამ ეტაპისთვის მშვიდია. თუმცა სადგურებს საშტატო და არასაშტატო ავარიების საფრთხე აქვს. არასაშტატო ავარიაა ისიც, თუ თვითმფრინავი ამ სადგურს დასაშვებ სიმაღლეზე უფრო ქვემოდ გადაუფრენს. ამიტომ მათ მუშაობის განსაკუთრებული პირობები აქვთ. ახლა ძალიან დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ რუსებს ელექტროსადგურზე ფაქტობრივად სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი. სამანქანო დარბაზშიც კი სამხედრო მანქანა შეიყვანეს, რომელიც ჭურვებით არის დატვირთული... რუსებს, როგორც ჩანს, ამ სადგურის მიმართ სხვა გეგმები ამოძრავებთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსებს უნდათ ეს სადგური უკრაინის ენერგოსისტემას ჩამოაშორონ და მისი საშუალებით ყირიმის ნახევარკუნძულის ელექტროენერგიით მომარაგება მოახდინონ. ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ შესაძლებელია, თუკი რუსები იმ ელექტროხაზებს ჩაჭრიან, რომლითაც უკრაინის სხვა რეგიონები მარაგდება. ამ ელექტროენერგიას ყირიმისკენ გადაიტანენ. ზამთარში სერიოზული პრობლემა ექმნებათ და ამისთვის გამოიყენებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია არაბიძე.

“რუსები სადგურიდან გამოდიან, უკრაინელების პოზიციებს ბომბავენ, მერე უკან ბრუნდებიან ისე, რომ უკრაინელები პასუხს ვერ სცემენ. ისინი საპასუხო დარტყმას სადგურზე მყოფ რუსულ ბაზას ვერ მიაყენებენ. როგორი ზუსტი დამიზნებაც არ უნდა ჰქონდეთ, ეს ძალიან საშიშია. არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია. ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეფექტი 10-15-ჯერ უარესი იქნება. ზაპოროჟიეს ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ჩათვალეთ, ევროპაში მაინც ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ დავუშვათ, ზაპოროჟიეს ერთ-ერთ ბლოკზე მაინც მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეს არის 10-15-ჯერ მეტი პრობლემა, რაც იაპონიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატომური ბომბის ჩამოგდებისას მოხდა. ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება”, - დაასკვნის ენერგეტიკოსი „რეზონანსთან“.

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსებისთვის ელექტოსადგური 3 ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. ისინი ზაპოროჟიეს აეს-ის დაკავებით ცდილობენ, რომ უკრაინელებს ბირთვული ნარჩენები ხელში არ ჩაუვარდეთ, რათა ბირთვული იარაღის წარმოება არ დაიწყონ. ზაპოროჟიე კი არის მშვიდობიანი ელექტროსადგური, მაგრამ იქ არსებული ბირთვული ტექნოლოგიები შესაძლოა ბირთვული შეიარაღების წარმოებისთვის გამოყენებული იყოს. “რუსებისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს ძალიან დიდი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური სახის დატვირთვა აქვს. პირველი ის, რომ უკრაინელების ხელში ბირთვული ნარჩენები არ მოხვდეს და ბირთვული იარაღის წარმოება არ შეძლონ. მეორეს მხრივ, ზაპოროჟიეს სადგური ფაქტიურად მთელს სამხრეთ და ცენტრალურ უკრაინას ამარაგებს ელექტროენერგიით. ბუნებრივია, ეს არის გეოეკონომიკური ობიექტი, რომლის მანიპულირებითაც რუსებს ხელთ ძალიან დიდი ბერკეტი უჭირავთ”, - მიიჩნევს მაისაია, რომლის აზრით, “მესამე საკითხი უკვე პოლიტიკურია, რადგან ზაპოროჟიე ევროპაში სიდიდით მეორე ელექტროსადგურია, რომლის კონტროლიც რუსებს პოლიტიკურად უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ევროპის და უკრაინის დაშანტაჟება ამ ელექტროსადგურით უფრო მარტივი გახდება. განსკუთრებით კი პრობლემებს ზამთარში შექმიან, როგორც ვთქვი ის მთელს სამხრეთ და ცენტრალურ უკრაინას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს და ამ წყაროს გადაკეტვით ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. არსებობს საფრთხე, რომ უკრაინელებმა უნებლიეთ ელექტროსადგური დაბომბონ. ან ეს პროვოკაციის მიზნით თავად რუსებმაც გააკეთონ და უკრაინელებს დააბრალონ. ამ ბრალდებებში რთული იქნება მტყუან-მართლის გარჩევა და თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე გადავა. ამიტომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და ამ სადგურის აფეთქება ევროპაში უდიდესი კატასტროფის ტოლფასი იქნება”, - დასძენს მაისაია.

ხათუნა ლაგაზიძე - “რუსეთი ხდება ჩინეთის უმცროსი „ძმა“ და ვასალი

“საქართველოს ბედ-იღბალი პირდაპირ არის გადაჯაჭვული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები გამოკვეთა. დღეს მთავარ მოთამაშეებს შორის არ არის რუსეთი, ამ ბიპოლარულ მსოფლიოში ერთმანეთს ამერიკა და ჩინეთი უპირისპირდება. რატომ ჩინეთი, როდესაც რუსეთია ომის დამწყები? რომ არა ჩინეთი, რუსეთის იმპერიული ძალის გატეხა გაცილებით ადვილი იქნებოდა. დღეს რუსეთი დიდწილად ჩინეთის იმედად დგას. რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა პროცესი - რუსეთი ხდება ჩინეთის უმცროსი “ძმა” და ვასალი და სულ უფრო მეტად დამოკიდებული მასზე ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად. რუსეთს ჩინეთი სჭირდება ერთი მხრივ ენერგორესურსების გასაღების ბაზრად და მეორე მხრივ, იმ ტექნოლოგიების მისაღებად, რომელთაც ბოლო დრომდე დასავლეთიდან იღებდა. გარდა იმისა, რომ რუსეთისთვის ჩინეთის, როგორც მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია, ამასთან, ამას ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც”, - აცხადებს უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი ხდება ჩინეთის უმცროსი “ძმა” და ვასალი”.

“პეკინი მხარს უჭერს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ შიშობს, მეორადი სანქციების ქვეშ არ მოჰყვნენ მისი კერძო და სახელმწიფო კომპანიები. ამ ქვეყანამ ბოლო 7 თვის განმავლობაში მოკლევადიანი კონტრაქტების საშუალებით 48-დან 61 მილიარდამდე აიყვანა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა და მნიშვნელოვანი ალტერნატივა გახდა რუსული გაზისა და ნავთობისთვის. შეიძლება ითქვას, რუსეთმა, რომელიც უკრაინის დაპყრობით იმპერიის აღდგენას ცდილობდა, ხვალ შესაძლოა სუვერენიტეტი დაკარგოს ჩინეთთან ურთიერთობით, რაც გამოიხატება დემოგრაფიული პრობლემის შექმნაში, რუსული ეკონომიკის ჩინურზე ჩამოკიდებასა და ტერიტორიების დაკარგვაში.... ამერიკამ უკვე სცადა რუსეთ-ჩინეთის ალიანსის დაშლა - უკრაინაში ომის დაწყებიდან თვენახევარში ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ უშედეგოდ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ამ რამდენიმე ხნის წინ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ზოგიერთმა დამკვირვებელმა ისე წარმოაჩინა, თითქოს ამერიკამ ჭკუა ასწავლა ჩინეთს. სინამდვილეში ჩინეთი ძალიან შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი მოთამაშეა - ამ ქვეყნის ხელისუფლების დევიზია “იჩქარე ნელა”. ცნობილი ჩინური იგავის არ იყოს, ჩინელებს ჰყოფნით მოთმინება, მდინარესთან დასხდნენ და ელოდონ, როდის ჩამოატარებს წყალი მათი მტრის გვამებს - ანუ მოთმინებით შეამზადონ ნიადაგი მათთვის სასურველი სიტუაციისთვის. ჩინეთი ტაივანის საკითხის სამხედრო გზით მოგვარებას არ გამორიცხავს, მაგრამ მაგალითად იყენებს რუსეთის შეცდომებს, ობიექტურად აფასებს დასავლეთის რეაგირებას, ითვალისწინებს დასავლური სანქციების სიმძიმეს, სამხედრო უპირატესობას და მოცდას არჩევს. ელოდება იმ დროს, როდესაც მისი სამხედრო პოტენციალი მიუახლოვდება ამერიკისას”. - განაგრძობს რესპონდენტი.

“ უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში რამდენიმე ათწლეულიანი მშვიდობის ფაზა დასრულდა. ნატოს და ზოგადად დასავლური სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომით არ ამოიწურება. რისი იმედი აქვს ნატოს? ამ გლობალურ დაპირისპირებაში დასავლური სამყაროს მთავარი ამოცანა საფრთხის ობიექტურად გაანალიზება და ერთიანობის შენარჩუნებაა. მოწინააღმდეგე ძლიერია! თანამედროვე ომი 5 სივრცეში მიმდინარეობს: ეს არის ზღვა, მიწა, ჰაერი, კიბერსივრცე და კოსმოსი. წარმატების მიღწევა შეუძლია იმ სახელმწიფოს, რომელიც ხუთივე კომპონენტში თანაზომიერად ძლიერია. დღევანდელ ომში ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე და ფსიქოლოგიური მდგრადობა საინფორმაციო დივერსიული ოპერაციების მიმართ. საინფორმაციო დივერსიით შესაძლებელია წინასწარ გაანეიტრალო სამიზნე - იქნება ეს შეიარაღებული ძალები, მმართველი ელიტები თუ საზოგადოება”, - განმარტავს უსაფრთხოების ექსპერტი.

“საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროს მკვლევრებმა თანამედროვე ეპოქას პოსტსიმართლის ეპოქა შეარქვეს. ეს არის მოცემულობა, როდესაც მნიშვნელობა აღარ აქვს, ვის მხარეს არის სიმართლე, რადგან უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში ადამიანები ვეღარ ახერხებენ არგუმენტების მოძიებას სიმართლის დასამტკიცებლად. ესე იგი, მთავარია, საინფორმაციო კლანჭებში მოიქციო ადამიანი და სწრაფად მიაწოდო იმდენად დიდი ინფორმაცია, რომ ალტერნატიული წყაროების მოძიება ვერც შეძლოს და აღარც მოუნდეს. სამწუხაროდ, საქართველო უკვე იქცა საინფორმაციო დივერსიული ოპერაციების გამოცდის პოლიგონად. ჩვენი მტრის მიზანია პირველ რიგში ერის დემორალიზება, ღირსებისა და წინააღმდეგობის უნარის დაკარგვა, შემდეგ კი მათი სხვადასხვა ჯგუფად დაყოფა და დაპირისპირება. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სისუსტეებისა და შიშების ზედაპირზე ამოტანა, რაც ერს ამა თუ იმ ისტორიულ მონაკვეთში ობიექტურად აქვს. “აბა, ომი გინდათ?!” ­ სწორედ ამ პროპაგანდის ნაწილია.”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს, უბრალოდ, ეს ჯერ საინფორმაციო ველზეა. დღეს მსოფლიოს ნაწილი უკრაინის გავრცელებულ ინფორმაციას ენდობა, ნაწილი - რუსულს. ჩინეთი რუსული საინფორმაციო ველის ნაწილია. საქართველო ძალიან მოუმზადებელია საინფორმაციო ომისთვის და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ. ან გადავრჩებით როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან გაქრება ჩვენი სუვერენიტეტი... ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა საქართველოზე გადის. აქამდე ეს გზა ნაკლებად პოპულარული იყო გარკვეული რისკების გამო. საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ნაკადები მნიშვნელოვანწილად რუსეთის ალტერნატივა გახდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთს რამდენიმე გზა აქვს: პირველი - საქართველოში უნდა ჰყავდეს სრულად კონტროლირებადი ხელისუფლება, რათა გააკონტროლოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მეორე - ქვეყანაში შექმნას იმგვარი ქაოსი, რომ საქართველოს გავლით გადაზიდვებს საფრთხე დაემუქროს, მესამე - პირდაპირი სამხედრო გზით დაიპყროს საქართველო და ჩაიგდოს ხელში გაზსადენებზე, ნავთობსადენებსა და სატრანსპორტო არტერიებზე კონტროლი. მთელ ამ ამბავში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ საქართველოზე გამავალი საკომუნიკაციო არხებზე წვდომა ჩინეთის ინტერესებშიც შედის”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“პეკინს შეუძლია ეს ალტერნატიული გზები რუსული მადის და ამბიციების მოსაქაჩად გამოიყენოს. ასე რომ, ერთი მხრივ, ურთულესი, მეორე მხრივ კი, უნიკალური შესაძლებლობის წინაშე ვდგავართ. სხვათა შორის, პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტები ივლისში შუა აზიის ქვეყნებში საქართველოს ზემოაღნიშნული ფუნქციების გაძლიერებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. საკითხი ეხებოდა სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი ისე, რომ ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, რომელსაც ნატო, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, საერთაშორისო წესრიგის დამრღვევად მიიჩნევს და კიდევ უფრო არ გავართულოთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა?”, - პასუხობს:

“ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ, იმიტომ, რომ ამერიკისთვის ეს საკითხი ნამდვილად გამოწვევაა. ალბათ, გახსოვთ, ჩინეთი მსოფლიოს თავისი “ჰუავეის” ბაზაზე წარმოებულ 5G-სისტემებს ამერიკელებზე გაცილებით იაფად სთავაზობდა. ვაშინგტონს ცოტა მოგვიანებით მოუწია ამ საკითხში ჩარევამ და ბრიტანეთში უკვე დამონტაჟებული ჩინური 5G-სისტემების დემონტაჟი დაიწყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩინეთმაც და ამერიკამაც იციან, მომავლის მსოფლიოში ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია და ამ ორ ქვეყანას შორის ორად გაყოფილი სამყაროც სწორედ ინფორმაციულ კონტროლს დაეფუძნება. საქართველო ამ თვალსაზრისით ამერიკის კალათშია. მართალია, ჩინეთთან ურთიერთობაზე უარის თქმა წარმოუდგენელი ახლომხედველობა იქნება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუვერენიტეტის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენ მიმართ ინტერესს არ დაკარგავს”...

“ჩინეთი დღეს ყველაზე მომგებიან თამაშს თამაშობს. რუსეთი ფაქტობრივად უკვე დაიქვემდებარა - ისეთ დაბალ ფასად ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს, თანაც ისე შეუზღუდავად, რომ ომის დაწყებამდე ეს წარმოუდგენელი იყო. ასევე, რუსეთის ბაზრის კარი ღიაა მისი სამომხმარებლო პროდუქციისა და ტექნოლოგიებისთვის. მართალია, ჩინეთს გაძლიერებული რუსეთი არ სჭირდება, მაგრამ არც ტრიუმფატორი დასავლეთი ეხატება გულზე, იმიტომ, რომ წინ ტაივანის საკითხი აქვს გადასაწყვეტი. ასე რომ, შემოდგომამდე, ანუ მანამდე, სანამ ჩინეთში კომუნისტური პარტიის მორიგი ყრილობა არ იქნება, სადაც პრეზიდენტს აირჩევენ, ჩინეთი თავის პოზიციას არ შეცვლის. ჩვენთვის ახლა სასიცოცხლო ამოცანაა, არ აღმოვჩნდეთ დასავლური სივრცის მიღმა. დღის წესრიგში დადგა ყაზახური ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დიდ შესაძლებლობებთან ერთად დიდი რისკია, საქართველოს ხელისუფლება ზეაქტიურ მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდეს დასავლეთსა და ჩინეთთან, ვინაიდან დღის წესრიგში ყაზახეთის უსაფრთხოებაც დგას, საქართველოზე გამავალი ენერგომარშრუტების, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, - დასძენს ლაგაზიძე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით