ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არც ვლადიკავკაზში ყოფილა და არც „ეფ-ეს-ბეს“ გენერლებს შეხვედრია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვლადიკავკაზში არ ყოფილა და არც „ეფ-ეს-ბეს“ გენერლებს შეხვედრია. ამით შს მინისტრი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ, 5-6 ვიზიტი მაქვს. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ოფიციალურ შეხვედრებზე ჩავდიოდით და ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს“,- განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა რომ გავრცელდეს, უხერხულობას ხომ არ შეუქმნის, გომელაურმა უპასუხა, რომ ვერ გავრცელდება, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა.

„არანაირად. ვერ გავრცელდება, იმიტომ, რომ არ მომხდარა ასეთი რამ. 100 წლის თავი იყო, როდესაც მინსკში ჩასული იყო ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, რუსებიც, ფრანგებიც, გერმანელებიც. ზოგი პირველი პირი იყო, ზოგი მეორე. შეხვედრა პირისპირ არასდროს არ მქონია და ვიდეომასალაც ვერასდროს დაიდება.

იქ იყვნენ „ეფ-ეს-ბე“-ს ხელმძღვანელობაც ჩამოსული და მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, სისტემაში მყოფი პირი, როდესაც ასეთ ბრალდებებზე საუბრობს, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება და იტყუება თუ არა სოსო გოგაშვილი? გომელაურმა უპასუხა, „გამოიძიონ, იტყუება რა თქმა უნდა“.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა აღწერა სქემა, რომლითაც მისი მტკიცებით, ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.

სოსო გოგაშვილი ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ დალაგდა ეს სქემა. მისი თქმით, 2016 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ის ვლადიკავკაზში „ეფ-ეს-ბე-ს“ საიდუმლო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც „ეფ-ეს-ბე-ს“ გენერალ სედოვს შეხვდა.

„შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის. შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით, „აირზენას“ მოვამზადებინე თვითმფრინავი - "ბოინგ 737" ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში“, - აცხადებს გოგაშვილი.

გოგაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში „ეფ- ეს- ბეს“ ორ გენერალს - სედოვს და ბესედას უმასპინძლეს, დეკემბერში კი ქართული მხარე ოფიციალური მიწვევით მინსკში იმყოფებოდა, სადაც ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო