ქართული პრესის მიმოხილვა 13.10.2022

სამხედრო მხარდაჭერის სწრაფი და ხარისხობრივი გაზრდა - კიევი დასავლეთისგან თანამედროვე მოდიფიკაციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს

როგორ “მოსთხოვენ პასუხს პუტინს” G7-ის ლიდერები და ვინ ცდილობს რუსეთს სახე შეუნარჩუნოს

“რუსეთის მიზანია მოახდინოს საქართველოს დისკრედიტაცია” - რატომ ახსენებენ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობას

* * *

სამხედრო მხარდაჭერის სწრაფი და ხარისხობრივი გაზრდა - კიევი დასავლეთისგან თანამედროვე მოდიფიკაციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს

“12-13 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან - მინისტერიალის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. როგორც ალიანსის გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, უკრაინის დამარცხება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დამარცხებას ნიშნავს, რასაც არ დაუშვებს. ამასთან, გერმანიიდან გაგზავნილი ანტისაჰაერო სისტემა “აირის-ტე” უკვე უკრაინაშია, ქვეყანაში დამატებით ჩავიდა ასევე მაღალი მობილობის ამერიკული 4 საარტილერიო სარაკეტო სისტემა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, ახლა უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობას განიცდის და მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მისი მიწოდება იქნება, ამასთან, საუბარი იმასაც შეხება თუ ზამთარს უკრაინის ჯარი მომზადებული როგორ დახვდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამხედრო მხარდაჭერის სწრაფი და ხარისხობრივი გაზრდა - კიევი დასავლეთისგან თანამედროვე მოდიფიკაციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს.

“რაც შეეხება ჰაერსაწინააღდეგო სისტემა „აირისს”, როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ამბობს, მას 40 კილომეტრიანი დაფარვა აქვს, საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ერთი და ორი საკმარისი არაა. ამასთანავე, რაკეტები უნდა ჰქონდეს დიდი რაოდენობით, რადგან ხშირ შემთხვევაში პატარა დრონების წინააღმდეგაც კი შეიძლება გამოიყენონ. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი გერმანიის მიერ “აირის-ტე” -ების გადაცემას უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალ ეპოქად აფასებს და “ტვიტერზე” წერს, რომ სისტემები უკვე ჩასულია. მისი თქმით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უკრაინას თავის დასაცავად კიდევ მეტი სჭირდება. “უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, “აირის-ტე”-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, ამერიკული “ნასამსი” მოდის - ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვჭირდება მეტი. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად”, - წერს რეზნიკოვი. მისივე თქმით, ამის პარალელურად უკრაინამ აშშ-სგან დამატებით 4 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა “ჰაიმარსი” მიიღო და სარაკეტო სისტემების მიღება კარგი სიახლეა რამშტეინის ფორმატში დაგეგმილი მე-6 შეხვედრის წინ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნატოს თავდაცვის მინისტრები დღეს და ხვალ ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში იკრიბებიან, ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია თებერვლის შეჭრის შემდეგ”, - ამის ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ახორციელებს ათობით ათასი სამხედროს მობილიზებას. “ისინი ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას და ჩვენ ვიხილეთ უკრაინულ ქალაქებზე განურჩეველი დარტყმები. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ შენიღბული ბირთვული მუქარა მოსკოვიდან, - თქვა სტოლტენბერგმა. მისი განმარტებით, დღეს შეხვდებიან უკრაინის თავდაცვის მინისტრს რეზნიკოვს და გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებისგან იქნება ის, რომ ნატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა და გაგრძელდება მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“მინისტრ რეზნიკოვთან შეხვედრა გაიმართება აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, ასევე მოგვიანებით სადილი ნატო-ს მინისტრებთან, სადაც ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის”, - ამბობს სტოლტენბერგი. როგორც გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, ყველაზე დიდი რეალური შესაძლო საკითხი თუ ნატოს მინისტერიალზე რა იქნება განხილვაში, ეს ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვითი სისტემებია, რომლის ნაკლებობაც დღეს უკრაინას აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“სავარაუდოდ ყველაზე დიდი რეალობა იმისა თუ რა იქნება განხილვაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებია, რომლის ნაკლებობაც უკრაინას აქვს და პრაქტიკულად ჭარბი რაოდენობა ვერც შეიძლება ჰქონდეს, ანუ არ არსებობს ის რაოდენობა, რაზეც უკრაინა იტყვის, რომ მორჩა საკმარისია და მეტი აღარ მჭირდებაო. ამასთანავე, საუბარია “აირისის” ტიპის სისტემაზე, “სირამზე” და “ნასამსებზე”. ყველა შემთხვევაში მაინც საუბარი გაქვს 40 კილომენტრიანი სივრცის საჰაერო დაფარვაზე, რაც უკრაინის მასშტაბებისთვის მცირეა და აქედან გამომდინარე დამატებით არაა გამორიცხული, უკრაინისთვის “ეს-300” ტიპის საბჭოთა წარმოების რაკეტები მოიძიოს და შეიძინოს, რადგან ამ ტექნოლოგიების ათვისება მათ უკეთ გამოსდით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“გარდა ამისა, მინისტერიალზე ამერიკელები მოკავშირეებთან ერთად შეტევისათის აუცილებელ ტექნოლოგიას შეაფასებენ, მითუმეტეს, რომ ახლა ზამთარი მოდის და სხვა გამოწვევები აქვს. ბევრი საკითხი შეიძლება იყოს, მათ შორის საწვავის, საკვების საკითხების მოგვარება, რომელიც ფრონტის ხაზისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. არც ის არაა გამორიცხული შეკრების ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რომ პოლიტიკურად აჩვენონ იმის მზაობა, რომ მათი პოზიციები უკრაინასთან მიმართებაში ურყევია, რადგან რუსები ამ ბოლო ხანებში ცდილობენ, რომ შიდა განხეთქილება შეიტანოს და ამით სიტუაცია მაქსიმალურად არიოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საჰაერო თავდაცვის სისტემა “აირის-ტე”-ს 40 კილომეტრიანი დაფარვა აქვს, საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ერთი და ორი საკმარისი არაა. ამასთანავე დიდი რაოდენობით რაკეტები უნდა ჰქონდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში პატარა დრონების წინააღმდეგაც კი შეიძლება გამოიყენონ. “აირისი”, რომელსაც გერმანია გადასცემს, სულ რამდენიმე ცალზეა საუბარი და საკმაოდ ცოტაა, შესაბამისად მას უნდა დაემატოს “ნასამსი” და რაც ყველაზე მთავარია “სირამი”, რომელიც ბევრად უფრო მცირე მასშტაბისაა, მაგრამ დიდი კალიბრების ტყვიებზეა და ტყვიების მეშვეობით დრონების ჩამოგდებას და მათ განეიტრალებას ახორციელებს”, - განმარტავს ჯიპას პროფესორი.

“ეს ომი თავად პუტინის მიერაა დეკლარილებული, როგორც ომი ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, სტოლტენბერგს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ თუკი დღეს უკრაინა დამარცხდება, მაშინ რუსეთს არაფერი აღარ დაუშლის, რომ პროვოკაციული,ან აგრესიული ქმედებები აწარმოოს სხვა ნატოს მოკავშირე სახელმწიფოსთან, ან უშუალოდ მის წევრებთან. დაპყრობითი ომების შერჩენა ნიშნავს, რომ სხვა დაპყრობითი ომები პანდორას ყუთივით გახსნას. ამიტომაც სისტემურად ნატომ უნდა აჩვენოს, რომ ის ერთიანია. თუ მან ერთიანობა ვერ აჩვენა და უკრაინა რუსულ საფრთხეს ვერ გაუმკლავდა, გამოდის, რომ ნატომ თავისი მისია ვერ შეასრულა, რაც ძალიან მძიმედ დასრულდება”, - დაასკვნის კობერიძე.

როგორ “მოსთხოვენ პასუხს პუტინს” G7-ის ლიდერები და ვინ ცდილობს რუსეთს სახე შეუნარჩუნოს

“G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს “პასუხი მოეთხოვება” და აცხადებენ, რომ ქვეყანას ყველა სახის დახმარებას იმდენ ხანს გაუწევენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი შვიდეულის ქვეყნების ფრაზაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვლადიმერ პუტინის სამართლებრივი პასუხისგება, ისე დამატებითი სანქციები და უკრაინის იმ დონემდე დახმარება, რომ ომში გაიმარჯვოს. როგორც დიდი შვიდეული აცხადებს, უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას გააგრძელებენ. მათი საერთო განცხადების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნეს, რომ მზად არიან უკრაინას მიაწოდონ მხარდაჭერა, რაც სჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ “მოსთხოვენ პასუხს პუტინს” G7-ის ლიდერები და ვინ ცდილობს რუსეთს სახე შეუნარჩუნოს.

“ამასთან, “დიდი შვიდეულის” სახელმწიფოები მზად არიან, უკრაინას “ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში” გაუწიონ დახმარება. “ჩვენ შეუჩერებელი და მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”, - აღნიშნავენ ლიდერები განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “რაციონალური აქტორია”, თუმცა, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან ვერ გათვალა. მისი თქმით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას - “ეს იყო არასწორი შეფასება, რომელის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა. ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო “დედა რუსეთის” სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა”, - აღნიშნა ბაიდენმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა მგონია, რომ ის მას გამოიყენებს”, - უპასუხა ბაიდენმა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთის ლიდერი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს. “ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში. არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე, თითქოს ეს რაციონალური რამ არის. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება მოხდეს, არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება და შეიძლება არმაგედონით დასრულდეს”, - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა არ დააკონკრეტა, როგორი იქნება აშშ-ს პასუხი, თუ პუტინი შეასრულებს ბირთვულ მუქარას”, - განაგრძობს გამოცემა.

“კითხვაზე, რა არის წითელი ხაზი შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის და ხომ არ დაავალა პენტაგონსა და სხვა უწყებებს, რომ განესაზღვრათ, როგორი იქნება პასუხი, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავს, ბაიდენმა უპასუხა: “იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლო იქნება საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებდით ან რას არ გავაკეთებდით”. როგორც “საქართველოს პოლიტიკისინსტიტუტის” დირექტორი და თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, დიდი შვიდეულის ქვეყნების ფრაზაში, რომ პუტინს უკრაინაში ჩადენილი საქციელისთვის პასუხი მოეთხოვება, იგულისხმება, როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისე დამატებითი სანქციები და უკრაინის ყველა ტიპის დახმარება დახმარება იმ დონემდე, რომ ომში გაიმარჯვოს”, - დასძენს გამოცემა.

“ამაზე დიდი ხანია საუბარი იყო და ალბათ, სავარაუდოდ ლაპარაკია გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგივე საერთაშორისო სასამართლო ჩაერიოს. ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები უკრაინაში ომის დანაშაულების აღსაწერად მუშაობენ. ამაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან ჩართულები. ალბათ ეს სამუშაოები ცოტა გააქტიურდება, რომ დანაშაულები მალე აღწერონ. როცა ეს ომი დამთავრდება, ეს საკითხი მნიშვნელოვანი გახდება თუნდაც იმ კუთხით, რომ უკრაინას უფლება აქვს, რომ რეპარაციები მიიღოს. აღნიშნეს კიდეც, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ ქვეყანა სერიოზულად დაზარალდება არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ეკონომიკის თვალსაზრისითაც, ენერგოსექტორი და მთელი რიგი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ალბათ უფრო ამაზეა ლაპარაკი და ბუნებრივია, რომ ისინი თავდაცვითი საშუალებების უკრაინისთვის მიწოდებას გააგრძელებენ და ასევე დააყენებენ საკითხებს ახალი სანქციების შემოღებაზე, რომელიც ასევე ნიშვნელოვანი შეიძლება იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია და შეკითხვაზე - “რა ვადებში შეიძლება პუტინს დასავლეთისგან და დიდი შვიდეულის ქვეყნებისგან პასუხი მოეთხოვოს”? - პასუხობს:

“ვადებზე საუბარი ძალიან რთულია, როცა დიდ სახელწიფოზე და მის ლიდერზე ვასუბრობთ, თუ თვად საკუთარმა ხალხმა არ დასაჯა. მაგრამ, ფაქტია, რომ სამართლებრივი საკითხი დადგება და როგორც კი შესაბამისი სიტუაცია იქნება, სამართლებრივი ინსტრუმენტები ამოქმედდება”.

“რუსეთის მიზანია მოახდინოს საქართველოს დისკრედიტაცია” - რატომ ახსენებენ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობას

“რუსეთის ფედერალური სამსახურის განცხადებას, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები უკვე გამოეხმაურნენ ქვეყნები, რომელბიც თითქოსდა ე.წ. ტერიორისტულ აქტში მონაწილეობდნენ. საქართველომ, ბულგარეთმა და უკრიანამ უარყო რუსეთის ბრალდებები. რუსული მედიის ინფორმაციით, 12 მონაწილე უკვე იდენფიცირებულია. ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილობის ბრალდებით კი დაკავებულია 8 ადამიანი, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი უარიანის და სომხეთის მოქალაქეა. “ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებეში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალატზე, რომლის საერთო წონა 22 779 კილოგრამს შეადგენს...” - ამბობს რუსული მედია რუსულ სპესამსახურებზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რუსეთის მიზანია მოახდინოს საქართველოს დისკრედიტაცია” - რატომ ახსენებენ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობას.

“რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში. ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა, გადმოტანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკი, საქართველოს მოქალქეები სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტურჩანიანი. 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს, ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადატვირთეს. 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2020 წლის 8 ოქტომბერს დილით 06.03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განახორციელდა. გადაადგილების მთელ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართვლოს თანამშრომელი აკონტროლებდა; სქემის მონაწილეებთან კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე კორემნეჩუგის მცხოვრებზე რეგისტრირებული ტელეფონი. 8 ოქტომბერს დილით, აფეთქების შედეგად დაზინდა ხიდი ქერჩის სრუტეზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის ბრალდებები უარყო ბულაგერთის მთავრობამ, მათი განცხადებით, ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე. “ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი რამენაირად დაუკავშირდეს ტერორისტულ აქტივობებში რაიმე სახის მონაწილეობას”, - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში. რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ტერორისტული თავდასხმის” სქემაზე პასუხიმგებელი უკრაინის სადაზვერვო დირექტორატია, უკრიანულმა სამხედრო ელიტტამ სისულელე უწოდა. “ფე-ეს- ბეს” და საგამოძიებო კომტეტის ყველა ქმედება სისულელეა. ეს ის ყალბი სტრუქტურებია, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურება, ამიტომ ჩვენ მათ ჩვეულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებთ”, - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო დირექტორატში. რუსული მედიით გავრცელებულ რუსული სპეცსამსახურების ბრალდებებს გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე. მისი განცხადებით, საბაჟოს საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია”, - განაგრძობს გამოცემა.

“კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა კარგად იცის. მათ შორის ევროკავშირის , ასევე აშშ მხრიდან. მუდმივი რეჟიმში გვაქვს მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით საბაჟო სამსახურს. რაც შეეხება ბრალდებებს, საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია, თუ სპეკულაციია, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. არ მაქვს არანაირი ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, ამ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან”, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რუსული სპეცსამსახურების ბრალდებებს საქართველოსთან მიმართებაში აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი არის საქართველოს დისკრედიტაცია. ხოლო პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ძნელია პროგნოზირება რა რეაქცია ექნება რუსეთს, თუმცა, ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საქართვლოსთან და სომხეთთან ურთიერთობის დაძაბვას მოერიდება”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ მისი მთავარი მიზანი არის საქართველოს დისკრედიტაცია. ასევე, სომხეთის. რუსეთი ხედავს, რომ კარგავს გავლენებს კავკასიაში და ცდილობს დაშინების გზით მოაქციოს თავის ორბიტაზე საქართველო. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ამბავი საბაბად გამოიყენოს და ბრალი დაგვდოს. არადა ეს არის დეზინფორმაცია და აშკარა ტყუილი, თითქოს საქართველო მოანაწილებდა ე.წ. ტერორისტულ აქტში. საქართველოს მოქალაქის მონაწილოება, ვთქვათ, თუ დადგინდა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო მონაწილეობდა იმ აფეთქებაში, რომელიც მოხდა ყირიმის ხიდზე. რუსეთის საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც ყირიმის ხიდი არის მნიშვნელოვანი. ამ ბრალდებით რუსეთი ცდილობს ააგოროს ახალი ტალღა, შექმნას მტრის ხატი, რომ საქართველო ხელს უწყობს ტერაქტების მოწყობას რუსეთის ტერიტორიაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ეს ყველაფერი არის პიარი, მაგრამ სახიფათო პიარი. არავინ იცის რა მოუვა თავში პუტინს. მაგრამ, არა მგონია, რომ ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, უაზრობა იქნება დაძაბოს სიტუაცია აქართველოსთან ან სომხეთთან. საქართველოს მოქალაქის მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა. თანაც, თუ ჩვენი საბაჟო გაიარა ამ მანქანამ და ვთქვათ ვერ შევნიშნეთ, რამდენიმე მეტრში, რუსეთის საბაჟომ რატომ ვერ აღმოაჩინა? ვხედავთ, რომ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებას იყენებს სადამსჯელო თემად უკრაინაში. საქართველოსთან მიმართებაში კი არ არის გამორიცხული, რომ წინასწარ ქმნის სამზადისს, თუ დასჭირდა შემდგომში გამოიყენოს” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო