პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია და პრეზიდენტს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა აცხადებს, პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნულ იქნა პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ - 39, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე“, - აცხადებს სულავა.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე „5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

„არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ - წავიდეს სხვაგან“, - აღნიშნავდა პრეზიდენტი ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა