კვლევის თანახმად, 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში ქვეყნის მოსახლეობის 23% წავიდა

პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, შესაბამისად - 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

ანგარიშის თანახმად, გაანალიზებულ პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ემიგრაციის თვალსაზრისით ოდნავ შემცირდა 75%-დან 72%-მდე. იმავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი 20%-დან 21%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების წილი - 3%-დან 5%-მდე.

„საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყნიდან ემიგრაცია ხასიათდება, როგორც შრომითი მიგრაცია, რომელიც გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით (უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და დაბალი ხელფასები). სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში. საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები.

2012 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია (გაანალიზებულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). სხვა ფაქტორებთან ერთად, 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა. 2018 წლიდან 2021 წლამდე საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო, ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა და გაანალიზებულ პერიოდში ერთადერთი დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (16 ათასი). თუმცა, 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (- 26 ათასი)“,- აღნიშნულია ანგარიშში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ