ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022

თორნიკე შარაშენიძე - “პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე”

ახალი კატასტროფა მოსკოვისათვის - ლიმანის დაცემა და მწვავე დაპირისპირება რუს ძალოვნებს შორის

პაატა ზაქარეიშვილი - “ლუკაშენკო ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს”

რა მოჰყვება უკრაინის განაცხადს ნატოში დაჩქარებით გაწევრიანებაზე და რას ცვლის ეს საქართველოსთვის

თენგიზ ფხალაძე - “ღია ომით პუტინმა საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო”

* * *

თორნიკე შარაშენიძე - “პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე”

“პუტინის ქცევას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მაგრამ მათგან ორი უნდა გამოვყოთ: პირველი - მას მართლაც სურს უკრაინაში ბოლოდროინდელი სამხედრო მარცხი გადაფაროს და საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს, რომ ე.წ. სპეცოპერაცია მაინც წარმატებულია და რუსეთის ტერიტორიას აფართოებს. მეორე და ჩემი აზრით, უფრო სახიფათო მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ნაწილად გამოცხადების შემდეგ პუტინი ფიქრობს, რომ ბირთვულ იარაღის გამოყენებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნება. მოგეხსენებათ, რუსული კანონმდებლობით, ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს, თუ მის ტერიტორიას თავს მტერი დაესხმება. მეც იმ სკეპტიკოსთა შორის ვარ, ვინც მიიჩნევს, რომ პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე და ფრონტზე გარდატეხის შეტანა სცადოს”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე” / “ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოში ქართველებისავე გამოყენებით ძალიან დიდი აგენტურული ქსელი აქვს უკვე. დარწმუნებული ვარ, რუსი აგენტებიც დიდი ხანია აქ არიან”.

“ის ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ამ ვითარებაში მისი კოზირი ის იქნება, რომ კიდევ უფრო თავზე ხელაღებულის იმიჯი შეექმნება. ამან შეიძლება შეაშინოს დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპის ნაწილი, და უკრაინას კომპრომისისკენ უბიძგონ. მით უფრო, რომ რუსეთის ხელისუფლება ასევე მიიჩნევს, რომ მათთვის კიდევ ერთ კოზირად იქცევა ზამთარი, რომლისთვის ევროპა ვერ არის მზად, მით უფრო, თუ ზამთარი ცივი იქნება. ასე მარტივად რამდენიმე თვეში ვერ მოხერხდება რუსეთის ჩანაცვლება, რომლის გაზზეც მოდიოდა ევროპის მომარაგების 40%. მოკლედ, პუტინი ცდილობს დასავლეთის დაშანტაჟებას. ის ფიქრობს, რომ ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეული ევროპელები არ შეეგუებიან პირობების გართულებას და ქუჩაში გავლენ საპროტესტოდ. მით უმეტეს, პრაღაში საპროტესტო აქციები გაიმართა და ჩანს, კრემლში იმედი აქვთ, რომ ეს მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, ფიქრობენ, რომ ამ ევროპული ქვეყნების მთავრობები იძულებული გახდებიან მოუწოდონ უკრაინას კომპრომისისკენ. თუ ევროპიდან ამგვარი ზეწოლა იქნება, უკრაინა დაჰყვება თუ არა, ძნელი სათქმელია. უკრაინის სამხედრო მომარაგებაში ნამდვილად განუზომელია შტატების წვლილი, თუმცა ევროპასაც არანაკლები როლი აქვს. მოკლედ, არავინ იცის, კიდევ რა ტიპის ზეწოლა შეიძლება იყოს უკრაინის ხელისუფლებაზე. ვნახოთ, უახლოესი დღეები ბევრ რამეს გაარკვევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“თუ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ეს ვერ ჩაითვლება ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება. ამიტომ რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ნატო. ვფიქრობ, ამის შემდეგ კიდევ უფრო უკომპრომისო გახდება დასავლეთი რუსეთის მიმართ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამის პასუხად ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვს ბირთვულ რაკეტას არ ესვრის. დიდი ალბათობით, ამასვე ფიქრობენ რუსეთში, ამიტომაც დიდგულობს პუტინი. უკრაინას ამ ეტაპზე ნატოში ისეთი დაჩქარებული წესით, როგორითაც შვედეთი და ფინეთი მიიღეს, არ მიიღებენ, რადგან ქვეყანაში ომია. პრეზიდენტ ზელენსკის ამ განაცხადს აქვს სულ სხვა დატვირთვა - მან კარგად იცის, სანამ ომი არ დასრულდება, უკრაინის ნატოში გაწევრებაზე ლაპარაკი არ იქნება, მაგრამ, იმავდროულად, მისი მოთხოვნა დასავლეთს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს - რადგან ნატოში უკრაინას ვერ იღებენ, სამაგიეროდ, კიდევ მეტი დახმარება უნდა გამოუყონ და მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი, რა თქმა უნდა, პუტინის ახირება იყო, რაც ბელარუსის პრეზიდენტმა სიამოვნებით ნამდვილად არ შეასრულა. ის ცდილობს მაქსიმალურად გაიყვანოს დრო და არ მოუწეროს ხელი რუსეთს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ლუკაშენკო დროის გაყვანის დიდოსტატია, მან აფხაზეთში ჩასვლით და იქ ორაზროვანი განცხადებებით, ალბათ, ეს სცადა. ვფიქრობ, ლუკაშენკო არ იჩქარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ბოლომდე შეეცდება დროის მოგებას. რამდენ ხანს გაუვა, ძნელად სათქმელია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ლუკაშენკოს არაფერში სჭირდება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება ანექსიის საკითხს, მგონი, ჩვენს ტერიტორიებზე არ მოხდება იმ ფორმით, რაც უკრაინაში ვნახეთ. ჩემი აზრით, პუტინი შეეცდება აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი ახალი კავშირის ნაწილებად აქციოს, რაც, ფაქტობრივად, ანექსიის ტოლფასი იქნება. რუსეთს სურს თავის შემადგენლობაში შეიყვანოს ბელარუსი და როგორც ვიცი, მოლაპარაკება მიდის ყირგიზეთსა და სომხეთთან. დიდი იმედი მაქვს, რომ სომხეთი უარს იტყვის. მწვავე ნაბიჯების გადადგმას ყოველთვის მოვასწრებთ. ჯერ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რას იზამს ლუკაშენკო უახლოეს მომავალში. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დარწმუნებული ვარ, სულაც არ უნდა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება და ჩვენი ტერიტორიების აღიარება. როგორც უკვე ვთქვი, მას აფხაზეთში ჩასვლაც აიძულეს, რაც კარგად ეტყობოდა. არ არის აუცილებელი დიპლომატიური ურთიერთობის ამ ეტაპზე გაწყვეტა. ამას ყოველთვის მოვასწრებთ. ახლა რომ გავწყვიტოთ, ეს კრემლმა შეიძლება ლუკაშენკოს პროვოცირებისთვის გამოიყენოს და აიძულოს ჩვენი ტერიტორიების აღიარება. უნდა დავიტოვოთ მანევრირების საშუალება, დიპლომატია სწორედ ეს არის”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.

|”არა მგონია, ლარსის ჩაკეტვა მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ ზომები, ჩემი აზრით, უნდა მიიღონ. საჭიროა შემომსვლელთა ძალიან მკაცრი ფილტრაცია. რაც შეეხება საფრთხეებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე რუსეთის აგენტები შემოვლენ, ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოში ქართველებისავე გამოყენებით ძალიან დიდი აგენტურული ქსელი აქვს უკვე. დარწმუნებული ვარ, რუსი აგენტებიც დიდი ხანია აქ არიან. მეორე არგუმენტი საფრთხეებზე ლაპარაკისას ის არის, რომ თითქოს რუსეთის მოქალაქეების ჩვენთან დამკვიდრებას პუტინი აგრესიის საბაბად გამოიყენებს. მერწმუნეთ, თუ აგრესიას გადაწყვეტს, საბაბს არც დაუწყებს ძებნას. უკრაინაში შეჭრისთვის რაიმე სერიოზული საბაბი ჰქონდა?! ისინი, ვინც ახლა რუსეთიდან გარბიან, ძირითადად, პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან, რომელთა ქვეყნიდან გაშვება რეჟიმსაც აწყობს. ამიტომაც უშვებენ უპრობლემოდ”, - თვლის ექსპერტი.

“ფაქტია, რუსეთის არმიას ძალიან უჭირს უკრაინაში, რეგულარული ჯარი სუსტად მომზადებული აღმოჩნდა. როგორ მოხდება მობილიზებულთა მომზადება, საკითხავია. ეს, ალბათ, რამდენიმე თვეში გამოჩნდება. თუ ამის შემდგომ პუტინს კიდევ დასჭირდა სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადება, შეიძლება ეს მართლაც დასრულდეს რევოლუციით, რისიც პუტინის რეჟიმს ეშინია. არის დიდი საფრთხე, რომ ქვეყანაში ვითარება აფეთქდეს. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რამდენად ეყოფა ის ძალა, რასაც ამ მობილიზაციის შედეგად გამოიყვანს. ეს ძალა თუ არ ეყოფა, მაშინ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ რუსეთი ამ ომს წააგებს”, - დასძენს თორნიკე შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ორიოდე სიტყვით შევეხოთ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს. ბოლოდროინდელი განცხადებებით რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას გარკვეული ჯგუფი უპირისპირდება, რომლის მხარდამჭერიც, სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია”, - პასუხობს:

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ხდება პარტიაში და დიდად არც მაინტერესებს. “ნაციონალურ მოძრაობას” აქამდეც არაერთი ჯგუფი გამოეყო, მაგრამ პარტია დარჩა და გააგრძელა ფუნქციონირება. ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” თავის მომხრეებით იარსებებს მანამ, სანამ იქნება მიხეილ სააკაშვილი. არა აქვს მნიშვნელობა, ის რას იტყვის, მართლაც წავა პოლიტიკიდან თუ არა. სააკაშვილი ამ პარტიის არსებობის მთავარი ფაქტორია”.

ახალი კატასტროფა მოსკოვისათვის - ლიმანის დაცემა და მწვავე დაპირისპირება რუს ძალოვნებს შორის

“რუსულმა არმიამ უკრაინაში მორიგი მარცხი იგემა. სექტემბრის დასაწყისში იზიუმის დაკარგვისა და ხარკოვის ფრონტის ჩამოშლის შემდეგ, რუსებმა ამჯერად სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქი ლიმანი (წითელი ლიმანი) დათმეს. კატასტროფის მასშტაბებზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ამის გამო ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული სარდლობის მკვეთრი კრიტიკა დაიწყეს. უკრაინელების მიერ ლიმანის გათავისუფლებას დამატებით მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ წინა დღეს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის 4 ოლქის და მათ შორის სწორედ ქალაქ ლიმანის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებას მოაწერა ხელი. თავად რუსი ანალიტიკოსები “ტელეგრამ” არხებში ირონიულად წერენ, რომ პუტინმა უკრაინასთან ომში “პირველი რუსული ქალაქი დაკარგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი კატასტროფა მოსკოვისათვის - ლიმანის დაცემა და მწვავე დაპირისპირება რუს ძალოვნებს შორის.

“რა უპირატესობას აძლევს უკრაინას ლიმანის გათავისუფლება და მისი დაკავების შემდეგ როგორ შეიძლება ფრონტზე მოვლენები განვითარდეს? სამხედრო ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ ახლა უკრაინას საშუალება ეძლევა ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გავიდეს, რითაც წყალი შეუდგება პუტინის მიერ ამ ომში მიღწეულ ერთადერთ შედეგს - ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარებას. ეს კი დიდი მარცხის ტოლფასი იქნება, რომელიც რუსებზე როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე პოლიტიკურ გავლენას მოახდენს. უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ლიმანის ცენტრში უკრაინის დროშა შაბათს შუადღისას აღმართეს. შესამაბისი ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანის მახლობლად ხუთი დასახლება - იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო და სტავკი გაათავისუფლეს. იმავე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლიმანის დატოვება დაადასტურა. “ალყაში მოქცევის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით, მოკავშირეთა ჯარები გაყვანილია კრასნი ლიმანის დასახლებული პუნქტიდან”, - წერს “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლიმანის რუსული გარნოზინი, არაოფიციალური ინფორმაციით, 5500 სამხედროსაგან შედგებოდა. ეს იყო “როსგვარდიის” ორი ბატალიონი, ლუგანსკის მილიცია და მცირე რაოდენობით რუსული არმიის რეგულარული დანაყოფები. მათ წინააღმდეგ კი უკრაინელთა 6000-იანი დაჯგუფება მოქმედებდა. ლიმანის დაცვას ხელმძღვანელობდა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი. იგი უკრაინის ომის მიმდინარეობისას ორჯერ მოხვდა ყურადღების ცენტრში ერთხელ მაშინ, როდესაც საჯაროდ თავადვე დააჯილდოვა საკუთარი ვაჟი, რომელიც სატანკო ბრიგადას ხელმძღვანელობდა და სხვა რუსულ ნაწილებთან ერთად სამარცხვინოდ დატოვა სუმის ოლქი. მეორედ კი ქალაქ ლისიჩანსკის აღებისას. ლისიჩანსკისა და მის მეზობლად მდებარე სევეროდონეცკის აღებას რუსებისთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშნელობა ჰქონდა. ეს იყო ლუგანსკის ოლქის ბოლო ქალაქები, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებდნენ. ლისიჩანსკის აღებას სწორედ გენერალი ლაპინი ხელმძღვანელობდა და მაშინ მან ამისთვის რუსეთის გმირის ვარსკვლავიც მიიღო. ახლა კი, ლიმანის დაკარგვის შემდგე, მას კრიტიკის ქარტეხილი დაატყდა თავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ყველაზე რადიკალური ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი იყო, რომელმაც არა მხოლოდ გენერალი ლაპინი, არამედ რუსული გენშტაბიც გააკრიტიკა. “გენერალ-პოლკოვნიკმა ლიმანის მიმართულებით დაცვის ხაზზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან მობილიზებული მებრძოლები და სხვა დანაყოფები დააყენა, მაგრამ არ უზრუნველყო მათთან კავშირი, სწორი ურთიერთქმედება და მომარაგება”, - წერს კადიროვი თავის “ტელეგრამ” არხზე. მისივე თქმით, მან შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ ჩეჩნური ბატალიონის “ახმატის” მეთაურის, ალტი ალაუდინოვისაგან მიიღო და ამის შესახებ მაშინვე პირადად აცნობა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვს, თუმცა გერასიმოვმა იგი დაამშვიდა და უთხრა, “რომ ეჭვი არ ეპარება ლაპინის მთავარსარდლურ უნარებში და არ ფიქრობს, რომ წითელი ლიმანიდან ან მისი მიდამოებიდან უკან დახევა მოხდება”. კადიროვი იმასაც წერს, რომ ლაპინმა რუსეთის გმირის წოდება დაუმსახურებლად მიიღო, რადგანაც ლისიჩანსკის აღებისას “იქ ახლოსაც არ ყოფილა”. ლიმანის დაცემის მთავარი მიზეზი კი “საჯარისო ნეპოტიზმია””, - დასძენს გამოცემა.

“გარდა ამისა, ჩეჩნეთის ლიდერი გენერალ ლაპინს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ლიმანის დაცემამდე ერთი კვირით ადრე მან თავისი შტაბი ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრში, დასახლებულ პუნქტ სტარობელსკში გადაიტანა. თუმცა თავად იქ საერთოდ არ გამოჩენილა, ქალაქ ლუგანსკში იმყოფებოდა და იქიდან ხელმძღვანელობდა მის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს. “საწყენი ის კი არაა, რომ ლაპინი არაფრის მაქნისია, არამედ ის, რომ მას ზემოდან მფარველობენ გენშტაბის ხელმძღვანელები. ჩემი ნება რომ იყოს, მას რიგითის წოდებამდე ჩამოვაქვეითებდი, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ავტომატით ხელში გავუშვებდი წინა ხაზზე, რათა სისხლით ჩამოერეცხა სირცხვილი”, - წერს კადიროვი. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ლიდერს ამ მხრივ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა და ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა. მისი თქმით, “ყველა ეს ვიგინდარა ავტომატებით ფრონტზეა გასაშვები”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი და გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან”“ აცხადებს, რომ ლიმანის დაკარგვას მოსკოვისთვის უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ტაქტიკური, თუმცა ორივე შემთხვევაში რუსები ძალიან ზიანდებინ. ლიმანზე გასვლით, უკრაინელები შეძლებენ ლუგანსკის მიმართულებაზე გავიდნენ. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას ექნება სერიოზული შედეგები დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუგანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინელ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან და სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის რაიონებში”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ამ ყველაფრის პარალელურად ლიმანის დაკარგვა რუსებს აღმოსავლეთ დაჯგუფების მომარაგებას გაურთულებს. ლიმანის აღებას ფსიქოლოგიურ-მორალური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის, რადგან რუსეთის მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ომი მათ სასარგებლოდ არ მიდის. რუსები ვერ იტყვიან, რომ ეს იყო მოულოდნელობა. ეს არის პირდაპირ დასახლებული პუნქტის დაცვა რუსების მხრიდან. ამიტომ ვთქვი, რომ ლიმანის დაკარგვას რუსებისთვის აქვს როგორც პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა, ასევე ტაქტიკურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან. ლიმანის გათავისუფლებით უკრაინელები ლუგანსკის ოლქის საზღვარზე გადიან. ფაქტიურად გამოდის, რომ რუსები ლუგანსკში ვერ მიაღწევენ იმ სასურველ შედეგსაც კი, რომელიც ომის დაწყების დროს პუტინის მხრიდან იყო გაცხადებული. ამჟამად სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად უკრაინელების ხელშია. ისინი ირჩევენ დარტყმის ადგილს, დროს, ფორმებს. შესაბამისად, ომში რუსები მხოლოდ უკრაინელების მოქმედებაზე რეაგირებენ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ქალაქის დაკავების შემდეგ უკრაინელებს შეტევის შესაძლებლობა რუბეჟნოეს მიმართულებით ეხსნებათ. ლიმანი-რუბეჟნოეს ხაზის დაკავება ფაქტობრივად ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულების ავტომატურ აღებას ნიშნავს. ლიმანის აღებით მდინარე სევერსკი დონეცის მეორე მხარეს გადასვლა ადვილი იქნება და უკრაინელები ქალაქ სევეროდონეცკს დაიკავებენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი ქალაქ ლუგანსკის მიმათულებისკენაც გზა იხსნება. ამიტომ უკრაინელებისთვის ლიმანი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია. რაც შეეხება რუსების აქტიურობას ბახმუტის მიმართულებით, მათ ამ ქალაქში ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი ჰყავთ გამაგრებული და ახლა ამდენი წარუმატებლობის ფონზე ცდილობენ რაღაცა წარმატება ამ მიმართულებით მაინც მიაღწიონ. თუმცა, ეს პროცესი გარკვეულ სტარტეგიულ სვლებს აღარ ექვემდებარება. ეს არის სპონტანური მოქმედება - სადაც რუსებს ახლა ცოტა ძლიერი დანაყოფები ჰყავთ, იქ ცდილობენ რაღაც წარმატება აჩვენონ. ან მეორე ვარიანტია - იციან, რომ თუ გაჩერდებიან, შეტევაზე ისევ უკრაინელები გადავლენ. ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ აქტიურობა არ შეწყვიტონ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“პოლკოვნიკ ბერიძის აზრით, რუსული სარდლობა ეცდება ლიმანშ განცდილი მარცხი ფრონტის რომელიმე სხვა მონაკვეთზე რაიმე ლოკალური წარმატებით გადაფაროს. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო ბახმუტის მიმართულებაა. “ზუსტად ძნელია საუბარი ბახმუტის მიმართულებით რა აქვთ ჩაფიქრებული. ეს არ არის დიდად სტრატეგიული ქალაქი და უკრაინელები იმდენად კარგად არიან გამაგრებული, ამ პოზიციებს არ დაკარგავენ”, - თვლის ბერიძე. რაც შეეხება მობილიზაციის გამოცხადებას და გადაუმზადებელი ჯარის ფრონტის ხაზზე გადასროლას, პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ეს არის მხოლოდ რაოდენობის გაზრდა, რადგან ამ ადამიანებს ბრძოლის არანაირი უნარი და მოტივაცია არ გააჩნიათ. ბ”ახლა მათ გამოცდილი და კარგად გაწვრთნილი მეომრები სჭირდებათ, რომლის რესურსიც ამოეწურათ. ქვედანაყოფებში ნახევარი ხალხი დაეღუპათ და მათ ჩანაცვლებას ფრონტზე ძალით წაყვანილი ხალხით ცდილობენ. ისინი ვერანაირ ამოცანას ვერ შეასრულებენ და რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი იქნება”, - ამტკიცებს პოლკოვნიკი, რომლის აზრით, “ეს არის გაურკვეველი თამაში, რომელშიც რუსეთი უკვე წაგებეულია“, - დასძენს სტატიის ავტორი.

პაატა ზაქარეიშვილი - “ლუკაშენკო ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს”

“ჩემი აზრით, ეს ვიზიტი რუსეთის სპეკულაციაა, ვაჭრობა აფხაზურ მხარესთან, რომ თუ აფხაზეთი უმტკივნეულოდ დათმობს ბიჭვინთის აგარაკს, რასაც აფხაზები ეწინააღმდეგებიან, დაჰპირდებიან ბელორუსის მიერ აღიარებას. ამიტომ ჩავიდა ლუკაშენკო ბიჭვინთაში და მივიდა იმ დანგრეულ შენობაში, სადაც ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია, და არა სოხუმში. პუტინმა გაგზავნა ლუკაშენკო შეტყობინებით, ბელარუსს შეუძლია აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ოღონდ თქვენ რუსეთს უნდა გადასცეთ ბიჭვინთის აგარაკის ტერიტორია, 200 კვადრატულ კილომეტრამდეო. დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნებოდა კულუარულად საუბარი. ასე რომ, ორმხრივი კომბინაციაა - თქვენ აძლევთ ბიჭვინთას, ჩვენ გაძლევთ აღიარებას”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლუკაშენკო ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს”.

“აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან, რომ ბიჭვინთის აგარაკების დიდი მონაკვეთი რუსეთის მთავრობას გადასცენ. არადა, მაქსიმუმ ოქტომბერში აფხაზეთში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დე ფაქტო პარლამენტის სხდომა, რომელმაც შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს და ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადაეცეს. ამიტომ პუტინმა, როცა სოჭში ლუკაშენკოს შეხვდა, შესაძლოა ის აიძულა, რომ ჩასულიყო სწორედ ბიჭვინთის აგარაკზე და იქიდან დალაპარაკებოდა აფხაზ ხალხს. ვფიქრობ, ლუკაშენკო იძულებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც ჩავიდოდა. ბიჭვინთის აგარაკზე მისი ჩასვლა დაახლოებით ასეთი მესიჯია: “აფხაზებო, დაფიქრდით კარგად, მე, ბელარუსის პრეზიდენტი, მზად ვარ, ვაღიარო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მანამდე ბიჭვინთა უნდა გადასცეთ რუსეთს”. მე ასე ვკითხულობ - ჯერ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა და შემდგომ აღიარება - დაახლოებით ასეთი ლოგიკაა. ეს დამატებითი რესურსია ამ საკითხის რატიფიკაციის მომხრეებისთვის, აი, ბელარუსი გვაღიარებს და საჭიროა ამის გაკეთებაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“კრემლი მაქსიმალურად ცდილობს არ დააზიანოს “ქართული ოცნების” მდგრადობა საქართველოს ხელისუფლებაში. თუ ბიჭვინთის გადაცემის შემდეგ ბელარუსი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, შესაძლოა რუსეთს პრობლემები შეექმნას საქართველოში. ამიტომ ლუკაშენკო ძალიან ბუნდოვნად ლაპარაკობს შესაძლო აღიარებაზე - არ ჰპირდება, არ ამბობს, შეიძლება გაღიაროთო. მთავარი ის არის, რომ ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს. მერე რა იქნება, ეს აღარაა მთავარი, “ხვალემ იზრუნოს ხვალისა”. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია - თან ბიჭვინთის მითვისება უნდა, თან არ უნდა ქართველი საზოგადოების გაღიზიანება, რომელმაც შეიძლება ჩამოაგდოს “ქართული ოცნება”. ამიტომ შეპირება აღიარებაზე ძალიან ბუნდოვანი და არადამაჯერებელია - მომეცით ბიჭვინთა და მერე ვილაპარაკოთო, დაახლოებით ეს მომენტია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ჩასვლის შემდეგ ბელარუსის ოფიციალურ განცხადებაში ამ ე.წ. ვიზიტის შესახებ აფხაზეთი არაა ნახსენები, რაც, მისი აზრით, აჩენს იმედს, რომ ბელარუსი შეინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას”, - პასუხობს:

“ეს არის ძალიან უსუსური ცდა, გაამართლონ და ნამუსი მოსწმინდონ ლუკაშენკოს და შეამცირონ ამ ფაქტის სიმძიმე. იმის ნაცვლად, თქვან, რომ ეს ყოვლად მიუღებელია, ჩვენ პრაქტიკულად ვეხმარებით ბელარუსს, რომ გაათეთროს ლუკაშენკოს უმსგავსი საქციელი. ყოვლად მიუღებელი და მძიმეა, ვიდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა, როდესაც ქართული მხარე ცდილობს შექმნას ილუზია, რა მოხდა მერეო. პირიქით უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს მკაცრი რეაქცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ბელარუსთან ერთად ვართ ეუთოში, გაეროში და უნდა მოვითხოვოთ, რომ განიხილონ ეს საკითხი და მკაცრი შეფასება მისცენ. ამის ნაცვლად კი ჩვენ სიტუაციას ვარბილებთ. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქცევაა”.

“... გეთანხმებით, რომ თავიდან ხელისუფლების პოზიცია იმდენად ადეკვატური იყო, რომ არც ველოდი ამდენს, მაგრამ მეორე დღესვე შეიცვალა. როგორც ჩანს, რუსეთიდან მისცეს მითითება, რას ჰგავს თქვენი საქციელი, ნუ გეშინიათ, აღიარება არ იქნებაო. აღიარება, ალბათ, მართლაც არ იქნება, რადგან რუსეთისთვის მთავარია ბიჭვინთა, აფხაზეთის აღიარება კი ახლა არაფერში სჭირდება. მით უმეტეს, რომ რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს პრორუს ხელისუფლებასთან და რატომ უნდა გააფუჭოს? ეს ყველაფერი ბიჭვინთის გამო ხდება. ან შეიძლება ჩვენებსაც ატყუებენ. მაგრამ კობახიძემ ისე თამამად გააკეთა ეს განცხადება, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, აღიარება არ იქნება და ამიტომ სცადა ბელარუსისთვის პირის მოწმენდა”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

“აფხაზები დარწმუნებული არიან, რომ აღიარებენ, ამიტომ, ალბათ, მისცემენ ბიჭვინთას. ჩემსავით რომ ფიქრობდნენ აფხაზები, შესაძლოა ეთქვათ, ნუ ავყვებით ამ მანიპულაციასო, მაგრამ ასე არ ფიქრობენ. აფხაზეთში წინააღმდეგობა იყო მაშინ, როცა ხედავდნენ, რომ რუსეთს ბიჭვინთას აძლევდნენ, ასე ვთქვათ, უფასოდ და ახლა საპირწონედ დადგა ბელარუსის მხრიდან აღიარება. ზოგიერთი იტყვის, ჯანდაბას ბიჭვინთა, თუკი აღიარებას მივიღებთო, მაგრამ ბიჭვინთას გასცემენ და აღიარებას არ მიიღებენ. მიიღებენ მხოლოდ შეპირებას, კარგი დრო რომ დადგება, მაშინ გაღიარებთო. ბელარუსს არაფერში სჭირდება აფხაზეთის აღიარება. ლუკაშენკო იძულებული იყო, ჩასულიყო. არა მარტო იმიტომ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ დსთ-თან არ გაიფუჭოს ურთიერთობა. ერთადერთი, ვინც მას ელაპარაკება, დსთ-ის სახელმწიფოებია და მათ ამ ჩასვლით ეუბნება, მიმიფურთხებია თქვენი ტერიტორიული მთლიანობისთვისო. იმ პატარა კლუბშიც კი, სადაც მას ხელს ართმევენ, იქაც კი მიუღებელი გახდება და ამიტომ მას არაფერში სჭირდებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მით უმეტეს, აღიარება, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ვთქვი, გაეროსა და ეუთოში ძალიან მკაცრად უნდა დააყენოს საკითხი. კობახიძის განცხადებისნაირი პოზიცია კი არ უნდა იყოს, რა მოხდა, შავი ზღვის სანაპირო მოინახულაო, არამედ საჭიროა მკაცრი განცხადებები, რომ ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. გაუგონარი რამაა - ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც აკრძალული აქვს ყველას იქ შესვლა. ის ყირიმში არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ მოუწოდებდნენ და არათუ არ ჩავიდა, გამოსვლები ჰქონდა, რა აუცილებელია ჩემი იქ ჩასვლა, ისედაც ხომ ყველამ იცის, რუსეთთან რომ ვმეგობრობო. მაგრამ ჩავიდა აფხაზეთში, რაც საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბელარუსის უშიშროების სამსახურთან დადებული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და აბსურდული ხელშეკრულება და უპირველესად ის უნდა გაუქმდეს, რადგან მასში აშკარად ჩანს უშიშროების სამსახურების რუსეთთან ბმა. ახლა ამ სიტუაციის გამოყენება ამ პრობლემის მოგვარებისთვისაც შეიძლება. პოლიტიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

რა მოჰყვება უკრაინის განაცხადს ნატოში დაჩქარებით გაწევრიანებაზე და რას ცვლის ეს საქართველოსთვის

“აქვს თუ არა უკრაინას ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანებსი შანსი და რატომ გააკეთა ასეთი განაცხადი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ? დასავლური მედიის ცნობით, ეს თავად ნატოსთვის და ზოგადად, დასავლეთისთვის მოულოდნელი ნაბიჯი იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იყო პასუხი რუსების ე.წ. რეფერენდუმებსა და უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შეყვანაზე. მათივე თქმით, დასავლეთის თავშეკავებული რეაქცია კიევის განაცხადზე ლიგიკურიცაა, რადგან მათი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ომში რუსეთის დამარცხებაა და არა ნატოს გაფართოება. ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებით, ზელენსკის ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყო პასუხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ პარასკევს უკრაინის ოთხი ოლქის რუსეთთან მიერთების შეთანხმების ხელმოწერაზე. მოსკოვში აცხადებენ, რომ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები უკვე რუსეთის ნაწილია. შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმად განიხილება და მოსკოვსაც უფლება აქვს ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს “თავისი ტერიტორიის” დასაცავად, მათ შორის ბირთვული იარაღიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოჰყვება უკრაინის განაცხადს ნატოში დაჩქარებით გაწევრიანებაზე და რას ცვლის ეს საქართველოსთვის.

“მოსკოვის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ცინიკური ჩანს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ხერსონის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინული არმია აკონტროლებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამის საპასუხოდ ზელენსკის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების მოთხოვნა ლოგიკურ გადაწყვეტილებაა მიუხედავად იმისა, რომ თავად კიევშიც აცნობიერებენ ნატოში სწრაფად გაწევრიანების უპერსპექტივობას. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კიევის მხრიდან ეს პოლიტიკური აქტი და პიარზე გათვლილი ნაბიჯი იყო, რომელმაც მნიშნელოვნად გააფერმკრთალა პარასკევს მოსკოვში “ახალი ტერიტორიების მიერთების” აღსანიშნავად გამართული ზეიმი. გარდა ამისა, მათივე აზრით, ეს განაცხადი ოფიციალურ კიევს დამატებით ბერკეტს აძლევს დასავლეთზე და კონკრეტულად ნატოს წევრ სახელმწიფოებზე ზეწოლისათვის, რათა უფრო მეტი დახმარება მიიღოს. “ნატო კონფლიქტის მხარე არაა და ახლა ის უკრაინის სამხედრო დახმარებაზეა მობილიზებული”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელისგან კიევმა დღეს მხოლოდ ერთი პირობა მიიღო - ომის დასრულებამდე სამხედრო დახმარების მიღება. კიევში კი აცხადებენ, რომ უკრაინის დღევანდელი განაცხადით ალიანსს საშუალება ეძლევა, 2008 წელს დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეოროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აშშ-ის პასუხიც მოზომილი იყო. “ჩვენი პოზიცია ნათელია და იგივეა, რაც აქამდე - ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. მხარს ვუჭერთ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებსაც ეს სურთ და ამას შეუძლია ნატოს შესაძლებლობები შემატოს. ამისათვის კი არის პროცესი, რომელსაც ქვეყნები კვლავაც გაჰყვებიან”, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კი ამბობს, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა. “აშშ ათწლეულებია მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. ნატოს წევრობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნატოს 30 წევრი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყნები იღებენ. ჩვენი აზრით, ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა, ბრიუსელში პროცესით კი სხვა დროს უნდა დავკავდეთ”, - ამბობს ჯეიკ სალივანი”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში გიგი გიგიაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინის მუქარის შემდეგ, რომელიც დასავლეთს და ნატოს აფრთხილებს, რომ თუკი ე.წ. რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის თავდასხმა მოხდება, ის დასავლეთს საკადრის პასუხს გასცემს, სწორედ ამის საპასუხოდ ვოლოდიმერ ზელენსკიმ, დემონსტრაციულად ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. მისივე თქმით, ამაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიდან ასეთი პასუხიც მოსალოდნელი იყო და არავის აქვს ილუზია, რომ ომში მყოფ უკრაინას ნატოში გაწევრიანებას ვინმე ხვალვე დათანხმდება. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე კი აცხადებს, რომ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება პუტინისთვის სილის გაწნას უფრო ჰგავდა და ამას იმხელა ეფექტი ჰქონდა, რომ გარკვეული თვალსაზრისით გადაფარა კიდეც პარასკევს მოსკოვში გამართული ზეიმი. გარდა ამისა, რუხაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური აქტია, რომელიც მომავალში კიევმა შესაძლოა მეტი დახმარების მისაღებად ნატოს წევრ ქვეყნებზე ზეწოლისათვის გამოიყენოს”, - დასძენს გამოცემა.

“ნატოს გენერალური მდივნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და სხვათა პასუხები უკრაინის მოთხოვნასთან დაკავშირებით გასაკვირი არ ყოფილა. ეს უნდა მოხდეს 30 ქვეყნის საერთო კონსენსუსით, „ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ უკრაინა უკვე ნატოს წევრი იქნება. უბრალოდ, ეს დამატებით სასჯელი იქნება პუტინისთვის, რომელიც მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ ნატო არ გაფართოვებულიყო. სამაგიეროდ კი მიიღო უფრო გაზრდილი და ძლიერი ნატო, რომელიც აქამდე ჯერ არ ყოფილა. პუტინი მუდმივად იმას ცდილობდა და ცდილობს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოსთან არ დაახლოვებულიყო. უკრაინის ნატოში გაწევრიანება ასეთი მარტივი არ იქნება. ვიცით, რომ ომის დაწყებამდე მის ნატოში გაწევრიანებასთან დკავშირებით ქვეყნებს შორის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. პროცესი იქნება რთული, მაგრამ ადრე თუ გვიან უკრაინასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიგი გიგიაძე.

“არ უნდა გვეგონოს, რომ დღეს ან ხვალ ალიანსის წევრი ქვეყნები გამოვარდებიან და იტყვიან - რა კარგია უკრაინამ განაცხადი რომ გააკეთა, მოდი, სასწრაფოდ მივიღოთო. სამი მთავარი ფიგურანტი უკრაინის სურვილს გამოეხმაურა - ნატოს გენერალური მდივანმა, აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დაახლოებით ერთი და იგივე გზავნილი გააკეთეს - რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილების გამო დაისჯება და ამას სანქციები მოყვება. პლუს ამას უკრაინისთვის მეტი დახმარება იქნება გამოყოფილი. რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავის შეკავებას, ეს მოსალოდნელი იყო. ზელენსკის მხრიდან ამ განაცხადის გაკეთება პოლიტიკური აქტია. არ ველოდები, რომ ნატო ამ ომში ჩაერთვება თავისი საჯარისო ნაწილებით, მიუხედავად პუტინის პროვოკაციული ნაბიჯებისა. ამას ნატო მეტი სანქციებით და დახმარებით უპასუხებს. თუმცა, თუ რუსეთი ბირთვული იარაღით შანტაჟს გააგრძელებს, მაშინ უკვე, დიდი ალბათობით, ნატო სამხედრო ოპერაციებში ჩაერთვება. შესაძლოა უკრაინის ნატოში დაწვერიანების გადაწყვეტილება ომის მიწურულს მიიღონ, რაც ომის ბედს საბოლოოდ განსაზღვრავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი რუხაძე.

“უკრაინის სიტუაცია შეგვიძლია საჩვენოდაც გამოვიყენოთ და ჩვენც განვაცხადოთ, რომ ამ ქვეყანასთან ერთად გაწევრიანების პერსპეტქივას ვიმსახურებთ. საქართველოს ახლა ძალიან კარგი შანსი ეძლევა, რომ უკრაინასთან ერთად იმ კალათში მოხვდეს, რასაც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და დახმარება ჰქვია. რუსეთის სამეზობლო განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის და ეს საფრთხე ჩვენს მიმართაც ძალიან დიდია. თუ ეს პროცესი უკრაინის მიმართ დაჩქარებული გზით დაიწყება, აქ აუცილებლად საქართველოც უნდა იყოს მიბმული. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენც ამ დისკუსიის ნაწილი ვიყოთ და შორიდან არ დავწიყოთ ყურება. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია საქართველოს პერსპექტივაზე ვისაუბროთ, როცა ევროკავშირის მიერ გახსნილ კარს ჯერჯერობით შორიდან ვუყურებთ და არაფერს ვაკეთებთ, რომ შეგვიშვან. ალიანსმა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან უნდა დაინახოს, რომ უსაფრთხოება სჭირდება როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და ჩვენც არანაკლები საფრთხის წინაშე ვართ. ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, ჩვენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს“, - დასძენს რესპონდენტი.

თენგიზ ფხალაძე - “ღია ომით პუტინმა საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო”

“პუტინის გამოსვლაში აღარაფერია არც არსებითი და არც სიტუაციის რეალურად შემცვლელი. ყველაფერი, რაც იყო, შიდა აუდიტორიისთვის, შიდა მოხმარებისთვისაა. რეალურად არაფერი იცვლება და მხოლოდ და მხოლოდ მძიმდება ის ვითარება, რაშიც რუსეთი და კრემლის დღევანდელი რეჟიმია. ზელენსკის ნათქვამი, რომ უკრაინა დაელაპარაკება რუსეთის სხვა პრეზიდენტს, შემთხვევითი არ არის. ეს არის ის საერთო აზრი, რომელიც პუტინმა თავადვე მოამწიფა ევროპაში. თუ მანამდე კიდევ იყო ლაპარაკი მისი იმიჯის შენარჩუნების შესაძლებლობებზე, დღეს ამას უკვე აღარავინ ახსენებს, ისეთ ხაფანგში გაიბა თავი დღევანდელმა რეჟიმმა. ასე რომ, ეს არაფერს ცვლის სამართლებრივად, პოლიტიკურად კი უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს კრემლის დღევანდელ რეჟიმს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, "ჯიპას" პროფესორი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ღია ომით პუტინმა საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო”.

“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში საომარი მდგომარეობა არ გამოცხადებულა. მას შემდეგ ყველა სამხედრო აგრესიას, ავღანეთი იქნებოდა, სირია თუ საქართველოში ომი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ერქვა. განსხვავება ის არის, რომ სამხედრო ოპერაციის შედეგის შეფასება, წარმატებული იყო თუ არა, ბუნდოვანია, ომს კი ან აგებ, ან იგებ და თუ აგებ, ქვეყანა აგებს და ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ამიტომაც ატყდა პანიკა რუსეთში, ხალხი ქვეყნიდან გარბის, რაც უნიკალური შემთხვევაა - მორბიან ქვეყანაში, რომლის დიდი ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს. მობილიზაციის გამოცხადების ფსიქოლოგიური მომენტი ამიტომ იყო ასეთი მძიმე, რომ მოსახლეობას პირდაპირ უთხრეს, ადექი და მოკვდი პუტინისთვისო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მათთვის არავის უთქვამს. რუსეთი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტერიტორიაზე კი სჩადიოდა საშინელებებს, მაგრამ ეს რუსეთში მცხოვრებთ არ ეხებოდათ. რუსეთის მოსახლეობა მზად არის თვალი დახუჭოს პუტინის დანაშაულებზე და არ ადარდებთ არც უკრაინელი ხალხის გაწყვეტა, არც ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე. პირიქით, ბედნიერი არიან და ჰგონიათ, რუსეთი ამით ძლევამოსილია. ეს მოსახლეობა არ არის მზად პუტინისთვის სიკვდილისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ახლა უკრაინის ტერიტორიების ე.წ. მიერთებით პუტინი უკვე მთელ მსოფლიოსთან ღია ომს იწყებს, ღია ომი კი სხვა პირობებით მიმდინარეობს. არადა, პუტინმა ამით საკუთარ თავს დაუგო ხაფანგი, რადგან თუ ფიქრობს, რომ ახლა თავისუფალია, რათა მის ხელთ არსებული ყველა ძალა და ბერკეტი გამოიყენოს. შემთხვევითი არ იყო ამერიკის გაფრთხილება, რომ დამანგრეველი და კატასტროფული შედეგები იქნება რუსეთისთვის, თუ გაბედავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. სტრატეგიულის გამოყენებას რომ ვერ გაბედავს, ორი აზრი არ არსებობს - გამორიცხულია, გაბედოს. ტაქტიკურის გამოყენება უფრო ადვილია, სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება კი სხვა ტიპის მომზადებასა და ქმედებებს მოითხოვს. სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას სჭირდება სპეციალური მომზადება, გარკვეული ეტაპების გავლა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინო და თუ საჭიროა, პრევენციაც მოახდინო. ამერიკას ჰყავს სულ 3 თვითმფრინავი, რომლებიც აკონტროლებს ასეთი ტიპის იარაღის გადაადგილებას, მზადებას და ასე შემდეგ. სავარაუდოდ, სანამ ამერიკის გაფრთხილება გახმაურდებოდა, სიტუაციის მოდელირებაც მოხდა და სალივანმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, სწორედ ამის შემდგომ გააკეთა სათანადო განცხადება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ტაქტიკური იარაღის გამოყენება უფრო იოლია, სტრატეგიული კი მოითხოვს კოლექტიურ გადაწყვეტილებას და კოლექტიურ აღსრულებას და არა ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ის პირი, რომლებიც თანამდებობრივად ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, მზად არიან, რომ პუტინს მოუსავლეთში ჩაჰყვნენ. დღეს რუსეთში კულუარებში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ შეიძლება შეცვალოს პუტინი. მას არა აქვს პოლიტიკური მომავალი და არა მგონია, იმ პირებს, რომლებიც იქ არიან და შედარებით უფრო ახალგაზრდებიც, ყველას ჰქონდეს გადაწყვეტილი, რომ თავისი და საკუთარი შვილების მომავალი პუტინის გულისთვის გაწიროს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პუტინის ავადმყოფური ფანტაზიის გამო გამოსარიცხი არაფერია. ბირთვული იარაღის გამოყენება ისეთი ჯინის გამოშვებაა, რასაც კატასტროფული პასუხი მოჰყვება. ის შემაკავებელი, რაც დღეს ნატოს წევრ სახელმწიფოებს ხელს უშლის, რომ პირდაპირ ქმედებებს მიმართოს, ისპობა. ასეთ შემთხვევაში კი ძალთა ბალანსი ნამდვილად არ არის რუსეთის სასარგებლოდ”, - დაასკვნის “ჯოპას” პროფესორი.

“რაც შეეხება უკრაინის განაცხადს ნატოში დაჩქარებულად გაწევრებაზე, ყურადღება გასამახვილებელია ერთ რამეზე - განაცხადი ძალიან საინტერესოდ ემთხვევა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის საიდუმლო ვიზიტს კიევში. არა მგონია, ზელენსკის ეს განცხადება პარტნიორებთან კომუნიკაციის გარეშე გაეკეთებინა. არ მგონია, ახლა 30 სახელმწიფო მზად იყოს ერთ წუთში გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა, სანამ უკრაინა ამ განაცხადს გააკეთებდა, ალბათ, მან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გარანტიები მიიღო ნატოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებისგან. დღეს უკრაინა ნატოს დე ფაქტო წევრია. რამშტაინის ფორმატი ამის გამოხატულებაა. შესაძლოა სახელმწიფოები მეხუთე მუხლს სრულად არ ასრულებდნენ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი სრულდება, რადგან ის სამხედრო დახმარება, წვრთნის პროგრამა და ასე შემდეგ, რაც ეძლევა უკრაინას, პირდაპირ მონაწილეობაზე არანაკლებია”, - განმარტავს თენგიზ ფხალაძე.

“რაც შეეხება საქართველოს, ის, რაც ხდება უკრაინაში, აბსოლუტურად ცვლის უსაფრთხოების გარემოსაც, პოლიტიკურ გარემოსაც, გეოპოლიტიკურ ვითარებასაც, რაც თავისთავად ცხადია, აჩენს შესაძლებლობებს საქართველოსთვისაც. ოღონდ ჩვენ ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ უკრაინაში რაღაცა გადაწყდება და ავტომატურად გავრცელდება საქართველოზეც. ევროკავშირში გაწევრების საკითხი ამის კარგი მაგალითია - უკრაინამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყნებს მიეღოთ კანდიდატის სტატუსი. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატობა, საქართველომ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა - ანუ შეიქმნება გაწევრების შესაძლებლობა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს”, - დასძენს ფხალაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა