პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ვეტოს დაძლევაზე არ უნდა იყოს საუბარი - ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ეს ზღვარი არ უნდა დაიკარგოს

ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ, პრინციპულად რა სჭირდება ქვეყანას დღეს - აქ ვეტოს დაძლევასა და ხმების რაოდენობაზე არ უნდა იყოს საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განუცხადა.

როგორც მსხილაძემ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ეს ზღვარი არ უნდა დაიკარგოს.

მსხილაძის თქმით, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება სწორედ ამიტომ გამოიყენა.

„როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და კანონს ვეტო დაადო, დაასაბუთა, რომ ვეტო პირველ რიგში, პოლიტიკური მოტივებით იყო დადებული. პოლიტიკური ვეტო იმას არ ნიშნავს, რომ ვეტოს დადების სურვილი გვქონდა - ამაში სწორედ ის იგულისხმებოდა, რაც ვენეციის კომისიამაც განსაზღვრა - კანონის მიღების დროს არ იყო საკმარისი განხილვა, არ იყო საკმარისი ინკლუზიურობა, არ იყვნენ ჩართული შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები და კანონი ნაჩქარევად მიიღეს. ამ ყველაფერს ვენეციის კომისიამ სამართლებრივი მხარეც დაამატა - კანონით მიყურადების ვადა ხანგრძლივდება, ასევე ადამიანმა საერთოდ შეიძლება ვერ გაიგოს, რომ მას უსმენდნენ და ასე შემდეგ...

როდესაც ვეტოს პარლამენტი განიხილავს, უფრო დეტალურად მაშინ ვისაუბრებთ.

დიდი იმედი მაქვს, უმრავლესობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს კარგად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და პარლამენტს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცავ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების განხორციელების ვადები ეზრდებათ. გარდა ამისა, იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს